ბიოლოგიური სოფლის მეურნეობა

წარმოების წესები და საკანონმდებლო რეგულირება

ვიმედოვნებთ, ხელისუფლება ამ საკითხს მეტ ყურადღებას მიაქცევს და გაატარებს ქმედით ღონისძიებებს, რათა სოფლის მეურნეობა ნატურალური პროდუქტების წარმოების გზით განვითარდეს, რაც შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მძლავრ ბერკეტად იქცეს, რადგან მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნილება სულ უფრო და უფრო იზრდება. თუ ეს განხორციელდა,იგი დიდ სტიმულს მისცემს როგორც სოფლის მეურნეობის წინსვლას, ასევე ამ სფეროში გადამამუშავებელი ბიზნესის განვითარებას და საერთაშორისო ბაზარზეც ქართულ პროდუქციას თავის ადგილს დაუმკვიდრებს.

ამონარიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი,
უწმინდესი და უნეტარესი ილია II
2008
წლის სააღდგომო ეპისტოლედან

 

შესავალი. ბიოლოგიური (ორგანული, ეკოლოგიური) სოფლის მეურნობის შექმნის იდეას თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს[1]. XX საუკუნის დასაწყისში, ქიმიური და მძიმე მრეწველობის განვითარებამ ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობაში ქიმიური სასუქების და პესტიციდების აქტიურ გამოყენებას, ახალი აგროტექნოლოგიების დანერგვით გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობა, შემცირდა ხელით შრომა და შესაბამისად, შემცირდა პროდუქციის თვითღირებულება.

დროთა განმავლობაში ყველასთვის, მათ შორის გლეხების, ფერმერებისა და მეცნიერებისათვის ცხადი გახდა, რომ ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვით მოსავლიანობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მავნებლების რაოდენობა და მათი მდგრადობა ქიმიური პრეპარატების მიმართ. ამან თავისთავად მოითხოვა ქიმიური პრეპარატების ასორტიმენტის გაზრდა და დოზების მომატება, რასაც თან მოჰყვა ნიადაგის გამოფიტვა, მისი ნაყოფიერების ამაღლებისათვის კი ახალ-ახალი ქიმიური სასუქების დამატება გახდა საჭირო, თანდათან, მთლიანად თუ არა დიდი წილით სოფლის მეურნეობა ქიმიურ ინდუსტრიაზე დამოკიდებული გახადა.

ბიოწარმოება საქართველოში. საქართველო დიდი აგრარული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაა, რომელიც ოდითგანვე მდიდარი სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებითა და კულტურული ფლორის მრავალფეროვნებითაა ცნობილი. ქვეყნის მრავალფეროვანი გარემო პირობები ხელსაყრელია მრავალი სხვადასხვა კულტურის მოსაყვანად. საქართველოს კარგად იცნობენ აქ წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქციით, როგორიცაა ღვინო, ხილი და ბოსტნეული. მაგრამ რთული მთაგორიანი ლანდშაფტი და მიწის ფრაგმენტაცია ვერ ქმნის იმის პირობებს, რომ ქართველმა გლეხმა წარმოების გაზრდით მიიღოს მოგება და კონკურენტუნარიანი იყოს გლობალურ სასაქონლო ბაზარზე. შესაბამისად, ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას გაუჭირდება კონკურენცია გაუწიოს ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის საშუალებით წარმოებულ იაფ სურსათს, რითაც გაჯერებულია მსოფლიო ბაზარი. სწორედ ამიტომ, მაღალი ხარისხის ბიოპროდუქციის წარმოება ის სფეროა, რომელიც ქართულ პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის მსოფლიო ბაზარზე, რომელიც ერთადერთი ბაზარია მსოფლიოში, რომელიც განუხრელად იზრდება ეკონომიკური კრიზისისა და სხვა ბაზრების შემცირების ფონზეც კი.

