ქალის სამშვიდობო როლი

ავტორი: ნინა ხელაძე

“ბავშვობიდან მესმოდა საზოგადოებაში, სკოლაში, ქუჩაში „ჩვენი მტრები… ჩვენი მტრები“  და ყოველთვის ვცდილობდი გამეგო რატომ არის ასე. მქონდა კითხვები, მინდოდა ინფორმაცია.” 

ი.მ.  გალში ცხოვრობს. მიეკუთვნება თაობას, რომელიც უკვე გახლეჩილ საზოგადოებაში დაიბადა და სადაც გამყოფმა ხაზმა ერთმანეთისგან განცალკევებული  საერთო წარსულის მქონე ახალგაზრდები გაზარდა.

ახალგაზრდა აქტივისტი ახლა 21 წლისაა. სამშვიდობო პროექტებში სამი წლის წინ ჩაერთო.

„19 წლის ვიყავი, როდესაც ამგვარ პროექტებში მუშაობა დავიწყე, ვაგროვებდი ბიოგრაფიულ ინტერვიუებს სხვადასხვა ეთნოსის მქონე ადამიანებისაგან, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობდნენ. შემდეგ მსგავს ინტერვიუებს უკვე გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრები კოლეგებიც გზავნიდნენ.

როდესაც ისტორიებს ვუსმენდი, გავიაზრე რომ ძალიან ბევრი იყო საერთო, მაგრამ რაღაც მომენტში რაღაც არასწორად მოხდა. და აი ამ მომენტმა გახლიჩა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება. ძალიან ბევრი ადამიანი ამ დრომდე იტანჯება.“

ი.მ. ქალია. გვეუბნება, რომ აფხაზეთში დღეს რამდენიმე პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც მიზნად ხალხისთვის სამშვიდობო ხიდების მშენებლობას ისახავს. პროექტებში დაკავებულთა შორის თითქმის ყველა ქალია, „მამაკაცების დასათვლელად კი თითებიც საკმარისია.“ ვკითხეთ, მისი აზრით რამ განაპირობა ეს.

„არ ვიცი ზუსტად რა განაპირობებს იმას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მშვიდობის შენების მიმართულებით უმეტეს როლს ქალები ასრულებენ. რიგი ფაქტორი შეიძლება იყოს: კავკასიაში არსებული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, კაცია მთავარი და ქალი იკავებს დაქვემდებარებულ პოზიციას. არ არის საიდუმლო, რომ ქალები ხშირად ხდებიან სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი და შესაძლოა ამ გარემოებებიდან გამომდინარე ქალისთვის სიმშვიდე და მშვიდობა ოჯახში და საზოგადოებაში წარმოადგენს დიდი ღირებულებას. ამიტომაც მშვიდობის ფენომენს ის ძალიან აფასებს და ცდილობს მეტი ძალისხმევა გაიღოს მისთვის.“

მდგრადი მშვიდობის შესაქმნელად, ჩვენ გვჭირდება ქალის ხმა და ლიდერობა… როდესაც ქალები მონაწილეობენ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, სამშვიდობო ხელშეკრულებების ხარისხი და განგრძობადობა იზრდება, ხოლო როდესაც ქალები არიან სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმომწერი მხარეები, მათი განხორციელება უფრო სავარაუდოა, – ვკითხულობთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პუბლიკაციაში, რომელიც ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების თემას ეთმობა.

აფხაზეთში, სამშვიდობო პოლიტიკაში ქალების მაღალი ჩართულობის მაჩვენებელზე საუბრისას, ი.მ. კიდევ ერთი გარემოებას უსვამს ხაზს. ესეც უახლესი წარსულიდან.

