კეზერაშვილი: უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს

“უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს” – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “ფორმულას” დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი აცხადებს. კეზერაშვილის განცხადებას “ფორმულა” ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, “ოლიგარქიული მმართველობის” დასრულების შემდეგ დარჩენილ წილსაც ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს. თუმცა ამ ეტაპზე მისივე თქმით, “პროცესებიდან გასვლა არ განიხილება”.

“როგორ შეიძლება, ვდისტანცირდე ყველაფრისგან მაშინ, როდესაც შემიძლია თუნდაც ერთი აგური დავდო რუსული ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ ვაცხადებ, რომ ჩემ ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან ჩემი გასვლა არ განიხილება. ”

განცხადებაში საუბარია BBC-ის მიერ ქოლ-ცენტრების საქმეზე მომზადებულ საგამოძიებო მასალაზეც. კეზერაშვილის განცხადებით, ბრიტანეთის მართლმსაჯულების სისტემისადმი სრული ნდობა აქვს და დარწმუნებულია, რომ ის[სასამართლო] მისი იურიდიული ჯგუფის არგუმენტებს გაიზიარებს.

ამ განცხადების გავრცელებას წინ უსწრებდა BBC-ის ვებგვერდზე 12 აპრილს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიება. მასალის მიხედვით, ე.წ. ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ ფიგურანტად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

ფოტო: ტელეკომპანია ფორმულა

Leave a Comment