      ბიოაგროწარმოების განვითარება ქვეყნის აგრარული პოლიტიკის ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებაა, რაც შესაბამის საკანონმდებლო რეგულირებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომზადებული იქნა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის N198 დადგენილებით დამტკიცდა „ბიოწარმოების წესები“, რომელიც განსაზღვრავს ბიომეურნეობის მართვის, ბიოპროდუქტის წარმოების, გადამუშავების, ნიშანდების, ეტიკეტირების, დისტრიბუციის, რეალიზაციის,   ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის წესსა   და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ასევე იძლევა ბიომეურნეობაში/ბიოწარმოებაში გამოსაყენებლად ნებადართული ნივთიერებებისა და საშუალებების ნუსხას.

საქართველოში ბიომეურნეობების ასოციაცია „ელკანა“ 1994 წელს დაფუძნდა, რომელიც 1996 წლიდან IFOAM -ის წევრია. დღეისათვის ასოციაცია 900-ზე მეტ წევრს აერთიანებს. IFOAM-ის ანგარიშების თანახმად, სერტიფიცირებული ბიომეურნეობების ( მათ შორის კონვერსიული მეურნეობების) ფართობების ცვლილება საქარტველოში 2005 წელს 130 ჰა-დან 2011 წლისათვის 1999 ჰა-მდე გაიზარდა, რაც ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწების მხოლოდ 0,8%-ს შეადგენს, 2013 წლისათვის ბიომეურნეობების ფართობმა 6000 ჰა შეადგინა.

ბიოწარმოების საფუძვლები და ამოცანები.  შვეიცარიელმა მეცნიერმა ჰანს მიულერმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ბიოორგანული მეურნეობის კონცეფციას, რომლის მთავარ საფუძველს წარმოადგენდა:

  • ქიმიური ინდუსტრიაზე დამოკიდებულების უარყოფა – მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისათვის ქიმიური სასუქების და სხვა სინთეზური საშუალებების მოხმარების შემცირება, მეურნეობაში არსებული ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური გამოყენება, სასურსათო პროდუქციის რეალიზაციის გაზრდა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე;
  • გასაღების ბაზრის შექმნა იმ მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჯანსაღი საკვებითა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი;

დღეისათვის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარება და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება მდგრადი გლობალური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიური ამოცანების გადაწყვეტას ისახავს მიზნად.

სოციალური ამოცანები:

  • ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღება;
  • სასურსათო პროდუქციის გარანტირებული უვნებლობა.

              ეკოლოგიური ამოცანები :

  • გარემოს დაცვა;
  • ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება;
  • ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება;
  • ცხოველთა მოშენების მართებული მეთოდების შემუშავება.

ეკონომიური ამოცანები:

  • ეკოლოგიურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ბაზრის მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
  • სოფლის ეკონომიური განვითარების ალტერნატიული მეთოდი;
  • ჩაკეტილი სისტემების დანერგვა და შესაბამისად გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირება;
  • დამატებითი სამუშაო ადგილები სოფლად.

ბიოწარმოების ზოგადი პრინციპები.

როგორც წესი, ბიოწარმოების წესები ემყარება ზოგად პრინციპებს, რომლის თანახმად:

  • ბიომეურნეობის დაგეგმვისა და მართვისას გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ შიდა ბუნებრივი რესურსები და წარმოების ბიოლოგიური და მექანიკური მეთოდები;
  • ბიოპროდუქციის დაბინძურებისა და მავნებელ-დააავადებების წინააღმდეგ გატარებული უნდა იქნეს პრევენციული და საკონტროლო ღონისძიებები;
  • იმ შემთხვევაში თუ მეურნეობის შიგნით არ მოიპოვება საჭირო და საკმარისი რაოდენობით ბუნებრივი ნივთიერებები და მინერალური სასუქები, გარე რესურსების სახით გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სხვა ბიოლოგიური მეურნეობის რესურსები;
  • მკაცრად უნდა იქნეს შეზღუდული ქიმიური სინთეზური ნივთიერებების გამოყენება;
  • მკაცრად შეზღუდულია ასევე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ან გმო-დან მიღებული პროდუქტების გამოყენება, გარდა აუცილებლობის შემთხვევაში, ვეტერინარული დანიშნულების სამკურნალო საშუალებებისა;
  • აკრძალულია მაიონიზებელი რადიაციის გამოყენება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაში;
  • დაუშვებელია მემცენარეობაში ჰიდროპონული წარმოება;
  • აუცილებელია სათანადო, დეტალური ჩანაწერების წარმოება ოპერატორის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და გამოყენებული საშუალებების შესახებ;
  • ბიოწარმოებაში დაშვებულია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნივთიერებების და საშუალებების გამოყენება.

