შინაური ფრინველი აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტერი არ არის – სეს-ის განმარტება [Video]

0

ბოლო რამდენიმე დღეა, ინტერნეტით აქტიურად ვრცელდება ვიდეობი, რომელშიც  ასახულია თუ როგორ ჭამენ ქათმები და ინდაურები აზიურ ფაროსანას. ამის შემდეგ გამოითქვა მოსაზრებები, რომ შესაძლებელია სწორედ შინაური ფრინველი იყოს მავნებლის ბუნებრივი მტერი. ეს მოსაზრება „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრმა“ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან გადაამოწმა.

სეს-ის უფროსის მოადგილე, ზურაბ ლიპარტია განმარტავს, რომ ბაღლინჯოს ამ სახეობის ბუნებრივი მტერი არის ის პარაზიტი რომელიც აზიანებს მავნებლის კვერცხს ან უშუალოდ აზიურ ფაროსანას. მისი თქმით, აზიური ფაროსანას სამშობლოში კვერცხის პარაზიტები მათ რიცხოვნობას 60%-დან 80%-მდე არეგულირებენ და  იქ მწერი საშიშოროებას აღარ წარმოადგენს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის შემოყვანის საკითხის შესწავლა უკვე დაწყებულია. ლიპარტიას განმარტებით, არსებობს მოსაზრება რომ სოფელ ანასეულში გაკეთდეს ბიოლაბორატორია, სადაც მოხდება მწერზე დაკვირვება და გადაწყვეტილება შედეგების გათვალისწინებით მიიღება.

მისი თქმით, მანამდე კი საჭიროა აზიური ფაროსანას რაოდენობის იმ მაჩვენებლამდე შემცირება,  რომ შესაძლებელი იყოს ბიოლოგიური აგენტების გამოყენება.  ამ ეტაპზე კი მავნებლის დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, მის წინააღმდეგ ბრძოლის ეს საშუალება უშედეგეო იქნება.

ლიპარტია აქვე აცხადებს, რომ აზიური ფაროსანა არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანისთვის, შინაური ფრინველისა და ცხოველისთვის.  ფრინველები მას როგორც ცილის ერთ-ერთ წყაროს ისე ჭამენ და ამ შემთხვევაში ხორცის საკვებად გამოყენება უვნებელია.

აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია  ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც  ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“

სინქრონი:

ზურა ლიპარტია – სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფროსის მოადგილე.

Leave A Reply