პასუხი საზოგადოებრივ მაუწყებელს და მიმართვა შესაბამის ორგანოებს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა – JRC, მომზადებული ფილმის, ,,რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ თაობაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, ფილმის შემოქმედებითი გუნდის ჩართულობითა და მაუწყებელთა გაერთიანებული თვითრეგულირების ორგანოს ფარგლებში განიხილა და დაადგინა შემდეგი:

დეზინფორმაციაა, რომ ,,დეზინფორმაციაა – საზოგადოებრივ მაუწყებელს მოეხსნა სპონსორობაზე შეზღუდვა და გაუთანაბრდა კერძო კომპანიებს, ასევე გაორმაგდა კომერციული რეკლამისთვის გამოყოფილი დრო და მაუწყებელს მიეცა უფლება ყოველ საათში 12 წუთის რეკლამა განათავსოს”.

განმარტება:  კერძო მაუწყებლებსაც, მაუწყებლობის შესახებ მოქმედი კანონის შესაბამისი მუხლით (რომელიც ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელსაც) ეკრძალებათ შემდეგი პროგრამების სპონსორობა: ახალი ამბების პროგრამები, პროგრამები პოლიტიკურ საკითხზე, პროგრამები მომხმარებელთა უფლებების შესახებ, საარჩევნო და ან საარჩევნო კამპანიასთან პირდაპირ დაკავშირებული პროგრამები. საზოგადოებრივი მაუწყებელი JRC-ის პასუხად წერს, რომ მაუწყებელი  უფლებამოსილია, გაყიდოს მხოლოდ გასართობი გადაცემების, სერიალების და მხატვრული ფილმების სპონსორობა,  რაც ზემოთჩამოთვლილი პროგრამების მიღმა დარჩენილი პროგრამებია. შესაბამისად სრულად მართებულია ჟურნალისტური ტექსტი, რომლითაც ,, სპონსორობაზე შეზღუდვა მოიხსნა და გაუთანაბრდა კერძო კომპანიებს“

მანიპულაციურია საზოგადოებრივი მაუწყებლის პასუხის შემდეგი ჩანაწერი:

“პირველ არხს უფლება მიეცა, არასაუკეთესო დროს ყოველ საათში განათავსოს მხოლოდ 3 წუთის რეკლამა“. – აღნიშნულს, საზოგადოებრივი მაუწყებელი უპირისპირებს ჟურნალისტის შემდეგ ტექსტს: ,, გაორმაგდა კომერციული რეკლამისთვის გამოყოფილი დროც. 2018 წლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა უფლება ყოველ საათში 12 წუთის რეკლამა განეთავსებინა”.

მაუწყებლობის შესახებ მოქმედ კანონში ვკითხულობთ, რომ ,,სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამების დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში, კომერციული რეკლამის მოცულობა დღე – ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ყოველ საათში – 12 წუთს (20%-ს)”. კანონში ცვლილებამდე, ეს შეზღუდვა დღე-ღამეში 30 წუთით, ყოველ საათში კი 6 წუთით იყო განსაზღვრული, შესაბამისად ჟურნალისტის ტექსტი დროის გაორმაგების შესახებ ამ ცვლილების შესაბამისია, მით უფრო, რომ ფილმი სწორედ საერთაშორისო სპორტული რეპორტაჟების პერიოდის კვლევას ეხება. კანონში, გამონაკლისი წესის სახით ვხვდებით ჩანაწერს, ,,ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს)“ , საზოგადოებრივ მაუწყებელს მანიპულირებისთვის სწორედ ეს საგამონაკლისო ჩანაწერი მოჰყავს, JRC -ის ფილმის პასუხად.

დეზინფორმაციაა, რომ ,,დეზინფორმაციაა – საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამა გადიოდა მხატვრული ფილმების, „მოამბის“ და სხვა გადაცემების ჭრებში“.

განმარტება: JRC-ის მიერ მომზადებულ ფილმში, მსგავსი შინაარსით, შემდეგ ტექსტს ვხვდებით : „თიკო ბერძენიშვილის მტკიცებას, რომ არხს შეცვლილი კანონით არ უსარგებლია  და რეკლამა არ გაუყიდია, კვარტლური ანგარიშების გარდა,  ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტენტის მონიტორინგის შედეგებიც. ის რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი 2018 წლიდან უკვე სარგებლობდა მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით,  დასტურდება კომპანია “თრი მედია ინტელიჯენსის“ მონიტორინგის მონაცემებითაც, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ.

მონიტორინგი აჩვენებს, რომ  მაუწყებლის ეთერში რეკლამა დაკვირვების პერიოდში მხატვრული ფილმების, მოამბის და სხვა გადაცემების დროს განხორციელებულ ჭრებშიც გადიოდა, რისი უფლებაც მაუწყებელს საკანონმდებლო ცვლილებებამდე არ ჰქონდა, რადგან სარეკლამო ჭრა ძველი რედაქციით, როგორც უკვე ვთქვით, უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ  სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის და კონკურსის პროგრამაში  – დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს.“

ფილმში მითითებულია კონკრეტული წყაროები, რომელსაც ეყრდნობა ჟურნალისტური ტექსტი. იგივე წყაროები ჩანს კადრებში. მონიტორინგი, რომელსაც დაეყრდნო ფილმი, საკვლევი პერიოდის შესაბამისია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,დასაბუთება“, რომ ,, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კომერციული რეკლამა არც ერთ სარეკლამო ბლოკში არ განთავსებულა,“ ასევე მანიპულაციურია, რადგან ფილმის აღნიშნული ეპიზოდი სწორედ იმას ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სარგებლობდა შეცვლილი კანონის მინიჭებული უფლებით – კომერციული რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით.

დეზინფორმაციაა, რომ ..დეზინფორმაციაა – საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებულ ანგარიშებში არხის სარეკლამო შემოსავლების სხვადასხვა ციფრია ასახული“.

განმარტება: საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ მანიპულირებს, როდესაც ამბობს, რომ ,,ფილმში ერთმანეთთან შედარებულია აბსოლუტურად სხვადასხვა პერიოდისა და მომსახურების მონაცემები“. JRC-ის ფილმში დეტალურად არის განმარტებული, რომ ერთმანეთს შედარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებული  2018 წლის მეორე კვარტლის ანგარიშში მოყვანილი ციფრები, და ამავე კვარტლის მონაცემები, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიაწოდა. მომსახურების სახეობებში კი შედარება სწორედ რეკლამისა და სპონსორობის მომსახურებაზე გაკეთდა.

დეზინფორმაციაა, რომ ..დეზინფორმაციაა – 2018 წელს რეკლამის განთავსების ნაწილში კანონში განხორციელებული ცვლილებებით ზიანი მიადგა რეგიონულ მაუწყებლებს“.

განმარტება: საზოგადოებრივი მაუწყებელი აქ, სავარაუდოდ, ფილმში ჟურნალისტის შემდეგ ტექსტებს ეხება:

“კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებელში მოხვდა, არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიში. მასში შეფასებულია კომერციულ რეკლამასთან და სპონსორობასთან დაკავშირებით კანონში შესული ცვლილებების გავლენა”.   

„საზოგადოებრივ მაუწყებელზე სარეკლამო და სასპონსორო დროის ზრდა უარყოფითად აისახება ბაზარზე, განსაკუთრებით, მცირე მაუწყებლებზე“.   

“ეს ლევან ალექსიშვილია, კომპანია რეგიონ მედია მარკეტის ხელმძღვანელი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სარეკლამო დროის ზრდას სხვებთან ერთად პარლამენტშიც ეწინააღმდეგებოდა. რეგიონ მედია მარკეტი რეგიონული ტელევიზიების რეკლამის დიდ წილს ყიდის.  2018 წელი ლევან ალექსიშვილისთვისაც  აშშ-ს დეპარტამენტის დასკვნას მოწმობს“.

ამონაწერიც ადასტურებს, რომ ფილმი ეყრდნობა რელევანტურ წყაროებს, ესაა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და რეგიონული ტელევიზიების რეკლამების რეალიზატორი კომპანიის ხელმძღვანელის მოსაზრება. წყაროები ფილმში ნათლად არის წარმოდგენილი.

განმარტებაში საზოგადოებრივი  მაუწყებელი მიგვითითებს, რომ ფილმში გამოყენებული წყარო – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა შეიცვალა და შესაბამისად არ არის რელევანტური. რაც ტყუილია: ფილმში ციტირებული ნაწილი დღესაც  უცვლელია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამასთან მიიჩნევს, რომ ,,დარღვეულია ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვების და გადაცემის მიმართ არსებული მოთხოვნები“. ამგვარი პოზიცია უაღრესად სამწუხაროა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, რომელიც უარყოფს მაუწყებელთა ქცევის კოდექსით ჟურნალისტებისთვის ნიჭებულ უფლებას, რაც ხშირად სავალდებულოც კია – საჯარო ინტერესის არსებობისას, მასალა, რომლის მოპოვებაც შეუძლებელია ღია ქმედებით, მოპოვებულ იქნას ფარულად. უაღრესად სამწუხაროა, რომ  საკანონმდებლო ცვლილებებით მიღებული უფლებით,  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გარკვეულწილად შეზღუდა საჯარო ინფორმაციის გაცემა, რასაც ჩვენი ფილმიც მოწმობს. აღნიშნულ მუხლთან, ისევე როგორც სხვა აღიარებულ პრინციპებთან დაკავშირებით თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმართავს  თვითრეგულირების ორგანოებს (მაგალითად ,,ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“)  JRC მზად არის ჩაერთოს განხილვაში.

JRC ასევე აცხადებს, რომ ბოლომდე დაიცავს საკუთარი ჟურნალისტების და მედიაორგანიზაციის უფლებას, ნებისმიერ ინსტანციაში, რადგან შესაბამისი მუქარის შეტყობინებები უკვე მიუვიდა შემოქმედებითი ჯგუფს წევრებს.

JRC კატეგორიულად აცხადებს, რომ არც ერთი ინტერვიუ, ამასთან არც ერთი შინაარსი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არ არის მანიპულირებული და  შეესაბამება მოპოვებულ მასალებს.

შემოქმედებით გუნდსა და მაუწყებელთა გაერთიანებული თვითრეგულირების ორგანოს ჩართულობით  წარმოებული განხილვის შედეგად, JRC მკაფიოდ ადგენს, რომ ფილმში არც ერთი მითითებული დეტალი არ არის დასარედაქტირებელი და შესაცვლელი.

JRC გაოგნებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან განხორციელებული შტურმით და ცალკეულ პირთა მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებული მუქარით, მოლოდინის საწინააღდმეგოდ – საზოგადოებრივ მაუწყებელს ეზრუნა ფილმით ნაჩვენები პრაქტიკის გამოსწორებაზე.

JRC მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც ,,მოამბის“ მთავარ გამოშვებაში ცალმხირვად და მიკერძოებულად გააშუქა თემა (მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება გააცნო აუდიტორიას ფილმის შესახებ, რომლითაც უსაფუძვლოდ დაგვდო ბრალი მიზანმიმართულ სიცრუეში, ისე, რომ ,,მოამბეს“ არ ჰქონია მცდელობა მაყურებლისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია – თუ რას ეხებოდა საერთოდ ფილმი და არც JRC პოზიცია წარუდგენია აუდიტორიისთვის) თანაზომადი საშუალებით გააცნოს პირველი არხის მაყურებელს JRC პოზიცია.

 JRC კვლავ მოუწოდებს, როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ისე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, განსაკუთრებით კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დროულად შეისწავლონ ფილმით ნაჩვენები საკითხი.