თანამედროვე ბიოტექნოლოგია და აგრობიომრავალფეროვნება

0

შესავალი. თანამედროვე ეპოქაში, ნებისმიერი ქვეყნისათვის, სასურსათო უსაფრთხოების[1] უზრუნველყოფა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ამოცანას წარმოადგენს. ამ მიზნით, დღეისათვის, ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ბიოტექნოლოგიით მიღებული გენმოდიფიცირებული სურსათი, ცხოველის საკვები, საკვებდანამატები, ასევე გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან წარმოებული სათესლე და სანერგე მასალა.

ეს მიმართულება დაახლოებით 30-40 წლის წინ დაიწყო და თეორიულად იგი ეფუძნება გენური ინჟინერიის მეთოდებს, რომელთა გამოყენებით ხელოვნურ (in vitro) პირობებში ორგანიზმის გენეტიკური მასალის, ანუ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) მოლეკულის მიზანმიმართული შეცვლა ხდება, რაც სასოფლო-სამეურნეო მცენარეებს, ცხოველებს, ასევე მიკროორგანიზმებს   ახალ, წინასწარგანსაზღვრულ «სასურველ» თვისებებს ანიჭებს. გენეტიკური მასალის ამგვარი შეცვლა, არასოდეს არ ხდება ბუნებრივი ევოლუციის პროცესში, ეს მეთოდები არ განეკუთვნება ტრადიციულ ჯიშთა გამოყვანას და სელექციას.

ზოგადი მიმოხილვა. გენმოდიფიცირებული სასურსათო პროდუქტი ან ცხოველის საკვები – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებული ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმიდან მიღებული ინგრედიენტის შემცველი პროდუქტია, რომელსაც, ან რომლის ცალკეულ ნაწილსაც არ გააჩნია გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი.

გმ ორგანიზმების პირველი კომერციული გაშენება აშშ- ში გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო, თუმცა დღეისათვის მისი არეალი გაცილებით გაიზარდა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან მიღებული სათესლე მასალა და მცენარეული სასურსათო პროდუქტები საერთაშორისო ბაზრის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გახდა.

თანამედროვე ბიოტექნოლოგიით მიღებული მცენარეები, მორფოლოგიური (გარეგნული) ნიშნებით უმეტესად არ განსხვავდებიან საწყისი ფორმებიდან. ისინი მდგრადი არიან ჰერბიციდების, ინსექტიციდების, ვირუსების, სოკოვანი დაავადებებისა და ინფექციების მიმართ, შესაძლებელია მიღებული იქნას მამრობითი სქესის სტერილური ფორმებიც. გარდა ამისა, მცენარეები იძენენ ისეთ ახალ თვისებებს, როგორებიცაა უხვმოსავლიანობა, ყინვაგამძლეობა, ნაადრევი სიმწიფე და სხვა. ამ დროს მცირდება გამოყენებული ჰერბიციდებისა და ინსექტიციდების მოხმარების რაოდენობა, შესაბამისად მცირდება მათი შემცველობა სასურსათო პროდუქტებში, კლებულობს დანაკარგები, იზრდება პროდუქციის ხარისხი, ხდება მატერიალური რესურსებისა და საშუალებების ეკონომია.

დიდ მნიშვნელობას იძენს სასოფლო-სამეურნეო ცხოველების (მათ შორის ფრინველის, თევზის და სხვ.) გენეტიკური ცვლილება, რომელიც ზრდის მათ პროდუქტიულობას, გამოსავლიანობას, მათ შორის ტანხორცის გამოსავლიანობას. ეს დადებითად მოქმედებს ხორცის ხარისხზე, ფიზიკურ-ქიმიურ მაჩვენებლებზე და სხვა ტექნოლოგიურ თვისებებზე, შეცვლილი გენების სპეციფიურობა საშუალებას იძლევა შეიცვალოს ასევე კუნთოვანი ქსოვილის ფერი, pH (მჟავიანობა), ტენშეკავების უნარი, ცხიმიანობა, კონსისტენცია, ტექნოლოგიური დამუშავების შემდეგ გემური და არომატული თვისებები. გენური ინჟინერიის მეთოდებით შესაძლებელია არამარტო სასურველი მაჩვენებლების მიღება, არამედ ცხოველებისა და ფრინველების შეგუება განსხვავებული გარემო პირობებისადმი, მიზანმიმართულად მემკვიდრული თვისებების შეცვლა და სხვა.

   მიკროორგანიზმთა გენური მოდიფიცირების კვლევები მიმართულია ვიტამინების, ანტიბიოტიკების, ორგანული მჟავებისა და ნივთიერებათა ცვლის სხვა პროდუქტების სინთეზისაკენ. გენმოდიფიცირებული ბაქტერიებიდან მიღებული ფერმენტების სამრეწველო მიზნით გამოყენება ცვლის სასურსათო ნედლეულის მახასიათებლებს. ასეთი ფერმენტები შესაძლოა გამოყენებული იქნას ხორცის კონსისტენციის შეცვლისათვის, ყველის, პურფუნთუშეულის წარმოებაში და ა.შ.

გენმოდიფიცირებული სასოფლო-სამეურნეო კულტურები სასურსათო პროდუქტების წარმოებაში გამოიყენება როგორც სასურსათო ნედლეულის, ისე საკვებდანამატების და სხვ. ინგრედიენტების სახით. მაგ. სოიოსაგან, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია გენური ინჟინერიით მიღებული მცენარეებიდან, მიიღება სოიოს რძე, სოიოს ლეციტინი (საკვებდანამატი E 322), სოიოს კანი – ქატოს, ბურბუშელას და სხვ. წარმოებაში, გარდა ამისა, იგი გამოიყენება დანამატის სახით პურის, ძეხვის, შოკოლადის და სხვ. სასურსათო პროდუქტების მისაღებად. გენმოდიფიცირებული კარტოფილი, რომელიც ნაკლები რაოდენობით წყალსა და მეტ სახამებელს შეიცავს, გამოიყენება ჰაეროვანი ჩიფსების დასამზადებელად. სახამებელი გამოიყენება საკონდიტრო და პურსაცხობ მრეწველობაში, ასევე სხვადასხვა სახის სოუსების, საწებლების და მაიონეზების მისაღებად. სიმინდისა და რაფსის ზეთს დანამატის სახით იყენებენ მარგარინში, პურ-ფუნთუშეულში და სხვა. გენმოდიფიცირებული პომიდორისაგან ამზადებენ კეტჩუპს, და სხვ.

დღემდე დავის საგანია გენური ინჟინერიით მიღებული სურსათის, მათ შორის სასურსათო ნედლეულის და ინგრედიენტების წარმოებაში გამოყენების საკითხი. აღნიშნული თვალსაზრისით კვლევების ისტორია ძალიან ხანმოკლეა.

გენმოდიფიცირებული სასურსათო პროდუქტების გამოყენებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, რომელთა შესახებაც განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

მომხრეების მთავარი არგუმენტი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ის მახასიათებლებია, რომლებიც მათ შეიძინეს თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდების გამოყენებით. ეს თვისებებია კულტურების მდგრადობა სხვადასხვა გარემო პირობების, დაავადებების, მავნე მწერების მიმართ, ჰერბიციდებისა და პესტიციდების მიმართ. გენმოდიფიცირებული სასურსათო პროდუქტები გამოირჩევიან მაღალი ხარისხით, აქვთ მომგებიანი სასაქონლო სახე და დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ კვებით ღირებულებას.

