DSFTA

0

ვაჭრობისათვის ყველაზე გავრცელებული ბარიერია ე.წ. გადასახადი იმპორტზე – ტარიფი. “ტარიფები უპირატესობას ანიჭებს ადგილობრივად წარმოებულ საქონელს ანალოგიურ იმპორტირებულ საქონელთან შედარებით და შესაბამისად, წარმოადგენს შემოსავლის ზრდის წყაროს ქვეყნებისთვის“[1]. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (ვმო) ცდილობს, ნულამდე დაიყვანოს აღნიშნული ტარიფები. ურუგვაის რაუნდის ფარგლებში, ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ შეამცირებენ ტარიფებს და დასწევენ საბაჟო გადასახადებს იმ ნიშნულამდე, რომლიდანაც მათი კვლავ გაზრდა რთული იქნება. ტარიფები შეიძლება დაწესდეს ასევე იმ კონკრეტულ რაოდენობებზე, რომლებიც სცდება დადგენილ კვოტას (ე.წ. სატარიფო კვოტა). ვმო-ს პრინციპების თანახმად, წევრ ქვეყნებს ეკრძალება შერჩევითი მიდგომის გამოყენება სავაჭრო პარტნიორების მიმართ და რომელიმე მათგანისთვის განსაკუთრებული უპირატესობის მინიჭება, ამ ქვეყნიდან საქონლის იმპორტზე დაბალი ტარიფების მინიჭების გზით. ეს პრინციპი ცნობილია, როგორც უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (MFN) და წარმოადგენს DCFTA-ს განუყოფელი ნაწილის – ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმების (GATT)-ის ნაწილს. თუმცა, ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების დადების შემთხვევაში ამგვარი შერჩევა ახსნადია. აღნიშნულ შეთანხმებათა მიხედვით, ქვეყნებმა, შესაძლოა, უპირატესობა მიანიჭონ კონკრეტულ ქვეყნებს თავიანთ ბაზრებზე დაშვებისას, ან დააწესონ ბარიერები იმ პროდუქტების მიმართ, რომელთა იმპორტიც კონკრეტული ქვეყნიდან, სავარაუდოდ, არასამართლიანად ხორციელდება. ზემოთ აღნიშნული ბარიერების გარდა, არსებობს აგრეთვე რიგი ე.წ. ტექნიკური სავაჭრო ბარიერებისა (TBT), როგორიცაა ტექნიკური რეგულაციები, სტანდარტები, გეოგრაფიული აღნიშვნები და სერტიფიცირების პროცედურები. ეს ბარიერები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით და ნაკლებად გამჭვირვალე და თვალსაჩინოა სატარიფო ბარიერებთან შედარებით. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით აგროსასურსათო პროდუქტებს ეხება, რომლებმაც უნდა დააკმაყოფილონ წინასწარ შემუშავებული სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, რომლებიც არცთუ იშვიათად გვევლინება, როგორც დაბრკოლება აღნიშნული პროდუქტებით ვაჭრობისას. მას შემდეგ, რაც საქართველოს კანონმდებლობა სრულიად ჰარმონიზებულ იქნება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ტექნიკური სავაჭრო ბარიერები (TBT) გაუქმდება. რასაკვირველია, ეს პერსპექტივა დროის ხანგრძლივ პერიოდს უკავშირდება. ეროვნული კანონმდებლობებისა და პრაქტიკის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, განსაკუთრებით კი სანიტარულ და ფიტოსანიტარულ სფეროებში, ყველაზე მეტად აუცილებელი და ამავდროულად, ძვირადღირებული პროცესია. ამ პროცესს ქართული მხარის მნიშვნელოვანი ძალისხმევა სჭირდება, ამ მიმართულებით მოსალოდნელია ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდანაც.

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა და 2014 წლის 18 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“, რომლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“  შეთანხმება (DCFTA)[2]. ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და იძლევა საქართველოსთვის ევროკავშირის შიდა ბაზრის გახსნის საშუალებას.

DCFTA საქართველოს აძლევს საშუალებას ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან სამი: საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. მეოთხე თავისუფლებას – ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ხელს უწყობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი.

DCFTA IV თავი (სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები)  ითვალისწინებს საქართველოს მიერ სურსათის უვნებლობის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. აღნიშნული ჩამონათვალი მოიცავს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი ევროკავშირის კანონმდებლობის ნუსხას და დაახლოების ვადებს.

საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება მოხდება ეტაპობრივად 2015 წლიდან 2030 წლის ჩათვლით. კონკრეტულ ნორმატიული აქტების დამტკიცებამდე მოხდება მათი განხილვა ყველა დაინტერესებულ პირთან, საჯარო და კერძო ინტერესების მაქსიმალურად დაცვის უზრუნველსაყოფად.

DCFTA გულისხხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. იგი მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს: საქონლით ვაჭრობა; ვაჭრობაში დაცვითი ზომები; ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში; სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია და შესაბამისობის შეფასება; სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები; საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობა; დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია; მიმდინარე გადახდები და კაპიტალის მოძრაობა; საჯარო შესყიდვები; ინტელექტუალური საკუთრების უფლებები; კონკურენცია; ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში; გამჭვირვალობა; ვაჭრობა და მდგრადი განვითარება; დავების მოგვარება; დაახლოების ზოგადი დებულებები.

DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. საქართველო გახდება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისათვის, რაც გამოიწვევს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, DCFTA-ის ამოქმედება ხელს შეუწყობს ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენას, ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის მიწოდებას, სახელმწიფო ადმინისტრირების ორგანოების განვითარებას ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. აღნიშნული, საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე.

აღსანიშნავია, რომ DCFTA-ის მოლაპარაკებების პროცესში ქართულმა მხარემ მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას ევროკავშირთან სატარიფო ლიბერალიზაციის კუთხით. ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი, გარკვეული პირობების (სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების სტანდარტები) დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნულოვანი საბაჟო ტარიფით შევა ევროკავშირის ბაზარზე. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ნიორი (ახალი ან გაციებული), რომელზეც საბაჟო გადასახადი გაუქმდება წლიური კვოტის – 220 ტონის – ფარგლებში.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება უზრუნველყოფს ბაზრის ხელმისაწვდომობის ხელისშემშლელი ბარიერების ორმხრივ და ეტაპობრივ გაუქმებას. საქართველოს თავისუფალი წვდომა ბაზარზე იქნება „ყოვლისმომცველი“, ვინაიდან იგი მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს და „ღრმა“, ვინაიდან გამიზნულია ყველა სავაჭრო ბარიერის მოსახსნელად „საზღვრის მიღმა“ ბარიერების ჩათვლით. შეთანხმება ითვალისწინებს 95%-მდე ტარიფის მოხსნას, ნავარაუდევია სამრეწველო საქონლით ვაჭრობის სრული ლიბერალიზაცია.

მნიშვნელოვნად გამარტივდება საქართველოდან მომსახურების ექსპორტი ევროკავშირში. ქართულ, მომსახურების სფეროს, კომპანიებს მიეცემათ საშუალება უმეტეს სექტორებში:

  • დააფუძნონ ფილიალები ევროკავშირის ქვეყნებში და მათი საშუალებით მიაწოდონ მომსახურება ევროპელ მომხმარებელს;
  • თავიანთ ევროპულ ფილიალებში დაასაქმონ ქართველი მენეჯერები, სპეციალისტები და გაატარონ პრაქტიკა თავიანთ თანამშრომლებს;
  • გაუშვან თავიანთი გაყიდვების წარმომადგენლები ევროკავშირში, მათი პროდუქციის გაყიდვის მიზნით მოლაპარაკებების საწარმოებლად;
  • მიაწოდონ მომსახურება ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან, ევროკავშირში ფილიალების გახსნის გარეშე.

ქართველ სპეციალისტებს, ინდივიდუალურად თუ კომპანიებს შორის გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე, მიეცემათ საშუალება გასწიონ მომსახურება ევროკავშირში. შეთანხმება ასევე მოიცავს პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების მექანიზმებს. ამის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაადვილდება ქართველი სპეციალისტების მიერ მომსახურების გაწევა ევროკავშირის ქვეყნებში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქართული საქონელი და მომსახურება ეტაპობრივად მიიღებს დაშვებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვებში.

ქართველი მეწარმეებისათვის ევროკავშირის ბაზარი მიმზიდველია თავისი მოცულობითა და მსყიდველუნარიანობით, მაგრამ ამავე დროს, ამ ბაზარს დაწესებული აქვს მაღალი მოთხოვნები. კომპანიებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირში ექსპორტის განხორციელება, სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. ამასთანავე, მათ კარგად უნდა შეისწავლონ კონკრეტული პროდუქტის მიმართ არსებული მოთხოვნები და რეგულაციები. ექსპორტის განხორციელებამდე ბიზნესოპერატორმა უნდა იზრუნოს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაზე.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ  შეთანხმება (DCFTA), ითვალისწინებს საქართველოს საბაჟო სისტემაში ევროკავშირში მოქმედი სისტემის მსგავსი საბაჟო პროცედურების დანერგვას. მიზანი, საქართველოსა და ევროკავშირის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ერთნაირი საბაჟო რეგულირების გარემოს შექმნაა, რომელიც საქართველოს მეწარმეებს მისცემს საშუალებას მინიმუმამდე შეამცირონ დანახარჯები საქონლის ექსპორტისას.

მთლიანობაში, პროცესი ოთხწლიანია და მას საქართველოს მთავრობა ეტაპობრივად განახორციელებს.

2016 წლისათვის დაინერგება „უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის“ სტატუსი, რომელიც მიენიჭება ექსპორტიორებს, რომლებიც დააკმაფილებენ განსაზღვრულ პირობებს. მისი საშუალებით, ქართველ მეწარმეებს შეეძლებათ ნაკლები კონტროლით, უფრო სწრაფად და იაფად მოახერხონ ევროკავშირში ექსპორტირებისას საბაჟო პროცედურები განახორციელონ. კრიტერიუმები ამჟამად შემუშავების პროცესშია და 2016 წელს გახდება ცნობილი.

DCFTA ის ყველაზე მთავარი შედეგი არის ის, რომ საქართველოში წარმოშობილი საქონელი ევროკავშირში შესვლის დროს თავისუფლდება საბაჟო გადასახადისაგან, თუმცა არსებობს რამდენიმე ასპექტი, რომლებსაც ექსპორტიორებმა ყურადღება უნდა მიაქციონ. შეთანხმებით გასათვალისწინებელია, რომ პროდუქციის ნაწილზე ევროკავშირის მიერ დაწესებულია ე.წ „შესვლის ფასი“, ანუ ეს პროდუქტები ექვემდებარება საბაჟო გადასახადის გადახდას გარკვეულ პირობებში. ე.წ „ბაზარზე შესვლის ფასი“, სტატისტიკურ ნომენკლატურას და ერთიან საბაჟო ტარიფს განსაზღვრავს ევროკომისიის რეგულაცია (EU 927/2012), სადაც მოცემულია თითოეულ პროდუქტზე არსებული ზღვრები და შესაბამისი საბაჟო გადასახადი სეზონების მიხედვით. ზოგადად, „შესვლის ფასი“ ორი კომპონენტისაგან შედგება: ადვალორული (პროცენტული) გადასახადი და სპეციფიკური ტარიფი. ქართული წარმოშობის მქონე პროდუქტზე ადვალორული გადასახადი გაუქმებულია.

საქართველომ და ევროკავშირმა თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაში შეიტანეს ქართველი მეწარმეებისათვის საინტერესო კიდევ ერთი პუნქტი, რომელსაც დიაგონალური კუმულაციის პრინციპი ეწოდება და მოიცავს ევროკავშირს, საქართველოსა და თურქეთს. შეთანხმების მიხედვით, საქართველოში წარმოშობილი საქონელი შეძლებს წარმოშობის სერტიფიკატის (EUR.1) მიღებას, თუ მასში ქართული წარმოშობის მქონე ნედლეულის გარდა, ასევე გამოყენებულია ევროკავშირის ან/და თურქული წარმოშობის მქონე მასალებიც. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული წესი ძალაშია მხოლოდ თურქული წარმოშობის მქონე იმ მასალებთან, რომლებსაც მიღებული აქვთ წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1. ასევე თურქული მასალებით დამზადებული პროდუქტი ჩაითვლება ქართულად, თუ საქართველოში შექმნილი დამატებითი ღირებულება აღემატება გამოყენებული თურქული მასალების ღირებულებას.

ამრიგად, თურქული და ქართული მასალები გაუთანაბრდება ერთმანეთს წარმოშობის განსაზღვრის კონტექსტში. ქართულ კომპანიას ექნება საშუალება საქონლის წარმოებაში გამოიყენოს თურქული ნედლეული და კვლავინდებურად ისარგებლოს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცით.

DCFTA, ასევე ითვალისწინებს გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელსაც ექვემდებარება სოფლის მეურნეობისა და კვების გადამამუშავებელი პროდუქციის 277 სატარიფო ხაზი. მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: თუ გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს დაქვემდებარებული ერთი ან მეტი პროდუქტის იმპორტი წლის განმავლობაში მიაღწევს ფიქსირებული რაოდენობის 70%-ს, ევროკავშირი ატყობინებს საქართველოს კონკრეტული პროდუქტის იმპორტის მოცულობის შესახებ. საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, წარმოუდგინოს ევროკავშირს დასაბუთება (მაგალითად, წარმოების მოცულობის გაზრდა, უხვმოსავლიანობა და სხვა) იმპორტის შესაძლო გადაჭარბების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საქართველოს შეუძლია განახორციელოს წინასწარ გათვალისწინებულ რაოდენობაზე მეტი ოდენობის პროდუქციის იმპორტი ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე. გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს დაქვემდებარებული პროდუქტების სია: საქონლის, ღორის და ცხვრის ხორცი – 4400ტ; ფრინველის ხორცი – 550ტ; რძის ნაწარმი – 1650ტ; კვერცხი ნაჭუჭით – 6600ტ; მელანჟი და ალბუმინები – 330ტ; სოკოები – 220ტ; მარცვლოვნები – 200000ტ; ალაო და ხორბლის წებოვანა – 330ტ; სახამებლები – 550ტ; საქარი – 8000ტ; ანარჩენი, ქატო და სხვა ნარცენები – 2200ტ; შაქრიანი სიმინდი – 1500ტ; საქარი დამუსავებული – 6000ტ; გადამუშავებული მარცვლეული – 3300ტ; სიგარეტი – 500ტ. დეტალურად ეს სია მოცემულია ასოცირების ხელშეკრულების დანართში C-II-ში.

თუ ექსპორტიორს ან მათ ჯგუფს დაგეგმილი აქვს ევროკავშირში აღნიშნული პროდუქტების ფიქსირებულ ზღვარზე მეტი რაოდენობით ექსპორტი, მაშინ ისინი მზად უნდა იყვნენ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან პროდუქციის წარმოშობის არაგეგმიური შემოწმებისათვის.

იმისათვის, რომ ქართული პროდუქცია ბაჟის გარეშე მოხვდეს ევროკავშირის ბაზარზე, მან უნდა დააკმაყოფილოს წარმოშობასთან დაკავშირებული პირობები. საქართველოში წარმოშობილ პროდუქციად ჩაითვლება:

  • საქართველოში მოყვანილოს მცენარეული პროდუქტები;
  • საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ცოცხალი საქონელი;
  • საქართველოში განხორციელებული ნადირობითა თუ თევზჭერით მიღებული პროდუქცია;
  • საზღვაო თევზჭერით მიღებული ან სხვაგვარი პროდუქცია, ამორებული ზღვიდან საქართველოს მცურავი საშუალებების დახმარებით, მისი ტერიტორიული წყლების საზღვრებს გარეთ;
  • საქართველოს მცურავ თევზსარეწში წარმოებული პროდუქცია.

საქართველოდან ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტისას, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობისათვის, საჭირო იქნება საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის – EUR.1-ის აღება. ეს სერტიფიკატი გაიცემა შემოსავლების სამსახურის [3]მიერ. EUR.1 სერტიფიკატის აღება (თურქეთში ექსპორტირების შემთხვევაში) სავალდებულოა, თუ ექსპორტიორს სურს ისარგებლოს საბაჟო-სატარიფო შეღავათებით. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში წარმოებული პროდუქცია ვერ აკმაყოფილებს წარმოშობის კრიტერიუმებს და ბიზნესოპერატორს მისი ევროკავშირში ან თურქეთში შეღავათების გარეშე ექსპორტი სურს, მას შეუძლია აიღოს არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი. ექსპორტიორი, რომელიც მოითხოვს EUR.1 სერტიფიკატს, მზად უნდა იყოს, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის თანახმად, პროდუქციის წარმოშობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტების წარსადგენად. შემოსავლების სამსახურს აქვს უფლება, მოითხოვოს შესაბამისი მტკიცება, შეამოწმოს ექსპორტიორის ანგარიშები და ჩაატაროს ნებისმიერი სხვა სახის ინსპექცია. შემოსავლების სამსახურმა უნდა შეამოწმოს, არის თუ არა პროდუქციის აღწერისათვის გამოყოფილი ყველა უჯრა შევსებული ისე, რომ გამორიცხული იყოს ყველანაირი გაყალბება. EUR.1 გაიცემა ფაქტობრივი ექსპორტის განხორციელების დროისათვის.

წარმოშობის სერტფიკატი ძალაში იქნება ექსპორტიორ ქვეყანაში მისი გაცემის დღიდან ოთხი თვის განმავლობაში და ამ პერიოდში უნდა წარედგინოს იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებას, იმ ქვეყანაში მოქმედი პროცედურების თანახმად.

ქართველი მეწარმეებისათვის EUR.1 აღება უფასოა, ის გაიცემა განცხადების რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია: განცხადება; დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, საქართველოს მტავრობის #420 დადგენილების #4 დანართის შესაბამისად; კონტრაქტი; ანგარიშფაქტურა (ინვოისი); შესაბამისობის სერტიფიკატი ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის შემთხვევაში.

DCFTA ფარგლებში, საქართველო ვალდებულებას იღებს, უზრუნველყოს პროცედურები და ქმედებები, რომლებიც აუცილებელია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებისათვის. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები მოიცავს მცენარეთა ჯიშებთან დაკავშირებულ უფლებებს. მცენარის ახალი ჯიშის გამოყვანის ან გამოვლენისა და გაუმჯებესების პროცესი ადამიანის მიზანმიმართული შემოქმედებითი საქმიანობაა. ამ შრომის ნაყოფი კი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს განეკუთვნება, რომელსაც ესაჭიროება სამართლებრივი დაცვა, რათა ახალი ჯიშის სელექციონერმა მიიღოს გაწეული შრომისა და მატერიალური დანახარჯების ანაზღაურება და მოგება. ასევე მოხდება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პროდუქტების დაცვა საქართველოშიც. ქართველმა ბიზნესოპერატორებმა ყურადღება უნდა მიაქციონ გეოგრაფიულ აღნიშვნებს, რომელთა გამოყენება აკრძალული იქნება საქართველოში წარმოებული პროდუქტებისათვის. გეოგრაფიული ადგილწარმოშობის წესებით გათვალისწინებული პროდუქტების სია სრული სახით მოცემულია ასოცირების ხელშეკრულების დანართში XVII-C.

ამჟამად, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორში დომინირებს პირველადი წარმოების საქონელი. ფერმერული მეურნეობები, პროდუქციას ძირითადად თავიანთი მოხმარებისთვის ან ქაოსური გზით სავაჭროდ აწარმოებენ. DCFTA-ს პოტენციური სარგებლის სრულად გამოყენება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე გათვლით, კომპლექსური ღირებულებითი ჯაჭვის შექმნის გარეშე, გაჭირდება. ექსპორტის პოტენციალის გაზრდა სოფლის მეურნეობაში შეზღუდულია ფერმერული მეურნეობებისა და მიწის ნაკვეთების ფრაგმენტაციის გამო. ევროკავშირის სტანდარტებისა და სერტიფიცირების მოთხოვნების დაკმაყოფილება ინდივიდუალური ფერმერებისთვის, კოოპერატივებთან შედარებით, რთულია, ისევე როგორც ევროკავშირის მაღალკონკურენტულ ბაზრებზე შესვლისა და თავიანთი პროდუქტის გატანის თვალსაზრისით, ახალი რისკების გათვალისწინება. ამდენად, ეს სფერო ყველა დაინტერესებული მხარის მაღალ ჩართულობასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

მოამზადა: ეკატერინე ბურკაძე

დამატებითი ინფორმაცია:

ევროკავშირის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და საქართველო – ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2014;

DCFTA-ის მოთხოვნები სურსათის მწარმოებლებისათვის, გზამკვლევი 2015.

 

[1] ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (WTO). http://www.wto.org/english/tratop_e/tariffs_e/tariffs_e.htm

[2] სოფლის მეურნეობის სამინისტრო http://moa.gov.ge/?menuid=37&lang=1

[3] შემოსავლების სამსახური http://www.rs.ge/5037

Comments are closed.