დეზინფორმაცია: თურქეთის პრეზიდენტმა ბათუმი თურქეთის ტერიტორიად მოიხსენია

Facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში თურქეთი ოკუპანტია 2021 წლის ნოემბერში გავრცელდა ფოტო, სადაც ავტორი ამტკიცებდა, რომ თითქოს, თურქეთის პრეზიდენტმა ბათუმი თურქეთის ტერიტორიად მოიხსენია. 

“ჯერ კიდევ 2016 წელს რიზეს უნივერსიტეტში გამოსვლისას ერდოღანმა ბათუმი, ფაქტიურად თურქულ ტერიტორიად მოიხსენია. პოსტის ავტორის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტმა თქვა შემდეგი „ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ ე.წ. „ეროვნული შეთანხმებით“ დადგენილი საზღვრები მოიცავს კვიპროსს, ალეპოს, მოსულს, ერგულს, კირკუმს, ბათუმს, თესალონიკს, ქარდაჯალს, ვარნასა და ეგეოსის კუნძულებს.

სინამდვილეში პოსტის ავტორის მიერ გავრცელებული მასალა რეალობას არ შეესაბამება. პოსტის ავტორი წყაროდ ბერძნული გამოცემა Ekathimerini-ის სტატიას ეყრდნობა. სტატიის მიხედვით, ერდოღანმა ნამდვილად აღნიშნა, რომ ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ამ შეთანხმების მიხედვით ბათუმი, სხვა ქალაქებსა და ტერიტორიებთან ერთად, თურქეთის ტერიტორიად მიიჩნევა, თუმცა სტატიის ბოლოს გაკეთებულია სპეციალური მინიშნება მკითხველისთვის, სადაც ვკითხულობთ, რომ სტატიაში მოცემული ციტატის ნაწილი დამახინჯებულია: „საინფორმაციო სააგენტომ, მას შემდეგ რაც გაარკვია რომ კორესპონდენტმა დამახინჯებულად დაწერა ერდოღანის გამოსვლის შესახებ და რეფერენდუმთან დაკავშირებითაც ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, სტატია დარედაქტირდა და განახლდა“.

ასევე, სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით მათ სტატიის ავტორი ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ასევე, თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებაში მსგავსი ციტატა და შინაარსი არ იძებნება. გამოსვლისას ერდოღანმა საქართველო, უკრაინა, ყირიმი, აზერბაიჯანი, ყარაბახი, ბალკანეთი და ჩრდილოეთ აფრიკა იმის აღსანიშნავად, რომ ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთან თურქეთს ისტორიული ურთიერთკავშირების გამო განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.

ამ საკითხის ირგვლივ გავრცელებულ მანიპულაციას და დეზინფორმაციას გამოეხმაურა თურქეთის იმჟამინდელი ელჩი საქართველოში ზეკი ლევენთ გურმუქჩუ. მისი განცხადებით – “ჩვენ არა მხოლოდ ვაღიარებთ, არამედ ძლიერად ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.”

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp