ევროკავშირი საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში დღეისათვის 76 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს, წლის ბოლოსთვის მათ რიცხვს კიდევ 9 დაემატება. აღნიშნულ ცენტრებში მოქალაქეები 200-ზე მეტ მომსახურებას იღებს.

პირველი საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოში 2012 წელს შაშიანში, სართიჭალასა და გომში, სრულად ევროკავშირის დაფინანსებით აშენდა და აღიჭურვა. ინიციატივის წარმატების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებით, ცენტრების რეგიონული დაფარვა გაიზარდა და მათ ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ევროკავშირის ჩართულობა დღემდე მაღალია.

ეფექტური ანუ კარგი მმართველობის ხელშეწყობა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არაერთი რეფორმის განხორციელებას ეყრდნობა, რომელთა საბოლოო მიზანი რიგითი მოქალაქეების კეთილდღეობაა, მათი უფლებების დაცვასთან, თავისუფალ ინფორმაციაზე წვდომასა და საჯარო მომსახურების მიღების გამარტივებასთან ერთად.