“ძალიან ბევრს ეგონა, რომ რადგან ნეიტრალურები ვართ, არც ჯარი გვჭირდება. ღმერთმა ნუ ქნას, რომ უკრაინამ ვერ გაუძლოს, ჩვენ ვიქნებით მომდევნო”,  – ინტერვიუ მოლდოვის საზ. მაუწყებლის რედაქტორთან, ლიუდმილა ბარბასთან

“ძალიან ბევრს ეგონა, რომ რადგან ნეიტრალურები ვართ, არც ჯარი გვჭირდება. ღმერთმა ნუ ქნას, რომ უკრაინამ ვერ გაუძლოს, ჩვენ ვიქნებით მომდევნო”,  – ინტერვიუ მოლდოვის საზ. მაუწყებლის რედაქტორთან, ლიუდმილა ბარბასთან

კითხვა –  მოლდოვაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საკითხი აქტიურად განიხილება, მას შემდეგ რაც ცნობა The Times-მა გაავრცელა.  მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოლდოვაში ომის გავრცელების „უშუალო რისკები“ არ არსებობს. მან თქვა, რომ რუსეთის თავდასხმას შესაძლებლად არ თვლის, რადგან მოლდოვა არის ნეიტრალური ქვეყანა, რომელსაც „არასოდეს სურდა და არ უცდია ნატოში გაწევრიანება“. – რამდენად იზიარებენ ამ პროგნოზს ადგილობრივი ანალიტიკოსები ?

პასუხი –  გაჭირდება იმის თქმა, რომ ახლა არსებობს რაიმე პირდაპირი საფრთხეები მოლდოვის მიმართულებით, თუმცა ვითარება დაძაბულია და ასე იყო კონფლიქტის დაწყებისთანავე. ჩვენ სრულად ვიაზრებთ, რომ ღმერთმა ნუ ქნას, რომ უკრაინამ ვერ გაუძლოს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით მომდევნო. ასევე შეიძლება, რომ მომდევნო იყოს ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, მუქარა ისმოდა დიდი ბრიტანეთის მისამართითაც. თუმცა ეს დაძაბულობა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო დღეებში, როდესაც დნესტრისპირეთში რამდენიმე პროვოკაცია განხორციელდა. საკუთრივ დნესტრისპირეთშიც არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის ომს მხარს უჭერენ ან პირიქით – ეწინააღმდეგებიან.

კითხვა-  მომდევნო შეკითხვაც სწორედ ამ მოქმედებებს ეხება, რომელიც რუსეთმა, თავის მხრივ, ტერაქტად შეაფასა. რუსეთი ამბობს, რომ სროლა ისმოდა სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც მისი სამხედროებია განთავსებული და შეტევა მიიტანეს რადიო ანძაზე, რომელიც ასევე არის რუსეთის საკუთრებაში.  რამდენად სწორი ინფორმაცია ვრცელდება ამ პროცესებზე?

პასუხი – ამ ეტაპისთვის ძალიან რთულია იმის მტკიცება თუ ვინ ისროლა ან განახორციელა ეს პროვოკაციული აქტები. ერთის მხრივ, ერთი რუსი გენერალი ომის დაწყებამდეც კი აცხადებდა, თითქოსდა დნესტრისპირეთში რუსულენოვან მოსახლეობას ავიწროებენ, რაც ჩვენთვის სავსებით გაუგებარი იყო, იმიტომ რომ დნესტრისპირეთს აკონტროლებს საკუთრივ რუსეთი და ვინ ავიწროებს მაშინ ამ მოსახლეობას?  ჩვენი საზოგადოება და ხელისუფლება, ჩემი აზრით, საკმაოდ გონივრულად მოიქცა ამ პროცესში. იყო მოლაპარაკებები ოფიციალურ კიშინიოვს და ე.წ. დნესტრისპირეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის.

კითხვა – შესაძლო თავდასხმის შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ, რამდენად არის მზად მოლდოვა ამ სცენარისთვის, რომელიც ცხადია არავის გვსურს?

პასუხი – სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ მოლდოვა საერთოდ არ არის მზად ასეთი სცენარისთვის. ალბათ, ამიტომაც ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის სტატუს და არ შეურთდა ევროკავშირის სანქციებს და ეს ევროპელ ლიდერებსაც განუმარტა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრს ეგონა რომ ნეიტრალიტეტის სტატუსი ჩვენ დაგვიცავდა, მაგრამ როგორც 2014 წელს ვნახეთ ყირიმის დაპყრობისას, მაშინ უკრაინაც ნეიტრალური სახელმწიფო იყო, მაგრამ ამან ვერ შეუშალა ხელი რუსეთს.

ჩვენი პრობლემა არა მხოლოდ სუსტი ეკონომიკური განვითარებაა, არამედ ის რომ ძალიან ბევრს ეგონა, რომ რადგან ნეიტრალურები ვართ, თითქოსდა, ჩვენ არც ჯარი გვჭირდება. რა თქმა უნდა, რაღაც ტიპის თანამშრომლობა ნატოსა და ევროკავშირთან გვქონდა, თუმცა ეს არ იყო თანამედროვე შეიარაღებით გაძლიერება. მოლდოვაში ჯარი განიხილებოდა როგორც საშუალება, რომელიც სახელმწიფოს კლიმატური კრიზისების ან რაიმე მსგავსი შემთხვევის დროს დაეხმარებოდა. ახლა, რა თქმა უნდა, უკვე თვლიან როგორც სამხედრო ექსპერტები, ისე მთავრობაში, რომ აუცილებელია ჯარის რეფორმირება. გვჭირდება უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, და მეტი ინვესტირება ჯარში.

კითხვა -დასასრულს მინდა გკითხოთ რამდენად ახდენს დეზინფორმაცია და პროპაგანდა საზოგადოების განწყობებზე და სიმპატიებზე გავლენას, მით უფრო იმ ფონზე, რომ მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე საქართველოსთან და უკრაინასთან ერთად გააკეთა განაცხადი.

პასუხი – რა თქმა უნდა, რუსეთის პროპაგანდის გავლენა ძალიან დიდია, მოლდოვაში გვყავს პრორუსული ძალები, რომლებიც ცოტა ხნის წინ აიკრძალა უკრაინაში, თუმცა მოლდოვაში ისინი რჩებიან და აქვთ წვდომა სხვადასხვა ტრიბუნასთან. აქვთ საკუთარი არხები, რომლებიც აქ მაუწყებლობენ. ჩვენთან მოქმედებს აუდიოვიზუალური საბჭო, რომელიც მონიტორინგს უწევს და პერიოდულად უწესებს შეზღუდვებს, თუმცა ეს მათ არ აშინებთ. რაც შეეხება რუსეთის არხებს, მათი ზოგიერთი საინფორმაციო პროგრამა და დებატები იყო აკრძალული,  საგანგებო ვითარების დროს, თუმცა მე ვიტყოდი რომ ამ ვითარებაშიც კი მოლდოვის საზოგადოება გახლეჩილი რჩება, ისევე როგორც ბოლო 30 წლის განმვალობაში, დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელის მოწერის მომენტიდან. ჩვენ სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ვერ შევძელით ჩვენი საზოგადოების გაერთიანება რომელიმე კონკრეტული იდეის გარშემო.

რაც შეეხება კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ევროინტეგრაციის საკითხს ხალხი ყოველთვის უყურებდა მისი გეოპოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, თუმცა მგონია, რომ ახლა მეტი ადამიანი ეთანხმება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას. იმიტომ რომ ფაქტობრივად ალტერნატივა არ არსებობს, ევრაზიულ კავშირს ვერ მოვიაზრებთ ალტერნატივად. ასე რომ, მოლდოვის ევროპული არჩევანი არის, ალბათ ერთადერთი საშუალება, რომელიც მეტ შესაძლებლობას მოგვცემს განვითარებისთვის.   

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp