ამბის თხრობის ინოვაციური ფორმატით JRC “ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრისა- ICFJ” და “მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტის – MDI” კონკურსის გამარჯვებული გახდა

ახალი სატელევიზიო მულტიმედიური გეიმ-შოუს ფორმატი, რომელიც JRC-ის ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა, გუნდთან ერთად შეიმუშავა და საერთაშორისო კონკურსში წარადგინა, საუკეთესოთა შორის აღიარეს. შედეგად, JRC-ის გუნდი საერთაშორისო სატელევიზიო ბაზრისთვის ინოვაციურ პროექტს აშშ-ს მხარდაჭერითა და ICFJ-ს მენტორინგით განახორციელებს. პროექტის ფარგლებში მომზადდება შემეცნებით-გასართობი გეიმ-შოუ, ამბის თხრობის ახალი ფორმით, რომელიც რუსულენოვან სატელევიზიო სივრცეში 2020 წლის სეზონიდან გავა.

Media Innovation Challenge -ს პროგრამის (რომლის გამარჯვებული JRC გახდა) სამიზნე აუდიტორია რუსეთის მეზობლად მდებარე ქვეყნებში მცხოვრები მოსახლეობაა, რომელიც პროპაგანდის მზარდი გავლენის წინაშე დგას. პროგრამა განხორციელებაში ეხმარება პროექტებს, რომლებიც რუსულენოვანი აუდიტორიისთვის ახალი ამბების თხრობის მაღალი ხარისხის და ინოვაციურ მიდგომებს გვთავაზობს.

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი – JRC საქართველოში ერთადერთი რეგიონული რუსულენოვანი არხის TOK TV-ს დამფუძნებელია. არხი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სიხშირულად ვრცელდება, ასევე ხელმისაწვდომია მაგთის, სილქისა და Myvideo-ს მომხმარებლებისათვის. ინოვაციურ პროგრამებში ეს JRC გუნდის პირველი გამარჯვება არაა. ამ დრომდე JRC თანამშრომლებს არაერთი ჰაკათონი და კომუნიკათონი აქვთ მოგებული.