ევროპული პლატფორმა ე.წ. წითელი ხაზების გადახედვას ითხოვს

“ნიკა მელიას დაპატიმრება პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებას” – განცხადებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და ევროკავშირის სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივად აქვეყნებენ.

სამოქალაქო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ აღნიშნული ნაბიჯი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ განხეთქილებას აღრმავებს, დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს კი მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშ აქცევს.

განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მრავალი წლის განმავლობაში საქართველო რეგიონში დემოკრატიის მაგალითად მიიჩნეოდა განვითარებული მოვლენებით კი ქვეყანამ აშკარა უკუსვლა განიცადა. 

“ავტორიტარული პრაქტიკის მიმართულებით ასეთი აშკარა უკუსვლა არ უწყობს ხელს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირის წევრობისკენ. საჭიროა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის კომპრომისები, რომლებიც ხელს შეუწყობენ კონსტრუქციული ვითარების შექმნას შემდგომი პოლიტიკური პროცესისთვის კრიზისის დასაძლევად.” – წერია განცხადებაში. 

ნათია კუპრაშვილის თქმით, შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ განსაკუთრებით ხელისუფლების ტონი შეიცვალა და ორმხრივი დიალოგი კვლავ პრობლემური გახდა, რის გამოც მათ მსგავსი განცხადების გავრცელების საჭიროება დაინახეს.

“ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო მსგავსი გზავნილების კიდევ ერთხელ გაჟღერება, არა მხოლოდ ევროპის მმართველი ორგანოების მიერ, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სახელითაც.” – ამბობს ნათია კუპრაშვილი. 

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი და საქართველოს ეროვნული პლატფორმა სიტუაციის დეესკალაციისა და დემოკრატიის პრინციპების დასაცავად შემდეგ ნაბიჯებს ასახელებენ:

  • სასწრაფოდ გათავისუფლდეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია;
  • გაგრძელდეს პოლიტიკური დიალოგი დიპლომატიური კორპუსის მედიაციით;
  • განხილულ იქნას ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა;
  • მოლაპარაკებებში ჩართული პოლიტიკური აქტორების მიერ განისაზღვროს დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს:
  • ა) კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებისთვის,მათ შორის ძალაუფლების გადანაწილებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის
  • ბ) ანგარიშვალდებულების ეფექტური მექანიზმების დანერგვისათვის ხელშეწყობას.
  • დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი შემუშავდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კოალიციების ფართო მონაწილეობით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის” თავმჯდომარე ლაშა ტუღუში ამბობს, განცხადების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი”დემოკრატიული დღის წესრიგის” ფორმირებაა.

​ნიკა მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში 23 თებერვალს დააკავეს. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. მისი მედიატორობით ​ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები გაიმართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განსახილველი საკითხების ჩარჩო ჩამოაყალიბეს, რომელიც 6 პუნქტისგან შედგება. მათ შორისაა ნიკა მელიას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ასევე რიგგარეშე არჩევნები. 

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin