ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების წარმოება

 

მემცენარეობა–არის დარგი, რომელიც ემყარება მცენარეთა ნორმალური განვითარებისათვის საჭირო ფაქტორებს: სინათლე, სითბო, წყალი, ჰაერი, საკვები ნივთიერება–რომლებიც მცენარეზე მოქმედებენ არა იზოლირებულად, არამედ ურთიერთთან მჭიდრო კავშირში. მცენარის ნორმალური განვითარება, მაღალი მოსავლიანობა და ხარისხი, ამ ფაქტორების ერთობლივ მოქმედებაზეა დამოკიდებული.

მემცენარეობის შესწავლის ობიექტია–ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურები. ერთწლოვნებს მიეკუთვნება–მარცვლეული, თავთავიანი, ტექნიკური, ბოსტნეული, ბაღჩეული, მწვანილეული, პარკოსანი, კარტოფილი და მრავალწლოვანს –ვაზი, ხეხილი,სუბტროპიკული,ეთერზეთოვანი, ციტრუსები და სხვ. მნიშვნელოვანია აღნიშნული კულტურების გენოფონდის დაცვა-კონსერვაცია.

საქართველოში სასურსათო პრობლემის გადაწყვეტის საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მარცვლეულ კულტურებს , მათ შორის პირველ ადგილზეა ხორბალი–თავთავიანი პურეული, რომელიც ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით იყოფა ორ ჯგუფად: საშემოდგომო და საგაზაფხულო. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ საშემოდგომო ფორმები ითესება შემოდგომაზე და მოსავალს იძლევა გადაზამთრების შემდეგ, ხოლო საგაზაფხულო ფორმები ითესება გაზაფხულზე და მოსავალს იძლევა იმავე წელს. საშემოდგომო ფორმები განვითარების ადრეულ სტადიაში მოითხოვს სითბოს 8–12 გრადუსს, ბარტყობის შემდეგ 0–5 გრადუსს. თესვა ხდება რამდენიმე წესით: მოთესილი 12–15 სმ მწკრივთაშორისებით, ჯვარედინი, ვიწრომწკრივიანი. უფრო გავრცელებულია მოთესილი მწკრივთშორისებით თესვა. თესვის ნორმა საშემოდგომო ხორბლისათვის არის 4,5–6 მილიონი მარცვალი ჰა–ზე, საგაზაფხულო ხორბლისათვის 6,5–7,0 მლნ მარცვალი ჰა–ზე. მძიმე ნიადაგებზე ითესება 3–4 სმ სიღრმეზე, მსუბუქ ნიადაგებზე 5–6 სმ სიღრმეზე. თესვისთანავე საჭიროა ტენის მოსაზიდად ტკეპნა ჩათესვის სიღრმეზე. ნიადაგის ქერქის დასაშლელად და სარეველების მოსასპობად ბარტყობის დასაწყისში უნდა ჩატარდეს ფარცხვა მცენარეების დაუზიანებლად.

სარეველების წინააღმდეგ პრეპარატების შესხურება საჭიროა ორი–სამი ფოთლის ფაზაში–აღერებაზე გადასვლამდე, ხოლო ჩაწოლის საწინაარმდეგოდ პრეპარატებით დამუშავება ხდება ბარტყობა–ყვავილობის დასასრულს.

მოსავლის აღება იწყება სრული სიმწიფის მიღწევის შემდეგ კომბაინით. მაგრამ თუ აღება გვინდა დაყოფითი წესით, ფართობი ითიბება ღვარეულებად, მაღალი სიხშირის ნათესები იჭრება 15–18 სმ–ზე. გამოლეწვისათვის იყენებენ ორდოლიან კომბაინებს.

სიმინდის თესვის ნორმა ჰა–ზე 10–25 კგ ფარგლებში მერყეობს,აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობ ზონაში კვადრატულ–ბუდობრივად თესვისას ჰა–ზე 40 ათასი მცენარე თავსდება, ხოლო მშრალ ზონაში(გარე კახეთი, შირაქის ველი) 25 ათასი მცენარე. აღმოცენების შემდეგ საჭიროა ფარცხვა–კულტივაცია. მწკრივთაშორისი კულტივაცია ტარდება სიმინდის მცენარის 2–3 ფოთლის ფაზაში 10–12 სმ სიღრმეზე. სარეველების წინააღმდეგ ჰერბიციდების გამოყენების უკეთესი ვადაა სიმინდის 3–5 ფოთლის ფაზა.

მოსავლის აღების ოპტიმალური ვადა დგება მაშინ, როცა ტაროების 65–70% სანთლის სიმწიფეს აღწევს. მოსავალი შეიძლება ორი წესით ავიღოთ: ტაროთი –ტენიანობა 40%, მარცვლად–ტენიანობა 32%. ტაროს გამოფშვნა ხდება კომბაინით.

სიმინდის სასილოსედ აღება ხდება რძისებრ–ცვილისებრ ფაზაში, მწვანე მასის 70–75% ტენიანობისას. ამ დროს სიმინდში შაქრის შემცველობა 4%, რომელიც აჩქარებს რძემჟავა დუღილს და ასეთი სილოსი ინახება 2–3 წელი.

სამარცვლე–პარკოსანი კულტურები იყოფა ორ ჯგუფად სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით: მოკლე ვეგეტაციის: ბარდა, ცერცველა, ცულისპირა, რომლებიც სითბოს ნაკლები რაოდენობით კმაყოფილდებიან და გრძელი ვეგეტაციის: ლობიო, სოიო, ცერცვი, რომლებიც სითბოსმოყვარულნი არიან. სამარცვლე–პარკოსნების ფესვებზე ვითარდება კოჟრის ბაქტერიები, რომლებიც ითვისებენ ჰაერის თავისუფალ აზოტს და ამდიდრებენ ნიადაგს, ხელს უწყობენ თესლბრუნვის პროდუქტიულობის ამაღლებას.

ცნობილია ლობიოს 20–მდე სახეობა, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია; ჩვეულებრივი ლობიო,მაშა ლობიო, მრავალყვავილა ლობიო, მახვილფოთლიანი ლობიო–ტეპარი. აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებისათვის რეკომენდებულია ლობიოს თესვა 60–70 სმ მწკრივთაშორისებით. თესვის ნორმა შეადგენს 350–450 ათას მარცვალს. ჩათესვის სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 5–7 სმ. უნდა მოიტკეპნოს სარეველების და ნიადაგის ქერქის წარმოქმნის საწინააღმდეგოდ. აღმონაცენზე პირველი სამი ფოთლის ფორმირებისას საჭიროა დაფარცხვა მწკრივების გარდიგარდმო, ხოლო შემდეგ მწკრივთაშორისების დამუშავება მწკრივების ერთმანეთთან შერწყმამდე.პარკების ფორმირებიდან მწკრივთაშორისების გაფხვიერბა წყდება.

სარეველების წინააღმდეგ აღმონაცენის გამოჩენამდე 3 დღით ადრე საჭიროა პრეპარატების შესხურება, ხოლო მავნებლების წინააღმდეგ ვეგეტაციის პერიოდში. მოსავლის აღება იწყება მაშინ, როცა ქვედა პარკებში მარცვალი გახმება–გამაგრდება, ე.ი. 80% ფიზიოლოგიურად მომწიფდება. აღებული მოსავალი 3–4 დრის შემდეგ ილეწება კომბაინით.

ტექნიკურკულტურებსმიეკუთვნება:კარტოფილი,ზეთოვანი:მზესუმზირა,აბუსალათინი,რაფსი, სართავი:ბამბა,სელი, კანაფი, ჯუთი, ნარკოტიკული: თამბაქო, წეკო, ძირხვენები: შაქრის ჭარხალი, საკვები ჭარხალი, თალგამი, მიწავაშლა, ბატატი.

კარტოფილი ნათესი ფართობის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა პურეულების და ბამბის შემდეგ. საქართველოში მის მოყვანას მისდევენ ზღვის სანაპირო რაიონებიდან დაწყებული მაღალ ალპურ ზონამდე, მაგრამ საუკეთესო მოსავალს იძლევა მთიან რაიონებში. ის საჭიროებს გრილ და ნალექებით უზრუნველყოფილ ჰავას, კარგ მოსავალს იძლევა შავმიწებზე, ყომრალებზე, ყავისფერ და ალუვიურ ნიადაგებზე. სასუქების მიმართ მომთხოვნია იმის გამო, რომ ის იძლევა ფართობის ერთეულზე მშრალი ნივთიერების თითქმის სამჯერ მეტ მოსავალს, ვიდრე მარცვლეული კულტურები. ორგანულ–მინერალური სასუქების გარდა ნიადაგის განოყიერებისათვის შეიძლება სიდერაციის ანუ მწვანე სასუქების გამოყენება. კარტოფილი უძლებს გვალვას, მაგრამ სარწყავ რაიონებში კარგი მოსავლის მისაღებად მორწყვა აუცილებელია.

ბოსტნეული–არის ერთწლიან, ორწლიან ან მრავალწლიან ბალახოვან მცენარეთა წვნიანი ნაწილები: ფესვები, ღეროები, ფოთლები, ტუბერები, ნაყოფები–რომელიც ადამიანის მიერ გამოიყენება საჭმელად. ბოსტნეულისათვის ნიადაგის მომზადება იწყება შემოდგომაზე მზრალად ხვნით,ორგანულ–მინერალური სასუქების შეტანით, ფარცხვა–კულტუვაციით თესვა–რგვამდე. ვეგეტაციის პერიოდში საჭიროა მარგვლა–გამეჩხრება, რწყვა, მავნებელ–დაავადებათა წინააღმდეგ პრეპარატების გამოყენება, მოსავლის აღება სრული სიმწიფის ფაზში.

ბაღჩეული კულტურები: საზამთრო, ნესვი, გოგრა, ყაბაყი, კიტრი –ნიადაგის ნაყოფიერებისადმი საკმაოდ მომთხოვნი კულტურებია. ითესება კვადრატულ–ბუდობრივად 6–8 სმ სიღრმეზე თესვისთანავე მოტკეპვნით. ნათესები საჭიროებენ ნიადაგის ქერქის დასაშლელად და გაღივებული სარეველების მოსასპობად ფარცხვას, მწკრივთაშორის 2–3 ჯერ კულტივაციას. მავნებელ–დაავადებათა წინააღმდეგ გამძლე ჯიშების გამოყვანასთან ერთად საჭიროა აგროტექნიკური და ქიმიური მეთოდებით ბრძოლა. ვეგეტაციის განმავლობაში ბაღჩეულის ნათესების მოვლა მდგომარეობს ნიადაგის გაფხვიერება, გამარგვლა, გათოხნაში, საჭიროების მიხედვით მორწყვაში და მავნებელ–დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლაში. კარგ შედეგებს იძლევა აგრეთვე დამატებითი გამოკვება ორგანული და მინერალური სასუქების ხსნარებით.

მხალ–მწვანილეული: სალათა, წიწმატი, იპანახი, ცერეცო, რეჰანი, ქონდარი, ქინძი, ოხრახუში, ნიახური და სხვ. –ყინვაგამძლე კულტურებია, დასათესად მოითხოვენ ორგანული სასუქებით კარგად განოყიერებულ ნიადაგს. დათესვა ხდება ადრე გაზაფხულზე, შემოდგომაზეც და ზამთარში, როგორც მობნებით, ისე მწკრივად, 3–4 სმ სიღრმეზე. მოსავლის აღება აუცილებელია როზეტის სრულ განვითარების ფაზაში და ფოთლების მშრალ მდგომარეობაში.

 

ვაზის გავრცელებული ჯიშები მსოფლიოს მაშტაბით 4000 ათასზე მეტია. ამათგან მარტო საქართველოში 550-ზე მეტი ჯიში გვხვდება, საქართველოში მოჰყავთ, როგორც საღვინე ისე სასუფრე და საღვინე-სასუფრე ჯიშები. მათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია საღვინე ჯიშები: ჩხავერი, ცოლიკაური, ბათუმურა, კლარჯული, ქაქუთურა, ციცქა, კრახუნა, წულუკიძის თეთრი, ოჯალეში, ალექსანდროული, საწური, რქაწითელი, უსახელოური, მანავის მწვანე, ხიხვი, საფერავი, ჩეჭიჭეში, აპასირხვა, კაჭიჭი, ამლახუ, ჭვიტილური, ოცხანური, საფერე, მუჭურეთული, თეთრი კამურა, ალადასტური, თავკვერი, და სასუფრე ჯიშები: კარდინალი, კრიმსონ სიდლოსი, დონმარიანო, ალფონსო, ლაველი, პრიმა, იტალია, დათიერი, ალედო, ქართული სადრეო, საბას მარგალიტი, სულთანინი, ცხენის ძუძუ, ხარისთვალა, სასუფრე ბახჩის, ჭოდი და სხვა.

ვაზის გაშენება. ვაზის კულტურა სითბოს, ტენისა და სინათლის მოყვარული მცენარეა. ვაზი ყველაზე კარგად ხარობს და მაღალ მოსავალს იძლევა, როცა ნიადაგის მჟავიანობის მაჩვენებელი pH 6,0-8,0-ის ფარგლებშია. ბაღის გაშენებამდე არანაკლებ ორი-ოთხი თვით ადრე საჭიროა ნიადაგის ღრმად დამუშავება (პლანტაჟი) 50-70 სმ-ის სიღრმეზე. ეს კეთდება იმისთვის, რომ ნიადაგში დაგროვდეს ტენი და მცენარემ კარგად განავითაროს (სიღრმისეული) ფესვები. პლანტაჟის ჩატარების საუკეთესო დრო შემოდგომაა. ამის შემდეგ აგროქიმიური ანალიზის მონაცემებიდან გამომდინარე შეაქვთ გადამწვარი ორგანული სასუქი 40-50 ტონა ჰა-ზე, ასევე შეაქვთ ფოსფოროვანი P120, K90-100 კგ/ჰა-ზე და მილიორანტები ანალიზის შესაბამისად. 1,5-2,0 თვით ადრე ხდება ნაკვეთის ჯვარედინული გადახვნა 30-35 სმ-ის სიღრმეზე. შემდეგ ტარდება ფართობის კულტივაცია, ფარცხვა, დაგეგმარება და ორმოების მომზადება 40 სმ-ის სიღრმის და 50 სმ-ის დიამეტრის. ნერგს სათუთად რგავენ ორმოში მიწის თანდათანაბოთ მიყრით, ისე, რომ კალმის ზედა ნამყენი კვირტი 4-5 სმ-ით ზევით დარჩეს ნიადაგის ზედაპირიდან. დარგული ნერგ-კალამი იკვრება ჭიგოზე და ირწყვება დარგვისთანავე.

ნერგის გამოყვანა. ვაზის გამრავლება ხდება ვეგეტატიურად – რქის გადაწვენა-დაფესვიანებით, კალმით და საძირეებზე კვირტების მყნობით. თუმცა ყველაზე მიღე ბული და ეფექტური ფორმაა სასურველი ჯიშის კვირტით მყნობა ფილოქსერაგამძლე საძირეზე. სამყნობი კალმის დიამეტრი, როგორც წესი არ უნდა იყოს 6 მმ-ზე ნაკლები და 12 მმ-ზე მეტი. სამრეწველო დანიშნულების ბაღის გაშენებისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯიშის ბიოლოგიურ თავისებურებას და მექანიზაციის გამოყენების შესაძლებლობას. როგორც წესი მიღებულია 3,0×1,5 მ. 2,5×1,5 მ. კვების არე, ამის შემდეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აგროტექნიკური ღონისძიებების დროულ და თანმიმდევრულ ჩატარებას: სისტემატური გაფხვიერება, სასუქებით დამატებითი გამოკვება, სარეველებთან და მავნებელ-დაავადებასთან ბრძოლა, წყლით უზრუნველყოფა და სხვა.

შპალერული სისტემის მოწყობა. შპალერების მოსაწყობად გამოიყენება, როგორც ბეტონის ისე ხის 3 მეტრიანი ბოძები. მწკრივში ბოძებს შორის მანძილი 4-5 მეტრ- ზე მეტი არ უნდა იყოს. დაყენებულ ბოძებზე იჭიმება უჟანგავი მავთული სამ მწკრივად, ამასთან პირველი მავთული მაგრდება მიწის ზედაპირიდან 0,7-0,8 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო დანარჩენი ორი პირველიდან 70-70 სმ-ის ზევით.

მოვლა. მთელი ვეგეტაციის პერიოდში უნდა მოხდეს ნარგავების ძირების გამოთოხნა, რიგთაშორისების გაფხვიერება, მავნებელ-დაავადებათა და სარეველებთან სისტემატური ბრძოლა, მინერალური საუქებით დამატებით გამოკვება და საჭიროების მიხედვით ნიადაგის მორწყვა. მსხმოიარე ზვრებში ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს რიგთაშორისების დამუშავება. ეს ხელს უწყობს ნიადაგში სითბოს, ტენისა და ჰაერაციის რეჟიმის გაუმჯობესებას და ქიმიურ- ბიოლოგიური პროცესების უკეთ მიმდინარეობას. როგორც წესი ორგანული სასუქები (გადამწვარი ნაკელი, სხვადასხვა სახის კომპოსტები და სხვა) შეიტანება ოთხ წელიწადში ერთხელ 40-60 ტ/ჰა ოდენობით, ხოლო ყოლველწლიურად აზოტოვანი სასუქი 50-80 კგ/ჰა, კალიუმიანი 50- 100 კგ/ჰა და ფოსფოროვანი 30-60 კგ/ჰა. ამასთან ორგანული და ფოსფოროვან- კალიუმიანი სასუქები აუცილებელია შეტანილ იქნეს ნიადაგის ღრმა დამუშავების (მოხვნის) წინ, რათა შემდგომში მოხდეს მათი ნიადაგში ჩახვნა. აზოტოვანი სასუქი კი უნდა შევიტანოთ დიფერენცირებულად. საჭირო დოზის 60% ადრე გაზაფხულზე ვეგეტაციის დაწყებისას და დარჩენილი 40% ყვავილობის დამთავრებისას და ნაყოფის გამონასკვის შემდეგ.

გასხვლაფორმირება. გასხვლის საუკეთესო პერიოდად მიჩნეულია, ის დრო როცა ყოველგვარი საგაზაფხულო წაყინვები გამორიცხულია და მცენარეში წვენთა მოძრაობა არ არის დაწყებული. ვაზის გასხვლის შემდგომ ეტაპს წარმოადგენს, ვაზის მწვანე ნაწილების ოპერაციები, რომელიც ტარდება ვაზის ზრდა განვითარების რეგულირებისათვის.

მავნებელდაავადებანი და მათთან ბრძოლა. ვაზის დაავადებებია: ჭრაქი, ნაცარი, ყურძნის თეთრი, შავი და ნაცრისფერი სიდამპლე, ფუზარიოზი, ანთრაქნოზი და ბაქტერიული კობო. ვაზის მავნებლებია: ფესვის და ფოთვლის ფულოქსერა, მარმარილოს ღრაჭა, მავთულა ჭია, ვაზის ცრუფარიანა, კვირტის და ყურძნის ჭია, ვაზის ფოთოლხვევია, ფოთლის აბლაბუდა ტკიპა, შემოდგომის ხვატარი და სხვა. ამ კულტურის მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ძალზედ ეფექტურია დაცვის ინტეგრირებული მეთოდების გამოყენება, რომელიც იწყება გვიან შემოდგომაზე მოსავლის აღების შემდეგ და გრძელდება მომავალი წლის მოსავლის აღებამდე. ბრძოლის ღონისძიებების ჩატარების ჯერადობა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, ჯიშზე, ზვრების ადგილმდებარეობაზე, მავნე ორგანიზმების გავრცელების სიხშირეზე და მათი განვითარების ფაზებზე.

მოსავლის აღებადაბინავება ბევრადაა დამოკიდებული ამინდის პირობებზე, ჯიშზე, მტევნებში შაქრიანობის დონეზე და მოწეული მოასვლის დანიშნულებაზე. საღვინე ყურძნის ჯიშების კრეფა, როგორც წესი იწყება, როცა მტევანი მისთვის დამახასიათებელ შეფერილობას მიიღებს და მასში შაქრის შემცველობა ჯიშისათვის დამახასიათებელ მაჩვენებელს მიაღწევს. მოსავლის აღება სასურველია მშრალი ამინდის პირობებში.

ხეხილ–კენკროვან კულტურათა შემდეგ ჯგუფებს გამოყოფენ ბიოლოგიურ–საწარმოო ნიშნების მიხედვით: 1.თესლოვნები: ვაშლი, მსხალი,კომში, ზღმარტლი,ცირცელი, კუნელი, ყვავტყემალა. 2.კურკოვნები: ატამი, ქლიავი, გარგარი, ბალი, ალუბალი, ტყემალი, ღოღნოშო, ფშატი, შინდი. 3. კაკლოვნები: კაკალი, პეკანი, თხილი, წაბლი, ნუში.

ხეხილოვან–კენკროვან კულტურათა შორის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კულტურაა ვაშლი. მას არსებული ბაღების ფართობის 70% უკავია, რომელიც განპირობებულია ქვეყნის ბუნებრივი პირობების შერწყმით ვაშლის ბიოლოგიურ თავისებურებებთან, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღებას უზრუნველყოფს. დღეისათვის იგი გავრცელებულია ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. კერძოდ, კახეთში, ქართლში, მესხეთში, მთიანეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში და სხვაგან.

