მედიის როლი კონფლიქტების პრევენციაში – ჟურნალისტების ხედვა

„მედიის როლი კონფლიქტების ესკალაციაში უფრო ფართოდ არის აღიარებული ვიდრე მშვიდობის შენებაში“,-ეს გახლავთ ციტატა კონფლიქტების პრევენციის ევროპული ცენტრის 2007 წლის ანგარიშიდან. ამავე დოკუმენტში ასახულია ყველა ის შესაძლო ხელსაწყო, რომლის გამოყენებითაც მედია შეიძლება გახდეს ხიდი პოლარიზებულ მხარეებს შორის. „მედიას, როგორც ხიდის მშენებელს, შეუძლია ხელი შეუწყოს პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას პოლარიზებულ ჯგუფებს შორის..შემდეგი გზით: აჩვენოს მხარეები მსგავს ჭრილში. გამოსახოს ხალხი ერთი და იმავე პრობლემის წინაშე.“ ამ უკანასკნელ შემთხვევაში კვლევის ავტორს მაგალითად მოყვანილი ჰყავს HBO-ს დოკუმენტური ფილმი, რომელშიც პალესტინელი და ებრაელი შვილმოკლული დედები ჰყავს ნაჩვენები, დედები როგორც ძალადობის მსხვერპლი. აქვე არის რუანდას მაგალითი, სადაც სატელევიზიო გადაცემაში კონფლიქტის ორივე მხარეს ნაჩვენებია ხალხი რომლებმაც მოწინააღმდეგე გადაარჩინეს.

თანამედროვე ციფრულ სამყაროში ინფორმაციის გავლენებზე თითქმის აღარავინ დავობს, თუმცა 2007 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, მაშინ როდესაც ჯერ კიდე არ იყო ასე მომძლავრებული Fake News და ყველაფერი შედარებით მარტივად იყო, არაერთ მნიშვნელოვან მიგნებას და მაგალითს ვკითხულობთ. მაგალითად, ჩრდილოეთ ირლანდიის „კარგი პარასკევის“ Case Study, როდესაც კერძო მარკეტინგული ორგანიზაციის მაქქეინ ერიქსონის რჩევით, მიღწეული შეთანხმებისადმი საზოგადოების პოზიტიური განწყობის შესაქმენლად, მედია კამპანია გამოიყენეს, 1998 წელს.

ბევრი არა, მაგრამ პოზიტიური მაგალითები კონფლიქტების პრევენციაში მედიის როლის შესახებ მოიპოვება. როგორია ვითარება საქართველოში? რამდენად წარმატებულად მუშაობს ქართული მედია როგორც კონფლიქტის პრევენციის ხელსაწყო? პოლიტიკური დღის წესრიგის გავლენა მედიაში ამ მიმართულებით და თემები, რომლებიც რეალურად პოლარიზებულ საზოგადოებას ერთ თემად აქცევდა.


ტომას გოლტცი

პუბლიცისტი ტომას გოლტცი ერთ-ერთია იმ საერთაშორისო ავტორთა შორის, რომელიც კავკასიის კონფლიქტებს ზედმიწევნით კარგად იცნობს და აშუქებდა. 1954 წელს დაბადებული ამერიკელი ავტორი სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ABC/Nightline and CBS/60 Minut-თვის. კავკასიის კონფლიქტების შესახებ დაწერილი აქვს „ჩეჩნეთის დღიურები“, „აზერბაიჯანის დღიურები“ და „საქართველოს დღიურები“, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ გამომცემლის თხოვნის საფუძველზე განახლდა.

ეძახდნენ „ომის რეპორტიორს“ /  ‘a War Reporter, ამბობს რომ ამ სტატუსის წინააღმდეგი იყო და მოგვიანებით „კრიზისების კორესპონდენტად“ ჩამოყალიბდა. მიუხედავად ცხელ წერტილებში მუშაობისა და საომარი ქმედებების საერთაშორისო დონეზე გაშუქების უდიდესი გამოცდილებისა, ამბობს რომ სამწუხაროდ მისმა ჟურნალისტურმა საქმიანობამ კონფლიქტების პრევენციის მიმართულებით გავლენა ვერ მოახდინა.

კითხვაზე, ის როგორ აფასებს მედიის როლს კონფლიქტების პრევენციის პროცესში? ასე პასუხობს:

„კონფლიქტების გაშუქებისას მნიშვნელოვანია მედია არ გაებას ამა თუ იმ მთავრობის პროპაგანდისტულ მახეში. მედია უნდა ფიქრობდეს და მკვეთრად რეაგირებდეს.“

გიორგი მოლოდინი

გიორგი მოლოდინი, საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის დამფუძნებელია. პლატფორმის გაცხადებული მიზანია, სწორი ინფორმაციის გავრცელებით შეეწინააღმდეგოს ჰიბრიდულ საფრთხეებს.

– თქვენი აზრით, რა შეუძლია კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტის პრევენციის მიზნით გააკეთოს? – ამ კითხვაზე გიორგი მოლოდინის პასუხი ასეთია:

„ჩვენ გარშემო და არამარტო, თითქმის ყველა კონფლიქტის შემადგენელი ნაწილია საინფორმაციო კონფრონტაცია ან/და საინფორმაციო აქტივობები. აღნიშნული ღონისძიებების მთავარი დანიშნულებაა სამიზნე აუდიტორიის ქცევის წესის ცვლილება “ჩვენს სასარგებლოდ” და რადგან დადგენილია, რომ ადამიანი ქცევას ცვლის კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე. ინფორმაციის მნიშვნელობა თანამედროვე საკომუნიკაციო გარემოში კიდევ უფრო იზრდება. ამ გზაზე კი, ჟურნალისტიკა, კონფლიქტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად გვევლინება, რომელიც პირდაპირ ახდენს სამიზნე აუდიტორიის განწყობებსა და დამოკიდებულებებზე გავლენას – ცვლის და აფორმირებს მათ, შესაბამისად, აუდიტორია “ჟურნალისტიკის” მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას იომოს, გაბრაზდეს, გააპროტესტოს, შერაცხოს ობიექტი მტრად თუ მოყვარედ და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ჟურნალისტიკა ფლობს შიშის მომგვრელ ძალას – აქციო ომი/კონფლიქტი უფრო ადამიანურად, უფრო მიმზიდველად, უფრო რომანტიულ მოვლენად ანუ, შეუძლია მისი დეჰუმანიზაცია. კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას შეუძლია თავი აარიდოს აქცენტირებას მხოლოდ იმ პრობლემებზე, რომლებიც ქმნიან კონფლიქტურ და ჩიხურ ვითარებას მხარეებს შორის. მას შეუძლია იპოვოს და აქცენტირება გაუკეთოს “გამაერთიანებლებს” ანუ იმ მომენტებს, რომლებიც ქმნიან უფრო მეტ პოტენციალს და სამშვიდობო პროცესის შექმნისა და გაძლიერებისთვის. „


რა გავლენა აქვს  კონფლიქტით გახლეჩილი საზოგადოების განწყობებზე საერთო პრობლემატიკის გაშუქებას, თანაკვეთებს-ამაზე ჩვენ GPPAC-ის პროექტის ფარგლებში შარშანაც ვწერდით. მაშინ მაგალითად აზიურ ფაროსანას განვიხილავდით. ეს იყოს ის საერთო პრობლემა, რომელიც გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრებლებს აერთიანებდა, რადგანაც ერთი და იგივე ზიანს აყენებდა ორივე თემს.

როგორ აღიქმება კონფლიქტების პრევენციის პროცესში მედიის მიერ გაშუქებული თემები სოხუმში, რაზე წერას არიდებენ აფხაზი კოლეგები თავს და რატომ?- განწყობის გასაგებად გამყოფ ხაზს მიღმა აფხაზ ჟურნალისტს, აიდას ვესაუბრეთ.  

(ფსევდონიმი, რომელიც მისი თხოვნით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე გამოვიყენეთ).

აფხაზი კოლეგა ამბობს, რომ ომი, კონფლიქტური სიტუაცია ომის შემდგომ წლებში იმდენად მწვავეა, რომ ამ მხარეებს შორის ურთიერთობის შესახებ მასალის მომზადებისას სახელის დაფარვა უწევს. უფრო მეტიც, საქართველოში მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების შესახებ წერაც კრიტიკულად არის აღქმული. „თუმცა ამის მიუხედავად პრაქტიკაში მქონია წარმატებული მასალებიც, რომელიც კონფლიქტით დაპირისპირებულმა საზოგადოებამ მაინც მიიღო… ენერგეტიკის თემა ბოლო  25 წელია აფხაზეთში მწვავედ დგას, ყოველ ჯერზე აქ მცხოვრებლებს გვესმის რომ ვითარება მწვავეა და რუსეთი გვეხმარება, რისთვისაც მადლიერები უნდა ვიყოთ. ქართველ კოლეგებთან თემაზე მუშაობისას გავარკვიე, რომ ენერგო მომარაგებაში არა რუსეთი არამედ საქართველო გვეხმარება და გვაწვდის უფასოდ. მოვამზადე მასალა, გავამყარე ფაქტებით, ციფრები და გამოვაქვეყნე. მართალია, საქართველოს მიმართ ამის გამო მადლიერება არავის გამოუხატავს, მაგრამ მკვეთრად დაიწყეს ჩინოვნიკებისაგან სიმართლის მოთხოვნა… ვფიქრობ რომ მედიას აკლია უნარები იმისათვის რომ ასეთი თემები გააშუქოს. გამონაკლისების გარდა, უმეტესად, შედეგი კონფლიქტის გაღვივებაა და არა პირიქით.“

და მაინც რა შეუძლია მედიას, როგორც კომუნიკაციის ხელსაწყოს გააკეთოს კონფლიქტების პრევენციისთვის? კითხვაზე საინტერესო პასუხს ვკითხულობთ მსოფლიო ბანკის ერთ-ერთ ბლოგში, რომელიც გამოქვეყნებულია Development for Peace-ის მიერ.

  • ხიდის გამყვანი
  • Watchdog/მოდარაჯე ძაღლი
  • ინფორმაციის მიმწოდებელი
  • ადრეული შეტყობინების სისტემა
  • მშვიდობის მოტივატორი

დიახ, კონფლიქტის დროს მედიას შეუძლია იყოს როგორც შემაკავშირებელი ასევე  გამყოფი და მხოლოდ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის როლს კონფლიქტების პრევენციის საქმეში.