40=368 : დეზინფორმაციები ევროკავშირის კითხვარზე

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი 11 აპრილს ჩაიბარა. მანამდე კითხვარი 9 აპრილს მიიღო უკრაინამაც. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მქონე სამმა ქვეყანამ (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიტანა.

კითხვარის მიღების შემდეგ, სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა: მაგალითად, “საინტერესოა, თუ კი ჩვენამდე ყველა ქვეყანას ეგზავნებოდა 4000 კითხვიანი კითხვარი, ჩვენ 396, უკრაინას 40 რაღაც არ არის ისე როგორც წესია” – ეს პოსტი მალხაზ ხაბაზმა 11 აპრილს გამოაქვეყნა.

რეალურად კითხვების რაოდენობა ამ სამი ქვეყნისთვის ასეთია – საქართველომ და მოლდოვამ 369 კითხვას უნდა უპასუხონ. უკრაინამ – 368-ს. პოსტში ნახსენები 40 კი იმ გვერდების რაოდენობაა, რომელზეც უკრაინის 368 კითხვაა გაწერილი. რაც შეეხება კითხვების რაოდენობას, როგორც წესი, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ქვეყნებს გაცილებით მეტი კითხვა ეგზავნებათ ხოლმე, მაგალითად, 2016 წელს ბოსნიის ხელისუფლებამ ევროკომისიისგან 3242 კითხვა მიიღო. რატომ მიღო სამმა ქვეყანამ ათასობით კითხვის ნაცვლად ასობით კითხვა? – ამ კითხვაზე განმარტება ჩვენ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს კახა გოგოლაშვილს ვთხოვეთ. მან ასევე ის ეტაპებიც ახნა რაც ქვეყანამ კითხვარის გადაგზავნის შემდგე უნდა გაიაროს.

კიდევ ერთი დეზინფორმაცია, რომელიც ევროკავშირის კითხვარს უკავშირდება არის, რომ თითქოს ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის აუცილებელია “ გეი ქორწინების დაკანონება” .

369 კითხვან კითხვარში ქორწინება მხოლოდ ერთ კითხვაშია ნახსენები: რამდენად თანასწორები არიან საქართველოს მოქალაქეები? რამდენად დაცულები არიან დისკრიმინაციისგან, სქესის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით. შეუძლიათ თუ არა ერთი სქესის პარტნიორებს ოჯახის შექმნა? კითხვარში არსად არაა ნახსენები, რომ ევროკავშირი ქვეყანას ერთსქესიანი წყვილის ქორწინებას ავალდებულებდეს. ამის დასტურია ისიც, რომ ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოში მსგავსი კანონმდებლობა არ მოქმედებს. ევროკავშირის წევრი ხუთ ქვეყანა ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინებას ან სამოქალაქო კავშირს კონსტიტუციურად არ აღიარებს. ესენია: ბულგარეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი. არ არსებობს რაიმე კანონი, რომელიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყანას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ავალდებულებს.

კახა გოგოლაშვილის განმარტებით, ევროკავშირი ითხოვს არა მსგავსი კანონმდებლობის შემოღებას, არამედ ქვეყანაში უმცირესობებისადმი დისკრიმინაციული მოპყრობის აღკვეთას.

“ევროკავშირი რასაც ითხოვს ეს არის დისკრიმინაციის აღმოფხვრა, თუ არის საუბარი იმაზე, რომ მაგალითად, სამსახურში არ იღებენ [ლგბტქ წარმომადგენელს], ან პენსიას არ აძლევენ, ან შეიძლება დევნიან და პოლიცია არ იცავს მათ უფლებებს ეს არის დისკრიმინაცია და ევროკავშირი ითხოვს, რომ ქვეყანა მსგავსი ექსცესებისგან დაცული იყოს, მაგრამ რაც შეეხება ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში ეს კანონმდებლობით დაშვებული არ არის და ეს გაწევრიანებას ხელს არ უშლის.” – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

არასწორია მტკიცება იმის შესახებ, რომ, თითქოს, ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ კითხვარზეა დამოკიდებული. კითხვარიდან მიღებული ინფორმაციის გარდა, ევროკავშირი ინფორმაციის მისაღებად ქვეყანაში აგზავნის სადამკვირვებლო მისიას, ასევე, ეცნობა ქვეყნის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტების ანგარიშებს და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს.

Leave a Comment