მოწინააღმდეგეების აზრით კი, გენმოდიფიცირებულ მცენარეთა უჯრედებში შესაძლებელია მოხდეს ადამიანისთვის საშიში ნივთიერებების (ტოქსინები, ალერგენები და ა.შ.) არამიზნობრივი სინთეზი. გარდა ამისა, გმ ორგანიზმი წარმოადგენს ახალ ორგანიზმს ახალი თვისებებით, რაც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს როგორც ადამიანისათვის, ისე გარემოსა და ეკოსისტემისათვის. ამასთანავე, თანამედროვე ბიოტექნოლოგია არღვევს სახეობათაშორის ბარიერს. მათივე მტკიცებით, საჭიროა ხანგრძლივი, მრავალმხრივი მეცნიერული კვლევები, რადგან გენის გადატანით მიღებული შედეგები შესაძლოა გამოვლინდეს როგორც გმო-ს მომდევნო თაობებში, ასევე მათი მომხმარებლების ორგანიზმებშიც. გმო კომპონენტები შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ალერგენები, არამედ მაღალტოქსიკურებიც. გენმოდიფიკაციის დროს ხელოვნურ (in vitro), სინჯარაში შესწავლილი გენის შესახებ მხოლოდ იმის განსაზღვრა შეიძლება, თუ როგორია და როგორ იქცევა ის ამ სინჯარაში, მაგრამ ნაკლებადაა ცნობილი მის როლსა და ქცევაზე თავად მშობლიურ ორგანიზმში და მით უმეტეს, სრულიად უცხო ორგანიზმში მისი გადატანის შემთხვევაში. არსებობს ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი სუპერმიკრობების წარმოქმნის საშიშროებაც. მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია ასევე ახალი სახეობის მავნებლების, სუპერსარეველების, გენეტიკური დამაბინძურებლების გაჩენაც და სხვ.

ამრიგად, ძირითადი კითხვა – უვნებელია თუ არა ადამიანისთვის თანამედროვე ბიოტექნოლოგიით მიღებული სასურსათო პროდუქტები, ჯერჯერობით კვლავ ერთმნიშვნელოვანი პასუხის გარეშე რჩება. დანამდვილებით ვერავინ ამტკიცებს როგორც გენ-მოდიფიცირებული პროდუქტების უვნებლობას, ისე მის საზიანო თვისებებს. თუმცა, დღითიდღე მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც «სიფრთხილის პრინციპს» ამჯობინებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს უფლება უარი განაცხადოს გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმის (გმო) იმპორტზე, თუ კი მას შეიძლება მოჰყვეს მავნე ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, გმო-ს იმპორტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ქვეყანამ უნდა მხედველობაში მიიღოს პრობლემის არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ აგრეთვე სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები.

ბიოუსაფრთხოება. თანამედროვე ბიოტექნოლოგიის განვითარებამ აუცილებელი გახადა შესაბამისი ბიოუსაფრთხოების ზომების გატარება. „ბიოუსაფრთხოება ქმედებათა ერთობლიობაა, რომელიც მოიცავს თანამედროვე ბიოტექნოლოგიით მიღებული ორგანიზმებისაგან, მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედებისაგან დაცვას[2]».

ამდენად, ბიოუსაფრთხოება მიზნად ისახავს თანამედროვე ბიოტექნოლოგით მიღებული გმ ორგანიზმების მიერ წარმოქმნილი პოტენციური რისკების კონტროლის, მართვისა და რეგულირების პოლიტიკის შემუშავებას. ეს კი მოიცავს რისკების შემცირებისა და პრევენციის ღონისძიებებს, მოსალოდნელ დადებით და უარყოფით სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებს, განსაზღვრავს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, საზოგადოების ჩართულობისა და ინფორმირებულობის, სავაჭრო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირებისათვის საკანონმდებლო ნორმატიული აქტების შემუშავების აუცილებლობას.

ბიომრავალფეროვნება. ბიომრავალფეროვნება ეს არის გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მრავალსახეობა ხმელეთის, ზღვის და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში. [3]

პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც აღიარებული იქნა, რომ თანამედროვე ბიოტექნოლოგიით მიღებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები წარმოადგენენ ახალ საფთხეს ბიომრავალფეროვნების, (რომელიც ასევე მოიცავს აგრობიომრავალფეროვნებას) შენარჩუნებისათვის არის «ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო კონვენცია»[4], რომელიც ხელმოწერილია ევროგაერთიანებისა და სხვა 162 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მიერ. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას, მისი კომპონენტების მდგრად გამოყენებას და უზრუნველყოფს ქვეყნის სუვერინეტეტს თავის ბიოლოგიურ რესურსებზე.

კონვენცია აღიარებს ბიოლოგიური მრავალფეროვნების მნიშვნელობას და ადასტურებს, რომ სახელმწიფოებს აქვს საკუთარი ბიოლოგიური რესურსების განკარგვის უფლება და პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და ბიოლოგიური რესურსების თანაზომიერ გამოყენებაზე. კონვენცია მხარეებს ავალდებულებს შეიმუშაონ ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და თანაბარზომიერი გამოყენების ეროვნული სტრატეგია, გეგმები, პროგრამები, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირების შესახებ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია ასევე «ბიომრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი», რომელიც მიღებული იქნა 2000 წლის ნოემბერში. საქართველოს პარლამენტის მიერ ოქმის რატიფიცირება განხორციელდა 2008 წლის 26 სექტემბერს, N305 დადგენილების საფუძველზე.

კარტახენას ოქმი – ეს არის საერთაშორისო შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს უსაფრთხოების სათანადო დონის დაცვას იმ სფეროში, რომელიც ეხება თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდების გამოყენებით მიღებული ისეთი ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების უსაფრთხო გადაცემას, მოპყრობას და გამოყენებას, რომელთაც შეუძლიათ მავნე ზეგავლენა მოახდინონ ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვასა და მდგრად გამოყენებაზე». ოქმის მიზანია ასევე «გაითვალისწინოს საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობისათვის და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს გმ ორგანიზმების ტრანსასაზღვრო[5] გადაადგილებას».

საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება. საქართველო მსოფლიოს 25 რეგიონიდან ერთ-ერთია, რომელიც უნიკალური ენდემური[6] ბიომრავალფეროვნების გამო განსაკუთრებულ დაცვასა და გაფრთხილებას საჭიროებს.

აგრარული ბიომრავალფეროვნებას (მათ შორის აგრარული ეკოსისტემებს) და ბუნებრივი სათიბ-საძოვრებს საქართველოს მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 43% უკავია.

საქართველო ტრადიციულად აგრარული ქვეყანაა. არქეოლოგიური მასალებით მტკიცდება, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას ჯერ კიდევ ძვ. წ. VI–V ათასწლეულიდან მისდევენ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პირველად მცენარეთა და ცხოველთა მოშინაურება და, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის წარმოშობა წინა აზიის ტერიტორიაზე დაახლოებით 9-10 ათასი წლის წინ მოხდა. ეს ტერიტორიები უშუალოდ ესაზღვრება საქართველოს და ამავე დროს, ნაწილობრივ ემთხვევა პრეისტორიულ ხანაში ქართველური ტომების გავრცელების არეალს. უძველესი კულტურებისა და მათი ველური ნათესავების დღემდე არსებული დიდი მორფოლოგიური და გენეტიკური მრავალფეროვნება, ისევე როგორც შინაურ ცხოველთა ზოგიერთი უძველესი ჯიში, საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქართველო თავად წარმოადგენს რიგი უმნიშვნელოვანესი კულტურული მცენარისა (მაგ., ვაზი და ხორბალი) და შინაური ცხოველის წარმოშობის ერთ-ერთ კერას. ამავე დროს, საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარებამ განაპირობა ის, რომ ეს ტერიტორია გამოიყენებოდა როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო დერეფანი, რის გამოც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში შემოედინებოდა ახალი გენეტიკური მასალა, ხოლო ქვეყნის მრავალფეროვანი კლიმატური პირობები და ნიადაგები კარგ წინაპირობას ქმნიდა ახალი კულტურების ადაპტირებისათვის. ასე გაჩნდა მრავალი შემოტანილი კულტურის ადგილობრივი ჯიში.

აგრარული ბიომრავალფეროვნება მოიცავს არა მარტო სახეობრივ და ჯიშობრივ მრავალფეროვნებას, არამედ აგროეკოსისტემებს, ლანდშაფტებს, სურსათის წარმოებაში გამოყენებულ მიკროორგანიზმებს, სოკოებს და ტრადიციულ ცოდნას. ამ მხრივაც საქართველო განსაკუთრებით მდიდარია.

ამგვარად, საქართველოს კულტურულ მცენარეთა და შინაურ ცხოველთა ადგილობრივი ჯიშები მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა მათ კულტურულთან ერთად, დიდი ეკონომიკური და მეცნიერული ღირებულება აქვთ. კერძოდ:

  • მაღალხარისხიანი ტრადიციული პროდუქტების წარმოება ადგილობრივ გენეტიკურ რესურსებს ეფუძნება, რაც ასე მნიშვნელოვანია არა მარტო სოფლის მეურნეობის, არამედ ტურიზმის განვითარებისთვისაც;
  • ადგილობრივი ჯიშები კარგად ეგუებიან ადგილობრივ გარემო პირობებს და გამოირჩევიან გამძლეობით უამინდობისა და მავნებელ-დაავადებების მიმართ, რის გამოც მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ სელექციის განვითარებისა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გრძელვადიანი უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

საბჭოთა ეპოქაში ინდუსტრიულ სოფლის მეურნეობასა და მონოკულტურების წარმოებაზე გადასვლამ და საბჭოთა გეგმიური ეკონომიკისათვის დამახასიათებელმა სპეციალიზაციის პოლიტიკამ, განსაკუთრებით 1950-იანი წლებიდან, სურსათისა და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი მცენარეული გენეტიკური რესურსების საფუძვლიანი შემცირება გამოიწვია. 1990-იანი წლებისათვის მრავალი ადგილობრივი ჯიში მხოლოდ სამეცნიერო ინსტიტუტების კოლექციებში იყო შემორჩენილი. მიუხედავად ამისა, აგრარული ბიომრავალფეროვნების დაკარგვის პროცესი განსაკუთრებით ინტენსიური გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც მწირი დაფინანსებისა და მუდმივი რეფორმების პირობებში სამეცნიერო ინსტიტუტებში შენახული კოლექციების შენარჩუნებაც გაჭირდა. ხოლო სოფლის მეურნეობის სექტორის სპონტანური განვითარების გამო გაიზარდა ნეგატიური ზეგავლენა აგროეკოსისტემებზე.

2000 წლიდან განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის მიზანიც საქართველოში აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის გაუმჯობესება იყო – დაარსდა საველე კულტურების გენბანკი ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, რომელიც ამჟამად თავისუფალ უნივერსიტეტს შეუერთდა. სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებში, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლების შემადგენლობაში არიან, განახლდა და გამდიდრდა მცენარეებისა და მიკროორგანიზმების არსებული ცოცხალი კოლექციები, დაარსდა „აგრო – ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი“, განხორციელდა მინდვრის კულტურების ზოგიერთი ადგილობრივი ჯიშის კონსერვაცია, მოხდა დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო ფართობების, ქარსაცავი ზოლებისა და ტყისპირა ტერიტორიების რეაბილიტაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში და სხვ.

დღეისათვის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის N343 დადგენილებით დამტკიცებული იქნა „2014-2020 წწ საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა, რომელშიც განხილულია აგრობიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთაგან მნიშვნელოვან პრობლემებად რჩება ის, რომ არ არსებობს მცენარეთა გენეტიკური რესურსების ex situ[7] კონსერვაციის სახელმწიფო სტრატეგია და ხედვა, არც ერთ კონკრეტულ სახელმწიფო უწყებას ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ex situ და in situ[8] კონსერვაციის სფეროში, დაბალია საზოგადოების ცნობიერება აგრარული ბიომრავალფეროვნების სფეროში და სხვ.

ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიით (2015-2020 წწ) განისაზღვრა აგრობიომრავალფეროვნებისა და ენდემური ჯიშების შენარჩუნების მიზნით გენეტიკური ბანკის შექმნა და მართვა, ამასთანავე შემუშავდება და განხორციელდება მცენარეთა და ცხოველთა კონსერვაციის სტრატეგია, რაც მოიცავს ადგილობრივი სახეობებისა და ჯიშების დეტალურ ინვენტარიზაციას,მ იდენტიფიკაციას, გენეტიკური ბანკის შექმნას და ამ მიმართულებით ეფექტიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე განხორციელდება ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ინფორმირების პროგრამა აგრობიომრავალფეროვნებასა და ენდემური სახეობების შესახებ, ცხოველთა ადგილობრივი ჯიებისა და ენდემური სახეობების, მათი მონათესავე ველური პოპულაციების, სხვა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობების მქონე სახეობების გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნებისათვის საჭირო ღონისძიებები.

 

 

 

 

 

                                                           ტერმინთა განმარტებები

 

 

ორგანიზმი – ნებისმიერი ბიოლოგიური წარმონაქმნი, რომელსაც აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი, მათ შორის, სტერილური ორგანიზმი, ვირუსი, ვიროიდი;

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი (შემდგომ – გენმოდიფიცირებული ორგანიზმი) – ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია არაბუნებრივი (თანამედროვე ბიოტექნოლოგიური) მეთოდების გამოყენებით, რაც ნიშნავს ორგანიზმის გენეტიკური მასალის შეცვლას ხელოვნურ (ინ ვიტრო) პირობებში ნუკლეინის მჟავების ორგანიზმის უჯრედებში ან ორგანელებში პირდაპირი ინექციის მეთოდის ან/და სხვადასხვა ტაქსონომიური სტატუსის მქონე ორგანიზმების უჯრედების შერწყმის მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდები საშუალებას იძლევა, გადაილახოს ბუნებრივი, ფიზიოლოგიური, რეპროდუქციული ან რეკომბინაციული ბარიერი; ამავე დროს, ისინი არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;

გენმოდიფიცირებული პროდუქტი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებული ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი;

ბიომრავალფეროვნება – გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვისა და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავს მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში;

ბიომრავალფეროვნების კონვენცია – რიო-დე-ჟანეიროს 1992 წლის 5 ივნისის კონვენცია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, რომელსაც საქართველო შეუერთდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 21 აპრილის დადგენილებით;

ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი – მონრეალის 2000 წლის 29 იანვრის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი“, რომელსაც საქართველო შეუერთდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმთან საქართველოს შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 26 სექტემბრის №305–IIს დადგენილებით;

ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმი – ბიომრავალფეროვნების კონვენციითა და ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული ბიოუსაფრთხოების ინფორმაციული უზრუნველყოფის საშუამავლო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ მეცნიერული, ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სამართლებრივი ინფორმაციისა და გამოცდილების სახელმწიფოთა შორის გაცვლას;

 მოამზადა: ქეთევან ლაფერაშვილი

დამხმარე ლიტერატურა:

  1. საქართველოს კანონი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ (2014);

 

  1. ქ.ლაფერაშვილი – სურსათის უვნებლობა.მართვის თანამედროვე სისტემები. თბილისი, 2009. თავი
  2. ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი – მონრეალის 2000 წლის 29 იანვრის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი“,

 

 

 

 

 

 

 

[1] სასურსათო უსაფრთხოება – „ნებისმიერი ქვეყნის ყველა ფენის მოსახლეობის ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრების შენარჩუნებისათვის საჭირო რაოდენობისა და კვებითი ღირებულების მქონე უვნებელ სურსათზე“ (მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების რომის დეკლარაცია, Rome Declaration on world Food Security, FAO, Rome, 1996).

 

[2] გაეროს გარემოს დაცვის ორგანიზაციის   (UNEP – United Nations Enviroment Programme, 2007) განმარტება

[3] საქართველოს კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ (2014)

[4]მიღებულია გაეროს გენერალურმა ასაბლეის მიერ, 1992 წლის 5 ივნისს, რიო-დე-ჟანეიროში, გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე (United Nations Conference on Environment and Development)

[5] ტრანსსასაზღვრო გადაადგილება – ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი და რეექსპორტი

[6] ენდემი – სახეობებია, რომელთაც უჭირავთ რომელიმე გეოგრაფიული რეგიონის, პროვინციის, ოლქის, რაიონის ცალკეული ადმინისტრაციული ერთულის განსაზღვრული არეალი და დედამიწის ზედაპირის სხვა ნაწილში არ გვხვდებიან.

[7] ex situ – ბიოლოგიური სხეობების დაცვა არაბუნებრივ პირობებში

[8] in situგარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ბიოლოგიური სახეობების დაცვა ბუნებრივ პირობებში

Comments are closed.