სოფლები “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის მიღმა

პროგრამის დეტალები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განახლების მიუხედავად, პროექტში ყველა სოფელი ვერ ჩაერთვება. მათ შორისაა ონის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომის უბანი.

პროგრამის დაგეგმვისას ცენტრალური მთავრობა 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებს დაეყრდნო. ამის გამო პროექტიდან ამოვარდა ისეთი სოფლები, რომლებიც სრულიად დაცლილია მოსახლეობისგან და ის სოფლები, სადაც მოსახლეობა სეზონურად ცხოვრობს. პროექტს მთლიანად გამოეთიშა აჭარის რეგიონის 300-ზე მეტი სოფელი. ინფორმაციას, droa.ge ავრცელებს.

პროექტის თანახმად, თითოეული სოფლისთვის გათვალსიწინებულია 5-დან 10 ათას ლარამდე. თანხის განკრაგვის მიზნობრიობა დამოკიდებულია სოფლის კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. პროგრამის საერთო ბიუჯეტი წელს 20 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

ექსპერტის ხედვა

თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კოალიციის წევრი, ექსპერტი მაგდა პოპიაშვილი გვეუბნება, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განახლების შესახებ ინფორმაცია მის ამოქმედებამდე რამდენიმე თვით ადრე გაიგეს და შესაბამისად დაგეგმვისას კონსულტაციებში ჩართვის საშუალება არ მიეცათ. მას შენიშვნები პროგრამის სხვა პუნქტებთან დაკავშირებითაც აქვს;

„სამწუხაროდ პაროექტის ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით 20 მილიონ ლარამდეა შემცირებული, ბევრი სოფელი მასში საერთოდ ვერ ჩაერთვება. მთავრობამ, რატომღაც ისარგებლა 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით და ამაზე დაყრდნობით დაადგინა იმ სოფლების ჩამონათვალი, რომლებიც ისრგებლებენ ან ვერ ისარგებლებენ აღნიშნული პროგრამით. ჩვენ ვიკითხეთ, თუ რატომ არ გადაამოწმეს სოფლების სტატუსი, თუმცა სამინისტროსგან მივიღეთ ბუნდოვანი პასუხები. აქვე დავამატებ რომ მთის კანონის ამოქმედების შემდეგ, ზოგიერთ სოფელში მუდმივი მცხოვრებლები გაჩნდნენ. სწორედ ასეთ სოფლებს შორისა ონის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომის უბანი, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიღმა დარჩა“.

მაგდა პოპიაშვილის განცხადებით მთავრი პრობლემა პროგრამიდან აჭარის რეგიონის მთლიანად გამოთიშვაა.  „აჭარის რეგიონში 300-ზე მეტი სოფელია, სადაც ელოდნენ აღნიშნული პროგრამის ამოქმედებას, თუმცა სამინისტროში მაიჩნიათ რომ ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალ სოფლებზე აჭარის მთავრობამ უნდა იზრუნოს, სამწუხაროდ სიახლეს მოუმზადებელი შეხვდა აჭარის მთავრობა.“

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხი

 „სამინისტრომ 2014 წლის აღწერის  მონაცემები საორიენტაციო თანხების გასაანგარიშებლად გამოიყენა. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებიდან ინფორმაციის მოწოდებას, სოფლებში მუდმივ მცხოვრებლებთან დაკავშირებით, აქ გვქონდა წინა წლების გამოცდილება, ხშირად ვიღებდით არასწორ ინფორაციას, რაც თავის მხრივ დამატებით პრობლემებს აჩენდა. სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ემორჩილება კანონს და არ რეგისტრირდება თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით,“- მამუკა აბულაძე, რეგიონებისა და მთის განვითარების დეპარტამენტის თანამშრომელი.

მისი თქმით, ყველა სოფელი რომელშიც რეგისტრირებულია მცხოვრები მიიღებს დაფინანსებას, თუნდაც 2014 წლის აღწერის შედეგებს არ შეესაბამებოდეს.

პროექტის შემცირებული ბიუჯეტთან დაკავშირებით, კი სამინისტროში განმარტეს, რომ მიზეზი მისი განსხვავებული შინაარსია. „სახელი იგივე დარჩა. ახალი პროგრამა ძირითადად  აქცენტირებულია მოსახლეობის მხრიდან ინიციატივების წამოყენებასა და მათ განხორციელებაში ჩართულობაზე“.

რატომ აღმოჩნდა „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის გარეთ აჭარის რეგიონი, ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს რეგიონებისა და მთის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი ინფორმაციას არ ფლობს, მან ასევე ვერ გვიპასუხა კითხვაზე, რატომ არ ჩაერთნენ პროექტის მომზადებაში ექსპერტები, კონსულტაციების დონეზე.

შეგახსენებთ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2017 წელს შეწყდა, ძირითადად ნაკლები ეფექტურობის გამო. 2019 წელს, 2 წლიანი პაუზის შემდეგ სოფლის პროგრამა განახლდა, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით პროექტის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარიდან 20 მილიონ ლარამდე შემცირდა. მთავრპობაში პროექტის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში ბიუჯეტის ზრდას არ გამორიცხავენ.

ავტორი:

ნოდარ ლაფანაშვილი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp