რა [არ]თქვა გაეროს წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე? 

2022 წლის 12 მაისს არაერთ პრორუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს გაეროს წარმომადგენელმა “უკრაინელი ბოევიკების მიერ სკოლების სამხედრო მიზნით გამოყენება” აღიარა. 

ნიუსის მიხედვით “გაერო-ს აქვს მონაცემები უკრაინული ძალების მიერ ბავშვთა საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ. ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ პროგრამებში ომარ აბდიმ განაცხადა.” – ამის საილუსტრაციოდ მედია ნიუსს ომარ აბდის ფოტოთი აქვეყნებს, სადაც ის გაეროს ბანერის ფონზე მოხსენებას კითხულობს. 

რეალურად, ფოტო 2021 წლის 15 ოქტომბერს გამართული პრესკონფერენციაზეა გადაღებული. საუბრის თემა კი ავღანეთში არსებული სიტუაცია იყო. 

ნიუსის შინაარსი კი კრემლისტურ მედიას დამახინჯებულად აქვს გადმოტანილი. ომარ აბდიმ კონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ნამდვილად ისაუბრა, თუმცა იქ ნახსენები არსადაა, რომ უკრაინის ძალები სასკოლო დაწესებულებებს ამ მიზნით იყენებენ. 

ომარ აბდი მოხსენებაში არც უკრაინულ  არც რუსულ ძალებს არ ახსენებს და უკრაინაში არსებულ მდგომარეობას ბავშვთა უფლებების კუთხით ამ კონკრეტიკის გარეშე აღწერს. 

გამოსვლაში ის ამბობს: 

 “სკოლებს ნაწილი გამოიყენება როგორც საინფორმაციო ცენტრებად, თავშესაფრებად, საწყობად ან სამხედრო მიზნებისთვის”. 

ხოლო რაც შეეხება სკოლების დაბომბვას, ქალაქ მარიუპოლის ხელმძღვანელობის თქმით, 19 მარტს რუსმა სამხედროებმა დაბომბეს სკოლა, სადაც თავს 400 ადამიანი აფარებდა, მათ შორის ბავშვები. ასევე 9 მაისს, ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლუგანსკის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა სკოლა დაბომბეს, რომელსაც 90-მდე ადამიანი აფარებდა თავს. 

16 მარტს რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დრამატულ თეატრში 600-მდე ადამიანი დაიღუპა.

თეატრის დაბომბვის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ მარიუპოლის დრამატული თეატრი შენობაში დამალულმა უკრაინელმა სამხედროებმა ააფეთქეს, თუმცა ამის დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. 

მარიუპოლის თეატრზე განხორციელებულ იერიშს ეუთომ ჰუმანიტარული სამართლის ხელყოფა და ომის დანაშაული უწოდა, აღსანიშნავია, რომ სატელიტურ სურათებზე, რომლებიც იერიშამდე რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული, შენობის წინ ჩანს წარწერა “ბავშვები”, რომელიც სიმაღლიდანაც შესამჩნევი იყო.

Leave a Comment