6 ნაბიჯი ვაქცინების შესახებ სასაუბროდ

6 ნაბიჯი ვაქცინების შესახებ სასაუბროდ

კორონავირუსის ვაქცინის გამოჩენასთან ერთად აქტიურად ვრცელდება მასთან დაკავშირებული დეზინფორმაციაც. შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია სოციალურ მედიაში პერიოდულად ვრცელდება, რაც ჯანდაცვის სფეროში არსებულ კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს, ხოლო ადამიანებში დაბნეულობას ამძაფრებს. 

ევროკავშირი გვთავაზობს მოკლე სახელმძღვანელოს მათთან სასაუბროდ, ვისაც აცრის საწინააღმდეგო კონსპირაციული თეორიების სჯერა.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე

თუ სოციალურ მედიაში ვაქცინებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ან კონსპირაციულ თეორიებს წააწყდებით, კარგი იქნება თუ ასეთი პუბლიკაციის შესახებ პლატფორმებს შეატყობინებთ. მსგავსი შინაარსის მასალაზე რეაგირება და თუნდაც უარყოფითი კომენტარის დატოვება მხოლოდ დეზინფორმაციის  გავრცელებას შეუწყობს ხელს.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ადამიანი, რომელსაც კონსპირაციული თეორიების სჯერა თქვენი ახლობელი, მეგობარი ან მეზობელია? ამ საკითხით გულწრფელად შეწუხებული ადამიანის დაცინვა, აბუჩად აგდება ან მასზე გაბრაზება საპირისპირო შედეგს გამოიწვევს. მიღებული განათლების მიუხედავად, ადამიანებს შეიძლება ვაქცინასთან დაკავშირებული შიშები და ეჭვები მაინც ჰქონდეს. სხვების მიმართ პატივისცემის გამოვლენა და მათი მოსმენის სურვილი შინაარსობრივი და ეფექტური საუბრის გასაღებია.

გაუგეთ

აკადემიური კვლევების მიერ დადასტურებულია, რომ ვაქცინებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა მხოლოდ სამეცნიერო ფაქტებზე ან სამედიცინო მოსაზრებებზე დაყრდნობით, არამედ სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების, პირადი გამოცდილებების და მორალური შეხედულებების გათვალისწინებითაც.

ეს ყველაფერი დეზინფორმაციის აქტორებმაც კარგად იციან, ამიტომ ვაქცინასთან დაკავშირებით ხშირად მანიპულირებენ ისეთი აქცენტებით, რომ თითქოს ვაქცინაციით ადამიანის “დაჩიპვა” და კაცობრიობის გაკონტროლება ხდება. 

ამ დროს მნიშვნელოვანია წაახალისოთ კრიტიკული თვითანალიზი ვაქცინებთან დაკავშირებული შიშებისა და შფოთვის შესახებ შეკითხვების დასმით. ამასთან მზად უნდა იყოთ განსჯის გარეშე მოსასმენად.

დაამყარეთ კავშირი

მოერიდეთ „უარყოფების სერიას“, რამაც ანტაგონიზმამდე და გაბრაზებამდე შეიძლება მიგიყვანოთ. შეეცადეთ, დაამყაროთ კავშირი ემოციურ და პიროვნულ დონეზე. რატომ არის მნიშვნელოვანი „სწორი რამის“ გაკეთება, როცა საქმე ვაქცინებს ეხება? იმის აღიარება, რომ თქვენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაღელვებთ, ძლიერი სტიმული შეიძლება იყოს მათთვის, რომ საკუთარ შეხედულებებს გადახედონ. პირადი ისტორიები იმის შესახებ, თუ რატომ ხართ თავდაჯერებულად განწყობილი ვაქცინების მიმართ ხშირად მეტად დამაჯერებელი შეიძლება იყოს, ვიდრე აბსტრაქტული მსჯელობა. 

დააკავშირეთ სანდო წყაროებს

მეცნიერებთან, აკადემიურ წრეებთან, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებთან, ფაქტების გადამმოწმებლებთან და მსგავს ჯგუფებთან დაკავშირება დეზინფორმაციის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავების კარგი გზაა, მათ შორის ვაქცინებთან მიმართებაში.

წაახალისეთ კრიტიკული აზროვნება

ჰკითხეთ თანამოსაუბრეს, ვის ენდობა ვაქცინებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და რატომ. უბიძგეთ დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ ეძებენ და აფასებენ ინფორმაციას, მათ შორის, კრიტიკულად გააანალიზონ აცრის საწინააღმდეგო შეტყობინებების გამავრცელებელთა მოტივები.

იცოდეთ როდის გაჩერდეთ

თუ ამ ნაბიჯებს მიყვებით, შესაძლოა, შინაარსობრივი საუბარი გამოგივიდეთ და საბოლოოდ გამოიყვანოთ თქვენი მეგობარი ან ახლობელი ადამიანი კონსპირაციული ლაბირინთიდან. მაგრამ შედეგის სწრაფად მიღების იმედი ნუ გექნებათ.

ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ ჩვენი შეხედულებები და გრძნობები ღრმად პირადული და კომპლექსურია და დიდი ალბათობით, ერთ დღეში არ შეიცვლება. ამას გარდა, როგორც ჰალის უნივერსიტეტის პროფესორი კომუნიკაციისა და ქიმიის დარგებში, მარკ ლორჩი აღნიშნავს, ახალი მტკიცებულებები შეუსაბამობებს აჩენს ჩვენს შეხედულებებში, რაც ემოციურ დისკომფორტს იწვევს. ასე რომ, ძალიან თუ შეუტევთ, არსებობს რისკი, რომ თანამოსაუბრე საკუთარი პოზიციის გამართლებას შეეცდება და ამით თავის შეხედულებებში უფრო მეტად დარწმუნდება საწინააღმდეგო მტკიცებულებების მიუხედავად.

წყარო: euvsdisinfo.eu

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp