რა და რატომ აჩუქა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპს?
ვატიკანში ოფიციალური ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპს ნახატი აჩუქა, რომის პაპმა კი სკულპტურა- სოციალურ ქსელში პროპაგანდისტები მანიპულაციურ ინფორმაციას ავრცელებენ, ზელენსკის საჩუქარს ხატს უწოდებენ და მის კანონიკურობაზე მსჯელობენ.
“რომის პაპს “საჩუქარი” მიართვა – ღვთისმშობლის ხატი ყრმა იესოს გარეშე…… ” – სოციალური ქსელში ამ და მსგავსი აღწერებით გავრცელდა ფოტოები, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რომის პაპისთვის გადაცემულ საჩუქარს ასახავს.

რა მოხდა?
იტალიის რესპუბლიკასა და ვატიკანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელმწიფოს მეთაურმა ყურადღება რუსული სამხედრო აგრესიის შეჩერებასა და მშვიდობის აღდგენაზე გაამახვილა. შეხვედრაზე მათ ერთმანეთს საჩუქრებიც გადასცეს.
რა და რატომ აჩუქა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპს?
შეხვედრის ფარგლებში ზელენსკიმ რომის პაპს ნახატი გადასცა სახელწოდებით -“Loss, 2022-58”. ნახატის ავტორია ოლექსი რევიკა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპორიჟიის ოლქის მელიტოპოლში დაიბადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:
“ნახატი არის სერიის “წითელი ხაზის” ნაწილი, ის ასახავს ომის მოვლენებს, რომლებიც ახლა ხდება. სერიის თითოეული ნამუშევარი არის წითელი ხაზი, რომელიც გადაკვეთა რუსეთმა.”
2022 წლის 23 აპრილს ნახატი მხატვარმა თავის ინსტაგრამ გვერდზეც გამოაქვეყნა და თან შემდეგი აღწერა დაურთო:
“რუსების თავდასხმის შედეგად, 20.04.22 წლის მდგომარეობით, უკრაინაში 578-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. დაიღუპა 205…”

მხატვარმა ფეისბუქ გვერდზე პოსტი რამდენიმე დღის წინაც, 17 მაისის გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში დაწყებული კრიტიკის საპასუხოდაც. მან პოსტს რამდენიმე სქრინიც დაურთო, სადაც მას მკრეხელობასა და რელიგიის შეურაცხყოფაზე მიუთითებენ :
“ცოტა ხნის წინ კი, უკრაინის პრეზიდენტმა ეს ნაწარმოები გადასცა რომის პაპს იმ ტრაგედიის შეხსენების მიზნით, რომელიც დღეს უკრაინაში ხდება. რომ გავლენის ყველა მნიშვნელოვანი ბერკეტი უნდა იქნას გამოყენებული რუსების დასჯის უზრუნველსაყოფად. ეს არის ის, რაზეც ვმუშაობ. დიდება უკრაინას!“

შეხვედრის ფარგლებში საჩუქრები მიიღო თავად ზელენსკიმაც, კერძოდ რომის პაპმა მას ბრინჯაოს ქანდაკება – ზეთისხილის რტო აჩუქა როგორც მშვიდობის სიმბოლო. ასევე ,2019 წლის დოკუმენტი ადამიანთა ძმობის შესახებ მსოფლიო მშვიდობისა და ერთად ცხოვრებისათვის, რომელიც დაწერილია პაპისა და ალ-აჰზარის დიდი იმამის, აჰმად ალ-ტაიბის მიერ.