მეცხოველეობა

0

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, პრობლემატურია ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა. ადამიანის კვების ულუფის ხარისხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია ცხოველური ცილის მიღება. განვითარებულ ქვეყნებში დღე-ღამეში კაცზე 50 გ ცილა იხმარება, განვითარებად ქვეყნებში კი – 10-15 გ, ანუ 4-5 ჯერ ნაკლები მიღებულ რაციონალურ ნორმებთან შედარებით.

საქართველოში სოფლის მეურნეობა სტრატეგიულ დარგადაა მიჩნეული. საქართველოს მოსახლეობის 46.3% სოფლად თვითდასაქმებულია. თუმცა, მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 2014 წლის მონაცემით 9.2%. მეცხოველეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

პირუტყვისა და ფრინველის სულადობა (ათასი სული)

2010 2011 2012 2013 2014*
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 1,049.4 1,087.6 1,128.8 1,229.7 1,300.4
მათ შორის ფური და ფურ -კამეჩი 561.6 587.7 602.4 641.1 642.8
ღორი 110.0 105.1 204.3 191.2 209.2
ცხვარი და თხა 654.1 630.4 742.7 856.8 867.0
ფრინველი (ათასი ფრთა) 6,521.4 6,360.2 6,159.1 6,760.7 7,361.3

 

2014 წლის მონაცემებით, საქონლის ხორცის ადგილობრივი წარმოება უმნიშვნელოდ გაზრდილია და ის მოხმარებულის 90%-ზე მეტს შეადგენს, თუმცა, იმპორტს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ფრინველისა (80%-მდე) და ღორის (70%-ზე მეტი) ხორცში. თითქმის სრულად უზრუნველყოფილია ქვეყანა ადგილობრივი კვერცით, ასევე ცხვრისა და თხის ხორცით.

 

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (მრპ)

2014 წლის მონაცემებით ქვეყანაში არის 1 300 000 მრპ. თუმცა, ეს ინფორმაცია არ არის ზუსტი. 2015 წლის 1 იანვრიდან ძალაშია მსხვილფეხა ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესი, რომელიც ხელს შეუწყობს მსხვილფეხა საქონლისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვას, მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებას ცხოველური პროდუქტის წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ, ქვეყნის შიგნით მსხვილფეხა საქონლის გადაადგილებაზე და ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელებას, ეტიკეტირების, გამჭვირვალობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფას ხორცით ვაჭრობისას, ასევე, მეცხოველეობაში სანაშენე საქმიანობის გაუმჯობესება-სრულყოფას. იდენტიფიკაციის დასრულების შემდეგ ცნობილი იქნება მსხვილფეხა საქონლის ზუსტი რაოდენობა, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია მეცხოველეობაში გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმისა და განხორციელების პროცესში.

იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია მოიცავს ოთხ ელემენტს: ნიშანდებას, მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, მსხვილფეხა საქონლის პასპორტიზაციას, თითოეული სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციასა და სადგომის წიგნაკს.

საქონლის მფლობელი ვალდებულია მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციისათვის. საქონლის ორივე ყურზე დამაგრდება საყურე ნიშანი, რომელზეც დაიტანება მსხვილფეხა საქონლის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი. პასპორტი გაიცემა სააგენტოს მიერ და მასში შეიტანება მონაცემები პასპორტის გამცემი უწყების, მსხვილფეხა საქონლის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი, ასევე მშობლის (დედის) ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი, იმპორტირების შემთხვევაში, მონაცემები ექსპორტიორი ქვეყნის შესახებ, მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები. ყველა ეს ინფორმაცია გადადის ელექტრონულ ბაზაში.

დარეგისტრირებას ექვემდებარება საქონლის სადგომი და დროებითი სადგომიც. მესაკუთრე ვალდებულია ეწარმოოს სადგომის წიგნაკი, რომელიც უნდა შეიცავდეს მუდმივ განახლებად ინფორმაციას მსხვილფეხა საქონლის მფლობელის, მსხვილფეხა საქონლის, ნახირისა და სეზონური საძოვრების, ჩატარებული ვეტერინარული ღონისძიებების და სხვ. შესახებ.

2018 წლის პირველ იანვრამდე ყველა ხარჯს იღებს სახელმწიფო, შემდეგ კი ეს ტვირთი გადადის მესაკუთრეზე.

2018 წლის პირველი იანვრიდან კი აიკრძალება არაიდენტიფიცირებული მსხვილფეხა საქონლის დაკვლა.

  • იხ. 2014 წლის 31 დეკემბრის 764 დადგენილება მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციარეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ / https://matsne.gov.ge/ka/document/view/2668783

საქართველოში მეცხოველეობის პროდუქტიულობის დონე დაბალია, ამის მიზეზი სანაშენე საქმიანობის განუვითარებლობა, მწირი, არაბალანსირებული საკვები ბაზა, პირუტყვის შენახვის სტანდარტების გაუთვალისწინებლობა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მექანიზაციის დეფიციტია. ადგილობრივი, ჯიშების ფურის საშუალო წლიური წველადობა 1100-1200 ლიტრს, ხოლო ხორცის გამოსავლიანობა 45-50%-ს არ აღემატება. პროდუქტიულობას ხელს უშლის ისიც, რომ ხელოვნური განაყოფიერების სერვისი ცხოველთა მეპატრონეებისთვის ხელმიუწვდომელია როგორც ფინანსურად, ისე ტერიტორიულად. ასევე, დაბალია ამ მხრივ ცნობადობა. ქვეყანაში ამჟამად მეცხოველეობის პროდუქტიულობა არ აღემატება პოტენციური შესაძლებლობის 50-60%.

სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში ვკითხულობთ, რომ 2015-2020 წლებში განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება სანაშენე სისტემის შექმნა, ხელოვნური განაყოფიერების სერვისცენტრების განვითარება; სასელექციო პროგრამების და ჯიშების ახალი სტანდარტების შექმნა; ადგილობრივი ჯიშებისა და პოპულაციების შესწავლის, რეაბილიტაციისა და შემდგომი სრულყოფის მიზნით სათანადოდ აღიჭურვება სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის ზოოვეტერინარული ლაბორატორია.

მრპ იყოფა სარძეო, სახორცე და კომბინირებული მიმართულების ჯიშებად. საქართველოში სახორცე ჯიშები გავრცელებული არ არის, მაგრამ აქ გავრცელებულია სარძეო და კომბინირებული მიმართულების ჯიშები.

ქართული მთის ძროხის ჯიში – ეს ჯიში უძველესია. თუმცა, იშვიათად გვხვდება. ძირითადად შემორჩენილია კავკასიონის ქედის ფერდობებსა და მთიან აჭარაში. ამ ჯიშის ცხოველები გამოირჩევიან შიმშილის, სიცივისა და სხვა ცუდი გარემო პირობებისადმი ამტანობით.

კავკასიური წაბლა ჯიში – ის კომბინირებული მიმართულებისაა და გავრცელებულია მთაშიც და ბარშიც.

შვიცური ჯიში – ის სარძეო-სახორცე მიმართულებისაა და წაბლა ფერით ხასიათდება, აქვს აკლიმატიზაციის კარგი უანრი. მაღალი პროდუქტიულობის გამო ამჟამად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული, მისი მონაწილობით გამოყვნილია ახალი ჯიშები.

შავჭრელი ჯიში – საკმაოდ გავრცელებული ჯიში, ის მეორე ადგილზეა კავაკსიური წაბლას შემდეგ. არის ამტანი.

ჰოლშტეინური ჯიში – შავ-ჭრელ პირუტყვს ამერიკაში და რიგ სხვა ქვეყნებში ამჟამად ჰოლშტეინურს უწოდებენ. ის მიღებულია უხვი და სრულფასოვანი კვების ფონზე წარმოებული სელექციით, ეს ჯიში წველადობით ყველა სხვა ჯიშს აღემატება.

ველის წითელი – ხასიათდა კარგად გამოხატული რძიანობის ნიშნებით, საშუალოზე სუსტად განვითარებული მუსკულატურით, დიდი ამტანობით, საკმაოდ ფართოდააა გავრცელებული საქართველოში.

სიმენტალი – სარძევე და სახორცე ჯიში; გამოყვანილია შვეიცარიაში; მის მოშენებას მისდევენ ევროპის ბევრ ქვეყანაში. ითვლება ერთ-ერთი მაღალპროდუქტიულ ჯიშად.

მსოფლიოში და საქართველოშიც თითქმის ყველა ჯიშის გამოყვანას ახდენენ ადგილობრივი ჯიშების შერჩევა–გადარჩევისა და შეჯვარებით მაღალპროდუქტიული ჯიშის ბუღა მწარმოებლითა და ხელოვნური განაყოფიერებით. ასევე, მნიშვნელოვანია მაღალპროდუქტიული ჯიშების (შვიცი, სიმენტალი) შემოყვანა უცხოეთიდან.

ვრცლად იხ.

პირუტყვის იმპორტის დროს მესაკუთრეს განსაკუთრებული ყურადღება მართებს. ბოლო დროს „მაღალმერძეულ” ძროხებში საქართველოში შემოყვანიდან 2-3 თვის შემდეგ საგრძნობლად უმცირდებათ წველადობა და ვითარდება სხვადასხვა დაავადებები. აუცილებელია ფერმერმა კლინიკური ნიშნებით შერჩევის გარდა, მოითხოვოს სისხლის რძისა და შარდის ლაბორატორიული კვლევა.

ვრცლად ამ საკითხზე იხ http://agro.ge/index.php?m=1282

მრპ-ს საექსპორტო ბაზარი ძირითადად აზერბაიჯანია.

2012 2013 2014
39,267.2 ათასი აშშ 47,566.6 ათასი აშშ 30,067.4 ათასი აშშ

 

2013 წელს საქართველოს მოსახლეობამ მოიხმარა 28 ათასი ტონა მრპ-ს ხორცი, საიდანაც ადგილობრივი წარმოების იყო 20 ათასი ტონა. ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტია 71%.

მეცხოველეობის პროდუქტიულობის ამაღლების, კონკურენტუნარიანი და უსაფრთხო სურსათის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია მყარი საკვები ბაზის არსებობა. მეცხოველეობის პროდუქციის თვითღირებულების 60-75% საკვებზე მოდის. უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა საკვები ბაზის და საკვებთა ბალანსის სტრუქტურა, მკვეთრად შემცირდა საკვების წარმოება სახნავ მიწაზე, მნიშვნელოვნად გადიდდა ბუნებრივ საკვებ სავარგულებზე წარმოებული საკვების ხვედრითი წილი საკვებთა საერთო ბალანსში. (საძოვრები იქნებ იყოს აქ?)

მაღალპროდუქტიული ფერმის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია პირუტყვის საკვების სრულფასოვანი გამოყენება, რაციონის სწორად შედგენა. არსებობს მერძეული და მეხორცული პირუტყვის კვების კონკრეტული, განსხვავებული სქემები, რომელთა გათვალისწინებაც ფერმერებისთვის აუცილებელია. მაღალპროდუქტიული ჯიშები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ სარულფასოვანი და მიზანმიმართული კვების საფუძველზე.

თანამედროვე ნორმები ითვალისწინებს ცხოველის ორგანიზმის მოთხოვნილებას ენერგიაზე, საკვებ ერთეულზე, მშრალ ნივთიერებაზე, მონელებად პროტეინზე, ნახშირწყლებზე (სახამებელი, შაქარი) ნედლ უჯრედანაზე, ნედლ ცხიმზე, სუფრის მარილზე, მაკრო და მიკროელემენტებზე, კალციუმზე, ფოსფორზე, მაგნიუმზე, კალიუმზე, იოდზე, კაროტინზე, ,,დ» და ,,ე» ვიტამინებზე, სულ 24 მაჩვენებელზე.

დღეისათვის ჩვენ ქვეყანაში ცხოველთა კვების ნორმირება ხდება 6 მაჩვენებლის მიხედვით: საკვები ერთეული, მონელებადი პროტეინი, კალციუმი, ფოსფორი, კაროტინი, სუფრის მარილი.

ვრცლად მრპ-ს კვების შესახებ იხ. http://agrokavkaz.ge/dargebi/mecxoveleoba/mskhvilphekha-rqosani-pirutqhvis-kvebisathvis-autsilebeli-nivthierebebi.html

კვების სქემები იხ http://agrotrading.ge/index.php?page=196&lang=geo

საქართველოში მრპ-ს მესაკუთრეთა 80%-ზე მეტი არ იცავს ცხოველთა მოვლა-შენახვის პირობებისა და სადგომის მოწყობს ელემენტარულ სტანდარტებს. წვრილ ფერმერულ მეურნეობებში გავრცელებულია ძროხის შენახვის ექსტენსიური სისტემა, რომლის დროსაც მეცხოველეობის ყველა სამუშაო სრულდება ხელით, პრიმიტიული იარაღების გამოყენებით. ზამთრობით პირუტყვს მწირი და ერთგვაროვანი საკვები ეძლევა (წვნიანი და კონცენტრირებულის გარეშე), რაც საკმაოდ ამცირებს საქონლის პროდუქტიულობას.

საქართველოში გვხვდება მომთაბრე მეძროხეობაც, რომლის დროსაც პირუტყვი ზაფხულში მთის საძოვრებზე მიჰყავთ და შემოდგომით ისევ ბარში აბრუნებენ.

ძროხის შენახვის სტაციონალური ტიპი იყოფა ბაგურ-საძოვრულ, ბაგურ-ბანაკურ, საძოვრულ და ბაგურ სისტემებად. ბაგურ-საძოვრული სისტემების დროს პირუტყვს შენობებში ინახავენ და ბაგაზე კვებავენ, ზაფხულში კი-საძოვარზე გაჰყავთ, რაც საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. ხშირად საძროხის ახლოს არ არის საძოვარი და იყენებენ ბაგურ-ბანაკურ სისტემას: მოშორებით იმავე მეურნეობის ტერიტორიაზე აწყობენ ბანაკს, სადაც პირუტყვი გადაჰყავთ, იქ აძოვებენ, დამატებით კვებავენ, წველიან და საზამთრო ბინებში მხოლოდ ბაგური კვების დასაწყისში აბრუნებენ. საძოვრული ტიპი გულისხმობს მთელ წელიწადს პირუტყვის საძოვარზე შენახვას, რაც შედარებით ნაკლებად გამოიყენება. ბაგური სისტემის დროს პირუტყვი მთელი წელიწადს შენობაში და სეირნობაზე ატარებს, საძოვრის გამოყენების გარეშე. შენახვის ეს ტიპი დამახასიათებლია თანამედროვე მეცხოველეობის ფერმებისათვის. თითოეული სისტემის შემთხვევაში კონკრეტული გაანგარიშებები კეთდება ცხოველთა ნაკადის, საწარმოო ციკლის, ასაკის და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით.

გამოიყენება წველის ორი ხერხი. ხელით და მანქანით. თანამედროვე ფერმებში წველის ავტომატური სისტემებია დანერგილი, ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყეს საწველი მანქანების გამოყენება საშუალო და წვრილმა ფერმერებმაც. თუმცა, მისი არასწორი გამოყენება ზრდის პირუტყვის დაავადებისა და რძის დაბინძურების რისკებს.

  • ვრცლად წველასთან დაკავშირებული საკითხები იხ. http://agro.ge/index.php?m=1279

წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი (წრპ)

მეცხვარეობისა და მეთხეობის განვითარებას საქართველოში ისტორიული ტრადიციები აქვს. საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მომთაბარე მეცხვარეობას დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. ფაქტობრივად ეს დარგი ჩვენი ეთნოსის განუყოფელ ნაწილად იქცა. ქართული ცხვარი წელიწადში დაახლოებით 4 000 კმ-ს გადის. ზაფხულის მთის საძოვრები განლაგებულია ზღვის დონიდან 1700 მ-ზე მაღლა, ხოლო ზამთრის საძოვრები 600-700 მ სიმაღლეზე. მეცხვარეობაზე დიდადაა დამოკიდებული მთიანი რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მთის ბუნებრივი სათიბ-საძოვრების ათვისების პრობლემა.

2014 წლის მონაცემებით, საქართველოში 867 ათასი ცხვარი და თხაა, საინტერესოა, რომ 1990-იან წლებში სულადობა 2 მილიონსაც აღწევდა. 2013 წელს მოსახლეობამ მოიხმარა 3.3 ათასი ტონა წვრილფეხა საქონლის ხორცი, საიდანაც ადგილობრივი წარმოების იყო 2.8 ათასი ტონა. ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის კოეფიციანტია 85%.

დღევანდელი მდგომარეობით, ძირითადად ორი ჯიშის: თუშური და იმერული ცხვარია გავრცელებული.

თუშური ცხვრის გავრცელების არეალია აღმოსავლეთ საქართველო, რომელიც ხალხური სელექციის მეთოდით იქნა მიღებული რამდენიმე ჯიშის კონსოლიდაციით. ამ ჯიშის ცხვარის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მომთაბარე მეურნეობების არსებობამ. მას ჩამოუყალიბდა ცვალებად კლიმატთან ადვილად შეგუებადი ბუნება, სტრესის მიმართ გამძლეობა, ამტანობა. თუშური ცხვრის წილი დაახლოებით 85%-ია, მისთვის საძოვრად ვარგისია როგორც ნახევრად უდაბნოს ტიპის მწირი მიწები, ისე ზაფხულობით კავკასიონის ხშირად ადამიანთათვის ძნელად მისადგომი ციცაბო მთები, რომელიც ხშირ შემთხვევაში მიუვალია ძროხისთვის და სხვა პირუტყვისთვის.

იმერული ცხვარი არის უხეშმატყლიანი, რომლის უნიკალურობა მდგომარეობს მის გენერაციულ ფუნქციებში, მრავლდება წლის ნებისმიერ დროს. სხვა ჯიშებთან შედარებით მაკეობის პერიოდი მოკლეა და ერთ დადოლებაზე შეიძლება 4-5 ბატკანიც კი მოიგოს. მისი ხორცი პრაქტიკულად არ შეიცავს ცხიმს და არის “დიეტური” საჭმელი. ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში გვხვდება და მისი წილი არი ძალიან მცირე დაახლოებით 10 ათას სული.

მეცხვარეობისა და მეთხევეობის განვითარების შემაფარხებელ ფაქტორებთგან უმნიშვნელოვანესი საძოვრების სიმცირე და მაღალი გადასახადებია. თუკი 2012 წლამდე 1 ჰექტარზე გადასახადი 3 ლარი იყო, 2012 წლის შემდეგ გადასახადი 15-18 ლარის ფარგლებშია, თუმცა, მეცხვარეთა უმრავლესობა საკუთრებაში არ ფლობს საძოვრებს, იჯარის ფასი და 1 ჰა-ზე 60 ლარამდეც ადის. სულადობის შემცირება მატყლის რეალიზაციის პრობლემამაც გამოიწვია. მეცხვარეები სხვა პრობლემებსაც უჩივინა: გადასარეკი ტრასები და ინფრასტრუქტურა; ჯიშების სელექცია; გასაღების არასტაბილური ბაზრები; კვალიფიციური კადრებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტი; დაზღვევა; საბანკო პროდუქტებზე ხელმიუწვდომლობა და კრედიტების მაღალი განაკვეთი და სხვა.

მიუხედავად ამ პრობლემებისა, ქართული ცხვარი კვლავ რჩება უმნიშვნელოვანეს საექსპორტო პროდუქტად.

2012 2013 2014
18,161.9 ათასი აშშ 15,547.2 ათასი აშშ 21,039.6 ათასი აშშ

2015 წლის 1 ივლისიდან ძალაშია წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიცირება-რეგისტრაციის წესი, რომლის მიზანია ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და აღრიცხვიანობის რეგულირება; მიკვლევადობა; ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვა და ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება; ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელება; სანაშენე საქმიანობის გაუმჯობესება-სრულყოფა და სხვა.

იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია მოიცავს ოთხ ელემენტს: ნიშანდებას, მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, გადაადგილების დოკუმენტაციას, თითოეული სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციასა და სადგომის წიგნაკს.

წრპ-ს მფლობელი ვალდებულია მიმართოს სურსათის ეროვნულ იდენტიფიკაციისათვის. ცხოველის ორივე ყურზე დამაგრდება საყურე ნიშანი, რომელზეც დაიტანება საქონლის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი. იწარმოება ელექტრონული ბაზა.

დარეგისტრირებას ექვემდებარება სადგომი და დროებითი სადგომიც. მესაკუთრე ვალდებულია ეწარმოოს სადგომის წიგნაკი, რომელიც უნდა შეიცავდეს მუდმივ განახლებად ინფორმაციას წრპ-ს მფლობელის, სეზონური საძოვრების, ჩატარებული ვეტერინარული ღონისძიებების და სხვ. შესახებ.

2018 წლის პირველ იანვრამდე ყველა ხარჯს იღებს სახელმწიფო, შემდეგ კი ეს ტვირთი გადადის მესაკუთრეზე.

2018 წლის პირველი იანვრიდან კი აიკრძალება არაიდენტიფიცირებული წვრილფეხა საქონლის დაკვლა.

ღორი

1990 წლებთან შედარებით ღორის სულადობა 82%-ით შემცირდა. ქვეყანაში აღარ არსებობს მეღორეობის სანაშენო ფერმები.გაუარესდა ჯიშობრივი მაჩვენებლებიც. 2014 წლის სტატისტიკური მონაცემით, ქვეყანაში 209 ათასი სული ღორია. ხორცის იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სწორედ ღორის ხორცზე მოდის. 2013 წელს საქართველოს მოსახლეობამ მოიხმარა 32.7 ათასი ტონა ღორის ხორცი, საიდანაც იმპორტირებული იყო 21.8 ათასი ტონა. ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 41%.

ყველაზე გავრცელებულია ღორის ჯიშები: მსხვილი თეთრი, ლანდრასი. იშვიათად გვხდება კახური.

მსხვილი თეთრი – მალმწიფადი ღორის ჯიში უნივერსალური პროდუქტიულობისაა. ის სამნაირი ტიპისაა: სახორცე, სახორცე-საქონე და საქონე. ის 1990-იან წლებში სულადობის 86%-ს შეადგენდა. აშენებდნენ 2 საშენე მეურნეობასა და 28 სანაშენე ფერმაში.