ბიოწარმოების სპეციფიკური წესები მემცენარეობისათვის. გარდა აღნიშნული ზოგადი პრინციპებისა, სხვადასხვა სფეროებში ბიოწარმოება სპეციფიკური წესების გათვალისწინებით ხორციელდება.

მემცენარეობაში ბიოწარმოების სპეციფიკური წესები გულისხმობს ნიადაგის დამუშავებისა და კულტივაციისათვის ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომელიც ხელს შეუწყობს მასში არსებული ორგანული ნივთიერებების შენარჩუნებას, დაიცავს მას ეროზიისა და გამკვრივებისაგან, რეკომედებულია

ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და    ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის მრავალწლოვანი თესლბრუნვის გამოყენება, პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენლების, ან მძლავრი ფესვთა სისტემის მქონე კულტურების მწვანე სასუქის, ბიომეურნეობიდან მიღებული ცხოველის ნაკელის და ორგანული ნარჩენების გამოყენება (უმჯობესია კომპოსტირებული). დაშვებულია, ასევე სასათბურე წარმოება, მრავალწლიანი მცენარეები, მუდმივი საძოვრები. განსაზღვრულია, რომ ნიადაგში შეტანილი ნაკელის რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 170 კგ აზოტს ჰექტარზე წელიწადში.

საყურადღებოა, რომ     ბიოსასუქის დამზადებამ, შენახვამ და გამოყენებამ არ უნდა დააბინძუროს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, ამასთანავე ნიადაგის დამცავი საფარისათვის დაშვებულია სინთეზური მულჩი, სილოსი, პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის ან სხვა პოლიკარბონატების პროდუქტები. გამოყენების შემდეგ ეს მასალები უნდა მოცილდეს ნიადაგს, თუმცა არ უნდა დაიწვას მეურნეობაში, სათესლე და ვეგეტატიური გამრავლების მასალის წარმოებისათვის მხოლოდ ბიომეთოდებით მიღებული სათესლე და ვეგეტაციური გამრავლების მასალის გამოყენებაა დაშვებული.

მნიშვნელოვანია, რომ ბიომეთოდებით მიღებული სათესლე და ვეგეტატიური გამრავლების მასალის წარმოებისათვის გამოყენებული ერთწლიანი მცენარე მოყვანილი უნდა იქნეს ბიოწარმოების პრინციპების დაცვით სულ მცირე ერთი თაობის, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში – ორი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, თუმცა სერტიფიკაციის ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, ინდივიდუალურად, დაშვებულია არაბიომეურნეობიდან მიღებული სათესლე მასალისა და ვეგეტაციური გამრავლების ორგანოების გამოყენება. მცენარეები და მათი ნაწილები, აგრეთვე მათი პროდუქტები, შეიძლება ჩაითვალოს „ბიოპროდუქტად“კონვერსიის პერიოდის გავლის შემდეგ.

ბუნებაში, ტყეებსა და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე ველურადმზარდი მცენარისა და მათი ნაწილების შეგროვება შეიძლება ბიოწარმოებად ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ ამ ტერიტორიაზე შეგროვების დაწყებიდან სულ მცირე სამი წლის განმავლობაში არ იქნა გამოყენებული ნივთიერებები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ნებადართული და გარდა ამისა, შეგროვება გავლენას არ უნდა ახდენდეს ველურადმზარდი მცენარეების სახეობის შენარჩუნებაზე.

საყურადღებოა, რომ „ბიოსოკოს“ წარმოებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნივთიერებებისა, დაშვებულია ისეთი სუბსტრატის გამოყენება, რომელიც შედგება ქიმიურად დამუშავებული ტორფისა და ხის მასალისაგან, გარდა ამისა, თუ საკმარისი არ არის ნაკელი და ცხოველების ექსკრემენტები, 25% შესაძლებელია შეტანილი იქნეს კონვერსილი მეურნეობიდან.

სპეციფიკური წესები მეცოველეობისათვის. მეცხოველეობის ბიოწარმოებისას  სპეციფიკური წესების თანახმად, რომელიც მოიცავს მსხვილფეხა რქოსან და წვრილფეხა პირუტყვს, ღორს, ლოგომორფს, შინაური ფრინველს, ასევე ფუტკარს და წყლის ცხოველის (მათ შორის აკვაკულტურა) ბიომეურნეობა და კონვერსიული მეურნეობა პარალელურად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთები, სადაც ცხოველის მოშენება ხდება, ასევე ცხოველის საკვები, ნაკელი და ცხოველებისაგან მიღებული სხვა პროდუქტები განცალკევებულია ბიომეურნეობისგან, ჯიშები უნდა შეირჩეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული უეცარი სიკვდილი, მშობიარობა, რომელიც მოითხოვს საკეისრო კვეთას, უეცარი აბორტი და ღორის სტრესის სინდრომი, ამასთან, დაუშვებელია ერთი და იგივე მეურნეობაში ბიო- და არაბიო მეთოდებით ცხოველის მოშენება, გარდა ფუტკრისა. 

ბიომეურნეობაში ცხოველს უნდა ჰქონდეს დაბინავებისა და ძოვების ისეთი პირობები, რომელიც დააკმაყოფილებს მის ბუნებრივ, ქცევით და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს. ცხოველი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის სუფთა წყლით, საკვებით, სუფთა ჰაერით და ბუნებრივი განათებით.   დაცული ჭარბი დღის სინათლის, ტემპერატურის, წვიმის, ქარის, ტენის, მტვრისა და ტოქსიკური აირებისაგან, დაავადებებისა და პარაზიტებისაგან; აუცილებელია არსებობდეს ადგილი ცხოველის გასუფთავებისა და გამრავლებისათვის, ასევე ექსკრემენტების დასაგროვებლად. ღია ტერიტორიაზე ბიომეურნეობის ცხოველი განცალკევებული უნდა იყოს სხვა ცხოველისაგან. საერთო საძოვარზე ძოვება დასაშვებია, თუ ძოვება არ ხდება ერთდროულად. განსაზღვრულია ასევე ძოვებისას ცხოველთა მაქსიმალური რაოდენობა ჰექტარზეც, დაუშვებელია ცხოველის დაბმა, უპირატესობა ენიჭება გამრავლების ბუნებრივ მეთოდებს, თუმცა დაშვებულია ხელოვნური განაყოფიერებაც.

დაუშვებელია ზრდის სტიმულატორებისა და სინთეზური ამინომჟავების გამოყენება, ცხოველთა ვაქცინაცია და ეპიზოოტიური ღონისძიებები კი უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;

მნიშვნელოვანია, რომ თუ ცხოველს 12 თვის განმავლობაში მკურნალობის სამი კურსი უტარდება სინთეზური ქიმიური საშუალებებით, ან უტარდება მკურნალობის ერთი კურსი და მისი ასაკი 12 თვეზე ნაკლებია, არ შეიძლება ამ ცხოველის პროდუქტის გაყიდვა, როგორც ბიოპროდუქტისა და მათთვის თავიდან უნდა დაიწყოს კონვერსიის პერიოდი. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც ხორციელდება ვაქცინაცია, პარაზიტების ან ცხოველთა სავალდებულო განადგურება. აუცილებლობის შემთხვევაში, თუ სხვა საშუალება ხელმისაწვდომი არ არის, ვეტერინარული მკურნალობისას დასაშვებია გენმოდიფიცირებული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება, ამ შემთხვევაში ცხოველი საჭიროებს კონვერსიის პერიოდის თავიდან გავლას.

