მეტი, ვიდრე რელიგია

“ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ წარმოადგენს ოთხ ქვეყანაში წარმოებულ მედიის კვლევის შედეგებს. კვლევის მიზანი  რუსული პროპაგანდის მესიჯებთან, საშუალებებთან და მეთოდებთან მიმართებით, უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებით  შექმნილი სიტუაციის გაშუქების შესწავლა და გაანალიზება იყო.

უკრაინაში დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნება იწვევს ფუნდამენტურ ცვლილებას რუსეთის გავლენასა და რბილი ძალის (soft power) სტრუქტურაში პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, ვინაიდან ეს ცვლის მოსკოვის როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის  წამყვანი საეკლესიო ცენტრის სტატუსს, რომელიც თითქმის ხელუხლებელი რჩებოდა დაახლოებით 300 წელზე მეტი დროის განმავლობაში. ეს ფუნდამენტური ცვლილება გავლენას ახდენს ყველა სამიზნე ქვეყანაზე – სომხეთზე, ბელორუსზე, საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე – და მნიშვნელოვანს ხდის იმას, რომ ვაცნობიერებდეთ რუსეთის პროპაგანდასთან მიმართებით შექმნილ ბოლოდროინდელ სიტუაციას, ჰიბრიდული საფრთხეებისადმი გამძლეობის შენარჩუნების მიზნით. ბოლო მოვლენები საშუალებას იძლევა, გავაანალიზოთ რუსული პროპაგანდის შეგუებადობა და  შესაბამისი საკითხის მედია მონიტორინგის მეშვეობით უმნიშვნელოვანეს გამოწვევებზე რეაგირება სამიზნე ქვეყნების მედიაში.

საქართველოში მედიათა შერჩევის საფუძვლად გამოყენებულ იქნა სატელევიზიო აუდიტორიის მთვლელი კომპანიების TVMR -ს და TMI-ს მონაცემები და  დაკვირვებისთვის ორი მაუწყებელი შეარჩია : 1. ,,რუსთავი 2“, რომელიც დაკვირვების პერიოდში ეკუთვნოდა საქართველოში გავლენიან ოპოზიციურ ძალასთან ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ პირებს და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებით, ატარებდა ხელისუფლებისადმი მკვეთრად ოპოზიციურ სარედაქციო პოლიტიკას, ასევე დეკლარირებული ჰქონდა პროდასავლური პოზიცია. 2. ტელეკომპანია ,,იმედი“, რომელიც  ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების თანახმად, ატარებდა საქართველოს ხელისუფლებისადმი ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას და კრიტიკულად იყო განწყობილი ოპოზიციური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.

ონლაინ მედიათა შერჩევის საფუძვლად გამოყენებულ იქნება TOP.ge -ს მონაცემები, ასევე UNDP -ს მედიამონიტორინგის პროგრამის ფარგლებში მომზადებული კვლევები და შერჩეულ იქნა 2 მედიასაშუალება: 1. Netgazeti.ge და  2. Ipress.ge

საქართველოში კვლევის ძირითადი მიგნებები ასეთია:

·         გავლენიანი ქართული მაუწყებლები საკითხს უმეტესად ნეიტრალურ ტონში აშუქებდნენ, ასევე გვხდება თემის პოზიტიური გაშუქების არაერთი მაგალითი.

·         საკვლევი თემის გაშუქების თვისებრივი ანალიზიც ადასტურებს საქართველოში გავლენიანი მედიების პოლიტიკურ პოლარიზაციას, რაც ამ შემთხვევაში აჩვენებს გარკვეულ მანიპულაციურ გაშუქებას როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. კონკრეტულად კი, ,,რუსთავი 2“- თან შეინიშნება მანიპულაციური გაშუქება საქართველოს საპატრიარქოს გარკვეული ნაწილისა და საქართველოს  ხელისუფლებაზე რუსეთის გავლენის საჩვენებლად, ხოლო ,,იმედის“ მხრიდან ხელისუფლებისადმი ლოიალური მიდგომა გადაზრდილია საქართველოს საპატრიარქოსადმი ლოილაურ მიდგომაში.

·         ორივე არხზე ვხვდებით რუსული ნარატივის გამეორების შემთხვევებს, ორივე შემთხვევაში რუსული პროპაგანდისტული მესიჯები ისმის  რუსულ მედიაში რუსეთის საპტრიარქოს მაღალი იერარქიის მხრიდან გაკეთებული განცხადებების კვალდაკვალ. ორივე მედიაში ვხვდებით მაგალითს, როცა ამგვარი ინფორმაცია ნეიტრალურად არის გადაცემული, მაგრამ მას არაფერი უპირისპირდება. ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ ერთ ამგვარ რეპორტაჟში საქართველოში მოღვაწე თეოლოგების ჩაწერით ცდილობს ამ შინაარსთან შეპირისპირებას, თუმცა  მოპასუხის რეჟიმში ყოფნაც გარკვეულწილად გზას უხსნის რუსულ პროპაგანდას – ახალი ტირაჟირებისთვის. ,,იმედზე“ ვხვდებით შემთხვევას, როცა ამგვარი შინაარსი (რუსული ეკლესიის პოზიცია) კიდევ უფრო გაძლიერებულია საქართველოში ჩაწერილი წყაროების განცხადებებით. თუმცა ამგვარი შინაარსი, თემის ზოგად გაშუქებასთან შედარებით, საკმაოდ მცირეა.

·         ორივე მედიაში თემა დაკავშირებულია  ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის თემასთან, რომელსაც ასევე აქვს ავტოკეფალიის მიღების სურვილი, თუმცა ,,რუსთავი 2“ის რეპორტაჟებში არაერთგზის არის ახსნილი, თუ რატომ არ არის ეს ლეგიტიმური პარალელი, განსხვავებით ,,იმედისგან“, სადაც ამგვარ განმარტებას ვერ ვხვდებით.

·         საკვანძო სიტყვებიდან ტელეკომპანიებში ყველაზე ხშირად არის გამოყენებული – უკრაინის ავტოკეფალია, ასევე ხშირია ,,ტომოსი“-სა და ,,ფილარეტის“ გამოყენებაც. ორივე არხზე არაერთგზის ვხვდებით ტერმინს ,,ისტორიული სამართლიანობა“.

·         ონლაინ მედია საშუალებები საკითხს უფრო ობიექტურად, სიღრმისეულად და თანმიმდევრულად აშუქებენ, ვიდრე ტელეკომპანიები.

·         ონლაინ მედიასაშუალებები აუდიტორიას სთავაზობენ როგორც ნიუსურ, ისე ანალიტიკურ სტატიებს, ისინი ტელემედიებისგან განსხვავებულ წყაროებს, მათ შორის ექსპერტებს ეყრდნობიან. ასევე აცნობენ აუდიტორიას ტელემედიის მიერ გამოტოვებულ თემებს.

·         საკვანძო სიტყვათაგან ონლაინმედია ერთმანეთის მსგავსად ყველაზე ხშირად ,,უკრაინის ავტოკეფალიას“ და ,,ფილარეტს“ ახსენებს, ასევე გვხვდება ,,კონსტანტინეპოლის პატრიარქი“ ,,მოსკოვის საპატრიარქო“, გამონაკლისია ,,ეკლესიის გახლეჩა“

·         რუსული პროპაგანდისტული ნარატივი გამოკვლეულ ონლაინმედიებში ირიბად აღწევს, მაშინ როცა გამოცემები ცდილობენ პასუხი გასცენ რუსული მედიებით გავრცელებულ მესიჯებს.

·         რუსული პროპაგანდით ,,საქართველოსთვის განკუთვნილი მესიჯბოქსი“ შემდეგი სახისაა: მსოფლიო პატრიარქი დასავლეთის მონობაშია. მისი ხელით დასავლეთმა გახლიჩა მართლმადიდებლური ეკლესია. უკარაინის ავტოკეფალიის გამოცხადება ხდის ისეთი ეკლესიების ავტოკეფალიის აღიარებას – როგორიცაა აფხაზეთი. რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ავტოკეფალიის აღიარება იქნება იძულებითი ნაბიჯი, რაც დასავლეთის მიერ მართლმადიდებლური ეკლესიის გახლეჩის შედეგია. საქართველოს მიერ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება შეუქცევადს გახდის აფხაზეთის ავტოკეფალიის აღიარებისა და საქართველოს საპატრიარქოსგან საბოლოო გაყრის პროცესს.

საქართველოში კვლევა Journalism Resource Center-მა ნათია კუპრაშვილის ავტორობით განახორციელა.

კვლევა ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით,  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრი ორგანიზაციების INTERNEWS UKRAINA, Media Diversity Institute (სომხეთი) და დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ცენტრთან (მოლდოვა) თანამშრომლობით.