3 დეზინფორმაცია მაიმუნის ყვავილის შესახებ

დეზინფორმაცია #1

სოციალურ ქსელში და მედიაში არაერთი დეზინფორმაცია გვხვდება, რომ თითქოს მაიმუნის ყვავილი Covid-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგია. მაგალითად, სოც.ქსელის ზოგიერთი მომხმარებელი მაიმუნის ყვავილის გავრცელებას  astrazeneca-ს ვაქცინაციას უკავშირებს. 

“მაიმუნის ვირუსი კი არა, ვაქცინირებულ ხალხს გაუჩნდება წყლულები და გადაფარავენ თავის დანაშაულს, იმას კი არ გეტყვიან ვაქცინის შედეგია” 

“სულ უფრო მეტი მოსაზრება ჩნდება იმის თაობაზე, რომ მაიმუნის ჩუთყვავილა წინასწარ იყო დაგეგმილი. ასე, მაგალითად, ხალხს გაახსენდა, რომ AstroZeneca-ს ანტიკორონავირუსული ვაქცინა შეიცავს შიმპანზეს ადენოვირუსს.” 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „მაიმუნის ყვავილი“ ადამიანს პირველად 1970 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაუდასტურდა. ის ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში გვხვდება. თუმცა ბოლო პერიოდში ის აფრიკის კონტინენტს გარეთაც გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, 2022 წელს 21 მაისის მონაცემებით, მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. 

მაიმუნის ყვავილის გავრცელება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას არ უკავშირდება, ეს დაავადება 1958 წლიდან არსებობს და მისი გავრცელება და გადადება ინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის შედეგად ხდება. ასევე, ადამიანის კორონავირუსის ტიპის ინფექცია 1965 წელს აღმოაჩინეს, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები კი მხოლოდ 2020 წლის შემდეგ არსებობს, შესაბამისად ეს ფაქტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ მაიმუნის ყვავილის გავრცელებას Covid19-ის ვაქცინაციასთან არანაირი საერთო არ აქვს. 

რაც შეეხება მაიმუნის ყვავილის AstraZeneca-სთან დაკავშირებას.  

Oxford/AstraZeneca ვირუსული ვექტორული ვაქცინაა, შესაბამისად მის შემადგენლობაში შემავალი ვირუსები როლი არის ვაქცინის კომპონენტის ადამიანის უჯრედებში გადატანა. ამ პროცესში კი ადენოვირუსი ადამიანისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, უჯრედში არ მრავლდება და არც ახალი ვირუსების წარმოქმნას იწვევს. 

რა არის ვექტორული ვაქცინა?

ვექტორული ვაქცინები იყენებენ სხვა უვნებელ ვირუსს (ვექტორს), რომელსაც მიაქვს კორონავირუსის სპაიკცილის (spike protein) შესახებ „ინსტრუქცია” ადამიანის უჯრედში. ვექტორის მიერ მიწოდებული „ინსტრუქციის” შესაბამისად უჯრედი იწყებს ვირუსის უვნებელი ნაწილის – სპაიკცილის გამომუშავებას, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყებს ანტისხეულების წარმოქმნას.

დეზინფორმაცია #2 

მტკიცება, რომ თითქოს მაიმუნის ყვავილის ეპიდემია წინასწარ დაიგეგმა

ამ დეზინფორმაციის გამავრცელებლები მანიპულაციურად იყენებენ The Nuclear Threat Initiative – NTI – ანუ ბირთვული საფრთხის ინიციატივის მიერ 2021 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისთვის დაგეგმილ სამაგიდო სავარჯიშო-სცენარს. სავარჯიშოს მიხედვით, გამოგონილ ქვეყანა “ბრინიაში” მაიმუნის ყვავილის პანდემია იწყებოდა და შემდგომ გლობალურად ვრცელდებოდა. 

2022 წელს, მას შემდეგ რაც მაიმუნის ყვავილი აფრიკის კონტინენტს გარეთაც გავრცელდა, NTI განცხადებაც გამოაქვეყნა. 

განცხადების მიხედვით, მსგავსი სავარჯიშო 2019 და 2020 წლებშიც ჩატარდა, წვრთნების მიზანი კი ბიოუსაფრთხოების კუთხით ხარვეზების გამოვლენა და საფრთხეებზე რეაგირების უნარების გაუმჯობესება იყო. 

განცხადებაში ახსნილია, ისიც თუ რატომ შეირჩა სავარჯიშოსთვის მაიმუნის ყვავილი. 

“სავარჯიშოს დიზაინისთვის ჩვენ გვინდოდა შეგვერჩია პათოგენი, რომელიც სარწმუნოდ შეეფერებოდა ჩვენს სცენარს და ავირჩიეთ მაიმუნის ყვავილი ჩვენი ექსპერტი მრჩევლების მიერ შემოთავაზებული ვარიანტებიდან.

მაიმუნის ყვავილის შერჩევის ერთ-ერთი ფაქტორი იყო SARS-CoV-2 ვირუსისგან განსხვავებული მახასიათებლების მქონე პათოგენის შერჩევა, რათა ვარჯიშის მონაწილეებს ჰქონოდათ შესაძლებლობა  განეხილათ სხვა საკითხები და არა ის რაც უკვე გამოვლენილი იყო მიმდინარე [Covid19-ის] პანდემიით” – ვკითხულობთ განცხადებაში. 

დეზინფორმაცია # 3

მტკიცება, რომ თითქოს მაიმუნის ყვავილი სექსუალური უმცირესობების დაავადებაა

მაიმუნის ყვავილის გადადება ხდება ინფიცირებული ადამიანის კანთან უშუალო კონტაქტით, ბიოლოგიური სითხეების საშუალებით, ან დაინფიცირებულების ტანისამოსის, საერთო ჭურჭლის გამოყენების შემთხვევაში. მაიმუნის ყვავილით დაინფიცირების რისკი არ შემოიფარგლება მხოლოდ სექსუალურად აქტიური ადამიანებით  ნებისმიერს, ვისაც მჭიდრო ფიზიკური კონტაქტი აქვს ინფექციურ ადამიანთან, რისკის ქვეშ იმყოფება.

ხოლო მიზეზი, რის გამოც მაიმუნის ყვავილის ბევრი დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა ჰომოსექსუალ  მამაკაცებში შეიძლება იყოს მათი პოზიტიური ქცევა, მაგალითად სექსუალური უმცირესობები უფრო მეტად იჩენენ ყურადღებას ჯანმრთელობის სკრინინგის და/ან ექიმთან ვიზიტის მიმართ. 

ამასთან, მაიმუნის გამონაყარი შეიძლება ჰგავდეს ზოგიერთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებას, მათ შორის ჰერპესსა და სიფილისს. ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ იქნა გამოვლენილი ამჟამინდელი ეპიდემიის რამდენიმე შემთხვევა მამაკაცებს შორის, რომლებიც კონსულტაციისთვის სექსუალური ჯანმრთელობის კლინიკებს სტუმრობდნენ. .

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კითხვა-პასუხის განყოფილებაშიც წერია, რომ მაიმუნის ყვავილის რისკი არ შემოიფარგლება მხოლოდ სექსუალურად აქტიური ადამიანებით ან მამაკაცებით, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან.

ასევე ჯერ უცნობია, გადადის თუ არა მაიმუნის ყვავილი სქესობრივი გზით (უშუალოდ სპერმით ან ვაგინალური სითხით).

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp