FAKE: ევროკავშირის 75 მილიონიანი სესხის სანაცვლოდ საქართველოს ავღანელი ლტოლვილები უნდა მიეღო

ევროკავშირის 75 მილიონიანი სესხის სანაცვლოდ საქართველოს ავღანელი ლტოლვილები უნდა მიეღო – ამის შესახებ ყალბი ინფორმაცია გამოცემა “თვალსაზრისმა” 2021 წლის სექტემბერში  გაავრცელა. სინამდვილეში კი ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. 

ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხის მიღების წინაპირობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გაიწერა, რომელთა შორის მთავარი, სასამართლო სისტემის რეფორმას უკავშირდებოდა. ხელშეკრულება ავღანელი ლტოლვილების მიღების საკითხს არ ითვალისწინებდა.

სესხთან დაკავშირებით განცხადება პირველად 2021 წლის 31 აგვისტოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა და თქვა, რომ საქართველო სესხზე უარს ამბობს, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა მთავრობამ ევროკავშირს განცხადების გავრცელება უბრალოდ დაასწრო. კერძოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp