ღია და დახურული გრუნტის სპეციფიკაცია

საქართველოში 70–ზე მეტი დასახელების ბოსტნეული მოყავთ, როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში.

ღია გრუნტი   საშუალებას იძლევა ზამთრისპირა და ადრე გაზაფხულის თესვით გაიზარდოს საადრეო ბოსტნეულის წარმოება და შემცირდეს მოსახლეობის ბოსტნეულით მომარაგების სეზონურობა. ღია გრუნტის ნიადაგის დამუშავების სისტემა შედგება ძირითადი ხვნის, თესვის წინა დამუშავების და რიგთაშორისების დამუშავებისაგან.

ძირითადი ხვნა ანუ მზრალად ხვნა ტარდება ზამთრის პირას წინამორბედი კულტურის აღების შემდეგ. მზრალად ხვნა აუცილებელია ტენის მარაგის შესაქმნელად, მიკრობიოლოგიური პროცესების გასაუმჯობესებლად, მავნებელ–დაავადებათა მოსასპობად.

მზრალად მოხნული ნიადაგი გაზაფხულისათვის იტკეპნება, ამიტომ თესვისწინა დამუშავება, რომელიც იწყება ფარცხვა–დამუშავებით, უზრუნველყოფს ნიადაგის სახნავი ფენის გაფხვიერებას, ტენის მომარაგებას, ზედაპირის მოსწორებას. რაც შეეხება თესვის შემდგომ დამუშავებას , იგივე რიგთასორისების დამუშავებას, ხელს უწყობს ნიადაგის ქერქის წარმოქმნის აცილებას.

ნიადაგის ქერქი უნდა დაირღვეს როგორც აღმონაცენების გამოჩენამდე, ისე მის შემდეგაც, აგრეთვე წვიმის ან მორწყვის შემდეგ, როგორც კი ნიადაგი მიაღწევს ფხვიერ მდგომარეობას და არ წარმოქმნის კოშტებს.

მწკრივთაშორის დამუშავების სიღრმე დამოკიდებულია მცენარეთა ფესვთა სისტემის განვითარების თავისებურებაზე. ანუ იმ მცენარეებისათვის, რომელთა ფესვთა სისტემა განლაგებულია სახნავ ფენაში, ნიადაგის დამუშავებას ატარებენ პირველად დიდ სიღრმეზე და ამცირებენ მას ყოველი შემდგომი გაფხვიერებით. ხოლო რომელთა ფესვთა სისტემა მიდის უფრო ღრმად, პირველი დამუშავება იქნება ზედაპირული, ხოლო ყველა შემდგომი უფრო ღრმა.

ღია გრუნტში ბოსტნეული კულტურების თესლი უფრო მეტი ითესება, ვიდრე ეს საჭიროა მცენარეთა ნორმალურად მჭიდრო დგომისათვის. ამას აკეთებენ დაზღვევის მიზნით სხვადასხვა არახელსაყრელი პირობებისაგან. ამიტომ მცენარეები უნდა გამეჩხრდეს ნორმალური კვების არის უზრუნველსაყოფად 1–2 ნამდვილი ფოთლის ფაზაში.

მცენარეზე მიწის შემოყრა ხელს უწყობს დამატებითი ფესვთა სისტემის წარმოქმნას, მცენარეთა გამძლეობას ძლიერი ქარების, ჩაწოლის და დამტვრევის მიმართ.

ბოსტნეულ მცენარეთა ზრდა–განვითარების ერთ– ერთ   პირობად ითვლება ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობის შენარჩუნება მოქმედი ფესვთა სისტემის მასის გავრცელების ზონაში. ბოსტნეულ მცენარეთა თესლების უმრავლესობა ითესება 2–3 სმ სიღრმეზე. შემოდგომა–ზამთრის პერიოდში არასაკმარისი ნალექების მოსვლისას ან გაზაფხულის გვალვის დროს ნიადაგის ზედა ფენა შრება და აღმონაცენის გამოჩენა ფერხდება. ამ შემთხვევაში დიდი სარგებლობა მოაქვს ტენდამგროვებელ მორწყვას. ეს უკანასკნელი ამცირებს ნიადაგის გვალვას და წყლის ხარჯვას სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში მორწყვისას, ანადგურებს მავნებლებს და ნიადაგში გამოზამთრებულ მღრნელებს.

ამჟამად ბოსტნეულის მორწყვას ატარებენ ორი ხერხით: დაწვიმებით და ნაღარებით. დაწვიმებით მორწყვისას არ არის საჭირო ნიადაგის ზუსტი მოსწორება, მცირდება წყლის ხარჯი და აგრეთვე სარწყავი ქსელის გასაყვანი ხარჯები.

ნაღარებით მორწყვისას აუცილებელია ნაკვეთის მოშანდაკება, ნაღარების დაჭრა, სარწყავი ქსელის გაყვანა.

ბოსტნეულის 50%–ზე მეტი ჩითილის დარგვით მოყავთ დაცული გრუნტის პირობებში. ეს ხერხი გამოიყენება ბოსტნეულის საადრეო და მაღალი მოსავლის მისაღებად.

დაცულ გრუნტში(სათბურები, კვალსათბურები, ფირდაფარებული შემთბარი გრუნტი) ხელოვნურად იქმნება პირობები მცენარის ნორმალური ზრდა–განვითარებისათვის და არასეზონურ დროს მიიღება საადრეო ბოსტნეულის მაღალი მოსავალი, მაშინ, როცა ღია გრუნტიდან ამის შესაძლებლობა არ არის.

დაცული გრუნტის მარტივი სახეა შემთბარი გრუნტი. ეს არის მცირე საჩითილეები, თბილი კვლები, რომელიც ქვემოდან ორგანული სასუქით, სამრეწველო საწარმოების ანარჩენებით და ზემოდან მზით თბება.

დაცული გრუნტის შემდეგი სახეა–კვალსათბურები, რომელიც შეიძლება იყოს: ცალფერდა, ორფერდა, ჩაღრმავებული და მიწისზედა ბიოლოგიურ(ნეხვით) ან ტექნიკურ გათბობაზე(წყლით ან ელექტროენერგიით) ორიენტირებული.

ჩვენში უფრო გავრცელებულია ცალმხრივ დაქანებული, ჩაღრმავებული, ნახევრად ჩაღღმავებული ან მიწის ზედაპირული კვალსათბურების მოწყობა. ჩაღრმავებულ ან ნახევრად ჩაღრმავებულ კვალს, იმის მიხედვით, თუ როდის აწყობენ კვაკსათბურს, სხვადასხვა სიღრმეზე იღებენ. ადრეული ბოსტნეულისათვის კვლის სიღრმე 75 სმ–ია, საშუალოსათვის–50–60 სმ. ადრეულ კვალსათბურს ჩაღრმავებული კვლით აწყობენ ზამთარში, სხვადასხვა ბოსტნეულის გამოსაყვანად. საშუალო ვადის კვალსათბურს, ნახევრად ჩაღრმავებული კვლით, უფრო მეტად ჩითილების აღსაზრდელად აწყობენ ადრეული მოსავლის მიღების მიზნით. მათი მოწყობა არსებითად ერთნაირია, განსხვავება მხოლოდ კვლის სიღრმეშია.

მიწის ზედაპირულ კვალსათბურს, ჩაღრმავებული კვალსათბურებისაგან განსხვავბით, აწყობენ ყოველგვარი თხრილის გარეშე და სურვილისამებრ შეიძლება ადგილმონაცვლეობა.

კვალსათბურების ექსპლუატაციაში შესვლის მიხედვით, თუ როდის იწყებენ კვლასათბურებში თესვა–რგვას, იყოფიან: საადრეოდ, საშუალოდ და საგვიანოდ. ადრეული კვალსათბურების გამართვა იწყება დეკემბერ–იანვარში. კვლის სიღრმედ მიღებულია ცივი რაიონებისათვის 0,7–0,86 მეტრი, თბილი რაიონებისათვის 0,5–0,7 მეტრი.

საშუალო პერიოდის კვალსათბურის გამართვა იწყება თებერვლის შუა რიცხვებიდან და გრძელდება მარტის შუა რიხვებამდე. კვლის სიღრმედ მიღებულია ცივი რაიონებისათვის 0,5–0,7 მეტრი, თბილი რაიონებისათვის კი 0,35–0,5 მეტრი.

საგვიანო კვალსათბურების გამართვა იწყება მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის შუა რიცხვებამდე. კვლის სიღრმე ცივი რაიონებისათვის 0,30–0,55 მეტრია, თბილი რაიონებისათვის 0,20–0,35 მეტრი.

ორფერდა ტიპის კვალსათბური შეიძლება მოეწყოს როგორც მიწაში ჩაღრმავებული, ისე ნახევრად ჩაღრმავებული. ჩარჩოების ერთი სახურავი აღმოსავლეთისაკენ, ხოლო მეორე დასავლეთისაკენ უნდა იყოს მიმართული.

მზის თბიერების კვალსათბურს აწყობენ როგორც მიწაში ჩაღრმავებულს, ისე მიწის ზედაპირულს. უფრო გავრცელებულია მიწის ზედაპირული მზის თბიერების კვალსათბურები. მათი მოწყობა მხოლოდ საგვიანოდ შეიძლება, როდესაც საერთოდ მეტია მზიან დღეთა რიცხვი და მზის განათების ხანგრძლივობა.

ტექნიკური თბიერების კვალსათბურები შეიძლება იყოს მიწაში ჩაღრმავებული ან ნახევრად ჩაღრმავებული. კვასათბურების გასათბობად უფრო მეტად გამოიყენება ცხელი წყალი და ელექტროენერგია.

ცხელი წყლით და ორთქლით გათბობა შეიძლება მოეწყოს ჩვეულებრივი ტიპის კვალსათბურში. კომბინირებული გათბობის დროს 6 სმ სიმსხო ლითონის მილი, რომელშიაც ცხელი წყალი გადის, მისდევს გვირგვინის ჩრდილოეთის და სამხრეთის მხარის გასწვრივ და ათბობს ჰაერს, ხოლო 15 სმ დიამეტრის მილები იწყობა ნიადაგში.

უფრო რთული ტიპის საკულტივაციო ნაგებობას, რომელიც კვალსათბურისაგან იმით განსხვავდება, რომ მათში მუშაობა შენობის შიგნით ტარდება, მიეკუთვნება სათბურები.

სათბურების უპირატესობა კვალსათბურთან შედარებით შემდეგში მდგომარეობს:

1.სათბური გამოიყენება ყოველგვარი ბოსტნეულის მოსაყვანად, სელექციის დასაჩქარებლად, სამეცნიერო სამუშაოებისატვის და სხვ.

  1. სამუშაოები სათბურში შიგნით სრულდება.

3.გრუნტის სათბურებში ზოგიერთი სამუშაოები შეიძლება შესრულდეს მექანიზებულად, მაშინ როცა კვალსათბურების მცირე ზომა და მოცულობა აბრკოლებს საწარმოო პროცესის მექანიზაციას.

4.სათბურებში ტემპერატურის მერყეობა ნაკლებია კვალსათბურებთან შედარებით და განათების პირობები უკეთესია.

5.სათბურების და კვალსათბურების ერთნაირ ფართობზე, სათბურებში მინის ქვეშ მეტი სასარგებლო ადგილია, რაც იმას ნიშნავს , რომ მეტია ფართობის გამოყენების კოეფიციენტი.

6.წლის განმავლობაში კვალსათბურთან შედარებით სათბურებში გაცილებით მეტი რაოდენობის საერთო მოსავლის მიღება შეიძლება.

სათბურები არის: ცალფერდა, ორფერდა, ბლოკის და ანგარის. ისინი შეიძლება იყოს როგორც ზამთრის, ისე გაზაფხულის. ორფერდა სათბურები შეიძლება იყოს გრუნტის და თაროებიანი. ზამთრის სათბურები გაანგარიშებულია მხოლოდ ტექნიკურ გათბობაზე. გაზაფხულის სათბურები შეიძლება იყოს ბიოლოგიურ თბიერებაზე და ქონდეთ დამატებითი გათბობა.

ცალფერდა სათბურები–ერთმხრივ დაქანებულია სამხრეთისაკენ მიმართული მინის სახურავით.

ორფერდა სათბურები– ორმხრივ დაქანებულია მინის სახურავით და მიმართულია ერთი აღმოსავლეთისაკენ და მეორე დასავლეთისაკენ.

ბლოკის ტიპის სათბურები–შედგება საწრეტი ღარებით დაკავშირებული ორი ან რამდენიმე ორფერდა სათბურისაგან. სათბურების დამაკავშირებელი ღარები დაყრდნობილია ბოძებზე და შუა კედელი უტიხროა, გახსნილი.

სათბურების, კვალსათბურებისა და შემთბარი გრუნტისათვის საჭიროა გამოიყოს ნაკვეთი სამხრეთით ოდნავ დაქანებული ან სწორი ზედაპირით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სარწყავი წყლით და მისასვლელი გზებით.

დაცული გრუნტის ნაკვეთზე სათბურებს ჩრდილოეთ მხარეს, ხოლო კვალსათბურებსა და შემთბარ გრუნტს– ეს უკანასკნელი გამოიყენება ჩითილის გამოსაზრდელად და საადრეო ბოსტნეულის მოსაყვანად ადრე გაზაფხულის პერიოდში, სამხრეთ მხარეზე აწყობენ.

დაცული გრუნტის ნაკვეთის დაგეგმვის დროს აუცილებელია გათვალისწინება დამხმარე ნაგებობათა განლაგების, რათა უზრუნველყოფილი იყოს საწარმოო პროცესების მაქსიმალური მექანიზაცია.

დაცული გრუნტის დასაფარებლად იყენებენ სინთეზურ, სინათლის გამტარ ფირებს, ხოლო ღამე სითბოს შესანარჩუნებლად ეფარება საფარები, ჭილობები, კრაფტ–ქაღალდი.

ორფერდა და ბლოკის ტიპის სათბურებსა და კვალსათბურებს აწყობენ დაქანებით აღმოსავლეთისა და დასავლეთისაკენ, ხოლო ცალფერდას–სამხრეთისაკენ.

ორფერდა სათბურები შეიძლება იყოს თაროებიანი სიგანით 3,8 მ–დან 10 მ–დე და სიგრძით 15–60 მეტრამდე. ასეთი სათბურების ძირითადი დანიშნულებაა ჩითილების გამოზრდა და ბოსტნეულის მოყვანა იმ დროს, როდესაც მათში ჩითილების მოყვანა არ წარმოებს.

ორფერდა გრუნტის სათბურებში კულტურების მოყვანა ხდება არა თაროებზე, არამედ დაყრილ ნიადაგზე. ისინი არიან მსუბუქი კონსტრუქციის, ბიოლოგიურ თბიერებაზე.

გრუნტის სათბურებს ეკუთვნის: ანგარის, ბლოკის და დასაშლელი . აქედან ყველას ჯობია ანგარის, რომელიც დიდი ზომის ორფერდა შენობაა, რომელსაც სახურავი და გვერდები აქვს მინის.

გრუნტის დასაშლელი სათბური შედგება მსუბუქი კონსტრუქციის ჩონჩხისაგან, რომელზედაც კვალსათბურის ჩარჩო ეწყობა, როგორც ზემოდან, ისე გვერდებიდან და ერთმანეთზე მაგრდება კაუჭებით ან მავთულით. ზომით უმეტესად არის 50მ სიგრძის და 10 მ. სიგანის. ეს სათბური იშლება გვიან შემოდგომაზე და ჩარჩოები გამოიყენება კვალსათბურების გასამართავად. გრუნტის დასაშლელ სათბურებში ბოსტნეულის მოყვანა შესაძლებელია გაზაფხულის და შემოდგომის პერიოდში.

ბლოკის ტიპის გრუნტის სათბურები ორნაირია: 1. კაპიტალური, წყლის ცენტრალური გათბობით, სადაც ბოსტნეული შემოდგომა –ზამთრის პერიოდში მოჰყავთ.   2. მსუბუქი კონსტრუქციის, ბიოლოგიური გათბობით, სადაც ბოსტნეული გაზაფხულზე მოჰყავთ.

საჩითილე ბოსტნეული კულტურებია: პამიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, კიტრი, საზამთრო, ნესვი, ყაბაყი, კომბოსტოს ნაირები.

ღია გრუნტის ბოსტნეული კულტურები, რომელიც პირდაპირ ითესება: გოგრა, სალათების, მწვანილების, კომბოსტოსნაირების ნაირსახეობა, შეიძლება პამიდორი, კიტრი, წიწაკა, ხახვი, ნიორი, სტაფილო, ჭარხალი,საზამთრო, ნესვი,ბამია, მჟაუნა, რევანდი, კიტრუსუნა,ბარდა, ლობიო, საბოსტნე სოია და სხვ.

 

მოამზადა: ნატო კაკაბაძე