დეზინფორმაცია: რიონის ხეობაში ურანს მოიპოვებენ

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის და მასთან დაკავშირებული პროტესტის პარალელურად, სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ თითქოს რიონის ხეობაში ურან-238-ის საბადოა და რომ სწორედ ესაა თურქული კომპანიიის ინტერესი. 

ინფორმაციის ავტორის მტკიცებითვე, საქართველოს ხელისუფლებამ 100 მილიარდი დოლარის ღირებულების საბადო თურქეთს 400 მილიონად მიჰყიდა. გავრცელებულ პოსტებში ავტორები რიონის ხეობაში სხვა ძვირფასი წიაღისეულის, მაგალითად ოქროს და სპილენძის საბადოებზეც საუბრობენ. 

გავრცელებულ ინფორმაციაში გაჟღერებული ყველა ეს მტკიცება სინამდვილეში FAKE.. ინფორმაციას უარყოფს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე. მისი თქმით, ” ნამდვილად ვიცით, რომ რიონის ხეობაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში ურანი არ აღმოგვიჩენია”.  

დეზინფორმაციის საპასუხოდ სოციალურ ქსელში განცხადებაა გაავრცელა წიაღის ეროვნულმა სააგენტომაც. სააგენტოს განმარტებით, ორი საუკუნის განმავლობაში შეგროვებული გეოლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რიონის აუზში ურანის საბადოების არსებობა საერთოდ არ ფიქსირდება.

ურანი რადიოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც ატომურ რეაქციებში გამოიყენება. მისი 99% ბუნებაში ურან-238-ის იზოტოპის სახით გვხვდება. ურანს როგორც ბირთვულ საწვავს დიდი მნიშვნელობა აქვს.

დედამიწის ქერქში ურანის მარაგი მიახლოებით 1000-ჯერ აღემატება ოქროს მარაგს, 30-ჯერ — ვერცხლისას, ამასთან ეს მონაცემი მიახლოებით ტოლია ტყვიის და თუთიის ანალოგიური მაჩვენებელისა. ურანის არც თუ ისე მცირე რაოდენობა გაბნეულია ნიადაგში, მთის ქანებში და ზღვის წყალში. მხოლოდ შედარებით მცირე რაოდენობა კონცენტრირდება საბადოებში, სადაც ამ ელემენტის შემცველობა ასობით აღემატება მის საშუალო შემცველობას დედამიწის ქერქში. ურანის დაზვერილი მსოფლიო მარაგი საბადოებში 5,4 მლნ ტონას შეადგენს. მსოფლიოს ატომური ასოციაციის მონაცემებით, 2019 წლისთვის ურანი მსოფლიოს 13 ქვეყანაში მოიპოვებოდა. ურანის მოპოვების ⅔ ყაზახეთზე, კანადასა და ავსტრალიაზე მოდის.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp