რამდენად Smart-ია  კრემლი

აქა ამბავი საეჭვო რუსულონოვან მედიაპლატფორმაზე

ავტორები: ნათია კუპრაშვილი, ნინა ხელაძე.

“2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების წლისთავის ფონზე, “სისტემური ოპოზიციის” და მათი სატელიტების მხრიდან სპეკულაცია გრძელდება საუკუნოვან “რუსულ საკითხზე”. აბა, როდის, თუ არა ახლა? „ცირკის პატრიოტების“ მრავალხმიანობა კვლავ მოუწოდებს ხელისუფლებასრუსეთის ფედერაციიდანტურისტებისთვის, ემიგრანტებისთვის და თუნდაც ქართველი რეპატრიანტებისთვის ვიზები შემოიღოს.

პრორუსული ნარატივით გაჯერებული რუსულენოვანი სტატია 8 აგვისტოს გამოქვეყნდა მედია პლატფორმა Smart Press–ის ვებგვერდზე. უავტორო შინაარსში გაქილიკებულია ქართული ოპოზიცია, დასავლეთი, უკარაინის მხარდამჭერები.

ციტატა სტატიიდან: „სისტემური ოპოზიციონერები უკვე დიდი ხანია ეჯიბრებიან ერთმანეთს ისტერიის დონით და აშინებენ თანამოქალაქეებს „რუსი დივერსანტების ბრბოების“ შემოჭრით. მათ საერთოდ არ ადარდებთ, რომ ეს მომგებიანია საქართველოს ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის და ასიათასობით რიგითი მოქალაქისთვის.“

აქვე, ცინიკურად არის მოხსენიებული კორონავირუსის პანდემია, რომელსაც ანონიმი ავტორი „მოდური დაავადებად“ მოიხსენიებს.

ციტატა სტატიიდან: „მოდური დაავადების“ წინააღმდეგ გუშინდელი მებრძოლებიც კი უცებ „უკრაინის პატრიოტებად“ იქცნენ. შესაბამისად, განახლდა რუსული საკითხი. ახლა არ არის შორს  ჩინურიც.“

გარდა იმისა, რომ უცნობია სტატიის ავტორის ვინაობა, Smart Press–ის ვებ გვერდის  დეტალური შესწავლის შემდეგაც რთულია იმის დადგენა თუ ვინ დგას რუსულენოვანი კრემლისტური ნარატივის გამმეორებელი მედიის უკან და ვინ არის მედია პლატფორმის დამფინანსებელი.

სტატიაში უკრაინის ომზეც ისეა საუბარი, რომ რუსეთი არცერთხელ არის ნახსენები. პირიქით, ნარატივი სრულად უკრაინის ერთგვარ თვითდაზიანების გზავნილს იმეორებს. ამავდროულად, შექებულია საქართველოს პოლიტიკა.

ციტატა სტატიიდან: „რა თქმა უნდა, საქართველოში არავინაა, ვისაც უკრაინის პროექტული ომი გაუხარდება. ეს არის ხოცვა-ჟლეტა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ აქცევს ოდესღაც მდიდარ განვითარებად ქვეყანას „უკაცრიელ ზონად“, როგორც ბირთვული აფეთქების შემდეგ. თავად საქართველოს ამჯერად უფრო გაუმართლა. ქვეყანა არ აჰყვა სამხედრო ავანტიურას, ინარჩუნებს შიდა სტაბილურობას, არ შეარყია მისი სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება და არ მიუყენებია ეკონომიკური ზიანი ცალმხრივი სანქციების დაწესებით. თუმცა სწორედ ამისკენ მოუწოდებენ და მოუწოდებდნენ „ცირკის პატრიოტები“ .

ერთ-ერთი სტატია კი დასცინის საქართველოში ახლახანს დაწყებულ კამპანიას, სლოგანით ,,რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს”, რომლსაც პროდასავლური სამოქალაქო და მედიაორგანიზაციებისგან შემდგარი ,,კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის” ატარებს.

რაც შეეხება მედიას, რადგან საკუთრივ ვებ გვერდი მფლობელის შესახებ ინფორმაციას არ იძლევა, ჩვენ გადავამოწმეთ თუ ვის სახელზეა ვებ-გვერდის დომეინი რეგისტრირებული.

registrator.ge -ს მიხედვით, საიტის დომეინის რეგისტრატორი ვახტანგ მგელაძეა. პლატფორმა რეგისტრირებულია 2021 წლის 4 ივნისს.

თუმცა, ოფიციალური რეგისტრაციის თარიღის მიუხედავად (2021.04.06) საიტზე შეხვედბით 2017 და 2014 წლით დათარიღებულ მასალებსაც.

რაც შეეხება ვახტანგ მგელაძეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ მიერ შექმნილი ვებ გვერდის, Companyinfo-ს მიხედვით, ის დაკავშირებულია 6 კომპანიასთან: შპს პრესის სახლი, შპს ჯენერალ ფრომოუშენი, შპს მედია ფროდაქშენი, შპს გლობალ მედია, შპს რადიო მონტე კარლო 101,4 ეფ ემ radio, შპს საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი.

ვახტანგ მგელაძე ასევე ფიგურირებს მარეგულირებელ კომისიასში წარმოებულ დავაში, რომელიც ეხებოდა შპს „რ რადიოს“ მიერ საქართველოში  რადიოსადგურ ,,სპუტნიკის“ მიერ 101,4 მგჰც სიხშირეზე მაუწყებლობის დაწყებას. საქმეში არსებულ ფაქტრობრივ გარემოებებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2015 წლის თებერვალში შემდეგნაირად აღწერს:

„2014 წლის 12 ნოემბერს ქართულ და რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რუსული რადიოსადგურ ,,სპუტნიკის“ მიერ საქართველოში 101,4 მგჰც სიხშირეზე მაუწყებლობის დაწყების თაობაზე; კერძოდ, საუბარი შეეხებოდა რადიო ,,მონტე კარლოს“ (შპს ,,რ-რადიოს“ ბრენდული სახელწოდება) ეთერში რადიო სპუტნიკი-საქართველოს საცდელი მაუწყებლობის განთავსებას. მედიაში გასული ინფორმაციის თანახმად, რადიო სპუტნიკი-საქართველო წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სააგენტოს – МИА ,,Россия сегодня“-ს პროდუქტს, რომელსაც ხელმძღვანელობს ცნობილი რუსი ჟურნალისტი დიმიტრი კისილევი.“

ბოლო შესაბამისობის დეკლარაციის მიხედვით, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გვერდზე იძებნება, შპს „რ რადიოს“ ბენეფიციარი მესკაუთრე გახლავთ სწორედ ვახტანგ მგელაძე.

     ამონარიდი მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებიდან:

რაც შეეხება კრემლისტურ მედია „სპუტნიკს“, მისი გავრცელება, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ, შეიზღუდა არაერთ ქვეყანაში, თუმცა საქართველოში ის დღესაც ჩვეულებრივ მუშაობს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს პუტინის ერთ–ერთი მთავარი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ბოლოდროინდელი  განცხადებაც, რომელშიც ის პირდაპირ ამბობს, რომ შეზღუდვების საპასუხოდ და პრევენციისთვის კრემლის  მედიები ალტერნატიული გავრცელების საშუალებებს ქმნიან.

როგორია ამ მხრივ კრემლის ტაქტიკა, ჩვენი ვლოგით გიყვებოდით:

ჩვენ დავუკავშირდით საკუთრივ ვახტანგ მგელაძესაც. ის ჩვენთა საუბარში ადასტურებს, რომ spress–ის მფლობელია და ამბობს, რომ მედიას ჰყავს ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელიც ერთ წელზე მეტია ინტენსიურად მუშაობს, თუმცა არ დაგვიკონკრეტა ჟურნალისტთა ვინაობა, ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა დაფინანსების შესახებაც და გაგვითიშა ტელეფონი. რის შემდეგაც ჩვენ დამატებით მივწერეთ შეკითხვა, კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიის ბაზაში არსებულ საქმეზე (იხილეთ ზემოთ), რომ დაგვეზუსტებინა აქვს თუ არა მას დღესაც კავშირი რადიო სპუტნიკთან? პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

განახლება: ვახტანგ მგელაძემ, გუშინ შეწყვეტილი საუბრის შემდეგ, გაგზავნილ კითხვაზე, დღეს გვიპასუხა. მგელაძე არ უარყოფს კავშირს “სპუტნიკთან”, თუმცა ამბობს რომ ეს “ის სპუტნიკი” არ იყო. ასევე მოგვწერა, რომ Spress ამ ეტაპისთვის დამფინანსებლები არ ჰყავს, თუმცა “მაღალია ინტერესი ბიზნეს წრეებისაგან, რომელთაც სურთ ქვეყანაში სტაბილურობა”.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp