სახიფათო პრეცედენტს ქმნის – მედიაკოალიცია რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტების დაჯარიმებაზე
“აღნიშნული გადაწყვეტილებები ჟურნალისტების, მათი საქმიანობის და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია.” – მედიის ადვოკატირების კოალიცია რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის დროს დაკავებული ჟურნალისტების, კერძოდ ონლაინ-გამოცემა „პუბლიკას“ დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის და ონლაინ-გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტის ბექა ჯიქურაშვილის 2200-2200 ლარით დაჯარიმებას ეხმიანება.
განცხადების მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება აზიანებს მედია გარემოს და სახიფათო პრეცედენტს ქმნის. კოალიციის განმარტებით, ” ცალსახაა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასა და შეზღუდვას ისახავს მიზნად.”
მედია კოალიცია განცხადებაში იმ დარღვევებზეც მიუთითებს რაც, ჟურნალისტების სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გამოვლინდა. კერძოდ, სასამართლო სხდომებზე არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა წარმოდგენილი სამხრე კამერის ჩანაწერები, ასევე ზურა ვარდიაშვილის შემთხვევაში დაკავების ბრძანების გამცემი, ვაჟა სირაძე მოწმის სახით არ დაკითხულა.
“საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ორივე საქმის განხილვა სასამართლოში ღამის 5 საათზე დასრულდა. ძირითად მტკიცებულებად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავების ოქმი და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის ჩვენება ჰქონდათ წარმოდგენილი. ზურა ვარდიაშვილის შემთხვევაში კი დაკავების ბრძანების გამცემი, ვაჟა სირაძე მოწმის სახით არ დაკითხულა, ვინაიდან სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა წარმოდგენილი სამხრე კამერის ჩანაწერები. შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშეც ცხადია, რომ მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ საპატრულო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ახსნა-განმარტებებს.” – ვკითხულობთ განცხადებაში.