ლანდრასი — სპეციალიზებული საბეკონე ჯიშის ღორი, აქვს ნაყოფიერების მაღალი მაჩვენებელი და გამოირჩევა სუქების კარგი წონა-მატით.

კახური – ჩამოყალიბებულია უძველესი დროიდან გარეული ღორის მოშინაურებისა და ხალხური სელექციის გზით. ამიტომ იგი გარეგნული ფორმითა და ზოგიერთი თვისებით გარეულ ღორს მიემსგავსა. არის ბუნებრივი საკვებ-სავარგულების კარგი ამთვისებელი, განსაკუთრებით კი ტყის ნაყოფებისა. ახასიათებს საარსებო პირობების მაღალი შეგუების უნარი და მრავლდება ველურ პირობებში.

კახური ღორი ადრე ფართოდ იყო გავრცელებული და მასზედ გარკვეული სანაშენო სამუშაოებიც მიმდინარეობდა, თუმცა, ახლა თითო-ოროლაა შემორჩენილი. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ახორციელებს კახური ღორის გადარჩენის პროექტს, რომლის ფარგლებში იგეგმება მისი მოშენება და დაცვა.

მეფრინველეობა

მეფრინველეობა ორი მიმართულებით ვითარდება: მეხორცული და მეკვერცხული. ბოლო წლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვამ და პროცესების ავტომატიზაციამ მეფრინველეობის ფერმები მუშაობა ბევრად ეფექტური გახადა. თუკი ქვეყანა 2-3 წლის წინ საჭიროებდა იმპორტირებულ კვერცხს, დღეს ადგილობრივი წარმოება თითქმის სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს და ექსპორტზეც გადის. ასევე, ადგილზე იწარმოება საინკუბაციო კვერცხიც. 2013 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობამ მოიხმარა 445 მლნ ცალი კვერცხი, საიდანაც მხოლოდ 24 მლნ ცალი იყო იმპორტირებული. კვერცხის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 95%-ია.

შედარებით პრობლემატურია მეხორცული (ბროილერის ჯიში) მიმართულება. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიანობით 2000-მდე მცირე (500-დან 2000-მდე), საშუალო (2000-დან 20 000-მდე) და მსხვილი ( 20 000 -ზევით) მეფრინველეა დაკავებული, ადგილობრივი ფრინველის ხორცით უზრუნველყოფის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. 2013 წელს მოსახლეობამ მოიხმარა 54.3 ათასი ტონა ფრინველის ხორცი, საიდანაც 44.6 ათასი ტონა იმპორტირებული იყო. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 18%.

სახორცედ ზრდიან ბროილერის ჯიშის ქათამს, ის ჰიბრიდული ჯიშია. არსებობს გაზრდა-შენახვის სპეციალური სქემა. ფრინველის წარმატებულად გამოზრდის აუცილებელი პირობებია: ინკუბაცია (კვერცხის ზომა, გამოჩეკვის %, ტექნოლოგიური პარამეტრები); წიწილების ადგილამდე მიყვანის სისწრაფე; შენობის მომზადება; შენახვის პირობები (გალიის, იატაკის, ფრინველის ჩასმის სიმჭიდროვე); შენობაში საჭირო მიკროკლიმატის უზრუნველყოფა; კვება; ვეტერინალური სამუშაოები და სხვ.

მებოცვრეობა

ქვეყანაში მებოცვრეობის მასშტაბური განვითარება XX საუკუნის 60 წლებიდან იწყება, როდესაც პირველად იქნა ჩამოყალიბებული ბებნისის, კუმისის, დედოფლის, თეთრიწყაროს, მარტყოფის და მარაბდის მებოცვრეობის ფერმები. მოშენებული იყო რუხი გოლიათის, შინშილას და თეთრი გოლიათის ჯიშის ბოცვრები. 1989 წელს ბოცვრის სულადობამ შეადგინა 350 ათასი. თუმცა, 90-იანი წლებიდან სრულად განადგურდა მებოცვრეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ამაჟამად მებოცვრეობა გავრცელებულია საოჯახო მეურნეობებში.

ხშირად ურევენ ერთმანეთში კურდღელსა და ბოცვერს. მიუხედავად მსგავსებისა, ეს ორი ცხოველი მაინც სხვადასხვაა. განსხვავდება მათი ხასიათიც. კურდღელს არ გააჩნია კონკრეტული საცხოვრებელი ტერიტორია, უფრო მომთაბარე ცხოვრებას ეწევა. ბოცვერი პირიქით – თხრის სოროს და წლიდან წლამდე ხვეწავს, უმატებს დამატებით სათავსოებს, რომ უკეთ მოკალათდეს. დიდი სხვაობაა მათ გამრავლებაშიც – კურდღლის ბაჭიები გაცილებით დამოუკიდებელი და სიცოცხლისუნარიანები არიან, დაბადებისთანავე დამოუკიდებლად შეუძლიათ კვება. ახალდაბადებული ბოცვერი უფრო უსუსურია და მასზე დედა ბოცვერი ზრუნავს. გარდა ამისა, კურდღლები და ბოცვრები ერთმანეთში არ ჯვარდებიან.

მსოფლიოში ყველაზე დიეტურად კურდღლისა და ბოცვრის ხორცი ითვლება. იგი მცირე დოზით შეიცავს ქოლესტერინს და ამასთან, მდიდარია მინერალებით, ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ელემენტებით. სწორედ ამიტომ, ეს პროდუქტი მრავალი დაავადების შემთხვევაში ნებადართულია ავადმყოფებისათვის. 1 კგ ხორცი შეიცავს 1500 კკალ ენერგიას, 60% წყალს, 20% ცილას, 19% ცხიმს, 1% ნაცარს, მცირე რაოდენობით – 25მგ ქოლესტერინს.

ბოცვერი გამოირჩევა მალმწიფებადობით, ადვილად შესანახია, იძლევა მაღალი ხარისხის ტყავ-ბეწვეულს. ბოცვრის ხორცი ძვირფასი დიეტური პროდუქტია. წლის განმავლობაში ერთი დედლისაგან თავისი ნამატით შესაძლებელია მიღებულ იქნას 50 კგ დიეტური ხორცი, 30 ცალი ტყავი, 1 კგ თივთიკი.

ეთევზეობა

სრულფასოვან კვებით უზრუნველყოფაში უმნიშვნელოვანესია მეთევზეობის წვლილი, მსოფლიოში წარმოებული ხორცის საერთო ბალანსში თევზის ხვედრითი წილი 45%- ზე მეტია, რასაც საქართველოზე ვერ ვიტყვით. შიდა ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქციით. 2014 წელს იმპორტირებული იყო 21.4 ათასი ტონა თევზი. იხ. http://www.geostat.ge/?action=page&p_id=751&lang=geo

ქვეყანას თევზის წარმოების გაფართოების დიდი რეზერვები აქვს. სამწუხაროდ, მათ მინიმალურად ვიყენებთ. უკანასკნელ წლებში საოკეანო თევზჭერა შეწყდა. სანაშენო მუშაობა შეჩერდა. არსებული მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაჩანაგდა.

თევზი დიეტური საკვებია, შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას. ყოველი 100გ თევზის ცილიდან ადამიანი ითვისებს 40 გ-ს, იგივე რაოდენობის ღორის ცილიდან -20 გ -ს, ხოლო ძროხისა-15 გ-ს. ცხოველური ცილის საერთო რაოდენობის 7% თევზის ცილაზე მოდის.

საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური და ეკონომიური პირობებიდან გამომდინერე, მტკნარი წყლების მეთევზეობა ძირითადად ორ ზონად იყიფა: მთისა და ბარის ზონად. მთის ზონაში ცივი წყლის ტიპის მეურნეობებია, ხოლო დაბლობ ზონაში -თბილი წყლის ტიპისა.

თბილი წყლის ტიპის მეურნეობებში ძირითადად გამოიზრდება: კობრი, ჩვეულებრივი და ჭრელი სქელშუბლა, თეთრი ამჟური, კარჩხანა და სხვ.

დაბლობის ზონის ცივი წყლის ტიპის სატბორე მეურნეობებში ძირითადად გამოიყენება ცისარტყელა კალმახი. მთიანი ზონის მეურნეობებში: ადგილობრივი, სევანისა და ცისარტყელა კალმახი, სიგი, რიპური პელიადი, ჭაფალა და სხვ.

სათევზმეურნეო ტბორები იყოფა: საზაფხულო, გამოსაზამთრებელ და სპეციალურ ტბორებად. საზაფხულო ტბორებს მიეკუთვნება: საქვირითე (სატოფე), სალიფსიტე, გამოსაზრდელი და სანასუქე ტბორები.

გამოსაზამთრებელ ტბორებში უნდა მოხდეს თევზის ნორმალური გამოზამთრება.

მეურნეობის მშენებლობის დროს ფერმერმა წინასწარ უნდა შეარჩიოს ადგილი მეურნეობის მოწყობისათვის. ტბორების მშენებლობა არ შეიძლება სასაფლაოს და პირუტყვის სამარხ ორმოებთან ახლოს, ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც საფრთხეს უქმნის როგორც თევზს, ისევე ადამიანთა ჯანმრთელობას.

ცივი წყლის ტიპის სატბორე მეურნეობის ძირითადი ობიექტის – ცისარტყელა კალმახის კვება მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა თევზების კვებისაგან. ამიტომ ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს ეს მომენტი. ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ საკვების სწორი გამოყენება დიდ გავლენას ახდენს წარმოების ეფექტიანობაზე. ცნობილია, რომ კვების არასწორი ორგანიზაციის შედეგად ტბორში ჟანგბადის რაოდენობა უარესდება.

  • ვრცლად, მეთევზეობის შესახებ იხ. http://kalmaxi.ge/

მეფუტკრეობა

ჩვენი ქვეყნის მატერიალური კულტურის ცოცხალ ძეგლთა შორის ქართულ ფუტკარს თვალსაჩინო ადგილი უკავია. მსოფლიოში სახელგანთქმული ქართული ფუტკარი სხვა ჯიშებთან შედარებით გამოირჩევა მნიშვნელოვანი უპირატესობით: ხორთუმის სიგრძითა და თვინიერებით მას ბადალი არა ჰყავს მსოფლიოში, აქვს ნექტარის ძიების დიდი უნარი, ახასიათებს ზომიერი ნაყრიანობა, ბუდის აქტიური დაცვა, საზამთრე საკვების ეკონომიური ხარჯვა. იგი ეფექტურად იყენებს სუსტ და საშუალო ღალიანობას, რითაც ზრდის მეფუტკრის შრომის შედეგს. ამ თვისებების გამო მან მოიპოვა დამსახურებული აღიარება და გავრცელება მთელ მსოფლიოში, რის გამოც სხვადასხვა წლებში სამჯერ იქნა დაჯილდოებული ოქროს დიდი მედლით. ქართულ დედა ფუტკარზე დიდი მოთხოვნილებისა და მოსაზღვრე რაიონებიდან დაბალპროდუქტიული ფუტკრის შემოდინების გამო, საქართველოში აიკრძალა სხვა ქვეყნებიდან ფუტკრის შემოყვანა და ქვეყანა გამოცხადებულია მთის ქართული ფუტკრის ნაკრძალად.

საქართველოში მეფუტკრეობის დარგის პრიორიტეტს წარმოადგენდა და წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებული ქართული ფუტკრის ხალასად შენარჩუნება, განსაკუთრებით მისი ცალკეული პოპულაციების გავრცელების ძირითად კერებში, მისი დაცვა და შემდგომი სრულყოფა ინდივიდუალური სელექციის წარმოების გზით, მაღალპროდუქტიული ხაზების მიღება, საუკეთესო დედა ფუტკრების გამოყვანა და გავრცელება, რომელთა პროდუქტიულობა მკვეთრად უნდა აღემატებოდეს დღემდე არსებულს.

ვრცლად ქართული ფუტკრის შესახებ იხ.

ფუტკრის პროდუქტებს (ცვილი, რძე, შხამი, ყვავილის მტვერი, თაფლი, დინდგელი) შორის ყველაზე პოპულარული გამოყენებადია თაფლი. ის არის ნახშირწყლოვანი საკვები, რომელსაც ფუტკარი აგროვებს მცენარეების სანექტრეებიდან აღებული ნექტარით.

  • ვრცლად ფუტკრის პროდუქტების შესახებ იხ. http://bee.ge/

ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალი დიდია. თუმცა, ევროკავშირის ქვეყნებში მისი მოხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი ჩვენი თაფლი შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა „თაფლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს ნატურალური თაფლის მიმართ წარმოების, გადამუშავების, ეტიკეტირების, ჰიგიენის და დისტრიბუციის მოთხოვნებს. მეწარმე ვალდებულია თაფლი ამ წესებით აწარმოოს და განათავსოს ბაზარზე. თავის მხრივ, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ისეთი ლაბორატორიულია, რომელიც ხელს შეუწყობს ევროსტანდარტების შესაბამისი თაფლის წარმოებას.

  • მეფუტკრეებისთვის თაფლის წარმოებაში გასათვალისწინებელი რეგულაციების შესახებ იხ. http://agro.ge/index.php?m=1292

ქართული თაფლის ევროკავშირში ექსპორტის განხორციელებისათვის, დაუშვებელია თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის მწარმოებლების მიერ, ევროკავშირში აკრძალული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება.  იხ.http://agro.ge/index.php?m=1312

 

მოამზადა: რუსუდან გიგაშვილი

 

 

 

Comments are closed.