ჯიშები. საქართველოში გავრცელებულია 200-მდე ჯიში. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს შემდეგ ჯიშებს: გოლდენ დელიშესი, ზამთრის ბანანი, კეხურა, ივერია, შამპანური რენეტი, ქართული სინაპი, რედ დელიშესი, გალა, აიდარედი, მოცუ, ფუჯი, თურაშაული, აბილაური და სხვა. ბუნებრივ პირობებში ვაშლი წარმოადგენს საშუალო ან დიდი ზომის ხეს, რომელიც ცოცხლობს და მსხმოიაობს 60-80 წელს. წარმოებაში მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია საძირეზე. ვაშლს ახასიათებს პერიოდული მსხმოიარობა (მეწლეობა), რომელიც უფრო მეტად იკვეთება მცენარის სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ, ძირითადად იგი მე-4, მე-6 წელს იწყება და მცენარის საშუალო მოსავლიანობა შეადგენს 35-40 ტ/ჰა-ს, ხოლო თანამედროვე ინტენსიურ ბაღებში მსხმოიარობა იწყება მე-3 წელს და სრულ მსხმოიარობაში შესვლისას კი 50-70 ტ/ჰა-ს აღწევს. ნარგავებების საექსპლატაციო ხანგრძლივობა კი დამოკიდებულია ბაღის ტიპზე.

ვაშლი მრავლდება თესლით და ვეგეტაციურად: კალმით და მყნობით. მყნობა შესაძლებელია ჩავატაროთ ადრე გაზაფხულზე და აგვისტოში.

ხეხილის ბაღის გაშენება. ნიადაგის ტიპებიდან უმჯობესია მდელოს ყავისფერი, მთის ყომრალი, რუხი და შავიმიწა. ზღვის დონიდან სიმაღლე 400-800 მ. ყველაზე საუკეთესოა, თუმცა სამრეწველო ბაღის გაშენება შეიძლება 1200 მეტრზეც. დიდი სამრეწველო ბაღების მოწყობისას (10 ჰა) ფართობი უნდა დაიყოს კვარტლებად, მოეწყოს 3-4 მეტრის გზები და გაშენდეს ქარსაფარი ზოლები.

ხეხილის გაშენების სქემები. ვაშლის სტანდარტული ბაღი შენდება ძლიერ საძირეზე გამოყვანილი ნერგებით, ჰექტარზე ირგვება 250-300 ძირი ნერგი, მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-7 მე-8 წელს. ექსპლუატაციის ხანგრძლივობა 35-40 წელია. ნახევრად ინტენიური ბაღი შენდება საშუალო სიძლიერის საძირეებზე დამყნილი ნერგებით ჰექტარზე ირგვება 700-800 ძირი ნერგი. მსხმოიარობაში შედის მე-4, მე-5 წელს. ექსპლუატაციის ხანგრძლივობა შეადგენს 20-25 წელს.

ინტენსიური ბაღის გაშენების ეს მეთოდი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია. ბაღი შენდება მხოლოდ ნაგალა (ჯუჯა) საძირეებზე დამყნობით. ჰექტარზე ირგვება 1250-2000 ძირი ნერგი. ექსპლუატაციის პერიოდი 10-15 წელია.

სუპერინტენსიური ბაღი შენდება ნაგალა საძირეზე დამყნილი ნერგით, მაგრამ ჰექტარზე ირგვება 3500-8000 ძირი. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან 1-2 წლის შემდეგ. ექსპლუატაციის პერიოდი არ აღემატება 7-8 წელს.

