რა თქვა სტოლტენბერგმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ?
“მშვიდობა უკრაინაში შესაძლებელია. კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რა იქნება მშვიდობის ფასი; რა მოცულობის ტერიტორიის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დასათმობად ვიქნებით მზად, ამ მშვიდობის სანაცვლოდ”. – ინფორმაცია, რომ თითქოს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მსგავსი კომენტარი გააკეთა, პრორუსულ მედიაში 12 ივნისს გავრცელდა.

რა თქვა სინამდვილეში ნატოს გენერალურმა მდივანმა? პრორუსულმა გამოცემებმა ციტატა სტოლტენბერგის ფინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციიდან აიღეს და მანიპულაციურად გაავრცელეს. კონფერენციაზე სტოლტენბერგმა რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე ფინეთის პრეზიდენტის საულინიინისტოს კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომზე სრული პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება და მან უნდა დაასრულოს “უაზრო ომი. მისი სრული პასუხი კი ასეთია:
“ასე რომ, პირველ რიგში კითხვაზე შესაძლებელია თუ არა მშვიდობა. დიახ, მშვიდობა შესაძლებელია. საკითხავია როგორი მშვიდობაა? რადგან თუ უკრაინა გაიყვანს თავის ძალებს და შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ერი ევროპაში. თუ პრეზიდენტი პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ ჩვენ მშვიდობა გვექნება. ასე რომ, რა თქმა უნდა, რომ მშვიდობა ყოველთვის შესაძლებელია. დანებებასაც შეუძლია მშვიდობის მოტანა. მაგრამ, როგორც დავინახეთ, უკრაინელები არ არიან თანახმა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად.
სინამდვილეში, ისინი მზად არიან ძალიან მაღალი ფასი გადაიხადონ დამოუკიდებლობისთვის. და ისევ, ფინეთი არის ქვეყანა, რომელმაც ნამდვილად იცის მშვიდობის ფასი და ასევე დამოუკიდებლობისა და სუვერენული ერის ფასი. და ეს არ არის ჩემი განსასჯელი, თუ რაოდენ მაღალი ფასი უნდა გადაიხადონ უკრაინელებმა. ვგულისხმობ, რომ ჩვენ ვიხდით ფასს, რადგან ვუწევთ მხარდაჭერას, ვხედავთ ეკონომიკური სანქციების ეკონომიკურ შედეგებს. მაგრამ უდავოა, როგორც შენ თქვი საულ, რომ უკრაინელები ყოველდღე ყველაზე მაღალ ფასს იხდიან. და ამიტომ მათ უნდა განსაჯონ და არა მე, რა არის ფასი, რომლისთვისაც მზად არიან გადაიხადონ მშვიდობისთვის და დამოუკიდებლობისთვის? ასე რომ, ეს, გარკვეულწილად, მორალური დილემაა.
მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ ისმის კითხვა, რამდენის გადახდას აპირებთ ამ მშვიდობის მისაღებად? უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საუკეთესო გზაა პრეზიდენტმა პუტინმა დაასრულოს ეს უაზრო ომი. ჩვენ,ყოველ დილით, ყოველდღე, ყოველ საათში, უნდა გვახსოვდეს, რომ არის ერთი ადამიანი, ერთი ერი, რომელიც პასუხისმგებელია ამაზე – და ეს არის პრეზიდენტი პუტინი.” – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანია საზოგადოებაში ისეთი აზრის ფორმირება, რომ თითქოს ნატო, ევროკავშირი ან ამერიკა უკრაინას ტერიტორიებს ათმობინებს.
მსგავსი მანიპულაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამოსვლის შემდეგაც. სინამდვილეში, დასავლეთის ქვეყნები, ევროკავშირი, ნატო და ამერიკა ღიად უჭერს მხარს უკრაინას და მის ტერიტორიულ მთლიანობას.