“სამურაი კრაზანას“ საქართველოში შემოყვანაზე ჯერ საუბარიც არ არის – სამეცნიერო კვლევითი ცენტრი [Video]

“სამურაი კრაზანას”/იაპონური კრაზანა საქართველოში შემოყვანაზე ჯერ საუბარიც არ არის,- ამის შესახებ შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ისაუბრა. ლევან უჯმაჯურიძის განმარტებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბუნებრივი მტრის საქართველოში შემოყვანამდე სჭიროა განხორციელდეს კვლევები, რაც ამ დრომდე არ დაწყებულა.  სამეცნიერო შესწავლისთვის კი აუცილებელია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია, რომლის მოდერნიზაციაც ანასეულში უკვე მიმდინარეობს.

გასულ კვირას გავცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ-ერთ შესაძლო გზად საქართველოში მისი ბუნებრივი მტრის შემოყვანას განიხილავს. რასაც მოსახლეობის მხრიდან კრიტიკული კითხვები  მოჰყვა. საზოგადოების განწყობის ერთ-ერთი მიზეზი მწერის შესახებ არასწორი და არასრული ინფორმაცია იყო.

„სამურაი კრაზანა“ არის საშუალოდ ერთი მილიმეტრის (0,5-1,5 მმ) მწერი, ის ზომით გაცილებით ჩამოუვარდება ფაროსანას. უმეტესად, 90 %-ზე მეტ შემთხვევებში, აზიანებს მხოლოდ ფაროსანას კვერცხს. „სამურაი კრაზანა“ საკუთარ კვერცხებს აზიური ფაროსანას კვერცხში დებს, საიდანაც 3 კვირის შემდეგ არა ფაროსანა, არამედ “სამურაი კრაზანა” იჩეკება.

ფაროსანა საშუალოდ 200 კვერცხს დებს,  ხოლო ერთ მდედრ კრაზანას მათგან  მაქსიმუმ 40-ის პარაზიტირება შეუძლია.

იაპონური კრაზანა არ ესხმის თავს ცხოველებსა და ადამიანებს, ასევე არც სხვა მწერებს.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი გვეუბნება, რომ იაპონური კრაზანა, შემოყვანის შემთხვევაში, არ შეუქმნის საფრთხეს ქართული ფუტკარის პოპულაციას. შესაძლო რისკების შესახებ, ინფორმაცია გასული წლის შემოდგომაზე ვრცელდებოდა.

გასულ კვირას სოციალურ ქსელში იაპონური კრაზანასთან დაკავშირებით კიდევ ერთი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, შესაბამისი ფოტოებით, თითქოსდა მწერი ადამიანისთვისაც საფრთხის შემცველია. სპეციალისტები არწმუნებენ საზოგადოებას, რომ ინფორმაცია მცდარია და ფოტოები არ ასახავს რეალობას.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:

ლევან უჯმაჯურიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, ლერი ზაქაიძე.