ანგარიშვალდებულება, საზოგადოება და თვითმმართველობა

იმისათვის რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული პროგრამები მაქსიმალურ თანხვედრაში იყოს მოსახლეობის სურვილებთან მხარეებს შორის აქტიური კომუნიკაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია.

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმა მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა გახლავთ. რამდენად ეფექტიანად მუშაობს მექანიზმი, აღნიშნულის გადამოწმებას სტრატეგიული კვლევების ცენტრი 4 მუნიციპალიტეტის მაგალითზე შეეცადა.

კანონის თანახმად, გაწეული სამუშაოების ანგარიშით მუნიციპალიტეტი საზოგადოების წინაშე პირველ ნოემბრამდე უნდა წარსდგეს. მომზადებული ანგარიში კი ვებ გვერდზე უნდა გამოქვეყნდეს, ამასთან პროაქტიულად.

საპილოტე მუნიციპალიტეტებში წარმოებულმა შესწავლამ აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ვალდებულება არ ან ხარვეზებით სრულდებოდა.​ ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, რომელიც საპილოტედ შეირჩა ლაგოდეხია. როგორც გიორგი ბოკერია გვეუბნება ლაგოდეხში გაიზიარეს რეკომენდაციები და მათზე მუშაობა დაიწყო.

რა ფორმით უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობას ლაგოდეხი? კითხვაზე საკრებულოს თავმჯდომარე გვპასუხობს, რომ ხალხის საჭიროებების და მათი ზუსტი ასახვის მიზნით სხვასთან ერთად მოქმედებს ერთგვარი სამუშაო ჯგუფების მიდგომა.

საქართველოს სტრატეგიული განვითარების და კვლევის ცენტრის პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის  ხელშეწყობა“ფარგლებში განმახორციელებელმა გუნდმა შეიმუშავა დადგენილების პროექტი, სადაც დეტალურად გაწერილია თუ როგორ აბარებს ანგარიშს მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ამომრჩევლებს, ასევე მომზადდა სახელმძღვანელო დოკუმენტი ანგარიშის ფორმატისა და შინაარსის შესახებ და საპილოტე მუნიციპალიტეტებში ჩატარდა ონლაინ ტრეინინგები. ორგანიზაცია საპილოტე რეგიონებში დანერგილ მიდგომის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გეგმავს.

საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა და საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება პირდაპირ ეხმიანება საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასაც.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp