პარლამენტის მიერ აკრედიტაციის შეჩერების პრაქტიკა მედიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტი ხდება – მედიაომბუდსმენი
“საქართველოს პარლამენტის მიერ აკრედიტაციის შეჩერების პრაქტიკა კი მედიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტი ხდება” – ასე ეხმაურება მედიაომბუდსმენი 2 მედიასაშუალების ჟურნალისტისთვის მედია აკრედიტაციის შეჩერებას.
პარლამენტის აპარატის განმარტებით, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების მიზეზი ჟურნალისტთა ქცევის ახალი წესებიდან ერთ-ერთის დარღვევა გახდა. კერძოდ, პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუზე უარის მიუხედავად, მათ ინტერვიუს ჩაწერა არ შეწყვიტეს.
ტელეკომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საუბარია უმრავლესობის დეპუტატ ელისო ბოლქვაძესთან ჩაწერილ ინტერვიუზე. ჟურნალისტების კითხვები უვადო მოსამართლეებისთვის აშშ-ის მხრიდან დაწესებულ სანქციებს შეეხებოდა. ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა TV პირველის ჟურნალისტს კი განუცხადა – ” თქვენს მაყურებელს არ ვცნობ”.
„TV პირველისა“ და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფებს პარლამენტში აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერდათ. ჟურნალისტების უფლებებს მედიაომბუდსმენი დაიცავს.
აკრედიტაციები შეუჩერეს ტვ „პირველის“ ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს, ამავე არხის ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, ასევე „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავას და ოპერატორ ზუკა ჩხვირკიას.
ასევე ცნობილი გახდა, რომ 6 აპრილს აკრედიტაცია შეუჩერეს „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტსა და ოპერატორს. ამ შემთხვევაში პარლამენტის განმარტებით მიზეზი იგივე იყო.
აღნიშნულ ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
” აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილებით შეუძლებელია დადგინდეს, რა მოკვლევა ჩატარდა საკითხზე და რა სტანდარტით მოქმედებს პარლამენტის აპარატის უფროსი გადაწყვეტილების მიღებისას. ჩნდება ეჭვი, რომ ეს უკავშირდება კონკრეტული მედიაპროდუქტის შინაარსს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც მედიისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება და მმართველი პარტიის წარმომადგენლები შერჩევითად აძლევენ ინტერვიუს მედიასაშუალებებს, მსგავსი რეგულაციები რიგი მედიასაშუალებებისთვის შეუძლებელს ხდის ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისთვის მიწოდებას. ” – ვკითხულობთ განცხადებაში.