ფიტოსანიტარია და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა

სასოფლო–სამეურნეო კულტურებს ზიანს აყენებს მავნებლები: მწერები, ობობასებრნი და დაავადებები პარაზიტული: სოკოვანი, ბაქტერიული, ვირუსული, მიკოპლაზმური და არაპარაზიტული: ნიადაგის, კლიმატის და სხვა არახელსაყრელი ფაქტორების მოქმედებით გამოწვეული. კულტურების მიხედვით მავნებელ–დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები არის განსხვავებული.

ვაზის მავნებლები ორ ჯგუფად იყოფა: მიწისქვეშა–ფილოქსერა, ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა,მავთულა ჭიები, მახრა ანუ ბოსტანა, კავკასიის დიდი წმინდადხვევია და მიწისზედა ორგანოების მავნებლები: ლივორნული სფინქსი, კვირტის ჭია, ყურძნის ჭია, ფქვილისებური ცრუფარიანა, ბალიშა ცრუფარიანა, აკაციის ცრუფარიანა, ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა, ვაზის ქეჩიანი ტკიპა.

დაავადებები. ვაზის სოკოვანი დაავადებებია: ჭრაქი, ნაცარი, ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლე, ყურძნის თეთრი სიდამპლე, ყურძნის შავი სიდამპლე, ვაზის შავი ლაქიანობა, ფუზარიოზი.

ვაზის ბაქტერიული დაავადებაა: კიბო.

ვაზის ვირუსული დაავადებაა: ნეპოვირუსები, მოკლემუხლთაშორისობა, პამიდვრის რგოლური ლაქიანობის ვირუსი, მოზაიკა, ღეროს ფორიანობის ვირუსი, ფოთლების დახვევის ვირუსი.

ვაზის არაინფექციური დაავადებაა გარემოს არასასურველი მოქმედებით : სეტყვა,ქარი, გვალვა, წაყინვები–გამოწვეული სასიცოცხლო პროცესების დარღვევა: ვაზის ფუნქციური ქლოროზი და სხვ.

ვაზის მავნებელ–დაავადებათა წინააღმდეგ ინტეგრირებული მიდგომა ანუ ქიმიურ ღონისძიებებთან ერთად აგროტექნიკური ღონისძიებების: ნიადაგის დამუშავება, რწყვა, სხვლა დროული ჩატარება ერთერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა მავნებელ–დაავადებათა შესამცირებლად. მავნე ორგანიზმებიდან მცენარეთა დაცვის მეთოდებს შორის მნიშვნელოვანია სელექციური მეთოდი, რომელიც დამყარებულია ჯიშთა გამძლეობაზე შეჯვარების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.

ფიზიკურ–მექანიკურ მეთოდს იყენებენ ვაზის ფილოქსერასთან საბრძოლველად: დატბორება წყლის, ანასხლავების დაწვა.

ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდია მტაცებელი მწერების გამოყენება. წარმატებებია მიღწეული ფერომონების–ბიოლოგიურად აქტიური სუნიანი ნივთიერებების გამოყენებით, რომელსაც მწერები გამოყოფენ სპეციალური ჯირკვლებიდან და ჰაერის ნაკადის საშუალებით ვრცელდება გარემოში, საპასუხო რეაქციას იწვევს იმავე სახეობის ინდივიდებზე.

ბრძოლის ქიმიური მეთოდია პესტიციდების გამოყენება, რომლებიც მოქმედი ობიექტის მიხედვით იყოფიან: ინსექტიციდებად, აკარიციდებად, ფუნგიციდებად, ზოოციდებად, ჰერბიციდებად.

ხეხილის მავნებლებია : ატმის ბუგრი, ვაშლის მწვანე ბუგრი, ალუბლის ბუგრი,ქლიავის ბუგრი, ბურტყლა ბუგრი, კალიფორნიის ფარიანა, ცხვირგრძელა, კვირტის ფოთოლხვევია, ალუბლის ბუზი, ვაშლის ნაყოფჭამია, ვაშლის ჩრჩილი, პარკხვევია, ოქროკუდა, წითელი აბლაბუდიანი ტკიპა, ხეხილის მურა ტკიპა.

დაავადებები: ვაშლის ქეცი, ვაშლის ნაცარი, ხეხილის ბაქტერიული კიბო, ვაშლის ტოტების შავი კიბო, ვაშლის ნაყოფის ლპობა, ვაშლის ჭანგა, ვაშლის ფოთლის ლაქიანობა, ვაშლის ტოტების ხმობა, ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, ატმის ფოთლის ნაცარი, გარგარის ვერტიცილოზური ხმობა, კურკოვნების ციტოსპოროზი,

ხეხილის მავნებელ–დაავადებათა წინააღმდეგ ტარდება შემდეგი ბრძოლის ღონისძიებები: ნიადაგის მზრალად დამუშავება, მორწყვა, გამხმარი ხეების ამოძირკვა, ჩამოცვენილი, დამპალი ფოთლების, ნაყოფების შეგროვება–დაწვა,მავნებლების მოზამთრე ბუდეების, კვერცხების მოსპობა, ხეხილის ფუღუროების გასუფთავება და ცემენტით ამოვსება, სასარგებლო ფრინველების მოზიდვა–დაცვა.

კენკროვანი კულტურების მავნებლებია: ფოთლის ბეწვიანი ცხვირგრძელა, მარწყვის და ხენდროს ფოთოლხვევია, ხურტკმელის ყვითელი ხერხია, აბლაბუდიანი ტკიპა.

დაავადებები: ფოთლის სილაქავე, ნაცრისფერი სიდამპლე, ჟოლოს მეწამული სილაქავე, ჟოლოს ანთრაქნოზი, თეთრი სილაქავე.

ციტრუსოვანი კულტურების მავნებლები: ფრთათეთრა, რბილი ცრუფარიანა, ცვილისებური ცრუფარიანა, ნარინჯოვანთა ყვითელი ფარიანა, ვერცხლისფერი ტკიპა, წითელი ტკიპა.

დაავადებები: ციტრუსოვანთა ხმელა, ბაქტერიული ნეკროზი, ანთრაქნოზი, გუმოზი, მეჭეჭიანობა, მელანოზი, ნაცრისფერი სიდამპლე.

სუბტროპიკული კულტურების მავნებლები: ხურმის ბალიშა ცრუფარიანა, ლეღვის ფსილა, ლეღვის ალურა, ლეღვის ცილაჭამია, ამერიკული თეთრი პეპელა, ბროწეულის ბუგრი, ბროწეულის ტკიპა, ბროწეულის ნაყოფჭამია, კაკლის ქეჩისებრი ტკიპა, თხილის ცხვირგრძელა, დაფნის ფსილა, სათბურის თრიფსი.

დაავადებები: ხურმის ნაცრისფერი სიამპლე, ხურმის კიბო, ხურმის ქეცი, ხურმის მაკროფომოზი, ლეღვის ანთრაქნოზი, ლეღვის ასკოქიტოზი, ლეღვის კიბო, დაფნის ნაცარი, დაფნის ჭკნობა, დაფნის მაკროფომოზი, დაფნის ფოთლის ყავისფერი ლაქიანობა, ფესვის სიდამპლე.

ბოსტნეულ–ბაღჩეული კულტურების მავნებლები:კომბოსტოს თეთრულა, კომბოსტოს ხვატარი, კომბოსტოს ჩრჩილი,კომბოსტოს ბუგრი, პამიდვრის ჟანგა ტკიპა, სათბურის ფრთათეთრა, ხახვის ბუზი, ნესვის ბუზი, ბაღჩის ბუგრი, ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა.

დაავადებები: კომბოსტოს კილა, კომბოსტოს თეთრი ლაქიანობა, კომბოსტოს ალტერნარიოზი, კომბოსტოს ჭრაქი ანუ პერენოსპოროზი, კომბოსტოს მშრალი სიდამპლე–ფომოზი, ბაქტერიოზი, პამიდორის თეთრი ლაქიანობა, პამიდორის მშრალი ლაქიანობა, პამიდორის მურა სიდამპლე, ძაღლყურძენასებრთა შავფეხა, მეჭეჭიანობა, თამბაქოს მოზაიკის ვირუსი, სტოლბური, ბაღჩეული კულტურების ჭკნობა, ფესვის სიდამპლე, გოგრისებრთა ნაცარი, გოგრისებრთა ანთრაქნოზი, გოგრისებრთა ვირუსი, გოგრისებრთა კუთხოვანი ლაქიანობა.

მარცვლეული კულტურების მავნებლები: ველის ჭრიჭინა, მავთულა ჭიები, ბუზები, ფესვის ბუგრები, მღრნელი ხვატარები, კალიები, ჭია–წურბელა, პურის ბაღლინჯოები, ხოჭოები.

დაავადებები: ხორბლის მყრალი გუდაფშუტა, მტვრიანა გუდაფშუტა, ხორბლის ღეროს გუდაფშუტა, ხორბლის ღეროს ჟანგა, ხორბლის მურა ჟანგა, ხორბლის ყვითელი ჟანგა, ხორბლის ნაცარი, ხორბლის სეპტოტიოზი, შავი ბაქტერიოზი, ფუზარიოზული სიდამპლე,ხორბლის მოზაიკა, სიმინდის კალია, ველის ჭრიჭინა, სიმინდის ზოზინა, ტკაცუნა, მდელოს ხვატარი, ზოლებიანი ჭრიჭინობელა, სიმინდის ფარვანა, ბამბის ხვატარი, ტაროს მშრალი სიდამპლე, სიმინდის ღეროს და ფესვის სიდამპლე, სიმინდის ფოთლის ჰელმინთოსპორიოზი, ფოთლის ბაქტერიოზი, მტვრიანა გუდაფშუტა, სიმინდის ბუშტოვანი გუდაფშუტა, სიმინდის ფუზარიოზი.

პარკოსანი კულტურების მავნებლები: ბუგრები, ბაღლინჯო, ფოთლის ცხვირგრძელა,მემარცვლია, ხვატარი.

დაავადებები: ლობიოს მოზაიკა, ბარდის ასკოქიტოზი, ჟანგა, ფესვის სიდამპლე, ლობიოს ანთრაქნოზი.

კარტოფილის მავნებლები: კოლორადოს ხოჭო, ღეროს ნემატოდა, კარტოფილის ჩრჩილი.

დაავადებები: კარტოფილის ფიტოფტორა, შავი სიდამპლე, რიზოქტონია, შავფეხა.

ტექნიკური კულტურების მავნებლები: ბუგრი, ბაღლინჯო, ცხვირგრძელა, ბუზი, მზესუმზირას ალურა, ხარაბუზა, თამბაქოს ბუგრი, თამბაქოს თრიფსი, ბამბის ხვატარი.

დაავადებები: ჭარხლის ფესვის და გულის სიდამპლე, ცერკოსპორა, ბაქტერიოზი, ჟანგა, მზესუმზირას ალურა, მზესუმზირას ხარაბუზა, მზესუმზირას ჭრაქი, თამბაქოს ფოთლების ბაქტერიული დაწვა, აღმონაცენის სიდამპლე, თამბაქოს ჭკნობა, თამბაქოს ჭრაქი, აბრეშუმა, თამბაქოს მოზაიკა.

ინტეგრირებული დაცვა.

 

ზემოთ აღნიშნულ მავნებელ–დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა ხერხის ერთდროული გამოყენება ცნობილია ინტეგრირებული ბრძოლის სახელწოდებით, რომელიც პირველ რიგში პესტიციდების ისეთ დროს და ისეთი სახით გამოყენებას გულისხმობს, რომ მავნებლების ბუნებრივ მტრებს საშუალება მიეცეს მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი სასარგებლო მოქმედება. ინტეგრირებულ ბრძოლაში შედის აგრეთვე სელექციური, აგროტექნიკური, ბიოლოგიური, ბიოფიზიკური, მექანიკური ბრძოლის მეთოდები და სანიტარულ–ჰიგიენური ღონისძიებები, რომლებიც მავნე ორგანიზმების რიცხვიანობას ამცირებენ და საღი მცენარეების მიღებას უზრუნველყოფენ.

ინტეგრირებული ბრძოლა არის ქიმიური, ბიოლოგიური, აგროტექნიკური და სხვა მეთოდების კომბინაცია მიმართული მცენარეთა მავნებლების, ავადმყოფობების და სარეველების წინააღმდეგ, კონკრეტულ ეკოლოგიურ–გეოგრაფიულ ზონაში, შესაბამის სასოფლო–სამეურნეო მცენარეზე, რის შედეგადაც მიიღწევა მავნე ორგანიზმთა რიცხვიანობის რეგულირება სასარგებლო ბუნებრივი ორგანიზმების მოქმედების შენარჩუნებით, ე.ი. ინტეგრირებული ბრძოლა თავისთავად საჭიროებს რეგიონალურ მიდგომას.

ინტეგრირებული დაცვა ითვალისწინებს აგროტექნიკური პროფილაქტიკის მეთოდების გამოყენებას, მათ შორის მავნე ორგანიზმების გამრავლების აღმკვეთი ან განვითარება–გავრცელების ხელშემშლელი ღონისძიებების გატარებას, მავნე ორგანიზმების მიმართ გამძლე, იმუნური ჯიშების კულტივირებას, სასარგებლო ორგანიზმების დამზოგავი და მოქმედების გამააქტივებელი ხერხების ხმარებას, რომლებიც არეგულირებენ მავნებლების, ფიტოპათოგენებისა და სარეველების პოპულაციების დინამიკას. აგრობიოცენოზის დეტალური ანალიზის, მავნე ორგანიზმთა განვითარებისა და მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალის ობიექტური შეფასების საფუძველზე მავნეობის აღმკვეთი აქტიური ღონისძიებების: ბიოლოგიური, ბიოტექნიკური და ქიმიური საშუალებების გამოყენებას. მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა გულისხმობს არა მავნებლების, ავადმყოფობების გამომწვევი ორგანიზმებისა და სარეველების ტოტალური მოსპობის, არამედ მათი რიცხვიანობის მართვას, ვინაიდან მავნე ორგანიზმები არა მარტო დასაცავ მცენარესთან, არამედ აგროცენოზის შემადგენელ სხვა ბევრ კომპონენტთანაა დაკავშირებული.

ინტეგრირებული ბრძოლის დროს პესტიციდების გამოყენების ჯერადობა და მასშტაბები მნიშვნელოვნად მცირდება, რითაც კლებულობს გარემოს დანაგვიანების საშიშროება და მცენარეულ პროდუქტებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ქიმიური შენაერთების (პესტიციდების ან მისი ქიმიური დაშლის პროდუქტების) ნაშთის რაოდენობა.

პესტიციდების და აგროქიმიკატების გამოყენების და უსაფრთხო მოხმარების სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, FAO-ს ,,პესტიციდების განაწილებისა და გამოყენების წესების საერთაშორისო კოდექსი’’, ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი’’, საქართველოს კანონები ნიადაგის, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის შესახებ. აგრევე აქტები, საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი 4312-სსმ 1, #4, მუხლი 55. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი 6167, 25.05.2012 წ.

 

           ტერმინოლოგია.

ჯიში–მცენარის ჯიში არის გენეტიკური თავისებურებით განპირობებული ორგანიზმი, რომელიც ამა თუ იმ ნიადაგურ–კლიმატურ პირობებში ავლენს მისთვის დამახასიათებელ ნიშან–თვისებებს, რაც გამოიხატება მიღებული პროდუქტის რაოდენობასა და ხარისხში.

პოპულაცია–ერთი სახეობის ინდივიდების ერთობლიობა, რომელიც იკავებს გარკვეულ ტერიტორიას.

პესტიციდი– ბრძოლის ქიმიური საშუალება, რომელიც გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო მცენარეების დასაცავად მავნებლების, დაავადებებისა და სარეველებისაგან, აგრეთვე სასოფლო–სამეურნეო ცხოველების პარაზიტების, მღრნელების გასანადგურებლად.

ინსექტიციდი– ქიმიური პრეპარატი სასოფლო–სამეურნეო მცენარეების მავნებელი მწერების მოსასპობად.

აკარიციდი– ქიმიური პრეპარატი სასოფლო–სამეურნეო მცენარეების მავნებელი   ტკიპების მოსასპობად.

ფუნგიციდი–ქიმიური პრეპარატი სასოფლო–სამეურნეო მცენარეების მავნებელი   სოკოების მოსასპობად.

ჰერბიციდი–ქიმიურიპრეპარატი არასასურველი სარეველა მცენარეებისმოსასპობად.

 

მოამზადა: ნატო კაკაბაძე