დეზინფორმაცია: სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პედოფილიისა და ბავშვების ორგანოებით ვაჭრობის ქსელშია ჩართული

5 ივნისს კრემლისტურმა გამოცემა News-Front-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პედოფილიისა და ბავშვების ორგანოებით ვაჭრობის ქსელშია ჩართული და ეს ნინოწმინდის პანსიონის საქმეში მის აქტიურ ჩართულობას დაუკავშირა. სტატიის ავტორმა პედოფილიის სქემაში ჩართულობას დაუკავშირა სახალხო დამცველისა და საქართველოში ისრაელის ელჩის რან გიდორის მეგობრობაც. ასევე გამოცემა წერს იმასაც, რომ ნინო ლომჯარია ამერიკული B4U-ს წევრია, რომელიც პედოფილიის ლეგალიზებისთვის იბრძვის. 

დეზინფორმაცია ნინო ლომჟარიას B4U-ACT-სთან კავშირზე

ნინო ლომჯარია B4U-ACT-ი წევრებში საერთოდ არ ირიცხება, ამასთან აღნიშნული ორგანიზაციის გაცხადებული მისია განსხვავდება მედიის მიერ მოყვანილი მტკიცებისგან, კერძოდ ეს ორგანიზაცია 2003 წელს დაარსდა და მისი მიზანი იმ ადამიანებისთვის [მათ შორის პედოფილები]ფსიქიკური დახმარების აღმოჩენაა, რომლებსაც არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური მისწრაფება გააჩნიათ. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენი ორგანიზაცია სახალხო დამცველის აპარატსაც დაუკავშირდა, სადაც მასალაში აღნიშნული ყველა ბრალდება კატეგორიულად უარყვეს. 

დეზინფორმაცია ისრაელის ელჩთან სახალხო დამცველის მეგობრობაზე

ომბუდსმენის ოფიციალურ საიტსა და ფეისბუქ გვერდზე ნინო ლომჯარიას და მისი მოადგილე თამარ გვარამაძის ისრაელის ელჩ რან გიდორთან შეხვედრის შესახებ ერთი ცნობა იძებნება. ისინი ერთმანეთს 2020 წლის 13 თებერვალს შეხვდნენ, შეხვედრის მიზანი ახლად დანიშნული ელჩისთვის სახალხო დამცველის მანდატის და საქმიანობის გაცნობა იყო. 

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მან ნინოწმინდის ბავშვთა სახლში შესვლა მოითხოვა. ჰომოფობიური და ულტრანაციონალისტური ჯგუფის წევრები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები უსაფუძვლოდ ამტკიცებენ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლის მიზანი არასრულწლოვნების გარყვნაა. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp