დათას ოკუპაცია

ავტორი: ნათია კუპრაშვილი

არ ვართ მართალნი დათა პაპასთან!

ახლა ვიხსენებ – პირველად როდის ვნახე? მგონი ერთ რეპორტაჟში, რომელიც დასარედაქტირებლად გამომიგზავნეს ასე 5-6 წლის წინ. აღდგომის პირს იყო, რეპორტაჟი გამყოფი ხაზით საფლავებთან დაშორებას ეხებოდა. იქაც იდგა დათა პაპა და მავთულხლართებზე ყვებოდა, ეკლიან ღობეზე სახლთან და გულშიც.

დათა პაპაზე ვამბობ. მავთულხლართებზე წესით პირველი ის უნდა დაგიდგეთ თვალწინ, არა აქვს მნიშვნელობა, ჩემსავით არ ტოვებთ ოკუპაციის შესახებ ჟურნალისტურ მასალებს, თუ შემთხვევით წააწყდებით ხოლმე. დათა პაპა მანდ თითქმის ყველგანაა.

ის ოკუპაციის ექსპონატივითაა ჩვენთვის. მივალთ ჟურნალისტები, მარტო ან სტუმრებიანად, შევძახებთ – ,,დათა პაპა, დათა პაპა“ და ისიც აუცილებლად გამოვა. გამოვა და ისევ გულწრფელად მოყვება ოკუპაციაზე.

ყვება ხან პრეზიდენტებთან, ხან სენატორებთან, დიპლომატებთან თუ დამკვირვებლებთან. ყვება დარსა თუ ავდარში, ზამთარსა და ზაფხულს.

ყვება CNN-თან , The New Yourk Times-თან , Hromadske-თან თუ Natianal Geographics -ის მასალებში. მის კადრებს არაერთ ფოტოსააგენტოში წააწყდებით, გასაყიდადაც.

ყველა თხრობა მგზნებარეა, მხურვალე. ხანდახან მგონია, რომ ხურვალეთი მის გამოც ქვია ამ ადგილს.

სოციალურ ქსელებში ახლა დათა პაპას ახალი ვიდეო ვრცელდება, 2019 წლის სექტემბერში გადაღებული.

დათას ისევ კუბოკრული პერანგი აცვია. ახლა ოკუპაციით გამოწვეულ შიმშილზეც ყვება. შიმშილის თემამ დათა პაპაზე მედიაში ახალი სათაურები დაბადა. ვიდეოს უკვე 1000-ზე მეტი გაზიარება აქვს. მის დახმარებას ქსელში ბევრი ითხოვს, ჩანს ქართველების დიდმა ნაწილმა მხოლოდ ახლა აღმოაჩინა ის.

დათას ბედი ქვეყნის ბედივითაა.

88 წლის გამხდარა ამდენ გაზიარებაში დათა ვანიშვილი.

არ ვართ მართალნი დათა პაპასთან! სულ მეშინია, რომ ერთ დღეს როცა გავძახებთ – ,,დათა პაპაა“ , ვეღარ გამოგვეხმაურება. მეშინია დღის, როცა ოკუპაციაზე სათქმელად აღარც ეს მხურვალე პაპა გვეყოლება ხურვალეთთან.