„რუსეთის მხრიდან ბლოკადის დროს, როდესაც მამაკაცებს რუსეთის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ ჰქონდათ, ქალებმა მანდარინი მხრებზე შემოიდგეს და საზღვარზე თავად გადაჰქონდათ. ეკნომიკურ კეთილდღეობისა და მშვიდობის ასაშენებლად ქალებმა მეტი ძალისხმევა საკუთარ თავზე აიღეს.“

მშვიდობის შენების პროცესი ხანგრძლივი და მრავალწახნაგოვანია. ასევე რთულად ხელშესახებია მოკლე დროში ამ ძალისხმევის შედეგებიც. პროცესზე გავლენას არაერთი ფაქტორი, შიდა თუ გარე მოვლენა ახდენს. ჩვენ რესპონდენტს მშვიდობის შენების თვალხილული შედეგის დასახელება ვთხოვეთ. მან მაგალითად გალში განხორციელებული პროექტი დაგვისახელა, რომელშიც ჩართულმა ადამიანებმა დროთა განმავლობაში ერთმანეთის შეფასებისას ეთნოსის მსაზღვრელი ამოიღეს და გაუცხოების ნაცვლად მჭიდრო პროფესიული კავშირები დაამყარეს.

გალსა და სოხუმში მიმდინარე სამშვიდობო პროექტების მოცულობა დიდი არ არის, თუმცა მათში ჩართული ახალგაზრდები მჭიდრო კავშირში არიან ყარაბაღში, სომხეთში, აზერბაიჯანში და ოფიციალურ თბილისში მყოფ კოლეგებთან. როგორც წესი მსგავს პროექტებს უცხოელი დონორი ჰყავს. ი.მ. გვეუბნება, რომ ამ მიმართულებით მეტი მხარდაჭერაა საჭირო, რადგან პოზიტიური გავლენების მიღწევა შესაძლებელია.

„აქტიური ქალების სახით გამყოფი ხაზის ორივე მხარეს გვაქვს ძალიან კარგი რესურსი. მშვიდობის საშენებლად ყოველთვის არასაკმარისი ფინანსური მხარდაჭერა.”

საერთაშრისო დონორების მიერ მხარდაჭერილ ამგვარ პროექტებს შორის არის ICCN-ის მიერ 2017 წელს შექმნილი ქალ მედიატორთა ქსელი, რომელიც  სამხრეთკავკასიის ქალთა მონაწილეობით მიზნად ერთიანი მიდგომის და სამშვიდობო გამოცდილების ჩამოყალიბებას ისახავს.

მიუხედავად ძლიერი მტკიცებულებებისა, მათი ჩართვის სასარგებლოდ, ქალები დიდწილად შეუმჩნეველი რჩებიან და არ მონაწილეობენ მშვიდობიან ფორმალურ სამშვიდობო პროცესებსა და მოლაპარაკებებში, – ამასაც გაეროს ერთ-ერთ პუბლიკაციაში ვკითხულობთ. მოსაზრების გასამყარებლად კი ოფიციალური ციფრები ასე გამოიყურება:

  • 1992 – დან 2018 წლამდე ქალები შეადგენდნენ:
  • 13 პროცენტს მოლაპარაკებებისას
  • 3 პროცენტს მედიატორობისას
  • მხოლოდ 4 პროცენტს მთავარ სამშვიდობო პროცესებში ხელმომწერთა შორის – გაეროს მონაცემები.

მშვიდობის პროცესში ქალთა გავლენის აღიარებული მკვეთრად დადებითი გავლენის პარალელურად მოცემული რიცხვები შეუსაბამოდ გამოიყურება. მოცემულობის შეცვლის 6 პუნქტიანი გეგმა მიმდინარე წლის ოქტომბერში გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატებზე იქნება განხილული. პუნქტებს შორისაა:

• ქალების მნიშვნელოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა სამშვიდობო პროცესებში, სამშვიდობო შეთანხმებების განხორციელებასა და მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში;

• პოსტ კონფლიქტურ სიტუაციებში ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებაში ქალების მონაწილეობის უზრუნველყოფა;

და მშვიდობის მშენებლ ქალთა წარმომადგენლობებში ინვესტირება. ამ დებატებისადმი და მით უფრო, შედეგებისადმი ინტერესი მაღალია, მათ შორის ჩვენი რესპონდენტის მხრიდანაც. რომელსაც მსგავსი ტიპის ღონისძიებებში არადისტანციური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ძალზედ დაბალი აქვს. „რთულია ამ რუსული პასპორტით გადაადგილება. მეუბნებიან რადგან აფხაზეთიდან ხარ საქართველოდან გაემგზავრეო. მე კი საქართველოში ჩამოსვლა არ შემიძლია,“- ი.მ.

რესპოდენტის ინიციალები შეცვლილია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp