აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პირველი ეტაპის შედეგები

აზიური ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოში არ გავრცელდა

ივნისის დასაწყისში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პირველი ეტაპი დაასრულა. პროცესის ხელმძღვანელ სახელმწიფო ორგანოში მიიჩნევენ, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები წარმატებული იყო.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მოქალაქეებში გავრცელებული ხმები და შიში იმის შესახებ, რომ მიმდინარე წელს აზიური ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც გადაინაცვლებდა და იქ არსებულ კულტურებსაც ,,დააგემოვნებდა“ არ გამართლდა. ,,აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი იგივეა – დასავლეთ საქართველო – მავნებლის რაოდენობა კი, წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული“,-აცხადებს უწყების უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი.

 

რა გაკეთდა მავნებლის შესამცირებლად დასავლეთ საქართველოში

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების 22 მუნიციპალიტეტის 360 სოფელში წამლობითი ღონისძიებები ჩატარდა. თერმული ნისლის ტექნოლოგიით  220 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურებით  7 ათასამდე ჰექტარი დამუშავდა.

ტყის პერიმეტრსა და ბუფერულ ზონებში კი დამონტაჟდა  60 ათასამდე „მოიზიდე და მოკალი“ სისტემები.

მოსახლეობის ჩართულობა მავნებელთან ბრძოლის პროცესში

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ამბობს, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შემუშავებული ღონისძიებები სახელმწიფო უწყბების მხრიდან დროულად და კოორდინირებულად ჩატარდა. ,,ინფორმაციას ვიღებდით ყველა რეგიონიდან, ყველა სოფლიდან… ვამუშავებდით, ვცვლიდით ინფორმაციებს. შეთანხმებულმა და ორგანიზებულმა ქმედებებმა კი თავისთავად, შედეგი გამოიღო“, – ამბობს სააგენტოს უფროსი.

ჩეკურიშვილის განმარტებით, აზიურ ფაროსანასთან გამკლავება, პროცესში  მოსახლეობის აქტიური ჩართულობით მოხერხდა. სეს-ის უფროსი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა და ფერმერებმა მომავალშიც კოორდინირებულად იმოქმედონ. ,,მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას, რომელმაც გაითავისა ბრძოლის ღონისძიებებში, სახელმწიფოსთან ერთად, საკუთარი ქმედებების მნიშვნელობა. ეს გადამწყვეტია, რადგან მხოლოდ სახელმწიფო, დამოუკიდებლად, თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს“,- ამბობს უწყების ხელმძღვანელი.

რა ღონისძიებებს მოიცავს მავნებელთან ბრძოლის მეორე ეტაპი

თუ აქამდე ქიმიური წამლობა თხილის პლანტაციებში, ტყის პირებსა და დიდ ფართობებზე ტარდებოდა ახლა უკვე სახელმწიფომ მავნელის წინააღმდეგ ბრძოლა სიმინდის ყანებშიც დაიწყო. სახელმწიფო და ფერმერები აზიური ფაროსანასგან ახლა სწორედ ამ კულტურის დაცვას ცდილობენ.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ რადგან  სიმინდს ტარო ჯერ არ აქვს, ქიმიური წამლობა ყანების გარე პერიმეტრზე  ტადება და აღნიშნული ქმედებები საწყისი ეტაპისთვის აუცილებელია, იქვე დაგეგმილია ფერომონების დამონტაჟებაც. სიმინდის ყანების ფართოებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე განსაზღვრულია  სადგურების “მოიზიდე და მოკალი” გამოყენებაც.

 

 

                                                                                                                  ავტორი:

                                                                                                                  ეკატერინე მამამთავრიშვილი