AGRO TV – ავტორიზებული არხი და მისი “სეხნია”

რეგიონული ტელეკომპანიებისა და ,,აგრო სიახლეების“ მიერ გასული წლის 27 დეკემბერს პრეზენტირებული ნიშური არხის – ,,AGRO TV”-ს სამაუწყებლო ავტორიზაციის შესახებ 7 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნა.

,,სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება ,,AGRO TV’ – წერია გადაწყვეტილებაში, თუმცა მუხედავად ამისა ბრენდული სახელი ავტორიზებული პირისთვის პრობლემური გახდა.

წლის დასაწყისში, AGRO TV -ს საჯარო პრეზენტაციის შემდეგ, სხვა ახლადრეგისტრირებულმა ტელევიზიამ -,,აგრომედიამ“ მოულოდნელად სახელი გადაირქვა და აგრო TV დაირქვა, მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზაცია ,,აგრომედია “- ს ბრენდული სახელით ჰქონდა გავლილი.

AGRO TV -ს ბრენდული სახელით ავტორიზებული ერთადერთი მაუწყებელი, სახელწოდებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ვითარების გარკვევას კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ცდილობს. მანამდე კი უკვე 7 თებერვლიდან არხის ტესტური მაუწყებლობა ხელმისაწვდომია რეგიონული სიხშირეებით. 1 მარტამდე კი, ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, არხი არაერთი სამაუწყელო ქსელით მთელს საქართველოში გავრცელდება.

AGRO TV მაყურებელს 4 წლის სამაუწყებლო ისტორიის მქონე ,,აგრო სიახლეებთან“ ერთად 11 საავტორო პროგრამას და ათამდე უცხოური წარმოების ნიშურ კონტენტს სთავაზობს.

AGRO TV — ,,მაუწყებელთა ალიანსის“ (22 რეგიონული მაუწყებელის გაერთიანება) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (,,აგრო სიახლეების“ მწარმოებელი და ,,აგროგილდიის“ ინიციატორი) მიერ დაფუძნებული არხია.