ბიომეცხოველეობაში დაუშვებელია ემბრიონის ტრანსპლანტაციისა და რეპროდუქციის ჰორმონების გამოყენება. რაც შეეხება კვებას, ცხოველი უნდა იკვებებოდეს ბიოსაკვებით, რომლის 50% ბიომეურნეობაში მზადდება. დასაშვებია საკვების 30 % იყოს კონვერსიული მეურნეობიდან.

მეფუტკრეობის ბიოპოდუქტების წარმოებისათვის სკის გარშემო 3 კმ-ს რადიუსში ყველა მეურნეობა ბიომეთოდით უნდა იმართებოდეს, მაგრამ თუ შეუძლებელია ფუტკრისათვის საკმარისი რაოდენობის ბიოსაკვების მოპოვება, ფუტკრის საკვების 20% შესაძლოა შეიცვალოს თაფლით ან შაქრით არაბიოლოგიური წარმოებიდან.

ფრინველთან დაკავშირებული სპეციფიური წესების თანახმად, დაუშვებელია ფრინველის გალიაში დამწყვდევა, განსაზღვრულია ასევე შინაური ფრინველის დაკვლის ასაკი, რომელიც მაგ. ვარიისათვის შეადგენს 81 დღეს, ხოლო დედალი ინდაურისათვის – 100 დღეს.

             კონვერსია. იმისათვის, რომ არაბიოწარმოებიდან ბიოწარმოებაზე მოხდეს გადასვლა, გარკვეული გარდამავალი პერიოდია საჭირო. ამ პერიოდს კონვერსიის პერიოდი ანუ კონვერსია ეწოდება. გარდამავალი ეტაპი ბიომემცენარეობისათვის ორი წელია, თუ ერთწლიანი მცენარის დათესვამდე ან საძოვრისა და სათიბის გამოყენებამდე ორი წლის, ხოლო მრავალწლიანი კულტურის შემთხვევაში მოსავლის აღებამდე 3 წლის განმავლობაში მიწის მართვა ხდებოდა ბიოწესების შესაბამისად. ცხოველისათვის ეს პერიოდი განსხვავებულია, მაგ. მეხორცული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის – 12 თვეს შეადგენს, ხოლო წვრილფეხა პირუტყვისა და ღორისათვის – 6 თვეს და ა.შ.

   ბიოპროდუქტის ეტიკეტი. სურსათი/ცხოველის საკვები მიჩნეულია ბიოპროდუქტად თუ ეტიკეტზე/ ნიშანდებაზე,   რეკლამაში და კომერციულ დოკუმენტში, აღნიშნულია ტერმინები: „ბიოლოგიური“, „ორგანული“, „ეკოლოგიური“, „ეკოლოგიურად სუფთა“, „ბიო“, „ეკო“, მსგავს სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია, აბრევიატურა, სიმბოლო, სავაჭრო ნიშანი, ან/და ლოგო. ამასთან,დაუშვებელია ამ ტერმინების გამოყენება იმ სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე/ ნიშანდებაზე,   რეკლამაში და კომერციულ დოკუმენტში, რომლის წარმოება არ ხდება ბიოწარმოების წესების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ეტიკეტის წესის დარღვევა იწვევს ოპერატორის დაჯარიმებას.

ბიოწარმოების/ბიომეურნეობის სერტიფიკაცია. ბიოწარმოების დადასტურებისა და ეტიკეტზე/ნიშანდებაზე შესაბამისი წარწერის გამოყენებისათვის აუცილებელია ბიოწარმოების/ბიომეურნეობის სერტიფიკაცია. სერტიფიკაცია წარმოადგენს პროცედურას, რომლის თანახმადაც სერტიფიკაციის ორგანო, ბიოწარმოების წესებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, ახდენს ობიექტის ინსპქტირებას. ეს ნებაყოფლობითი პროცედურაა და ხორციელდება ოპერატორის ინიციატივით. სერტიფიკატის დადასტურება უნდა მოხდეს ყოველწლიურად. სერტიფიკაციას ახორციელებს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე უფლებამოსილი ორგანო.

 

 

 

ტერმინთა განმარტებები

აკვაკულტურაწყლის ორგანიზმების, მათ შორის, წყალმცენარეების კულტივირება ან/და მოშენება, მოსავლის მიღების პროცესების ჩათვლით, ისეთი მეთოდებით, რომლებიც ბუნებრივ გარემოსთან შედარებით, უზრუნველყოფს წარმოების პოტენციალის ზრდას;

ბიომეურნეობასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სისტემა, რომელიც მოიცავს მეურნეობის დაგეგმვის, მართვისა და წარმოების ისეთ მეთოდებს, რომელიც ხელს უწყობს ეკოსისტემაში ბუნებრივი წონასწორობისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას;

ბიოპროდუქტი – სურსათი/ცხოველის საკვები, მათ შორის, სურსათის/ ცხოველის საკვების წარმოებაში გამოყენებული საფუარი, ასევე მცენარეთა ვეგეტატური გამრავლებისა და სათესლე მასალა, რომლის წარმოება, გადამუშავება, შეფუთვა, შენახვა, ტრანსპორტირება, ეტიკეტირება/ნიშანდება და რეალიზაცია შეესაბამება ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს.

ბიო“, „ეკო“, „ორგანული – ბიოწარმოებიდან მიღებული ან ბიოწარმოებასთან დაკავშირებული;

ბიოწარმოებასაერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, მეურნეობის/წარმოების მართვის ერთიანი სისტემა, ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიური და ბიოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას და შეესაბამება ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების, ეტიკეტირების/ნიშანდების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის   ეტაპებზე;

ბიოლოგიური მეთოდი – წარმოების ყველა ის მეთოდი, რომელიც ეფუძნება მეურნეობაში არსებული განახლებადი რესურსების ფართო გამოყენებას, ბუნებრივი სასოფლო-სამეურნეო ეკოსისტემების მდგრადობის შენარჩუნებას, ბიოპროდუქტის გადამუშავებისას მისი ორგანული მთლიანობისა და აუცილებელი სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას, სრულად გამორიცხავს სინთეზური საშუალებით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმისა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმიდან მიღებული პროდუქტის გამოყენებით ბიოპროდუქტის წარმოებას და შეესაბამება ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს;

ბიოწარმოების სერტიფიკატი – შესაბამისობის შეფასების დოკუმენტი, რომლითაც სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს, რომ სურსათი/ცხოველის საკვები, პირველადი წარმოების პროდუქტი, შეესაბამება ამ წესებით დადგენილ   მოთხოვნებს;

ოპერატორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია მის მიერ წარმოებულ ბიოპროდუქტთან დაკავშირებული საქმიანობის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;

განალებადი რესურსი – თვითგანახლების უნარის მქონე ბუნებრივი რესურსი;

გენური ინჟინერია – თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც იძლევა მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდების გამოყენებით ისეთი მცენარეული, ცხოველური ორგანიზმების, მიკროორგანიზმების და უჯრედების მიღების საშუალებას, რომელიც ვერ მიიღწევა სელექციით ან ბუნებრივი რეკომბინაციის გზით;

გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ნებისმიერი ორგანიზმი, ადამიანის გარდა, რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდები არ განეკუთვნებიან ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;

გენმოდიფიცირებული ორგანიზმიდან მიღებული პროდუქტი (შემდგომში – გმო-დან მიღებული პროდუქტი) – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებული, ან/და გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილსაც არ გააჩნია გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი;

გადამუშავება/დამზადება – ნებისმიერი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის თავდაპირველ ბიოპროდუქტს, მათ შორის – დაკვლა, დაჭრა, გაცხელება, შებოლვა, დაკონსერვება, დამწიფება, გამოშრობა, დამარილება, გამოწურვა, გაცივება ან ამ პროცესთა ნებისმიერი კომბინაცია და სხვა, ასევე, შეფუთვა, ეტიკეტირება/ნიშანდება;

დაფასოებული სურსათი/ცხოველის საკვები – სურსათის/ცხოველის საკვების შეფუთული ერთეული, რომლის შიგთავსის მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლა შეუძლებელია შეფუთვის გახსნის ან შეცვლის გარეშე;

ინგრედიენტი – სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებისათვის ნებადართული ნებისმიერი ნივთიერება, მათ შორის საკვებდანამატი, სასურსათო ნედლეული, რომელიც გამოიყენება სურსათის/ცხოველი საკვების წარმოებაში და მზა სურსათში/ცხოველის საკვებში რჩება საწყისი ან შეცვლილი ფორმით;

ინსპექტირებასერტიფიკაციის ორგანოს მიერ ბიოპროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებული საწარმოო პროცესისა და წარმოების შემდგომი – გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, შეფუთვის, ეტიკეტირების/ნიშანდების და რეალიზაციის შემოწმება ამ წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. აღნიშნული წარმოადგენს ბიოწარმოების სერტიფიკაციის საფუძველს;

           სერტიფიკაციის ორგანო – საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, ან სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანო, რომელიც აფასებს სურსათის/ცხოველის საკვების, ასევე, პირველადი წარმოების პროდუქტის შესაბამისობას, დადგენილ მოთხოვნებთან;

კონვერსია – არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც გამოიყენება ბიოწარმოების მეთოდები;

კონვერსიული პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს და წარმოებულია გარდამავალ პერიოდში მყოფ იმ არაბიოლოგიურ მეურნეობაში, რომელიც წარდგენილია სერტიფიკაციაზე;

მაიონიზებელი რადიაცია (მაიონებელი გამოსივება) – გამოსხივება, რომელსაც აქვს გარემოში იონური წყვილის წარმოქმნის უნარი;

მემცენარეობა – სასურსათოდ განკუთვნილი მცენარეული ნედლეულის წარმოება, ველურადმზარდი მცენარის კომერციული მიზნებით შეგროვების ჩათვლით;

მეცოველეობა – შინაური ან მოშინაურებული ხმელეთის ცხოველის, ასევე ფრინველის, ფუტკრის მოშენება;

ეტიკეტირება/ნიშანდება – ნებისმიერი წერილობითი, ბეჭდვითი ან გრაფიკული ნიშანი, რომელიც გამოსახულია სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების პროდუქტის თანმხლებ დოკუმენტზე, ეტიკეტსა და იარლიყზე, ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის შეფუთვაზე;

ორგანული მართვის სისტემა – დოკუმენტებისა და ჩანაწერების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს დეტალურ მონაცემებს ბიომეურნეობაში განხორციელებულ ქმედებათა პროცედურებისა და სხვა დადგენილი მოთხოვნების შესრულების შესახებ;

პირველადი წარმოება – პროცესი, რომელიც მოიცავს: მცენარის მოყვანას, მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის ჩათვლით, ცხოველის გაზრდას, მოშენებას, აგრეთვე რძის წველას. პირველადი წარმოება, ასევე, მოიცავს ველურადმზარდი მცენარეების შეგროვებას;

საკვებდანამატი ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვებად, მაგრამ ემატება სურსათს/ცხოველის საკვებს წარმოების, გადამუშავებისა და შენახვის დროს, რის შედეგადაც ეს ნივთიერება სურსათის/ცხოველის საკვების ინგრედიენტი ხდება შეცვლილი ან უცვლელი ფორმით;

სურსათი – ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი. სურსათი ასევე მოიცავს: ყველა სახის სასმელს (მათ შორის, სასმელ წყალს), საღეჭ რეზინსა და სურსათში გამოსაყენებელ ნებისმიერ ნივთიერებას (წყლის ჩათვლით), რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს: ცხოველის საკვებს, ცოცხალ ცხოველებს, გარდა იმ ცხოველებისა, რომლებიც გამზადებულია ბაზარზე განსათავსებლად ადამიანის მოხმარების მიზნით, მცენარეებს (მოსავლის აღებამდე), სამკურნალო და ჰომეოპათურ საშუალებებს, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, კოსმეტიკურ საშუალებებს, ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს;

ცხოველის საკვები – ცხოველის საკვებად გამოსაყენებელი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი და ნივთიერება, საკვებდანამატის ჩათვლით;

საწარმოო ერთეული – ნაგებობა ან მეურნეობის ერთეული, სადაც გადაამუშავებენ/დაამუშავებენ, შეფუთავენ და/ან ინახავენ ბიოპროდუქტს;

ტექნოლოგიური დანამატინივთიერება, რომელიც ასრულებს ტექნოლოგიურ ფუნქციას და გავლენას არ ახდენს მზა პროდუქტზე. მისი გამოყენება ხდება მხოლოდ სურსათის/ცხოველის საკვების, სასურსათო ნედლეულის ან მათი ინგრედიენტის გადამუშავების დროს;

შესაბამისობის შეფასება – პროცედურები, რომლებითაც დგინდება, შესრულებულია თუ არა შესაბამისობის შეფასების ობიექტის მიმართ დადგენილი მოთხოვნები;

წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ეტაპები – პროცესის ყველა ეტაპი ბიოპროდუქტის პირველადი წარმოებიდან, მისი შენახვის, გადამუშავების, ტრანსპორტირების, ეტიკეტირების/ნიშანდების, ბაზარზე განთავსების, მომხმარებლისათვის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ჩათვლით;

იდროპონული წარმოებაწარმოების მეთოდი, რომლის დროსაც მცენარის ფესვები იზრდება მინერალური ნივთიერებების შემცველ სითხეში ან ინერტულ მასაში ან მასაზე;

წყლის ცხოველი – ჰიდრობიონტები (თევზები, მოლუსკები, კიბოსნაირები, წყალხმელეთა ცხოველები), რომელთა სასიცოცხლო ციკლის ყველა სტადია, ქვირითისა და გამეტების ჩათვლით, დაკავშირებულია წყალთან.

 

მოამზადა: ქეთევან ლაფერაშვილი 

დამხმარე ლიტერატურა:

  1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30მივლისის N198 დაგენილება
  2. საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერნარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ“ მუხლი 18
  3. elkana.org.ge
  4. ifoam.bio
  5. ქ.ლაფერაშვილი – სურსათის უვნებლობა.მართვის თანამედროვე სისტემები. თბილისი, 2009. თავი

 

 

 

 

 

 

         [1] 1924 – რუდოლფ შტეინერის მიერ პირველად იქნა წაკითხული ლექცია ბიოწარმოების შესახებ;   1939 – ივ ბარლოფის მიერ საფუძველი ჩაეყარა ჰაგლის ექსპერიმენტს, სადაც 40 წლის განმავლობაში ერთი ფერმის სხვადასხვა მინდვრებზე შედარებისათვის პარალელურად იყო „ორგანული“ მეურნეობა და ჩვეულებრივი მეურნეობა; 1940 – ინგლისში, ლორდ ნორტბორნის მიერ პირველად იქნა გამოყენებული ტერმინი „ორგანული სოფლის მეურნეობა“; 1946 წელს ჰანს მიულერის მიერ პირველად იქნა ჩამოყალიბებული ორგანული სოფლის მეურნეობის მართვის კონცეფცია; 1972 წელს ვერსალში დაფუძნდა ორგანული სოფლის მეურნეობის ფედრეაცია (IFOAM), რომელიც მიზნად ისახავს ორგანული მეურნეობების განვითარებას და ხელშეწყობას.