ნიადაგის მომზადება. ბაღის გაშენებამდე შერჩეულ ფართობზე უნდა ჩატარდეს ნიადაგის ღრმად დამუშავება (პლანტაჟი) 45-50 სმ-ის სიღრმეზე.. ნერგების დარგვამდე ერთ ჰექტარზე უნდა შევიტაოთ ორგანული სასუქი (გადამწვარი ნაკელი, ტორფნაკელიანი, ტორფდოლომიტიანი და სხვა ორგანული წარმომავლობის მასა) 60-100 ტონის ოდენობით. ფოსფოროვანი სასუქი 350-500 კგ და კალიუმიანი სასუქი 250-400 კგ/ჰა-ზე. დარგვის წინ ორი კვირით ადრე უნდა მომზადდეს ორმოები 30-40 სმ-ის სიღრმის და 60 სმ-ის დიამეტრის. აღნიშნულ ორმოებში ნერგები ისე უნდა ჩაირგოს, რომ მყნობის ადგილი უნდა დარჩეს ნიადაგის ზედაპირიდან 4-5 სმ. დარგვამდე უნდა შეიკვეცოს ფესვები და დარჩენილ ფესვთა სისტემა, ორმოში თანაბრად უნდა გაიშალოს, მიეყაროს ფხვიერი მიწა, კარგად მოიტკეპნოს, მოირწყას და აიკვრას ჭიგოზე. თუ დარგვის დროს ნერგები ნაკლებად დატოტვილია ის უნდა გადაიჭრას 60-80 სმ-ის სიმაღლეზე.

მავნებელდაავადებანი და მათთან ბრძოლა. ვაშლის კულტურაში გავრცელებულია მავნებელთაგან – ვაშლის ნაყოფჭამია, ვაშლის ხერხია, ამერიკული თეთრი პეპელა, ბურტყლა ბუგრი, ვაშლის მენაღმე ჩრჩილი, ვაშლის ჩრჩილი-ფოთოლხვევია (ალურა) და კალიფორნიის ფარიანა. დაავადებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია ვაშლის ქეცი, ნაცარი, სიდამპლე, შავი კიბო, მოზაიკა. მათ წინაამღდეგ გამოყენებული უნდა იქნას დაცვის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც იწყება გვიან შემოდგომით და გრძელდება ნაყოფის მომწიფებამდე. ღონისძიებების ჩატარების ჯერადობა დამოკიდებულია მავნე ორგანიზმების გავრცელების სიხშირეზე, ნაკვეთის ადგილმდებარეობაზე და მათი განვითარების ფაზებზე.

მოსავლის აღებადაბინავება. მოსავლის აღება ხდება მშრალ ამინდში დილის საათებში, როცა ნაყოფი მიაღწევს ჯიშისთვის დამახასიათებელ სიდიდეს და შეფერილობას. ნაყოფის კრეფა ხდება ქვემოდან ზემოთ. მოკრეფილი ნაყოფი დახარისხების შემდეგ თავსდება ყუთებში და შეინახება სპეციალურ სათავსოში ან სამაცივრო დანადგარებში 1-4°C ტემპერატურის პირობებში.

სუბტროპიკული კულტურები ძირითადი დანიშნულებით, სამეურნეო გამოყენებისა და მიღებული პროდუქციის მიხედვით ჯგუფდება შემდეგნაირად: ტექნიკური –საკვებ–სურნელოვანი: ჩაი, დაფნა. სუბტროპიკული ხეხილი: ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, გრეიფრუტი, ხურმა,ლერვი, ბროწეული, ზეთისხილი, ფეიჰოა, მუშმალა,უნაბი, კაკალი, პეკანი,აქტინიდია, წყავი. ცხიმზეთოვანი: ტუნგის ხე, ცვილის ხე, ქონის მუხა. მერქნოვან–ტექნიკური: ბამბუკი, ევკალიპტი, კორპის მუხა. ეთერზეთოვანი: გერანი, ვარდი, მსხვილყვავილა ჟასმინი. ფოთოლბოჭკოვნები: რამი, კანაფი, ჯუთი, სელი, დრაცენა. სამკურნალო მცენარეები: ალოე, თირკმლის ჩაი, კალანხოა, ოლეანდრა, სტევია.

 

 

,,საქართველოს ნიადაგურ–კლიმატური პირობების მრავალფეროვნება მრავალი სასოფლო–სამეურნეო კულტურის: თესლოვანი და კურკოვანი ხილი, ყურძენი, ციტრუსები, ჩაი, კაკალი, თხილი, წაბლი, მარცვლეული, სიმინდი, კარტოფილი, ბოსტნეული, ბაღჩეული, მწვანილეული კულტურების წარმოების შესაძლებლობას იძლევა. ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, საქართველო იყოფა 13 ზონად და 6 სუბზონად, რომელთაც განსხვავებული სასოფლო–სამეურნეო სპეციალიზაცია აქვთ’’.–––––––––საქართველოს სანიმუშო სასოფლო–სამეურნეო პრაქტიკის კოდექსი. თბილისი 2007. გვ. 9.

მოამზადა: ნატო კაკაბაძე