ისრაელის პოლიტიკა – უკრაინა, რუსეთი, ირანი, პალესტინა

ექსკლუზიური ინტერვიუ ისრაელის ელჩთან

ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ისრაელში, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ჯენინში ჩატარებული ოპერაცია და ისრაელის მთავრობა გაეროს კრიტიკის ქვეშ, რითი და როდის დაეხმარება ისრაელი უკრაინას და რუსეთთან ურთიერთოების პოლიტიკური ფაქტორი? –  ყველა ამ საკითხზე საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი ჟურნალისტიკის რესურსცენტრს ექსკლუზიურად ესაუბრა

ჟურნალისტი: მოგესალმებით, თითქმის ერთი წელია რაც საქართველოში ხართ მოვლენილი. ეს რთული პერიოდია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ მინდა გკითხოთ, ერთწლიანი მუშაობისა და სხვადასხვა სფეროს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული უამრავი შეხვედრის გათვალისწინებით, როგორ აფასებთ საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობას? კერძოდ, გთხოვთ მეტი გვითხრათ ვაჭრობისა და სამხედრო სფეროში არსებული თანამშრომლობის შესახებ.

ჰადას მეიცადი: ერთი წელი გავიდა, ეს ძალიან დატვირთული წელი იყო – მე ვეცნობოდი ქვეყანას, ვხვდებოდი ხელისუფლების წარმომადგენლებს და, ამასთანავე, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურის, ბიზნესის უამრავ წარმომადგენელს, რათა დამენახა საქართველოს მთლიანი სურათი და გამეგო, თუ როგორ შეგვიძლია ავიყვანოთ არსებული მეტად დადებითი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე. ძალიან გამიმართლა, რომ ისრაელის ელჩად დავინიშნე აქ, საქართველოში, სადაც არის კარგი ურთიერთობის ასეთი მყარი საფუძველი. ვგულისხმობ, რომ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ის ფაქტი, რომ ეს ტრადიცია 2600 წელს ითვლის, რომ ეს იყო ერებს შორის ურთიერთობა და რომ ქართველები და  ებრაელები ორ უძველეს ერს წარმოადგენენ. ეს ყველაფერი ემყარება აქაურ ებრაულ თემსა და ქართველ ხალხს შორის ჰარმონიული თანაარსებობის პლატფორმას, რომელიც უხსოვარი დროიდან არსებობს. ჩვენთვის ეს არ არის რაღაც, რაც თავისთავად იგულისხმება;  ებრაელი ხალხის ისტორიაში მსგავსი თანაარსებობა ნამდვილად არ წარმოადგენს მოცემულობას. ჩემთვის ასევე ნიშანდობლივია ორ თანამედროვე სახელმწიფოს შორის არსებული კავშირი, მე ვგულისხმობ, რომ ჩვენს შორის არსებობს გარკვეული მსგავსება – ისრაელიც და საქართველოც პატარა ქვეყნებია რთული სამეზობლოთი, შეზღუდული რესურსებით. მაგალითად, მრავალი წლის განმავლობაში ისრაელს არ გააჩნდა რაიმე ბუნებრივი რესურსები, გაზი მხოლოდ 10-15 წლის წინ აღმოვაჩინეთ. მაშ, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავი გავიტანოთ, როდესაც ჩვენს განკარგულებაში ადამიანური რესურსის გარდა თითქმის არაფერი არაა? ვფიქრობ, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში შექმნა ეს მეტად მყარი საფუძველი.

თქვენ მკითხეთ ვაჭრობაზე. ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვის მონაცემები არაა მაღალი. ჩვენ ვსაუბრობთ 50 მილიონზე, ეს არ არის დიდი რიცხვი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს რიცხვი სამართლიანად არ ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური კავშირების სპეციფიკას. მე ვგულისხმობ, პირველ რიგში, საგარეო საქმეთა მინისტრის დარჩიაშვილის ვიზიტს ისრაელში, რომელიც ძალიან წარმატებული და მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა.

ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იყო ისრაელის ეკონომიკის მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი განცხადება 2024 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვეძებთ ახალ გზებს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის.

თუმცა უკან რომ დავბრუნდეთ, ვფიქრობ, რომ უნდა გავითვალისწინოთ, მაგალითად, ტურიზმის სექტორი. ჩვენ გვაქვს თითქმის 90 რეისი თელ-ავივიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით. ეს უპრეცედენტო რიცხვია. მე ვგულისხმობ, რომ ისრაელი საქართველოში არამოსაზღვრე ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების ქვეყნების სიაში პირველ ადგილზეა; შარშან  ისრაელელი ტურისტების რაოდენობამ გადააცილა 200 000-ს, მეტიც, თითქმის მიაღწია 250 000-ს. ეს საოცარი რიცხვია. ჩვენ ვსაუბრობთ განმეორებით ჩამოსულ ტურისტებზე. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც აქ ჩამოდიან ყოველ ზაფხულს, ამიტომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებზე მსჯელობისას ეს ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ.

ასევე ხორციელდება ინვესტირების სხვადასხვა სტადიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო პროექტები და ა.შ.… ასე რომ, მთლიანობაში, როდესაც ვაკვირდები მობილობას და კავშირებს, რომლებიც აქ ყალიბდება, ბედნიერი ვარ, რომ არსებობს მეტის გაკეთების საშუალება და რომ ჩვენ ვაგრძელებთ ამ საქმეს. აქვე მინდა დავამატო, რომ ჩვენ უკვე 30 წელია ხელს ვუწყობთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების ინვესტირების გზით. მე ვგულისხმობ, რომ ჩვენი დიპლომატიური სამსახურის ხელთ არსებული ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო დახმარება, რაც ძირითადად ხორციელდება კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების ინვესტირების გზით. ჩვენი განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი MASHA, ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოში; ამჟმად, ისრაელში ან საქართველოში სასწავლო პროცესში ჩართულია დაახლოებით 2600 ადამიანი, რომელიც იღებს ცოდნას სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, გენდერული თანასწორობის, მეწარმეობის, კლიმატის შერბილების და ა.შ. მიმართულებით; ჩვენ ვთავაზობთ ხალხს სწავლის შესაძლებლობას და მე ვფიქრობ, რომ ეს ასევე ძალიან ნათლად მეტყველებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ჩემთვის, როგორც ელჩისთვის, არის ის, რომ მე ვხედავ თანამშრომლობის გაზრდის უდიდეს პოტენციალს. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობ GITA-სთან და ეკონომიკის სამინისტროსთან, ჩამოგვყავს ისრაელელი ექსპერტები ცოდნის გაზიარების მიზნით. მაგალითად, სულ ახლახანს შესანიშნავი თანამშრომლობა შედგა BTU-სთან, რომელსაც სამდღიანი ვიზიტით ეწვია ერთერთი მეტად გავლენიანი მეწარმე ჰილა ოვილ ბრენერი; განხორციელების სტადიაშია უამრავი სხვა პროექტი. დიდი ინტერესით ვაკვირდები აქაურ ეკოსისტემას. ის არის მზარდი, სუპერ საინტერესო. ისრაელის მხრიდანაც არის ინტერესი ამ სფეროში, რათა ადგილზე ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოში. ცოტა ხნის წინ ვახსენე MASHAV და კვალიფიკაციის ამაღლება, რომელიც ასევე მოიცავს IT სფეროს.

ჟურნალისტი: გმადლობთ. და მაინც სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობაზე კითხვას მინდა დავუბრუნდეთ

ჰადას მეიცადი: დიახ, სამხედრო თანამშრომლობა. სამხედრო თანამშრომლობა არ არის ის თემა, რომელზეც ღიად ვმსჯელობთ ინტერვიუების დროს. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი ქვეყნები იზიარებენ პოზიციებს ძირეული ეროვნული ინტერესების თაობაზე და ყოველთვის მზად არიან აღმოუჩინონ დახმარება ერთმანეთს. მაგრამ ამის გახმაურება, როგორც წესი, არ ხდება ხოლმე.

ჟურნალისტი: გადავიდეთ სხვა თემაზე, მიგრაციაზე. თქვენ ბრძანეთ, რომ არსებობს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სფერო, სადაც საქართველო შეიძლება გაძლიერდეს, და ამან შეიძლება იმოქმედოს ჩვენ ქვეყანაში მიგრაციის დონეზე. თუ ადგილობრივი განვითარება და ადგილობრივი გარემო უფრო ნაყოფიერ ნიადაგს შეუქმნის ხალხს, ალბათ მიგრაციის დონეც უფრო დაბალი იქნება. თუმცა, მანამ NDI-ის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ყოველი მე-6 ადამიანი ფიქრობს ქვეყნიდან გასვლაზე და ყოველ მე-6 ადამიანს ჰყავს ოჯახში მინიმუმ ერთი წევრი, რომელიც წასულია უცხო ქვეყანაში ოჯახის დასახმარებლად. ისრაელიც ალბათ ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. მაგრამ არსებობს გარკვეული შეზღუდვები; ხშირად ამბობენ, რომ ისრაელში სამუშაოდ ლეგალურად წასვლა, სამუშაოს პოვნა და მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია,  არსებობს აქ მოხვედრის მრავალი უკანონო გზა, რაც კრიტიკულია ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. თქვენი აზრით, შეიცვალა თუ არა მიგრაციის გარემო, არის თუ არა რაიმე მიმდინარე განხილვები ამ მიმართულებით?

ისრაელის ელჩი: გმადლობთ ამ მეტად მნიშვნელოვანი კითხვისთვის. რამდენიმე წლის წინ ჩვენ გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი ისრაელსა და საქართველოს შორის და სახეზეა უდიდესი წინსვლა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით. და როგორც თქვენ ძალიან მართებულად აღნიშნეთ, არალეგალური მუშაობა პრობლემას წარმოადგენენ. ეს პრობლემა არა მხოლოდ ისრაელსა და საქართველოს შორის არსებობს, მსგავს პრობლემას მრავალი ქვეყანა აწყდება. ერთ-ერთი, რაც ჩვენ გავაკეთეთ და ეს გაკეთდა აქაურ მთავრობასთან ერთობლივად, რადგან ჩვენ ყველანი ზუსტად ვიაზრებთ იმას, რაც თქვენ თქვით, საბოლოო ჯამში, თუ სთავაზობთ ადამიანებს ცოდნას, შესაძლებლობებს განავითარონ ეკონომიკა, დარჩნენ ადგილზე, იმუშავონ და მიაღწიონ წარმატებას, ან პოულობთ სწორ ჩარჩოებს, რათა ადამიანებმა მოახერხონ რამდენიმე წლით საზღვარგარეთ გამგზავრება, შეძლებისდაგვარად ფულის გამომუშავება, თუნდაც სწავლა და შემდეგ ამ ცოდნით საქართველოში დაბრუნება – ჩვენ ეს გავაკეთეთ,

დაახლოებით ერთი წლის წინ გავაფორმეთ სამუშაო ხელშეკრულება საექთნო მოვლის სფეროში. მსურველები გადიან ტრენინგებს აქ, საქართველოში, შემდეგ კი შეუძლიათ წავიდნენ ისრაელში სამუშაოდ, რამდენიმე წლით, შემდეგ კი ბრუნდებიან საქართველოში ისე, რომ ყველა მათი უფლება დაცულია. ეს არის შეთანხმება მთავრობებს შორის,  ანუ ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ხელფასზე და საცხოვრებელ პირობებზე, არამედ ასევე სხვა, წინასწარ განსაზღვრულ კომპენსაციებზე. ეს პროგრამა ჯერჯერობით არ სარგებლობს პოპულარობით, ანუ საქართველოს მხრიდან ისრაელში სამუშაოდ წასვლის მსურველთა განცხადებების რაოდენობა საკმაოდ დაბალია. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ერთი წელი არაა საკმარისი პროგრამის უპირატესობების გასაცნობად, თუმცა მე მინდა გამოვიყენო თქვენი პლატფორმა იმის სათქმელად, რომ არსებობს ისრაელში ლეგალურად სამუშაოდ გამგზავრების გზები.

ჩვენი მთავრობები მსჯელობენ დამატებითი შეთანხმებების თაობაზე. ამას დრო სჭირდება. განხილვაშია სხვა სექტორები, ვინაიდან საქართველოს გააჩნია მსგავსი ტიპის შეთანხმებები სხვა ქვეყნებთან – გერმანიასთან, ბულგარეთთან, ბევრ სხვა სახელმწიფოსთან. მნიშვნელოვანია ხალხმა იცოდეს, რომ ლეგალური გზა არსებობს. და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, უკანონო დასაქმების და, ზოგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ყალბი საბუთების გამო იქმნება არახელსაყრელი ფონი და ეს გავლენას ახდენს რიგით ქართველ ტურისტებზე, რომლებსაც სურთ ისრაელში ჩამოსვლა. მე, როგორც ელჩს, მაქვს სურვილი შევქმნა კანონიერი შესაძლებლობები და განვაცხადო, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა შევამციროთ არახელსაყრელი სტატისტიკა;

ასევე მსურს დავამატო, რომ ისრაელის სასაზღვრო კონტროლი მუშაობს მსგავსი ფაქტების გასაკონტროლებლად: გამოსავლენად და თავიდან. ეს მათი საქმმიანობის და მოვალეობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია , ამას ნებისმიერი ქვეყნის სასაზღვრო კონტროლი აკეთებს, ყველა ქვეყანას გააჩნია საიმიგრაციო პოლიტიკა.

ჩვენ განვიხილავთ ადრეული გაფრთხილების სისტემის მიწოდებას, ეს არის სისტემა, რომელიც გამოიყენება ისრაელის სამხრეთის სოფლებსა და ქალაქებში, რომლებიც არსებობენ ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმების შედეგად მუდმივი საფრთხის პირობებში

ჟურნალისტი: რაც შეეხება უკრაინაში ომს – მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში, ინტერესი ისრაელის პოზიციის მიმართ ძალიან მაღალი იყო და ეს გასაგებიცაა, თუ გავითვალისწინებთ ისრაელსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობას და ირანულ მიზეზს.

რა შეიცვალა ომის დაწყებიდან დღემდე ოფიციალური ისრაელის მიდგომებში უკრაინასთან მიმართებით?

მაგალითად, 23 ივნისს “რადიო თავისუფლებაზე” გამოქვეყნებული სტატიაში ვკითხულობთ, რომ სრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს: „ჩვენ ვშიშობთ, რომ ნებისმიერი სისტემა, რომელსაც ჩვენ გადავცემთ უკრაინას, შესაძლოა მოხვდეს ირანის ხელში და გამოყენებული იქნას ჩვენს წინააღმდეგ“. რამ გააჩინა ეს შიშები?

ჰადას მეიცადი: ამ ომში ჩვენ თავიდანვე უკრაინის მხარე დავიჭირეთ. ჩვენთვის ეს მოცემულობაა.

გაეროს რეზოლუციების უმეტესობაში უკრაინის სასარგებლოდ ვაძლევთ ხმას; ჰუმანიტარული დახმარების ოდენობა, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვუგზავნით, უპრეცედენტოა, ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში არცერთ ქვეყანაში არ გაგვიგზავნია ამდენი ჰუმანიტარული დახმარება, რამდენიც უკრაინას გავუგზავნეთ. ჩვენ პირველებმა გავხსენით საველე ჰოსპიტალი უკრაინის ტერიტორიაზე. ეს მოხდა ერთ წელზე მეტი ხნის წინ, 2022 წლის აპრილში. ცოტა ხნის წინ MASHAV ვახსენე, ჩვენ ვამზადებთ ათეულობით მასწავლებელს და ფსიქიკურ აღმზრდელს მდგრადობისა და ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის სფეროში ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, რაც, როგორც ვთქვი, არის სფერო, რომელშიც ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საჩვენებელი ჩვენი თანამედროვე ისტორიის გათვალისწინებით. და ახლახან ხერსონის მახლობლად დაბომბვის შემდეგ, ჩვენ კვლავ გავგზავნეთ ძალიან დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარება. პრეზიდენტ ზელენსკის მეუღლე ახლახან სტუმრობდა ისრაელს. ჩვენთვის ეს მოცემულობაა.

ჩვენ გვაქვს ურთიერთობა რუსეთთან, ჩვენ არ გავწყვიტეთ ურთიერთობა რუსეთთან და არ ვგეგმავთ ამის გაკეთებას; ბოლოს და ბოლოს, იქ ცხოვრობს ძალიან დიდი ებრაული თემი და გარდა იმისა, რომ რუსეთი არის ძალიან აქტიური ქვეყანა ჩვენ სამეზობლოში, ჩვენ უნდა დავინახოთ, თუ როგორ სრულდება ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები, ეს ასევე გასათვალისწინებელია, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ჩვენს პოლიტიკას მთლიანობაში.

რაც შეეხება თქვენს კითხვას – იცით, ეს უკვე ხდება. უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც ხედავთ უკრაინაში – ეს არის ირანული უპილოტო საფრენი აპარატები, ვგულისხმობ, რომ მოხდა უპილოტო საფრენი აპარატების და სხვა სახის იარაღის გადატანა ირანიდან რუსეთში და ისინი გამოიყენება უკრაინის არენაზე. უპილოტო საფრენი აპარატები არის ფენომენი, რომელიც ჩვენთვის ახალი არაა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავაკლებთ მცდელობას, რათა გავხდეთ ბარიერი ქვეყანა, მაგრამ ბირთვული შეიარაღების სისწრაფე და მასშტაბები ძალიან შემაშფოთებელი ფენომენია. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ირანი კვლავ რჩება იარაღის ერთ-ერთ მთავარ მწარმოებელად, რომელიც ამარაგებს მთელ ახლო აღმოსავლეთს – ჰესბალას, ჰამასს, იემენს, რა თქმა უნდა, ერაყს, მთელს მსოფლიოს. შუა აღმოსავლეთს. ახლა კი ჩვენ ვხედავთ, რომ ირანული იარაღი ასევე გამოიყენება უკრაინაში, რომელიც მიეკუთვნება ევროპას, სხვა სიტყვებით,  ის უკვე ევროპაშია შემოსული. ეს არის ის, რაზეც ჩვენ რუსეთთანაც ვსაუბრობთ, ჩვენ პირდაპირ გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას რუსეთის წინაშე, ჩვენ არ გვერიდება ამის გაკეთება. მაგრამ უკრაინაზე საუბრისას, გასათვალისწინებელია ბევრი ფაქტორი, რომელიც ასევე ეხება ისრაელის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ჟურნალისტი: დიდი მადლობა. ეს იყო ძალიან საინტერესო, კონტექსტით დატვირთული პასუხი, მაგრამ მე მაინც დავუბრუნდები ჩემს შეკითხვას: უახლოეს მომავალში გეგმავს თუ არა ისრაელი უკრაინას აღმოუჩინოს რაიმე სახის სამხედრო და არა ჰუმანიტარული მხარდაჭერა?

ჰადას მეიცადი: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ისე, როგორც შეგვიძლია. ჩვენ განვიხილავთ ადრეული გაფრთხილების სისტემის მიწოდებას, ეს არის სისტემა, რომელიც გამოიყენება ისრაელის სამხრეთის სოფლებსა და ქალაქებში, რომლებიც არსებობენ ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმების შედეგად მუდმივი საფრთხის პირობებში. მაგრამ, როგორც ვთქვი, მე არ მაქვს საშუალება ვისაუბრო უსაფრთხოების თანამშრომლობის სენსიტიურ საკითხზე.

ჟურნალისტი: ბოლო კითხვა, რამდენიმე დღის წინ ჯენინში ჩატარებულმა ოპერაციამ და მსხვერპლმა კვლავ კრიტიკის ქვეშ მოაქცია ისრაელის მთავრობა.   მაგალითად, გაეროს გენ მდივანმა თქვა, რომ „ ისრაელის საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო ოპერაციები ხალხმრავალ ლტოლვილთა ბანაკში, ყველაზე საშინელი ძალადობაა დასავლეთ სანაპიროზე მრავალი წლის განმავლობაში, რამაც გავლენა იქონია მშვიდობიან მოსახლეობაზე.“

არის ცნობები გარდაცვლილი ბავშვების შესახებაც. 


ჰადას მეიცადი: როგორც ვთქვი, გაეროში ხუთი წლის განმავლობაში ვიმუშავე. მე ძალიან ვაფასებ გაეროს, მაგრამ ჩვენ ასევე კარგად ვიცით, რამდენად სწრაფად შეუძლია გაეროს გამოაქვეყნოს მეტად ცალმხრივი განცხადებები, და ახლა არ ვაპირებ განვმარტო ამის პოლიტიკური მიზეზები. მაგრამ მოდი ერთი წუთით ვისაუბროთ ჯენინზე. ჯენინი არის ლტოლვილთა ბანაკი, რომელიც პალესტინის ხელისუფლების პასუხისმგებლობის ქვეშ არის. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, არის ჯენინის ტერორისტულ კერად გადაქცევა; ისინი სარგებლობენ შექმნილი უპირატესობით. ხელისუფლება არ აკეთებს იმას, რაც საჭიროა და შედეგად ვიღებთ იმას, რომ წლის დასაწყისიდან ტერორისტული აქტივობების გამო დაიღუპა 29-ზე მეტი ისრაელელი, დაშავდა 270-ზე მეტი ადამიანი. ჯენინში იყო ძალიან შეზღუდული ფოკუსირებული ოპერაცია ტერორისტული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად; ჩვენ აღმოვაჩინეთ სახელოსნოები და უამრავი ინფრასტრუქტურა, რომელიც იძლევა ტერორისტული აქტების განხორციელების საშუალებას ჯენინიდან, ამიტომ ისრაელის თავდაცვის ძალები მუშაობენ ძალიან ფოკუსირებულად და მაქსიმალურად ცდილობენ არ ჩაერიონ ჯენინის ყოველდღიურ ცხოვრებაში. იყო ბევრი ყალბი ახალი ამბავი, იყო ბევრი ბრალდება, რომ ხელს ვუშლიდით სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. არ არის მართალი, თითქოს ჩვენ ვაგდებდით ხალხს, ზოგმა მათგანმა სამი დღით ევაკუაცია მოახდინა – ეს იყო სამდღიანი აქტივობა, მაგრამ შემდეგ ისინი დაბრუნდნენ. და ყოველ ჯერზე ჩვენ აღმოვაჩენდით ხოლმე, რომ პალესტინელები აშენებენ იარაღის მწარმოებელ სახელოსნოებს სკოლების გვერდით, საავადმყოფოებში, ისინი მუდმივად იყენებენ საკუთარ ხალხს როგორც ცოცხალ ფარს. დიახ, არის კრიტიკა ისრაელის მიმართ. ბევრი რამ, სამწუხაროდ, ძალიან ცალმხრივია და არ ითვალისწინებს კონტექსტს, ამიტომ მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო უფრო ფართო კონტექსტს.

მსოფლიო ებრძვის შეიარაღებულ კონფლიქტებს და წლების განმავლობაში მრავალი სხვადასხვა ინიციატივა განხორციელდა. სამწუხაროდ, ერთ-ერთი რამ, რაც არ შეცვლილა, არის წაქეზების ტენდენცია.

ის ფაქტი, რომ პალესტინის ხელისუფლებაში ბავშვებს ჯერ კიდევ ასწავლიან სახელმძღვანელოებით, რომლებიც სრულიად უგულებელყოფენ ისრაელის არსებობის ფაქტს, შეიცავენ ბევრ ტყუილს ისრაელზე. არსებობს ევროკავშირის ანგარიშები იმ წამაქეზებელი პოლიტიკის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ სახეზეა პალესტინის სახელმძღვანელოებში და ჩვენ ყველამ ვიცით, რამდენად ღრმად ჯდება ეს ცოდნა, როდესაც სწავლობ სახელმძღვანელოებით, რომლებშიც ინფორმაცია სრულად არასწორი და საზიანოა, და პალესტინის ხელისუფლება იყენებს მთელ ამ მექანიზმს, რომელსაც ისინი უწოდებენ სოციალურ მექანიზმს, რომელიც ხელფასს უხდის ტერორისტული აქტების ჩამდენი პირების ოჯახებს. და რაც უფრო წარმატებულია ტერორისტული აქტი, მით მეტ ფულს მიიღებს ტერორისტის ოჯახი, პრაისლისტიც კი არსებობს. მაგალითად, თუ ისრაელის ციხეში ზიხარ, რადგან ეცადე ვინმე მოგეკლა და არ გამოგივა, შენი ოჯახი მიიღებს 10 000 დოლარს. თუ მოახერხე ებრაელის მოკვლა და მოგისაჯეს 30 წელი ისრაელის ციხეში, შენი ოჯახი 15 000-მდე მიიღებს. ეს არაა ზუსტი ციფრები, მაგრამ პრინციპი ასეთია, და ეს არის იმის მანიშნებელი, რაც ფუნდამენტურად ძალიან, ძალიან არასწორია დააჯილდოვო ადამიანები ტერორისტული აქტების განხორციელებისთვის.

საბოლოო ჯამში, მე არ ვიცნობ არცერთ ებრაელს, რომელიც არ ელოდებოდეს იმ დღეს, როდესაც ჩვენ ვიცხოვრებთ ბევრად უფრო მშვიდობიან პირობებში, მაგრამ როდესაც ჩვენ ვიცით რომ გვჭირდება ისრაელის მოსახლეობისთვის მშვიდობის უზრუნველსაყოფად გარკვეული ქმედებების განხორციელება, ჩვენ ამას ვაკეთებთ.