13 თებერვლიდან, სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

ხვალიდან, კახეთში, სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით  აიკრძალება. გადაწყვეტილება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო, რაც ჯეირნების გამრავლების პროექტის განხორციელებით ახსნა.

ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის კარლო ამირგულაშვილის თქმით, სამინისტროს 21 იანვარს ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლებმა მიმართეს და მათი დაკვირვების შედეგები გააცნეს. მათ დაადგინეს, რომ სამუხარის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა და სროლის ხმა აფრთხობს ქურციკებს, რაც მათი ქცევის შეცვლას იწვევს. ქურციკები გაშლილი ტერიტორიებიდან ტყეში თავშესაფრისა და დამალვის მიზნით ინაცვლებენ და მგლებისთვის ადვილად მოსანადირებელი ხდებიან. ნადირობის დროებით შეზღუდვის საფუძველი, სწორედ აღნიშნული დაკვირვება გახდა. სამინისტროში ასევე განგვიცხადეს, რომ სამომავლოდ ჯეირნების გამრავლების და პოპულაციის ბინადრობის შემაფერხებელ გარემოებებს თავადც შეისწავლიან.

გასათვალისწინებელია, რომ 1960-იან წლებში ბრაკონიერობის გამო, თითქმის სრულად გადაშენებული ქურციკების პოპულაციის აღდგენა სამინისტრომ 2013 წლიდან დაიწყო, თუმცა ნადირობა როგორც მათი გამრავლების შესაძლო შემაფრხებელი გარემოება მხოლოდ წელს დაფიქსირდა.

ჯეირანი წითელ წიგნშია შეტანილი. დღეისათვის ამ სახეობის 70-ზე მეტი ინდივიდი საქართველოში აზერბაიჯანიდან არის შემოყვანილი და გაშვებული ამ ცხოველის ისტორიული გავრცელების არეალში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სამუხის ველზე. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემოყვანილმა ჯეირნებმა საბინადრო გარემოდ სწორედ სამუხის ველი და არა მოსაზღვრედ მდებარე ვაშლოვანის დაცული ტერიტორია აირჩიეს, რითაც დასტურდება სამუხის ველის განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ სახეობის აღდგენისათვის. სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს, საქართველოში ქურციკების უკვე მესამე თაობა დაიბადა.

ფოტო © საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ავტორი:

ნოდარ ლაფანაშვილი