მომცენ გამამტყუნებელი განაჩენი, რომ გზა გავაგრძელო სტრასბურგში – გვარამია დაკავებიდან 1 წლის თავზე
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებიდან 1 წელი გავიდა – არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და საქართველოს პრეზიდენტს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
რას ამბობს დაკავებიდან ერთი წლის თავზე ნიკა გვარამია?
პატიმრობიდან ერთი წლის შემდეგ ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება, რათა საქმე სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელოს, ამის შესახებ მის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ ჩემი სიმართლე კვლავ სიმართლედ რჩება; ჩემი მიზანმიმართულება კიდევ უფრო ხისტი ხდება; ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო ძლიერდება. ერთადერთი, რასაც ვითხოვ თუ მოვითხოვ, უზენაესმა სასამართლომ მომცეს გამამტყუნებელი განაჩენი (სხვაგვარს არც ველი), რომ სამართლიანობისთვის ბრძოლის ჩემი გზა გავაგრძელო სტრასბურგში. ისეთი პირი უჩანს, სამართალზე კი არა, მთლად მართლმსაჯულებაზე უარს მეტყვიან საბოლოოდ. თუმცა, მოთმინებით დაველოდები ვადის ამოწურვას 22 ივნისს და მერე გადავწყვეტ, როგორ ვიმოქმედებ,“ — ვკითხულობთ გვარამიას წერილში.
რას ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები?
ნიკა გვარამიას სოლიდარობას უცხადებს მედიის ადვოკატირების კოალიცია და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
“ერთი წელი გავიდა ნიკა გვარამიას პატიმრობიდან. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით „მთავარი არხის“ მენეჯერი ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე არის დაკავებული. ნიკა გვარამიას პატიმრობა არის უხეში თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე და კრიტიკული აზრის გამოხატვის უფლებაზე. ”
პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც და საქართველოს პრეზიდენტს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებს. ქარტიის განმარტებით, ბოლო წლებია ხელისუფლება აქტიურად ცდილობს ხელი შეუშალოს კრიტიკული მედიის საქმიანობას და ნიკა გვარამიას დაკავებაც ამ პროცესის ნაწილია.
“ბოლო წლებია ხელისუფლება აქტიურად ცდილობს ხელი შეუშალოს კრიტიკული მედიის საქმიანობას, იქნება ეს რუსული კანონის მიღების მცდელობა, აგრესიული რიტორიკა, მოძალადე ჯგუფების დაუსჯელობა, ბოიკოტი, ღონისძიებებზე არ დაშვება, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, უსამართლო და არადემოკრატიული აკრედიტაციის წესი პარლამენტში თუ ამ აკრედიტაციის შეჩერების არაერთი შემთხვევა კრიტიკული კითხვის დასმის გამო და ა.შ. გარდა ამისა, არ ხდება აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების დირექტივის სათანადო იმპლემენტაცია, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.” – ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.
მედიების გამოხმაურება ნიკა გვარამია დაკავებაზე:
საქართველოს „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსმა“, რომელიც 45 რეგიონულ მედიასაშუალებას აერთიანებს, დაგმო სასამართლოს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ მენეჯერული გადაწყვეტილების გამო, მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელის სისხლის სამართლით გასამართლება დაუშვებელია. მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია ინტერნეტ გამოცემებმა პუბლიკამ და ნეტგაზეთი/ ბათუმელები.

საერთაშორისო გამოხმაურება:
გვარამიას პატიმრობას ტვიტერზე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას, მათ შორის მედიის თავისუფლების და დამოუკიდებელი სასამართლოსი.
“ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან 1 წელი გავიდა. მრავალფეროვანი მედიის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო, დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ქვაკუთხედია.”

ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით, 27 მაისს, 18:00 საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან დაგეგმილია აქციაც.
“წელს არის ერთი წელი ნიკას უკანონო პატიმრობის, ვაცხადებთ, რომ აქ ქვეყანას არანაირი მართლმსაჯულება სასამართლო სისტემა არ გააჩნია, ჩვენთვის ცხადია, რომ აქ ქვეყანაში სამართალს ვერავინ ვერ იპოვის სამართალი არ არის არც ნიკასთვის, არც ჩვენთვის და საქართველოს არცერთი მოქალაქისთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ბრძოლას აქვს აზრი” – ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ უზენაესი სასამართლოს შენობასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
რას ედავება სასამართლო ნიკა გვარამიას?
თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე მიუსაჯა. თავად „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ყველა ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.