15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 30.98% შეადგინა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 30.98%,(1 085 730 ამომრჩეველი). ანა მიქელძის თქმით, შედარებისთვის, 2013  წლის პრეზიდენტის არჩევნებზე აქტივობამ 15:00 საათის მდგომარეობით შეადგინა 32.1%.

რაც შეეხება ინფორმაციას პროცედურული ხარვეზების შესახებ:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ზუგდიდში, ინგირის №94-ე საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია. კომისიის წევრებმა დაწერეს ახსნა-განმარტებები. კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კომისიის წევრი იყო ამავე უბნის ამომრჩეველი და მან თავად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მათი ინფორმაციით ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია. ბოლნისის 4 საარჩევნო უბანზე, კერძოდ №27-ე, №34-ე, №35-ე და №36-ე  უბნებზე, სუბიექტის წარმომადგენლები ერეოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობაში. მათ მიიღეს გაფრთხილება. 3 უბანზე აღმოიფხვრა პრობლემა, ხოლო №27-ე უბანზე, იქიდან გამომდინარე, რომ გაგრძელდა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობა, კომისიამ წარმომადგენელს დაატოვებინა უბანი. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალქალაქის №46-ე უბანზე კომისიის წევრს თავმჯდომარემ ტელეფონი გაუტეხა. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია. კომისიის წევრს ჰქონდა მცდელობა, რომ გადაეღო არასაჯარო ინფორმაცია. მცირე გაუგებრობის შემდეგ ვითარება გაირკვა და ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი დაბრკოლების გარეშე მიმდინარეობს. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდუბის №28-ე საარჩევნო უბანზე დაიკარგა ბიულეტენები. აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ და არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ამომრჩევლებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ საარჩევნო უბნის მისამართი გაიგონ ცესკოს ვებ-გვერდის საშუალებით, სადაც ისინი ონლაინ შეძლებენ დამატებითი ინფორმაციის მიღებას. აღნიშნული ინფორმაციის მიღება ამომრჩეველს  ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც შეუძლია, რომელიც დღეს უწყვეტად მუშაობს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51; ასევე, მუშაობს ონლაინ ჩათი.

წყარო: ცესკო.