გუმბარიძე: არხის 25% გადაეცემა “ფორმულელებს”

“25% გადაეცემა ფორმულელებს, მათ, ვისაც კარგად იცნობთ ეკრანებიდან, ესენი იქნებიან ასევე ადამიანები, რომლებიც კადრს მიღმა დგანან, თუმცა უზარმაზარ როლს თამაშობენ, რათა “ფორმულა” გადიოდეს ეთერში. – ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ მას შემდეგ ისაუბრა, რაც დავით კეზერაშვილის განცხადება გავრცელდა წილების დათმობს თაობაზე.

“ეს გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო, შესაბამისად ჯერ არ ვიცით ზუსტი მოდელი და არ ვიცით ადამიანების ზუსტი სია. ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება ჩვენს მაყურებელთან და საზოგადოებასთან, ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე. პრინციპი იქნება ისეთი, რომ პროცესი იქნება ინკლუზიური… ეს ადამიანები შექმნიან გარკვეულ ორგანიზაციას, სადაც აირჩევენ თავმჯდომარეს, იმ ადამიანს, ვინც იქნება წარმოდგენილი “ფორმულას” მმართველ ორგანოში, ე.წ. ბორდში.”, – თქვა გუმბარიძემ.

ზუკა გუმბარიძის თქმით, დავით კეზერაშვილი ამ ცვლილების შემდეგაც გააგრძელებს ტელეკომპანიის დაფინანსებას.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და “ფორმულის” დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ტელეკომპანიის საკონტროლო წილზე უარს ამბობს, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ყველაფრისგან მაინც ვერ დისტანცირება და მისი “პროცესებიდან გასვლა არ განიხილება”.

“ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში”, – ვკითხულობთ დავით კეზერაშვილის განცხადებაში.

ამ განცხადების გავრცელებას წინ უსწრებდა BBC-ის ვებგვერდზე 12 აპრილს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიება. მასალის მიხედვით, ე.წ. ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ ფიგურანტად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

Leave a Comment