გურია VS აზიური ფაროსანა

0

თხილი, როგორც შემოსავლის წყარო

აივენკო მამფორია გურიაში, სოფელ შრომაში ცხოვრობს. მისი ოჯახის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო თხილის პლანტაციებია. ამბობს, რომ თანასოფლელების უმრავლესობის მსგავსად, წელს იგი თხილის გარეშე დარჩა,  მოსავლის დაზიანების  მიზეზი კი, ფერმერის მტკიცებით, აზიური ფაროსანაა.

რა არის აზიური ფაროსანა?

ბაღლინჯოს  სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. იგი 300-მდე სახეობის მცენარით იკვებება. აზიური ფაროსანა  აზიანებს ციტრუსსა და  ბოსტნეულს, ასევე  თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, განსაკუთრებით კი თხილეულს.

ფაროსანასთან ბრძოლის უცხოური გამოცდილება

ევროპასა და ამერიკაში აზიურ ფაროსანას ბუნებრივი მტერი არ დახვდა. შესაბამისად სოფლის მეურნეობის დარგში ძლიერ ქვეყნებსაც კი მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. აშშ-ში ბაღლინჯო პირველად, 2001 წელს,  პელსილვანიის შტატში დაფიქსირდა, 2010 წელს ფაროსანა უკვე 34 შტატში იყო გავრცელებული. ამერიკის შეერთებულ შტატებს ფაროსანასთან ბრძოლისთვის წლები დასჭირდა, სოფლის მეურნეობის სექტორს კი მავნებელმა 2010 წელს 21 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა.

აზიური ფაროსანა საქართველოში

აზიური ფაროსანა ჩვენს ქვეყანაში  2015 წელს გამოჩნდა და მისი მავნებლობა საქართველოში მალევე იგრძნეს.  2016 წელს მან თხილის სექტორი დააზარალა. შესაბამისად, ფაროსანასგან გამორჩეულად დასავლეთ  საქართველო დაზიანდა, რეგიონები სადაც თხილის კულტურა განსაკუთრებით პოპულარულია.

აზიურმა ფაროსანამ მნიშვნელოვანი ზარალი ფერმერებს წელსაც მიაყენა. მაგალითისთვის, თუკი ოზურგეთში 2016 წელს თხილის მოსავალმა 11 000 ტონა შეადგინა, ვარაუდობენ, რომ 2017 წელს მაჩვენებელი 5 ტონამდე ჩამოვიდა.

თხილის მოსავლის გაფუჭებას მოსახლეობის უმეტესობა აზიურ ფაროსანას უკავშირებს. აივენკო მამფორია ამტკიცებს, რომ სოფელ შრომაში სხვა მავნებელი თუ დაავადება გავრცელებული არაა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს, თხილის მოსავლის გაფუჭების მიზეზი ფაროსანასთან ერთად, სხვადასხვა სახეობის სოკოვანი დაავადება და ბაქტერია იყო. უწყების უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას  თქმით, სოკოვანი დაავადებების გავრცელებას მიმდინარე წელს არსებულმა უხვმა ნალექმაც შეუწყო ხელი, რადგან მაღალი ტენიანობის პირობებში მსგავსი ბაქტერიები ადვილად მრავლდება.

როგორ ვუმკლავდებით აზიურ ფაროსანას საქართველოში

პრობლემის დაფიქსირების შემდეგ, 2016 წლის ნოემბრიდან, სეს-მა ამერიკიდან ექსპერტები ჩამოიყვანა. ადგილზე ვითარების შესწავლის შემდეგ, დარგის უცხოელმა სპეციალისტებმა, ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია ჩამოაყალიბეს. ერთ-ერთი მიმართულება მოსახლეობისთვის საჭირო ინფორმაციის  მიწოდება იყო.  ივნისის დასაწყისში გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ   წამლობითი ღონისძიებები დაიწყო. პროცესი 2 ეტაპად განხორციელდა. პირველ ჯერზე, სააგენტომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს  შესაწამლი პრეპარატი და შესხურებისთვის საჭირო პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობა გადასცა. მეორე ეტაპზე კი სამუშაოებს უწყების სპეცტექნიკაც დაემატა. რაც შეეხება, დაუსახლებელ ტერიტორიებსა და დიდ მასივებს, მათ დასამუშავებლად სოფლის მეურნეობის უწყებამ ავიაცია გამოიყენა. შემოდგომაზე, მოსახლეობას 1 ლიტრი შხამ-ქიმიკატი უსასყიდლოდ გადაეცა, ასევე  მავნებლის მისაზიდი ხაფანგი – ფერომონი და მათი მოხმარების ინსტრუქცია.

აივენკო მამფორია ამბობს, რომ ფაროსანას საწინააღმდეგოდ თხილის პლანტაციები მიწოდებული მასალით შეწამლა, თუმცა ფაროსანამ მოსავალი მაინც დაუზიანა. სეს-ის მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი განმარტავს, რომ მცენარის წამლით დამუშავება ეფექტური რომ იყოს, საჭიროა მავნებლის ნიმფის (მატლის) ფაზაში ყოფნის დროს შეწამლვა.

მცენარე უნდა შეიწამლოს რამდენჯერმე. პროცესის გაგარძელება შესაძლებელია მას შემდეგაც, რაც ის  ნაყოფს გამოისხამს, თუმცა ასეთ შემთხვევაში შეწამლული პროდუქტის საკვებად გამოყენებამდე ე.წ. ლოდინის პერიოდი უნდა დავიცვათ. სეს-ის რეკომენდაციით,  სხვადასხვა კულტურაზე ლოდინის პერიოდი შემდეგნაირად განისაზღვრება: 21 დღე – ციტრუსოვან კულტურებზე, 30 – დღე სხვა მრავალწლიან კულტურებზე, 20 – დღე მარცვლეულზე, 15 დღე  კი ბოსტნეულსა და პარკოსნებზე.

რეკომენდაციები გურიის მოსახლეობას:

სეს-ში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია თხილის შეწამვლითი ღონისძიება ჯერ კიდევ შემოდგომიდან დაიწყოს. უწყების უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია მოსახლეობას მოუწოდებს ყურადღება მიაქციონ აგროტექნიკური სამუშაოების ჩატარებას, როგორიცაა ნაკვეთების დაბარვა, გასხვლა და  გასუფთავება.

უწყებაში ამბობენ, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა ხანგძლივი პროცესია, რომელიც დარგის სპეციალისტებმა, მოსახლეობის აქტიური ჩართულობით უნდა მართონ.

სტატია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით.

ავტორი:

                                                                                                                   ეკატერინე მამამთავრიშვილი

Comments are closed.