ოლიმპიადის ორგზის მონაწილე პირველი ქართველი ტანმოვარჯიშე – სალომე ფაჟავა მედლის მოსაპოვებლად ემზადება

პირველი ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშე, რომელიც  ოლიმპიურ თამაშებზე მეორედ  იასპარეზებს, მისთვის მნიშვნელოვანი შეჯიბრისთვის ემზადება. სალომე ფაჟავა  ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელს დაიცავს.

სალომემ მხატვრულ ტანვარჯიშში მეცადინეობა 2005 წელს დაიწყო. ამ სპორტისთვის საკმაოდ გვიან, 7 წლის ასაკში, მის მიერ მიღწეული წარმატებები ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო. თუმცა,  მისმა ნიჭიერებამ და საქმისადმი პროფესიონალურმა მიდგომამ საქმის სიყვარულთან  ერთად შედეგიც მალე გამოიღო.

saklome fajava

სალომე ფაჟავამ 2012 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მომდევნო წლებშიც არაერთი გრან-პრის გამარჯვებული თუ მედალოსანი გახდა.

2015 წელს, დიდების მსოფლიო ჩემპიონატზე მას სულ ცოტა დააკლდა საპრიზო სამეულში შესულიყო, საბოლოოდ მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა, იმავე წელს ბაქოში გამართულ პირველ ევროპულ თამაშებზე, 17 წლის ასაკში, ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

saklome pajava

სალომე ფაჟავა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორე მხატვრული ტანმოვარჯიშეა, რომელმაც ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.

სალომესთვის ეს რიგით მეორე ოლიმპიადაა. 2016 წელს ის რიო -დე – ჟანეიროში იმყოფებოდა. სამწუხაროდ  მაშინ ტრავმის გამო საპრიზო ადგილზე გასვლა ვერ შეძლო და მე-14 ადგილი დაიკავა.

როგორ ემზადებოდა სალომე ფაჟავა ოლიმპიადისთვის, რა სირთულეების გადალახვა მოუწია COVID პანდემიის გამო  და როგორია გულშემატკივრების მოლოდინები – საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაზციის პრეზიდენტი, კონსტანტინე ლაშხი  2016 წელს იხსენებს და გვიყვება, რომ იმ წლის შედეგი სალომესთვის ტოკიო 2020-ის სტიმული აღმოჩნდა.

„სამწუხაროდ სალომემ რიოს ოლიმპიადაზე ტრავმა მიიღო. ამან იმოქმედა მასზე. ფაქტობრივად შეხვედრებზე გამაყუჩებლებით, ნემსებით გამოდიოდა. მაგრამ, ვთვლი, რომ მაინც კარგი შედეგი დადო.

ძალიან მიზანდასახული, მებრძოლი სპორტსმენია. მან ნამდვილად დაიმსახურა ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე მოხვედრა.“

ზაფხულის ოლიმპიადა, რომლის მასპინძლობის უფლება ტოკიომ 2013 წელს მოიპოვა, 2020 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. პანდემიის მეორე წელს ისევ არსებობდა ოლიმპიადის ჩაშლის საფრთხე, თუმცა, საბოლოოდ, მისი ჩატარება გადაწყდა. ამავე მიზეზით, ოლიმპიურ შეჯიბრებებს დაესწრება მხოლოდ იაპონელი მაყურებელი და ისიც მხოლოდ 4 პრეფექტურაში, სადაც ეპიდსიტუაცია შედარებით სტაბილურია. კიდევ 4 პრეფექტურის, მათ შორის ტოკიოს მოედნებზე არც იაპონელი მაყურებელი დაიშვება. პანდემიამ გავლენა იქონია მონაწილეთა მომზადების პროცესზეც.

„პანდემია ნამდვილად იყო ხელისშემშლელი პირობა ყველა სპორტსმენისთვის და სალომეც არ გახლავთ გამონაკლისი. ფაქტობრივად ორი წელი ჩაკეტილები ვიყავით. მოგეხსენებათ დახურულ სივრცეში ვარჯიში არ შეიძლებოდა.  სალომემ  სრულფასოვანი  წვრთნა, პანდემიიდან გამომდინარე, დეკემბერში დაიწყო. ჩვენი დარბაზი დიღომშია, რომელიც დაკეტილი იყო.  თბილისის მერიამ  გამონაკლისი დაუშვა და მის სპორტსკოლაში გამოგვიყო ადგილი. იმის გამო, რომ  დარბაზი არასტანდარტული იყო, ცოტა რთული გამოდგა  ვარჯიში. ფაქტიურად, სრული დატვირთვით,  სალომემ ერთი თვე ივარჯიშა  საქართველოში.“ – გვიყვება  კონსტანტინე ლაშხი.

სალომე ფაჟავა ასპარეზობის წინ ისრაელში ვარჯიშობს, როგორც ტანვარჯიშის ასოციაციის პრეზიდენტი გვეუნება,მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენს მენჯ  – ბარძაყის    პრობლემები აქვს, მისი შემართება და მოტივაცია ამით არ მცირდება.

“ბოლო ვარჯიშებს ოლიმპიადის წინ ისრაელში გადის და მადლობა ამის გამო ჩვენ ებრაელ კოლეგებს. იქ საუკეთესო პირობებია. სალომე დიდი დატვირთვით  ვარჯიშობს და ემზადება. მე მისი იმედი მაქვს, ვიცი, თავს არ დაზოგავს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელოს. სპორტსმენისთვის კიდევ ერთი შემაფარხებელი ფაქტორი, არის ის, რომ წელს ოლიმპიადა ფაქტიურად გულშემატკივრის გარეშე მიმდინარეობს. მაგრამ რას ვიზამთ…  ვფიქრობ, რომ სალომე საკუთარ თავს გაამხნევებს და მისცემს ძალას, ბამ ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგი აჩვენოს. დარწმუნებული ვარ მის წარმატებაში”.

სალომე ფაჟავა ტოკიო 2020 ოლიმპიადის ასპარეზობაში 6 აგვისტოდან ჩაერთვება.

საქართველოს ბანკი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორი

წყარო © GuriaTV.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp