ეთნიკური უმცირესობები, პენსიონერები და 25 წლამდე ახალგაზრდები-რუსული პროპაგანდისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფები [Video]

როგორია რუსული დეზინფორმაციის გავლენა პოსტსაბჭოთა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, რომელია განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფები და რამდენად სისტემურია მთავრობების რეაგირება- საკითხების გამორკვევას უკრაინული ორგანიზაცია „პრიზმა“ საერთაშრისო პარტნიორებთან ერთად შეეცადა.

შესწავლილი 14 ქვეყნის მაგალითიდან მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ რუსული პროპაგანდა განსაკუთრებით ზემოქმედებს ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებზე, ასევე საპენსიო ასაკის ადამიანებზე, თუმცა კიდევ ერთი მიგნება გახლავთ ახალგაზრდები 25 წლამდე, რომელთაც ინფორმაციის მიღების ბევრი წყარო აქვთ, თუმცა არასაკმარისი უნარები ტყუილის სიმართლისაგან გასარჩევად.

მკვლევარებმა ასევე დაასკვნეს, რომ რუსული დეზინფორმაციის გავრცლებისთვის მედიასთან ერთად, აქტიურად გამოიყენება რუსული ეკლესიის გავლენა მართლმადიდებელი ქვეყნების მორწმუნე მოსახლეობაზე.

მაჩვენებლების შედარებისას, ვიშეგრადის, ბალტიისპირეთის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის, შედარებით უკეთესი ვითარება ბალტიისპირეთის ქვეყნებშია.

მონაცემების პრეზენტაციისას, მკვლევარებმა მოიყვანეს იმ ქვეყნების მაგალითებიც რომელთა მთავრობებმა რუსული პროპაგანდის აკრძალვის მიზნით რუსული საინფორმაციო წყაროები და სოციალური ქსელები აკრძალეს. მაგალითად, უკრაინის შედეგების ჩვენებისას აღნიშნეს, რომ აკრძალვის შემდეგ 300 ათასამდე შემცირდა რუსული სოც. ქსელის „ვ კონტაქტეს“ გამოყენება. მათი რიცხვი, მკვლევართა ინფორმაციით, მანამ 9 მილიონს აღწევდა.

აკრძალვის ასეთ გადაწყვეტილებებს ვერ ვხვდებით საქართველოს მსგავსად კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნის რეალობის შეჯამებისას, მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ პრობლემაა ეთნიკური უმცირესობების სწორი ინფორმირება და ისინი ერთ-ერთ ყველზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, რადგანაც მათთვის მთავარ საინფორმაციო წყაროს რუსული არხები წარმოადგენს. დოკუმენტის თანახმად, ასევე პრობლემაა პროპაგანდასთან სისტემური ბრძოლა სამთავრობო დონეზე და საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მხრიდან მომდინარე დეზინფორმაცია სათანადოდ, პრობლემის დონეზე იდენტიფიცირებული არ აქვს.

ბოლო მიგნება, სადავო აღმოჩნდა ნინო ბოლქვაძესთვის, რომელიც  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელია. მან არგუმენტად მთავრობის სტრატეგია და ცენტრის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული საინფორმაციო კამპნიები მოიყვანა.

კვლევა ნიდერლანდების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

ავტორები:

თათია ჯაფარიძე, თიკა ირემაშვილი.