აზიური ფაროსანა სამეგრელოში – დაზიანებული და გადარჩენილი კულტურები [Video]

0

მერაბ ნადარაია ის გამორჩეული ფერმერია, რომელმაც მოსავლის, თითქმის, სრულად აღება მოახერხა. თხილის პლანტაციები ხობის რაიონში, ახალ ხიბულაში აქვს. საკუთარი წარმატების მიზეზებს თანასოფლელებსაც უზიარებს. ამბობს, რომ ხარისხიანი მოსავლის შენარჩუნება, შეწამვლითი ღონისძიებების სწორი გატარებით მოახერხა. განმარტავს, რომ თხილი კომპლექსურად – სოკოვანი დაავადებებისა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლა და პროცესის თანმიმდევრობასაც გვიხსნის. ფერმერის თქმით, შეწამვლა სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ მარტიდან დაიწყო და ივლისის ჩათვლით, ღონისძიებას ყოველთვიურად აწარმოებდა. რაც შეეხება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობას, ფერმერმა თხილის პლანტაცია ორჯერ ივნისსა და ივლისში შეწამლა.

მერაბ ნადარიას მსგავსად, საკუთარი მოსავლის შენარჩუნება სოფელ კახათში მცხოვრებმა ჯემალ ჩახაიამაც მოახერხა. ფერმერმა სიმინდის პლანტაციები თითქმის სრულად შეინარჩუნა. მიზეზი აქაც იგივეა – სწორი აგროქიმიური ღონისძიებები.

რა გაკეთდა აზიური ფაროსანას ზიანის შესამცირებლად სამეგრელოში

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში თხილის კულტურაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება ივნისის პირველ რიცხვებში დაიწყო. გამოყენებულ იქნა ზურგსაკიდი აპარატები, სპეციალური ტექნიკა, სამანქანე და სატრაქტორე აგრეგატები. აგვისტოში, მას შემდეგ რაც, მავნებელმა სიმინდის ნათესებში გადაინაცვლა გააგრძელდა ფართობების შეწამვლა, რაც შეეხება დიდ მასივებს, მსგავსი ტერიტორიები ავიაციის გამოყენებით დამუშავდა. საბოლოო ჯამში, რეგიონში 50 000 ჰექტარზე მეტი ფართობი შეიწამლა. მონიტორინგის მიზნით, სამეგრელოში  2974 ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) განთავსდა.  რეგიონში მცხოვრებ 116 000 ოჯახს კი მავნებლის საწინააღმდეგო შხამ-ქიმიკატი, ფერომონი და საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცა.

აზიური ფაროსანას გავლენა სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე

აზიური ფაროსანა, რომელიც საქართველოში პირველად 2015 წელს დააფიქსირეს, ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ამჟამად მთავარ გამოწვევად იქცა. იმის გამო, რომ მავნებელს საქართველოში ბუნებრივი მტერი არ დახვდა, გამრავლება მარტივად მოახერხა და მისი შედეგები სხვადასხვა კულტურის  2016 წლის მოსავალზე საკმაოდ უარყოფითად აისახა. სეს-ის ინფორმაციით, მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.

სიმინდი, ატამი, ვაშლი, მსხალი, ჟოლო, პომიდორი, მანდარინი, თხილი – საქართველოს მასშტაბით, სოფლის მეურნეობის ამ პროდუქტებზე ფერმერებმა აზიური ფაროსანას მავნებლობა განსაკუთრებით იგრძნეს. ბაღლინჯო დასავლეთ საქართველოში გავრცელდა. სამეგრელოში მან თხილი და სიმინდი დააზიანა, კულტურები, რომლისგან მიღებული შემოსავალი ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავის რჩენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა.

რეკომენდაციები სამეგრელოს მოსახლეობას

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭიროა აგროტექნიკური სამუშაოების სრული ციკლის დაცვა. სპეციალისტების განმარტებით, მავნებლის საწინააღმდეგო წამლობასთან ერთად, თხილისა და სიმინდის მოსავლის სრულად შენარჩუნებისთვის, კულტურებისთვის აუცილებელი აგრო ღონისძიებების შესაბამისი ჩატარებაა საჭირო. ფიტოსანიტარები ამბობენ, რომ მცენარეების მოვლის კულტურა მოსავლის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

სტატია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე სტატია არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს.

ავტორი:

                                                                                                                   ეკატერინე მამამთავრიშვილი

Comments are closed.