არ მიგვაჩნია, რომ არსებობდეს საქართველოსთვის ომის გავრცელების გარდაუვალი რისკი – ჰავიერ კოლომინა

არის რუსეთის მხრიდან ჩარევის რისკი, რაც საკმაოდ ნათელია კიბერსივრცეში, მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ არსებობდეს საქართველოსთვის ომის გავრცელების გარდაუვალი რისკი.

ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან, როგორც ღირებულ პარტნიორთან შავი ზღვის რეგიონში,
მეტად მნიშვნელოვანია.

რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს. ის არის ერთადერთი პასუხისმგებელი ომზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და ჰუმანიტარულ კატასტროფაზე.

ჩვენ მიერ გადადგმული მესამე ნაბიჯი მიზნად ისახავდა მცდელობას დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ მათ, ვისაც ჩვენ ვუწოდებთ რუსეთის ჩარევის რისკის ქვეშ მყოფ პარტნიორებს. როგორც უკვე ვთქვი, ერთ-ერთი მათგანი არის საქართველო, ხოლო დანარჩენები – ბოსნია-ჰერცეგოვინა და მოლდოვა.

საქართველოსვე სწორედ დღეს აღიარებული ფარგლებში უნდა გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში, ევროკავშირში/ნატოში.

ჟურნალისტი: თქვენ 6 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვით, რომ კარგად გესმით ქართული საზოგადოების და ხელისუფლების წარმომადგენლების, რომლებიც ციტატა: „შეშფოთებული არიან რისკებით, რა მოხდება, თუ რუსეთი ფრონტის მეორე ხაზს გახსნის. მაგრამ მე მჯერა, თუ რუსეთი ამ გზას აირჩევს, ეს სტრატეგიული შეცდომა იქნება. არ მჯერა, რომ ისინი ამის გაკეთებას აპირებენ ახლა. ამიტომ ჩვენი შეფასებაა – რასაკვირველია, რისკები არსებობს, რისკები ყველგანაა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს უდიდესი დახმარების გასაწევად.“
პირველ რიგში მინდა გკითხოთ, დღეს ორი თვის შემდეგ ამ ინტერვიუდან, კვლავაც ასე ფიქრობთ თუ არა?

რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს. ის არის ერთადერთი პასუხისმგებელი ომზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და ჰუმანიტარულ კატასტროფაზე.

ჰავიერ კოლომინა: ძირითადში, ჩვენი შეფასება იგივეა: ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს. ის არის ერთადერთი პასუხისმგებელი ომზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, რომელიც ხდება უკრაინაში, ამიტომ ჩვენ მათ რეალურად ვუყურებთ, როგორც ერთადერთ პასუხისმგებელს ყველაფერზე, რაც ხდება: სასურსათო უსაფრთხოების კრიზისზე, ენერგეტიკული უსაფრთხოების კრიზისზე. რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებულ რისკს, როგორც ორი თვის წინ ვთქვი: ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის რუსეთის მხრიდან ჩარევის რისკი, რაც საკმაოდ ნათელია კიბერსივრცეში დეზინფორმაციის თვალსაზრისით, მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ არსებობდეს საქართველოსთვის ომის გავრცელების გარდაუვალი რისკი. ეს ორი თვის წინ ვთქვი და კვლავაც მიმაჩნია, რომ ეს არ მოხდება, რადგანაც, ჩვენი აზრით, არის გარკვეული რისკები ჩარევის კუთხით, მაგრამ არა ამაზე მეტი. ჩვენ გადავწყვიტეთ გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსადმი მრავალმხრივად, და ეს იყო ფაქტობრივად იმ გადაწყვეტილებების ნაწილი, რომელიც მივიღეთ მადრიდში სამიტზე; კონკრეტულად თქვენი ქვეყანაზე მორგებული მხარდაჭერის ზომები დამტკიცდა უმაღლეს დონეზე სახელმწიფო მეთაურების მიერ.

ჩვენ მიერ გადადგმული მესამე ნაბიჯი მიზნად ისახავდა მცდელობას დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ მათ, ვისაც ჩვენ ვუწოდებთ რუსეთის ჩარევის რისკის ქვეშ მყოფ პარტნიორებს. როგორც უკვე ვთქვი, ერთ-ერთი მათგანი არის საქართველო, ხოლო დანარჩენები – ბოსნია-ჰერცეგოვინა და მოლდოვა.

ჟურნალისტი: თქვენ თქვით, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ხართ, საქართველოს გაძლიერებული დახმარება გაუწიოთ და მუშაობთ თანამშრომლობის ახალ ზომებზე. კონკრეტულად რაზეა საუბარი?

ჰავიერ კოლომინა: ნატო ხაზგასმით რეაგირებდა უკრაინაში რუსეთის ომზე. ჩვენ ეს გავაკეთეთ სხვადასხვა საშუალებებით. ალბათ ორი ყველაზე თვალნათლივი პასუხი იყო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ აღმოვუჩინეთ უკრაინას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტს; მეორეს მხრივ, ასევე გავწვრთენით უკრაინული შეიარაღებული ძალები. ჩვენი რეაგირება ასევე მოიცავდა იმას რაც, ჩემი აზრით, არის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ამოცანა, რომელიც ნატოს ოდესმე განუხორციელებია – ეს იყო ადგილობრივი ომის გლობალურ ომად გადაქცევის პრევენცია. ჩვენ მიერ გადადგმული მესამე ნაბიჯი მიზნად ისახავდა მცდელობას დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ მათ, ვისაც ჩვენ ვუწოდებთ რუსეთის ჩარევის რისკის ქვეშ მყოფ პარტნიორებს. როგორც უკვე ვთქვი, ერთ-ერთი მათგანი არის საქართველო, ხოლო დანარჩენები – ბოსნია-ჰერცეგოვინა და მოლდოვა. ასე რომ, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავამტკიცეთ ამ ქვეყნებზე მორგებული ზომების ერთობლიობა – ეს არის სხვადასხვა კონკრეტული ზომები. ზოგიერთი მათგანი ფაქტობრივად მოცულია ნატო-საქართველოს არსებული პაკეტით, რომელიც ჩვენ ადრე დავამტკიცეთ, მაგრამ არის რამდენიმე სიახლეც იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი დახმარება მიზნად ისახავს არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის, ეფექტურობის გაზრდას, არამედ ასევე ძველი საბჭოთა შეიარაღებიდან თანამედროვე დასავლურ იარაღზე გადასვლას. ამავდროულად, ჩვენ შევქმენით, მაგალითად, ქიმიური და ბიოლოგიური შეტევების წინააღმდეგ მხარდაჭერის პროგრამა, ასევე შევეცადეთ გავზარდოთ თქვენი მონაწილეობა წვრთნებში. მოგეხსენებათ, მარტში უკვე ჩავატარეთ ნატო-საქართველოს წვრთნები და, კვლავაც მსურს აღვნიშნო – თქვენ ამით უნდა იამაყოთ.

ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ ერთობლივი წვრთნები ქართულ შეიარაღებულ ძალებთან, ეს ხაზს უსვამს თქვენი შეიარაღებული ძალების ეფექტურობას და პროფესიონალიზმს და ამის თქმა მხოლოდ რამდენიმე სხვა პარტნიორს შეუძლია.

და ბოლოს მინდა აღვნიშნო ჩვენი მცდელობა გავზარდოთ ადგილზე ევროკავშირთან და საქართველოსთან განხორციელებული სამუშაოს სინერგიები. ეს არის, ძირითადში, ჩვენ მიერ დამტკიცებული ახალი, საქართველოზე მორგებული ზომების ფუნდამენტური ნაწილი.

ჩვენ დავამტკიცეთ შეიარაღებული ძალების ახალი მოდელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გვყავდეს მეტი ძალები და გავზარდოთ მათი მზადყოფნა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოკლე დროში გადაგვეადგილებინა 40 000-მდე ჯარისკაცი; ახლა ჩვენ გვაქვს 300 000-მდე ჯარისკაცის გადაადგილების შესაძლებლობა.

ჟურნალისტი: როგორ შეიცვალა ნატოს სტრატეგია რეგიონში უკრაინის ომის შემდეგ?

ჰავიერ კოლომინა: ჩემი აზრით, რუსეთის ომი უკრაინაში არის ტექტონიკური ცვლილება საერთაშორისო ურთიერთობებში და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში. ამ თვალსაზრისით, ნატოს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან და ალბათ ყველაზე წარმატებულ პოლიტიკურ სამხედრო ორგანიზაციას, მოუხდა ადაპტირება, მორგება. 24 თებერვლიდან ჩვენთვის ყველაფერი შეიცვალა ბევრ ასპექტში, მაგრამ სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისით, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ განვახორციელეთ ალბათ ყველაზე მასშტაბური ზრდა კოლექტიური თავდაცვის სფეროში. ჩვენ დავამტკიცეთ შეიარაღებული ძალების ახალი მოდელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გვყავდეს მეტი ძალები და გავზარდოთ მათი მზადყოფნა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოკლე დროში გადაგვეადგილებინა 40000-მდე ჯარისკაცი; ახლა ჩვენ გვაქვს 300000-მდე ჯარისკაცის გადაადგილების შესაძლებლობა. ჩვენ გადავწყვიტეთ წინასწარ განვათავსოთ აღჭურვილობა აღმოსავლეთის ფრონტზე, რათა შეგვეძლოს უფრო სწრაფი რეაგირება და სტრატეგიული კონცეფცია მოიცავს ყველა ამ ასპექტს. და, როგორც უკვე ვთქვი, მოლდოვას, ბოსნია-ჰერცეგოვინას და საქართველოს დახმარებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ რისკის ქვეშ მყოფ პარტნიორებს, არამედ რეგიონებსაც, რომლებსაც ჩვენ კრიტიკულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და შავი ზღვა მათ რიცხვს მიეკუთვნება.

ეს არ ნიშნავს, რომ ის ადრე არ იყო სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი, პირიქით. რეალურად, ჩვენ დავამტკიცეთ მნიშვნელოვანი პაკეტი შავიზღვისპირეთისთვის (ვფიქრობ, ეს სამი წლის წინ მოხდა), მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვაღიარებთ, რომ ამ რეგიონს ჩვენთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ბევრ ასპექტში – თუნდაც საჰაერო, საზღვაო კუთხით.

ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან, როგორც ღირებულ პარტნიორთან შავი ზღვის რეგიონში, მეტად მნიშვნელოვანია.

ჟურნალისტი: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების შედეგად ნატო-რუსეთის საზღვრები კიდევ უფრო გაიზარდა. ნატოს გაფართოების პროცესში, რა ხდება გადაწყვეტილების საფუძველი: შესაბამისი ქვეყნის მზადყოფნა, მისი რეგიონალური გეოპოლიტიკური კონტექსტი თუ რუსული ფაქტორი? და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვაინტერესებს საქართველოს გამო – ნატოში გაწევრიანების რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს?

ჰავიერ კოლომინა: ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში, პროცესი გამოიწვია მათმა სურვილმა, გახდნენ ჩვენი პარტნიორები [წევრები]. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს: გამომწვევი ფაქტორი იყო მათი მზადყოფნა და ნება გამხდარიყვნენ ჩვენი პარტნიორები [წევრები]. რა თქმა უნდა, ბევრ ფაქტორს შორის, რამაც გამოიწვია ეს სურვილი, არის გეოპოლიტიკური სიტუაცია და ომი უკრაინაში. მართალია, ისინი მზად იყვნენ; ისინი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ და ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ჩვენთან. თავისი როლი ითამაშა ასევე იმან, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ძალისა და ურთიერთქმედების მოდალობას, რაც მხოლოდ ფინეთსა და შვედეთს აქვთ და რაც მათ უკვე წლების განმავლობაში აძლევთ საშუალებას ითანამშრომლონ და ეფექტურად გაააქტიურონ თავიანთი ძალები. ამ თვალსაზრისით, ისინი აბსოლუტურად მზად იყვნენ და ამიტომ მათი მოთხოვნა საკმაოდ სწრაფად დაკმაყოფილდა.

საქართველოს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ გზავნილი საკმაოდ ნათელია: ალიანსში წევრობისთვის კარი ღიაა და თქვენ უბრალოდ უნდა მოემზადოთ ამ კარში შესასვლელად, როდესაც მიაღწევთ მზაობის სასურველ დონეს. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის საჭიროა; ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო მათი მზადყოფნა, ხოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად (რაც მე უკვე არაერთხელ ხაზგასმით ავღნიშნე) საქართველომ უნდა გააგრძელოს იმის კეთება, რასაც თქვენ აკეთებთ პრაქტიკული თანამშრომლობის, სამხედრო მოთხოვნების კუთხით… თქვენ ასევე უნდა მიაღწიოთ რეფორმების განხორციელების იმ დონეს, რომელიც ჩვენ მოვითხოვეთ და რომელიც მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, არა მხოლოდ ნატო-მ, არამედ ევროკავშირმაც, ვენეციის კომისიამ და ა.შ. დაასახელა, როგორც ფუნდამენტური, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაახლოების მიზნით.

საქართევლო სწორედ დღეს აღიარებული ფარგლებში უნდა გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში, ევროკავშირში/ნატოში.

ჟურნალისტი: გმადლობთ ძალიან დიპლომატიური პასუხისთვის. საქართველოს მოქალაქეები მოელიან ნატოს ღია კარში შესვლის შესაძლებლობას. იმედია, ჩვენ მალე მოვახერხებთ ამას. ნატოზე საუბრისას ხშირად ვიყენებთ მაგალითს, თუ როგორ შეუძლია გაყოფილი ტერიტორიების მქონე ქვეყანას ნატოში გაწევრიანება; მითს ვუწოდებთ იმ გარემოებას, თითქოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ოკუპირებული ტერიტორიები უშილის ხელს. მაგრამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს ნარატივი გაიმეორა. კიდევ ერთხელ განვმარტოთ: ოკუპაციის პირობებში რამდენად აქვს საქართველოს ნატოში გაერთიანების პერსპექტივა, ან რა გავლენა შეიძლება იქონიოს ნატოში გაწევრიანებამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე?

ჰავიერ კოლომინა: ვფიქრობ, ადრე საკმაოდ მკაფიოდ გავეცი პასუხი ამ კონკრეტულ კითხვას. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; გაიხსენეთ თუნდაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტი. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ვემხრობით საქართველოს გაწევრიანებას ნებისმიერ ფასად, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის უგულვებელყოფით. ჩვენ ყოველთვის ძალიან მკაფიო პოზიცია გვქონდა ამ ფაქტთან დაკავშირებით; ჩვენთვის საქართველო არის საქართველო, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. ვიცი, რომ გაჟღერდა ვერსია, თითქოს საქართველო შეიძლება უფრო მარტივად გამხდარიყო რომელიმე ორგანიზაციის პარტნიორი ამ ტერიტორიული დაპირისპირების გარეშე, მაგრამ ჩვენი აზრით, სწორედ დღეს აღიარებული ფარგლებში საქართველო უნდა გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში, ევროკავშირში ან ნატოში, და რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს მეტად კონსტრუქციულ ჩართულობას კონფლიქტის მოგვარების საქმეში და მივესალმებით იმ მშვიდობიან გზებს, რომლებსაც თქვენ იყენებთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ქართულ მოსახლეობასთან ურთიერთობის დასამყარებლად. ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ თქვენს ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს ის, თუ როგორ იქცევიან რუსები ამ დისკუსიების ფარგლებში, მაგრამ რეალობა ასეთია.

თუმცა ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას; ყოველ ჯერზე, როცა კი ჩამოვდივარ თქვენს ქვეყანაში ან ვთანამშრომლობ თქვენს ოფიციალურ წარმომადგენლებთან, მე მხარს ვუჭერ თქვენი მიდგომის ორივე ასპექტს კონფლიქტების მოგვარებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ, მაგრამ ამავე დროს თქვენ მუდამ მზად უნდა იყოთ ხელსაყრელი მომენტისთვის. ჩემის აზრით (მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია), თქვენ გათვლა უნდა გააკეთოთ იმ ნაბიჯებზე, თქვენ უნდა იმუშაოთ ერთიანი ძალისხმევით, როგორც ერთიანმა ერმა.

ინტერვიუ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელთან ჰავიერ კოლომინასთან – ჟურნალისტი ნინა ხელაძე.

ჟურნალისტი: კიდევ ერთხელ გმადლობთ ამ განმარტებისთვის, რადგან ბოლო დროს, განსაკუთრებით კი 2008 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს უარი უთხრეს MAP-ზე, დეზინფორმაციულმა ნარატივმა იმატა და, სამწუხაროდ, საზოგადოებაში გაიზარდა იმედგაცრუება ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვასთან დაკავშირებით. ეს ძირითადად გამოწვეული იყო სწორედ დეზინფორმაციით და პროპაგანდით. იმის გათვალისწინებით, რომ რუსული დეზინფორმაცია მატულობს და გავლენას ახდენს ადამიანთა გონებაზე და კიდევ უფრო ძლიერდებიან ქვეყანაში არსებული ულტრამემარჯვენე ჯგუფები, მინდა გკითხოთ როგორია ნატოს საკომუნიკაციო სტრატეგია ამ გამოწვევების დასაძლევად?

ჰავიერ კოლომინა: კარგი კითხვაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებულნი ვართ დეზინფორმაციით; ინფორმაციის გამოყენებით ჰიბრიდული თავდასხმების ინტენსივობა გაიზარდა ბოლო წლებში და განსაკუთრებით 24 თებერვლიდან. ჩვენ ვიცით, რომ რუსები იყენებენ ყველა შესაძლებლობას დეზინფორმაციის მცდელობისთვის და ასეა საქართველოშიც – არა მხოლოდ სამიტის შემდეგ თუ სამიტამდე, არამედ ევროკომისიის მიერ ქართულ-ევროპულ გზაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც. ჩვენი თვალსაზრისით, აქ ჩარეულია ორი ფუნდამენტური ფაქტორი: პირველი, თავისუფალი მედია – თავისუფალი მედიის როლი უმნიშნველოვანესია და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ვითანამშრომლოთ თქვენს მედიასაშუალებებთან ნატოს თბილისის ოფისის მეშვეობით. მაქსიმალურად ღია ვიქნები: ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ვეცადოთ გადმოვცეთ სათანადო გზავნილები. ამიტომ, როგორც წესი, ვცდილობ ძალიან მკაფიოდ გიპასუხოთ იმაზე, რასაც ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველო შესანიშნავად აკეთებს და რაც, მეორეს მხრივ, საქართველოს უკეთესად შეუძლია გააკეთოს. ჩვენ არ გვინდა (და არც მე პირადად მინდა) ვიყოთ არასწორად გაგებული ან გამოყენებული.

როდესაც მე ვამბობ, რომ მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია რაღაც ასპექტში უკეთესი იყოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ სხვა საქმეებს არ აკეთებთ შესანიშნავად.

თქვენ ყოველთვის იქნებით ჩვენთვის მეტად ღირებული პარტნიორი. და ბოლოს, მე მჯერა, რომ საზოგადოებრივ აზრს შეუძლია ძირითადი პრობლემების ამოცნობა. რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია მეტად ხელისშემშლელია. ის გავლენას ახდენს ნებისმიერ მთავრობაზე, არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ ევროპის ტერიტორიაზეც სამთავრობო ორგანოები დეზინფორმაციის გამო დიდ ზეწოლას განიცდიან. მაგრამ ამავე დროს, მე მჯერა, რომ არსებობს მკაფიო სიმართლე, რომელიც ყველგან იჩენს თავს: რომ რუსეთი არის დამნაშავე ყველაფერში, რაც ხდება და ერთ-ერთი რეალური დასკვნა ამ პროცესიდან, რაც ფაქტობრივად ნათლად გვაჩვენებს თქვენი მედია საშუალებების ეფექტურობას, არის ის, რომ ნატო სარგებლობს ძალიან ძლიერი მხარდაჭერით. რეალურად, თქვენ რომ ამ დეზინფორმაციის დიდი გავლენის ქვეშ ყოფილიყავით, ალბათ მცდარი წარმოდგენა გექნებოდათ იმის შესახებ, რაც ხდება უკრაინაში და თქვენს საზოგადოებაში ნატოს მხარდაჭერა თითქმის 80%-იან მაჩვენებელს არ მიაღწევდა. ამდენად, ჩემის აზრით, ეს არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ ჩვენ სწორად ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვართ შეშფოთებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვართ და ვცდილობთ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით, რათა განვმარტოთ ყველა გზავნილი, განსაკუთრებით ნატოსა და საქართველოს პარტნიორობასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტი: მცირე კომენტარს გავაკეთებ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მედიის როლთან დაკავშირებით. ქართული მედია ნამდვილად ბევრს აკეთებს, მაგრამ, მეორეს მხრივ, უკვე არის ბევრი ქართულენოვანი პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს რუსულ პროპაგანდას.

ჰავიერ კოლომინა: თქვენს კომენტარს დავამატებ, რომ ეს არის თქვენი ქვეყნის პირველ პირებთან საუბრების ერთერთი თემა, რომელსაც ჩვენ უდიდესი ყურადღებით ვაკვირდებით. როდესაც ვხედავთ, რომ რუსეთის ჩარევა მნიშვნელოვანია და გავლენას ახდენს ღირებული პარტნიორი ქვეყნის საზოგადოებაზე, ვცდილობთ ამას წინააღმდეგობა გავუწიოთ. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ამას ვაკეთებთ თქვენი მთავრობის და თავისუფალი მედიის დახმარებით.

ჟურნალისტი: რუსეთი და ჩინეთი საქართველოს აქტიური სავაჭრო პარტნიორები არიან და მათზე ეკონომიკური დამოკიდებულებაც დიდი გამოწვევაა. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა რაიმე სივრცე ან შესაძლებლობა ნატოს წევრ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად, ვიდრე საქართველო გახდება ნატოს წევრი?

ჰავიერ კოლომინა: ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების პატივისცემა, და ეს არ ეხება მხოლოდ უსაფრთხოების ალიანსებს, რომლებშიც ყველა ქვეყანას სურს გაწევრიანება, არამედ ასევე ეკონომიკურ ალიანსებსა და ორმხრივ ურთიერთობებს, რაც თქვენ გაინტერესებთ. ვფიქრობ, აქ მნიშვნელოვანია რუსეთსა და ჩინეთს შორის განსხვავების გათვალისწინება. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ აგრესორია, არამედ ბევრი სანქცია აქვს დაწესებული. ასე რომ ჩვენთვის, რუსეთთან მიმართებით, ძალიან მნიშვნელოვანია არ დავუშვათ, რომ რომელიმე ქვეყანა უნებლიედ დაეხმაროს რუსეთს არსებული სანქციების გვერდის ავლაში. ეს ჩვენთვის დიდი პრობლემაა.

ჩინეთის შემთხვევაში, სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. სხვა თუ არაფერი, ჩინეთი ბევრი ჩვენგანისთვის არის კომერციული პარტნიორი, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ ის ახორციელებს ინვესტიციებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში იმ სექტორებში, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ თქვენს უნარზე, დაიცვათ თავი და იყოთ დამოუკიდებელი იმ მომენტში, როდესაც დაგჭირდებათ დაცვა.

ასე რომ, თქვენ უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ ეს ფაქტორი და იფიქროთ თუ როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ნატოს ან ევროკავშირის ქვეყნებთან. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად მუშაობთ; როგორც ვიცი, საქართველოს მშპ გასულ წელს 11%-ზე მეტით გაიზარდა; თუმცა ინფლაციის მაჩვენებელი საკმაოდ მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაში. თქვენ უკვე გყავთ საკმაოდ დიდი რაოდენობით პარტნიორი ნატოს მოკავშირე ქვეყნებს შორის. მე დიპლომატი ვარ, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საგარეო ვაჭრობაში მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი.

უნდა განვასხვავოთ ურთიერთობა ჩინეთთან, რაც მხოლოდ არჩევანია, და ურთიერთობა რუსეთთან, რაც შემაშფოთებელია, რადგან ამ ქვეყნის მიმართ სანქციებია დაწესებული, და ის არის აგრესორი, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას.

ჟურნალისტი: როგორ შეაფასებთ საქართველოს სამხედრო თავდაცვის სტანდარტს, როგორც ადამიანური, ასევე ტექნიკური რესურსების კუთხით, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვას? რამდენად შეესაბამება ის ნატოს სტანდარტებს?

ჰავიერ კოლომინა: დიახ და დიდი მადლობა ამ კითხისთვის. მე უკვე ვილაპარაკე ამ საკითხზე. ვფიქრობ, თქვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის დონე რეალურად საკმაოდ მაღალია და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სამ წელიწადში ერთხელ მოვაწყოთ წვრთნები საქართველოსთან ერთობლივად. თქვენი შეიარაღებული ძალების ეფექტურობის დონის აღიარების ნიშნად, მივიღეთ გადაწყვეტილება ამ წვრთნების სიხშირის გაზრდის შესახებ. ამავდროულად, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი აჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ვითანამშრომლოთ და ეს გვეხმარება, როგორც უკვე ვთქვი, საბჭოთა ეპოქის ტექნიკიდან ნატოს თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობაზე გადასვლაში.

ჩვენ ვაღიარებთ იმ უდიდეს წვლილს, რომელიც თქვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შეიტანეს ჩვენ ოპერაციებში.

გავიხსენოთ თუნდაც ავღანეთი, სადაც თქვენ მიავლინეთ 800-ზე მეტი ჯარისკაცი – თქვენ იყავით ერთადერთი პარტნიორი, რომელმაც ამხელა ძალა გამოიყვანა, რეალურად – ბევრად მეტი, ვიდრე ბევრმა სხვა მოკავშირემ. ამასთანავე, და მე ამას ყოველთვის ავღნიშნავ, როდესაც თქვენ შეგიძლიათ 800 ადამიანის გამოყვანა, ეს არის არა მარტო 800 ადამიანი, არამედ ასევე მრავალწლიანი როტაცია და ნატოს სტანდარტების დაცვა ყველა ასპექტში, როგორიცაა თავსებადობა, ეფექტურობა, პროფესიონალიზმი. ასე რომ, რეალურად იმ სამუშაოს მოცულობა, რომელსაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ და ჩვენი თანამშრომლობა და ბოლოს, როგორც უკვე ვთქვი, თქვენი შეიარაღებული ძალების ეფექტურობა საკმაოდ შთამბეჭდავია. რა თქმა უნდა, შემიძლია აღვნიშნო სხვა სფეროებიც, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, როგორიცაა კიბერთავდაცვა და ლოგისტიკა, ასევე საჰაერო თავდაცვა, რომელიც თქვენ ახსენეთ. ყოველი მათგანი უკვე მოცულია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი პაკეტით, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მხრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის ძირითად მექანიზმს. მაგრამ მთლიანობაში მე მჯერა, რომ ბევრი რამ, რასაც საქართველო აკეთებს, შესანიშნავია, მჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობა ბევრ სფეროში არის შესანიშნავი და ამ სფეროებიდან ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი თანამშრომლობა თქვენს შეიარაღებულ ძალებთან.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp