ნინო სალუქვაძის მე-9 ოლიმპიადა

ქართველი გულშემატკივრების ყურადღება ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე, ტყვიის მსროლელთა დინასტიის წარმომადგენლისადმი არის მიპყრობილი. ნინო სალუქვაძის შესახებ, ოჯახის ყველაზე უმცროსს მსროლელს, ცოტნე მაჭავარიანს ვესაუბრეთ.

“ამ ყველაფრის მიღწევაში იმდენი სირთულე იყო,  ამის სიტყვებით გადმოცემა ძნელია. 9 ოლიმპიურ ციკლში ლიცენზიის მოპოვება და მონაწილეობა ურთულესია. დედა ყოველთვის ფორმაში იყო, მისი სიძლიერე ამ საქმეში იმდენად დიდია, რომ თავადაც მიჭირს ნინოს არსებობის დაჯერება.”


 ცოტნე სიამაყით გვიყვება, რომ ნინო არის პირველი ქალი, რომელიც ოლიმპიურ თამაშში “back-to-back”-ში მონაწილეობდა.
„იყო ქალი და იყო ჩემპიონი- ნინოს მთავარი ნიშა პოზიტიურობა, საკუთარი თავის რწმენა და მტკიცე ნებისყოფაა.“ – ასე ხედავს ცოტნე დედის წარმატებულ გზას.

დედა -შვილი

“ბავშვობაში იარაღებით ვთამაშობდი. მანქანები არასდროს ყოფილა გართობის საშუალება. როცა წარმატებულ დედას ვუყურებდი, სურვილი მიჩნდებოდა მეკეთებინა ის, რასაც დედა აკეთებდა. ნინო თავისი პროფესიით იყო ბედნიერი და სწორედ ამიტომ, ამ ტრადიციის გაგრძელება გადავწყვიტე. უკვე 9 წელია, სროლის სამყაროში ვარ. დედა, ძალიან მკაცრი იყო. ჩემგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვდა.”

ცოტნეს დედაზე საუბრისას ემოციებს ვერ ფარავს და გვიყვება, რომ ნინო არის დედა, რომელიც სხვებისთვის მაგალითი უნდა იყოს. ვინც პირადად იცნობს, ყველას უკვირს, რომ ასეთი უშუალო ადამიანია. არის ძალიან მეგობრული და შეუძლია ყველას გაუგოს. გვიმხელს, რომ ნინო სალუქვაძის ხსენებისას, მისთვის, მის კარიერაზე მნიშვნელოვანი, დედის ადამიანობაა.

შორიდან გულშემატკივრობა

“ჩემთვის მტკივნეულია ამ ყველაფერს მედიის საშუალებით ყურება. განვიცდი, რომ ახლა ნინოს გვერდით არ ვარ. ერთ-ერთ ოლიმპიადაზე, ფინალში რომ მოხვდა, ძალიან ვნერვიულობდი. ვნერვიულობდი, როცა ლიცენზიისთვის იბრძოდა. ნინომ არ გაუშვა შანსი და მიკვირდა, როგორ შეძლო ამხელა სტრესის დროს თავის კონტროლი. ის ყველაფერში რეკორდსმენია, როგორც ოლიმპიადებში, ისე მედლების რაოდენობაში.“ -იხსენებს ცოტნე.

ცოტნე ტოკიოში  დედის წარმატებაში დარწმუნებულია. ამბობს, რომ ნინო მიზანდასახულია და ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს.

საქართველოს ბანკი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორი

წყარო © TV25.GE

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp