წარსულში განვლილი რთული გზა და მომავალში მოპოვებული წარმატების გასაღები

ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე-ტოკიოდან, ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე- მინსკიდან, ოქროს მედალი საერთაშორისტო ტურნირზე-ყაზანიდან…

ეს ამ ეტაპზე იმ წარმატებული სპორტული კარიერის კიბის ბოლო სამი საფეხურია, რომელსაც ახალგაზრდა ძიუდოისტმა  ლუხუმ ჩხვიმიანმა ბოლო ორი წლის მანძილზე მიაღწია.

მსოფლიოში წარმატებული სპორტული კარიერით სახელი უკვე გაითქვა, თუმცა ლუხუმის შესახებ  საზოგადოებამ ბევრი არ იცის. ამიტომ გადავწყვიტეთ,  მასზე  ოჯახის წევრებსა და მეგობრებს გავსაუბრებოდით.

პირველ რიგში მის დას, ლიკა ჩხვიმიანს დავუკავშირდით.

-ლიკა, როგორი ძმაა ლუხუმი?

-იდეალური! ისეთი და-ძმობა გვაქვს, გადმოცემაც კი რთულია…

-როდის დაინტერესდა ლუხუმი  ჭიდაობით?

-თავდაპირველად ლუხუმსაც და ჩემს მეორე ძმასაც მამაჩემმა გაუჩინა ინტერესი ჭიდაობის მიმართ. სოფელში სპორტ-დარბაზი არ გვქონდა და შესაბამისად არ იყო საშუალება დაინტერესებული ახალგაზრდები მწვრთნელს ევარჯიშებინა, ამიტომ მამაჩემმა სახლში ყველაფერი შეძლებისდაგვარად მოაწყო, გვქონდა გირები, ძელები, ჰანტელები, რაზეც შემდეგ ლუხუმი ვარჯიშობდა.ხოლო როცა საცხოვრებელი შევიცვალეთ, შემდეგ უკვე იყო საშუალება მამაჩემს ლუხუმი მწვრთნელისთვის მიებარებინა. შემდეგ ნაკრებში ჩაირიცხა, რამაც მეტი მოტივაცია მისცა სპორტის ამ სახეობას ბოლომდე გაყოლოდა.

-რამდენად მოტივირებული იყო თავისი მიზნების მიღწევის განხორციელებისკენ მიმავალ გზაზე ?

-მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა რთული პერიოდები, მას არასდროს უთქვამს, რომ ჭიდაობას თავს დაანებებდა. ოჯახის წევრებს მსგავსი რამ არ გაგვიგია, პირიქით, ყოველთვის ცდილობდა რთული მდგომარეობიდან გამოსავალი ენახა და მაქსიმუმისთვის მიეღწია.

(ლუხუმი ძმასთან ერთად)

როცა ლუხუმი ჭიდაობს და ოჯახის წევრები ერთად პირდაპირ ეთერს თვალს ადევნებთ,რა ხდება ამ დროს ოჯახში? როგორია ემოციები…

– ნახევარ სიცოცხლეს ვკარგავთ, როცა ლუხუმის ჭიდაობას თვალს ვადევნებთ. ამ ყველაფერს ისეთი დიდი ემოციები ახლავს, თვალებზე ხელს ვიფარებ. ბევრჯერ მითქვამს, მოდი გამოვრთოთ ტელევიზორი და მერე ჩავრთოთ, როცა შეხვედრას დაასრულებსთქო, მაგრამ რა თქმა უნდა ამასაც ვერ ვაკეთებ…

-და როცა იმარჯვებს, ამ დროს რა ხდება? მეზობლები, მეგობრები როგორ ხვდებიან ამ ამბავს?

-ძალიან გვიხარია, ვტირით… ყველა სრულად ჩართულია, ლუხუმს ყველა ძალიან გულშემატკივრობს და გამარჯვების დროსაც ჩვენთან ერთად გამოხატავენ სიხარულს.

-ყველას გვახსოვს, როცა ლუხუმმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ კრიტიკოსებს სოციალური ქსელით მიმართა. (იხ:ვიდეო) რამდენად ემოციურია უარყოფითი კომენტარებისა და უსამართლო კრიტიკის მიმართ?

-უარყოფითი კომენტარები მას მხოლოდ აძლიერებს, მეტი არაფერი. ყველამ ვნახეთ, რეალურად ტურისტად ჩავიდა თუ მსოფლიო ჩემპიონობისთვის. ეგეთ რაღაცეებზე უფრო მე ვღიზიანდები, მაინც საწყენია როცა უარყოფითი შინაარსის კომენტარებს კითხულობ.

(ლუხუმ ჩხვიმიანი და-ძმასთან ერთად)

-როცა იგებენ, რომ ლუხუმის და ხართ, როგორ გხვდება საზოგადოება?

-ზოგადად ვცდილობ ყველგან ვთქვა, -“იცით მე ლუხუმის და ვარ!” (იცინის) და ხალხსაც შესაბამისი რეაქცია აქვს-ვაა მართლა? უკვირთ ხოლმე.

-ვიცით რომ ლუხუმს ძალიან უყვარს მშობლიური კუთხე.ზემო სვანეთში ხშირად ამოდის ხოლმე?

-ხშირად არა, მაგრამ ცდილობს წელიწადში რამდენჯერმე ამოვიდეს.ახლაც, გახდა თუ არა მოფლიო ჩემპიონი, მეოთხე დღეს უკვე მესტიაში იყო.თვითონ ამბობდა: მხოლოდ ჩემს კუთხეში, სვანეთში მაგრძნობინეს, თუ რამხელა წარმატებას მივაღწიეო. ყველას უხაროდა, ყველა მეფერებოდა და გულში მიხუტებდაო…

-რა არის ლუხუმის სამომავლო გეგმები?

-მთავარი მიზანი ლუხუმისთვის ოლიმპიადის მოგებაა, თუმცა მისივე თქმით ამ ეტაპზე ვერცხლით ან ბრინჯაოთიც კმაყოფილი იქნებოდა. ვარჯიშს ისევ აქტიურად განაგრძობს. შემდეგ კი მწვრთნელობაზე ფიქრობს. ამბობს, რომ თუ ოლიმპიადა ვერ მოვიგე, მომავალში ოლიმპიურ ჩემპიონებს თავად გავზრდიო.

ჩვენ ლუხუმის ბავშვობის მეგობარს ნუკრი ღვინჯილიაც დავუკავშირდით. ის „სვანეთინიუსთან“  საუბრისას ლუხუმთან ერთად გატარებულ იმ დღეებს იხსენებს, როცა თბილისში ჩასულ ოთხ მეგობარს ნაქირავებ ბინაში ერთად მოუწიათ ცხოვრება.

-ლუხუმას, მეგობრები ასე ვეძახით, ბავშვობიდან ვიცობ, ზუგდიდში ერთად ვიზრდებოდით. შემდეგ მე, ლუხუმას,მის ძმას და კიდევ ერთ ჩვენ მეგობარს-გიორგი კაციას კვლავ ერთად მოგვიწია თბილისში ბინის ქირაობა. თავდაპირველად ლუხუმას ნათესავთან,  1 ოთახიანი ბინაში, რამდენიმე თვე ცხოვრობდით.

-რა პირობებში გიწევდათ ერთად ცხოვრება და ვარჯიში?

გვქონდა ორი კიმონო, რომელსაც შეჯიბრებებზე ერთმანეთს ვთხოვნიდით. ვარჯიშიდან სახლში მოსულები საქმეებს ვინაწილებდით- როგორც გვიხერხდებოდა, ზოგი ვალაგებდით და ზოგი საჭმელს ვაკეთებდით. ერთმანეთს ხელს ყველანაუ რად ვუწყობდით.

-რამდენად შემართებით იყავით მსგავს სიტუაციაში? ხომ არ უთქვამს ლუხუმს ოდესმე,-თავს დავანებებ ჭიდაობასო.

-არასდროს უთქვამს მსგავსი რამე. კი, ასეთ დროს შეგვეძლო სხვა საქმისთვის მოგვეკიდა ხელი და დაგვენებებინა ვარჯიშისთვის თავი, მაგრამ ბავშვობიდან ფსიქიკაში გამჯდარი გვქონდა, რომ რომელიმეს მაინც აუცილებლად უნდა მიგვეღწია დიდი წარმატებისთვის, რასაც ახლა ლუხუმმა მიაღწია. 2008 წელი იყო, სამივე მეგობარი სამბოში საქართველოს ჩემპიონები გავხდით. მაგრამ სამწუხაროდ, აგვისტოს ომი იყო და ევროპის ჩემპიონატზე ვერ წავედით. არა და ერთ ერთი ყველაზე კარგი შანსი იყო იქ მოგვეგო.

-რაზე ოცნებობდა ხოლმე?

-წარმატებულ კარიერაზე და ოლიმპიურ ჩემპიონობაზე, რასაც თითქმის უკვე მიაღწია. მონაწილეობაც კი უკვე რამხელა წარმატებაა, მაგრამ მე მაინც ყველაზე დიდ წარმატებას, ოლიმპიურ ჩემპიონობას ვუსურვებ!

(ლუხუმი მეგობრებთან ერთად)

ლუხუმზე გვესაუბრა კიდევ ერთი მისი ბავშვობის მეგობარი, გიორგი კაცია. ისიც ლუხუმთან ერთად იზრდებოდა

-გიორგი, როგორი მეგობარია ლუხუმი?

-საუკეთესო მეგობარია, უღალატო, ერთგული. ყოველთვის გვერდში დაგიდგება და თუ დაგჭირდა თავსაც გასწირავს შენ გამო. ერთად ვიზრდებოდით და ძალიან ბევრი გამოვიარეთ ერთად, მაგრამ სწორედ მისი შეუპოვარი ხასიათის წყალობით ის დღეს წარმატებული სპორტსმენია.

-როგორი თვისებებითა და ხასიათებით გამოირჩევა?

-სერიოზულია, მაგრამ ჩვენთან, მეგობრებთან მხიარულია. ზოგადად ალალი, გულწრფელი და თავმდაბალი ადამიანია.როგორიც მეორე კლასში გავიცანი-ისეთია დღემდე. არ შეცვლილა და არც არაფერს შეუცვლია მისი თვისებები და ხასიათი. თვალდახუჭული ვენდობი ყველაფერში!

-როგორია ემოციები, როცა მეგობრები მის შეჯიბრებებს ადევნებთ თვალ-ყურს?

-მე პირადად ძალიან ვნერვიულობ, ემოციებში ვარ მისი თითოეული შეჯიბრის ყურების დროს. მაგრამ შემდეგ, როცა იმარჯვებს- ძალიან მიხარია. თუ შეცდომებს უშვებს და აგებს, ამასაც ძალიან განვიცდი. თუ აქვს დრო კიდე ვესაუბრები და ერთმანეთს ამ თემის ირგვლივ რჩევებს ვუზიარებთ.

-რამდენიმე დღეში ის კვლავ შეეცდება ოლიმპიადაზე გვასახელოს. რას უსურვებდით მას?

-დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ ლუხუმი მოგებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ამიტომ უბრალოდ ვუსურვებდი სპორტულ იღბალს, რომელიც ყველა სპორტსმენს სჭირდება და ასევე ვისურვებდი, რომ ოლიმპიადიდან ოქრო ჩამოეტანოს.

ოლიმპიადა 23 ივლისს, საქართველოს დროით 15:00 საათზე იწყება. ხოლო, ლუხუმ ჩხვიმიანს პირველი ასპარეზობა 24 ივლისს, დილის 7 საათიდან მოუწევს.

საქართველოს ბანკი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორი

წყარო © svanetinews.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp