GNCC: არალეგალური კონტენტის შეზღუდვაზე თავად სილქნეტმა მოგვმართა

JRC -ის კითხვაზე – თუ როგორ და რატომ დაიბლოკა სილქნეტის ქსელში ტორენტ საიტი rutraker org ? კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  განმარტა, რომ არალეგალური კონტენტის გავრცელების შეზღუდვის მოთხოვნით კომისიას თავად სილქნეტი დაუკავშირდა.

მანამდე სილქნეთი უკმაყოფილო მომხმარებელს უცხადებდა, რომ საიტი მარეგულირებლის მოთხოვნით დაიბლოკა.

,, კომპანია სილქნეტისგან  კომისიაში შემოვიდა წერილი სადაც კომპანიამ  100-ამდე ისეთი ვებ გვერდის ჩამონათვალი მოგვაწოდა, სადაც  არალეგალური და მოპარული კონტენტია განთავსებული (ფილმებსა და სერიალებს). კომპანია სილქნეტს,  სწორედ ის კონტენტი, რომელსაც აღნიშნული  ვებ გვერდები არალეგალურად  ავრცელებენ, ნაყიდი აქვთ და  მომხმარებელს ლეგალურად სთავაზობენ.  შესაბამისად, აღნიშნულ ვებ გვერდებზე არალეგალური კონტენტის გავრცელებით ირღვევა კომპანიის უფლებები.  სილქნეტმა კომისიას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რეაგირების თხოვნით მიმართა. კომისიამ შეისწავლა მათ მიერ მოწოდებული ვებ გვერდების ჩამონათვალი და დაადგინა, რომ ამ ვებ გვერდებზე, მათ შორის rutracker org განთავსებულია არალეგალური /მოპარული პროდუქცია. „ – ნათქვამია GNCC პასუხში.

,,კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურეობის მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის საფუძველზე მიმართა ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს და აცნობა, რომ აღნიშნულ ვებ გვერდებზე განთავსებულია არალეგალური კონტენტი და შესაბამისი ზომების მიღება  მოსთხოვა“.

კომისია JRC ს საპასუხო წერილში მიუთითებს –  „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის 2006 წლის 17 მარტის რეგლამენტზე“.

,, კერძოდ, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად მომსახურების მიმწოდებელი (ანუ ინტერნეტ პროვაიდერი) ვალდებულია „მოახდინოს რეაგირება დაუშვებელი პროდუქციის განთავსების თაობაზე მიღებულ ინფორმაციაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით“. ხოლო დაუშვებელი პროდუქცია რეგლამენტის მე-3 მუხლის ჰ2) ქვეპუნქტის შესაბამისად, არის ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია. „ 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp