აგრონომიის ზოგადი საფუძვლები

0

სიტყვა აგრონომია (Agros-მინდორი, Nomos-კანონი) ბერძნული სიტყვაა, რომელიც წარმოადგენს სოფლის მეურნეობის შემსწავლელ მეცნიერებათა კომპლექსს.

მცენარე არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც იკვებება, სუნთქავს, იზრდება, მრავლდება და კვდება. აგრონომიულ პრაქტიკაში მცენარის სავეგეტაციო პერიოდად ითვლება დრო გაღივებიდან მოსავლის აღებამდე.

მცენარეები იყოფა სამ ძირითად ჯგუფად: ერთწლიანები, ორწლიანები, მრავალწლიანები.

სასოფლო სამეურნეო მცენარეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ნიშან-თვისებებით, თუმცა მათი აგებულების პრინციპი საერთოა (ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი, ნაყოფი, თესლი).

ფესვით ხდება მცენარის ნიადაგში დამაგრება და წყლისა და საკვები ნივთიერებების შეწოვა. (ზოგიერთი ორწლიანი მცენარის, ჭარხალი, სტაფილო, თალგამი, ფესვი პირველ წელს მსხვილდება, სადაც გროვდება სამარაგო საკვები ნივთიერებები შემდეგი წლის გაზაფხულზე თესლისა და ნაყოფის მისაღებად.

ღერო იმაგრებს ფოთლებსა და ყვავილებს და ახდენს საკვები ნივთიერებების გადაადგილებას: 1. ფესვიდან ფოთოლში – წყალი და მასში გახსნილი მინერალური მარილები. 2. ფოთლიდან ფესვებში – ორგანული ნივთიერებები.

ფოთლის ძირითადი ფუნქციაა ფოტოსინთეზი (არაორგანული ნივთიერებებიდან მზის სხივური ენერგიის გამოყენებით, ორგანული ნივთიერების შექმნა) და ტრანსპირაცია (წყლის აორთქლება, რაც უზრუნველყოფს ფესვებიდან ფოთლებისკენ წყლისა და საკვები ნივთიერებების მოძრაობას და იცავს მცენარეს გადახურებისგან).

ყვავილი თესლით გამრავლების ორგანოა, რომელსაც თესლისა და ნაყოფის წარმოქმნის უნარი აქვს.

მემცენარეობა სოფლის მეურნეობის წარმოების ძირითადი დარგია, რომელიც უზრუნველყოფს მონდვრის კულტურათა მოვლა-მოყვანას.

მემცენარეობის წარმოების ძირითადი ობიექტია სას. სამ. მცენარე, რომელსაც აქვს ფოტოსინთეზის უნარი

ადამიანი მცენარიდან ღებულობს კვების პროდუქტებს, ნედლეულს კვებისა და მსუბუქი მრეწველობისათვის; საკვებს სას. სამ. ცხოველებისათვის და სხვ.

მცენარეთა ზრდა-განვითარება და პროდუქტიულობა განისაზღვრება მცენარის სასიცოცხლო ფაქტორების – სინათლე, სითბო, ტენი, კვება, ჟანგბადი, ნახშირორჟანგი – ერთდროული მოქმედებით. თითოეულ ამ ფაქტორს თანაბარი მნიშვნელობა აქვს და მხოლოდ მათი ოპტიმუმის პირობებშია შესაძლებელი მაღალი მოსავლის მიღება. მცენარის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ამა თუ იმ სასიცოცხლო ფაქტორების ოპტიმუმები სხვადასხვაა.

ნიადაგის გაფხვიერება, სასუქებით განოყიერება, სარეველა მცენარეების კონტროლი, სწორი რწყვა, მულჩირება და მცენარის მოვლის სხვა მეთოდების გამოყენება ქმნიან კარგ პირობებს მცენარეების მიერ სინათლის, სითბოს, ტენის, ჟანგბადის, ნახშირორჟანგის და საკვები ნივთიერებების ოპტიმალურად გამოყენებისა და მაღალი მოსავლის მიღებისათვის.

მცენარის კვება (მცენარის მიერ საკვებ ნივთიერებათა შთანთქმისა და ათვისების პროცესი). მცენარის სიცოცხლესა და განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს: ნახშირბადი, წყალბადი და ჟანგბადი. ნახშირბადს მცენარეთა ფოთლები ითვისებენ ატმოსფეროს ნახშირჟანგის აირიდან, ხოლო წყალბადის და ჟანგბადის (შედის წყლის შედგენილობაში) შთანთქმა ნიადაგიდან ხდება ფესვებით.

წყალთან ერთად მცენარე ნიადაგიდან შეითვისებს, მისთვის ათვისებად ფორმაში მყოფ, მინერალურ მარილებს (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, გოგირდი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, მარგანეცი, ბორი, სპილენძი და სხვ.), რომლებიც ნიადაგში მიმდინარე ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების შედეგად გადაიქცევა ხსნად საკვებ ნივთიერებად, რომელსაც მცენარე შეითვისებს.

სას. სამ კულტურების მაღალი მოსავლის მისაღებად ნიადაგში უნდა იყოს ყველა საკვები ელემენტის აუცილებელი რაოდენობა. არც ერთის ჩანაცვლება მეორეთი არ შეიძლება, რომელიმე ელემენტის არარსებობა იწვევს მცენარის განვითარების შეფერხებას და კვდომას.

სასოფლო სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობას განსაზღვრავს ნიადაგში არსებული ის საკვები ელემენტი, რომელიც მინიმუმშია. (მაგ: თუ 1 ჰა ნიადაგში აზოტის რაოდენობა იმდენია, რამდენიც მხოლოდ 3 ტონა მარცვლის მოსავლის მიღებისთვის არის საკმარისი, ხოლო ფოსფორისა და კალიუმის რაოდენობა იმდენია, რამდენიც 5 ტონა მარცვლის მიღებისთვის, მოსავალი იქნება მხოლოდ 3 ტონის ფარგლებში).

საკვები მარაგის შევსება-დაგროვება ნიადაგში ხდება ბუნებრივად და ხელოვნურად .

სასუქები არის ნივთიერებები, რომელიც ნიადაგში შეაქვთ მისი ნაყოფიერების ასამაღლებლად. რათა გაუმჯობესდეს მცენარეთა კვება და გაიზარდოს მოსავლიანობა. უფრო ხშირად ნიადაგში არასაკმარისია აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის მარილები, ამიტომ ისინი სასუქების უმეტესობის შემადგენლობაში შეაქვთ.

სასუქების ეფექტიანად გამოყენების აუცილებელი პირობაა ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევის ჩატარება სათანადო ლაბორატორიაში, რომლის საფუძველზეც (ს.ს კულტურის მიერ საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილების გათვალისწინებით) მოხდება შესატანი სასუქების რაოდენობის განსაზღვრა ნაკვეთზე.

სასუქების შეტანა ძირითადად ხდება ხვნის წინ, თესვისას, მწკრივთაშორის გაფხვიერების დროს. ვეგეტაციის პერიოდში ზოგჯერ საჭირო ხდება დამატებით გამოკვება, რაც ხდება მინერალური და ორგანული სასუქების ნიადაგში შეტანით ან წყალში გახსნილი სასუქების ფოთოლზე შესხურებით.

მცენარეთა ნორმალური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის წყლის რეჟიმის რეგულირებას, მცენარე, ზრდის პერიოდში არ უნდა განიცდიდეს ტენის ნაკლებობას ან სიჭარბეს.

ნიადაგის ჰაერის რეჟიმის გაუმჯობესება ხდება სასუქების გამოყენებით, მულჩირებით, ნიადაგის გაფხვიერებით, მჟავე ნიადაგების მოკირიანებით და სხვა აგრომეთოდებით.

მცენარეთა სიცოცხლე და განვითარება და მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედება ნიადაგში მხოლოდ გარკვეული სითბური რეჟიმის დროს ხდება. ნიადაგის სითბურ თვისებებზე გავლენას ახდენს ტენიანობა, თბოტევადობა, თბოგამტარობა და ნიადაგის უნარი შთანთქას მზის სითბური სხივები (ქვიშიანი ნიადაგი უფრო სწრაფად თბება ვიდრე თიხიანი).

ნიადაგი არის ბუნებრივი ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგად შექმნილი დედამიწის ქერქის ზედა ფენა, რომელსაც გააჩნია ნაყოფიერება და წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ძირითად საშუალებას. მკვდარი მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების ნარჩენები, რთული ბიოპროცესების გავლენით, გარდაიქმნებიან ორგანულ ნივთიერებად – ჰუმუსად, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნიადაგის თვისებებზე და წარმოადგენს მცენარის კვების წყაროს. საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სახის ნიადაგი. სხვადასხვა ზონაში გავრცელებული ნიადაგები, შესაბამისი გარემო (ნიადაგწარმომქმნელი) ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგად, სპეციფიკური თვისებების და განსხვავებული ნაყოფიერებისაა.

ნიადაგის ეროზია არის ნიადაგის რღვევის პროცესი, რომელიც გამოწვეულია გარე ფაქტორებით. ძირიდია წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზია. ეროზიის განვითარების ძირითადი მიზეზია ბუნებრივი სავარგულების გადახვნა, ტყეების ინტენსიური ჭრა, პირუტყვის უსისტემო ძოვება, ფერდობებზე სათოხნი კულტურების მოყვანა, ინტენსიური წვიმებისა და ქარების პერიოდში სავარგულებზე მცენარეების არარსებობა და სხვ.

ნიადაგის ნაყოფიერება არის ნიადაგის თვისება განუწყვეტლივ დააკმაყოფილოს მცენარეთა ცვალებადი მოთხოვნილება წყლითა და საკვები ელემენტებით. ნიადაგის წარმოქმნა და მცენარეული საფარის განვითარება განუწყვეტელ ურთიერთკავშირშია და ურთიერთს განაპირობებს.

ნიადაგის მჟავიანობა (ნიადაგის PH) (წყალბადის იონების კონცენტრაცია) წარმოადგენს მჟავიანობისა და ტუტიანობის ინდიკატორს.

მჟავიანობის მიხედვით ნიადაგის დახარისხება შემდეგნაირია: ძლიერ მჟავე (pH = 3-4); მჟავე (pH = 4-5); სუსტად მჟავე (pH = 5-6); ნეიტრალური (pH = 7); სუსტი ტუტე (pH = 7-8); ტუტე (pH = 9); ძლიერ ტუტე (pH = 9-11).

სას. სამ. კულტურების უმეტესობას ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის ესაჭიროებათ ნეიტრალური, სუსტად მჟავე ან სუსტი ტუტე რეაქციის ნიადაგები. დასავლეთ საქართველოს ნიადაგები ხასიათდება მჟავე რეაქციით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ნიადაგები – ტუტე რეაქციით.

სახნავი ფენა არის ნიადაგის ზედა ფენა რომლის სისქედ ითვლება 0 -30 სმ. და რომლის დამუშავებასაც ახდენს ფერმერი. სახნავი ფენა ყოველთვის ფხვიერი უნდა იყოს, რათა მცენარის ფესვები განვითარდეს და მასში იყოს წყლის, ჰაერისა და კვების ხელსაყრელი რეჟიმი.

ნიადაგის დამუშავების მიზანია – ხელსაყრელი პირობების შექმნა სას. სამ. კულტურების ნორმალური ზრდისა და განვითარებისათვის.

ნიადაგის დამუშავების ამოცანებია – ნიადაგის სახნავი ფენის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების გაუმჯობესება; ნიადაგში წყლის, ჰაერისა და საკვები რეჟიმების შეხამების უზრუნველყოფა; ნიადაგში სასუქების ჩახვნა და სარეველა მცენარეებისგან გასუფთავება;

თესლბრუნვა არის კულტურათა მონაცვლეობა დროსა (წლიდან-წლამდე) და სივრცეში (მინდვრიდან-მინდორზე). თესლბრუნვის დაცვით უმჯობესდება ნიადაგის ფიზიკური თვისებები და იზრდება მისი ნაყოფიერება, მატულობს მოსავლიანობა და პროდუქციის ხარისხი, მცირდება სარეველა მცენარეების, მავნებლებისა და დაავადებების რაოდენობა, მცირდება ნიადაგის ეროზიის უარყოფითი გავლენა. თესლბრუნვის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია სხვადასხვა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი კულტურების შენაცვლება და პარკოსანი კულტურების მაღალი წილი (25-30%) სქემაში. (პარკოსნები ახდენენ ნიადაგში აზოტისა და ჰუმუსის დაგროვებას, აუმჯობესებენ მის სტრუქტურას და სხვ.)

ფართობის მომზადება თესლის დასათესად ან ჩითილის დასარგავად.

თესვა ან ჩითილის გადარგვა ხდება მცენარის კვების არეს გათვალისწინებით.

კვების არე სხვადასხვა კულტურას სხვადასხვა აქვს. (მაგ: სალათების თესვის ნორმაა 1-2 კგ/ჰა, კიტრის 6-10 კგ/ჰა, ხორბლის 200-300 კგ/ჰა).

თესლის ჩათესვის სიღრმე დამოკიდებულია თესლის სიმსხოზე. წვრილი, მცირე ზომის თესლი (სტაფილო, ხახვი, ოხრახუში, , იონჯა) ითესება 1-2 სმ. სიღრმეზე; შედარებით მსხვილი თესლები (ჭარხალი, ისპანახი, კიტრი) 2-4 სმ. სიღმეზე; მსხვილი თესლი (გოგრა, საზამთრო) 8-10 სმ სიღრმეზე.

ნიადაგის დამუშავების ძირითადი სახეებია:

  1. ბელტის გადაბრუნებით (ფრთიანი გუთნის გამოყენებით) ხვნა, როდესაც ხდება ნიადაგის ზედა ფენის გადაადგილება ქვემოთ, მისი გაფხვიერება და არევა. ამ დროს ღრმად ჩაიხვნება მცენარეული ნარჩენები, ფესვურები, ერთწლიანი სარეველების თესლები,ხდება დაავადებებისა და მავნებლების შემცირება, იქმნება ნიადაგში ტენის დაგროვებისთვის ხელსაყრელი პირობები, ადვილდება მასში ჰაერისა და წყლის შღწევადობა.
  2. ბელტის გადაბრუნების გარეშე (კავით, ჩიზელით). არ ხდება ნიადაგის ზედა, ნაყოფიერი ფენის (სადაც თავმოყრილია კულტურულ მცენარეთა ფესვების ძირითადი მასა და შექმნილია კარგი პირობები მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედებისათვის), გადაადგილება ქვევით, ხდება მხოლოდ მისი გაფხვიერება.
  3. პლანტაჟი არის ნიადაგის ღრმა ფენის (40 – 70 სმ. სიღრმეზე) გაფხვიერება, რომელსაც ძირითადად იყენებენ მრავალწლიანი ნარგავების გაშენების დროს.

მოხვნის შემდგომ პერიოდში (ნიადაგის წონის, ატმოსფერული ნალექების, არასწორი რწყვის მეთოდის გამოყენებისა და სხვა მიზეზების გამო) საჭირო ხდება ნიადაგის მდგომარეობის გაუმჯობესება, რასაც ახდენენ კულტივაციის, ფრეზირების, აოშვის, დადისკვის, დაფარცხვის და სხვ. მეთოდების გამოყენებით.

ზოგიერთი ფერმერი (სადაც ეს შესაძლებელია) იყენებს ე. წ. „ნიადაგის ნულოვანი დამუშავების“ (ნოუტილის) მეთოდს, რაც ითვალისწინებს სას. სამ კულტურების თესვას ნიადაგის დამუშავების გარეშე.

მორწყვა მორწყვის საჭიროება განისაზღვრება მოსული ნალექების, ნიადაგის ტიპის, კულტურის ბიოლოგიური თავისებურების შესაბამისად (ზოგჯერ ვეგეტაციის პერიოდში ათჯერ მორწყვაა საჭირო). მცენარეებს ტენი სჭირდებათ მხოლოდ საჭირო რაოდენობით, წყლის ნაკლებობა ან ჭარბი რაოდენობა იწვევს მცენარის ზრდის შეფერხებას და კვდომას.

მორწყვა საქართველოში ძირითადად ხდება სარწყავ კვლებში წყლის მიშვების მეთოდით (ყველაზე არაეფექტიანი), იშვიათად – დაწვიმების ან წვეთოვანი (ყველაზე ეფექტიანი) სისტემის საშუალებით.

არასაკმარისი ტენიანობის პირობებში მცენარეს უფრო მეტად აზიანებენ მავნებლები (ბუგრები, რწყილები), ჭარბი ტენიანობის პირობებში სოკოვანი დაავადებები.

სარეველა მცენარე არის ყველა მცენარე, რომელიც იზრდება ფერმერის მიერ მოყვანილ კულტურულ მცენარეებთან ერთად და ხელს უშლის მათ ზრდა-განვითარებას. სარეველა მცენარეები გაერთიანებულია 4 ძირითად ჯგუფად: ერთწლიანები, ორწლიანები, მრავალწლიანები, პარაზიტები.

სარეველა მცენარეები სას. სამ კულტურებს ართმევენ წყალს და საკვებს, ჩრდილავენ მათ, ითვისებენ ფართობზე შეტანილი სასუქების მნიშვნელოვან რაოდენობას, არიან მავნებლებისა და დაავადებების გამრავლების კერა, ამცირებენ მოსავალს. ზოგიერთი სარეველა წამლავს სას. სამ ცხოველებს, პარაზიტი სარეველები (აბრეშუმა) გამოწოვენ მცენარეებიდან წყალსა და საკვებს.

ფართობის დასარევლიანების წყაროა სარეველების თესლი (რომელიც მოსავლის აღებამდე ან აღებისას ცვივა), ახალი ნაკელი, გაუწმენდავი სათესლე მასალა და სხვ.

სარეველების კონტროლი ხდება ქიმიური, ბიოლოგიური და მექანიკური მეთოდების გამოყენებით ფერმერები ყველაზე ხშირად მიმართავენ ჰერბიციდების შესხურებას. სარეველების შემცირების მეთოდებია – გათოხნა, მარგვლა, კულტივაცია, მულჩირება და სხვ.

მულჩირება არის მცენარის გარშემო (ვეგეტაციის პერიოდში) ნიადაგის ზედაპირის დაფარვა ორგანული (თივა, ბზა, ნახერხი, მოჭრილი ბალახი და სხვ.), არაორგანული (პოლიეთილენის ფირი) ან ცოცხალი (დაბალმოზარდი ბალახები) საფარით. მულჩირების დროს ხდება სარეველების დათრგუნვა, ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება, ნიადაგში ტენის შენარჩუნება, ნიადაგის ტემპერატურის დარეგულირება, ეროზიული პროცესებისა და საკვები ელემენტების გამორეცხვის შეჩერება, საადრეო მოსავლის მიღება, მოსავლიანობის გაზრდა და სხვ.

მავნებლებისა და დაავადებების კონტროლი

ვეგეტაციის მთელ პერიოდში მცენარეებს აზიანებენ სხვადასხვა დაავადებები და მავნებლები, რომელთა წინააღმდეგ გამოიყენება ქიმიური და ბიოლოგიური (მიკრობული, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის) მეთოდები და პრეპარატები.

პესტიციდები ეწოდება ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც მცენარეთა მავნებლების, დაავადებების, სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება.

პესტიციდები იყოფა ჯგუფებად, მათ შორის მთავარი ჯგუფებია: ფუნგიციდები (სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ); ინსექტიციდები (მავნე მწერების წინააღმდეგ); აკარიციდები (ტკიპების წინააღმდეგ); როტენდიციდები (მღრღნელების წინააღმდეგ); ჰერბიციდები (სარეველების წინააღმდეგ) და სხვ.

გამოყენებული ინტერნეტ რესურსები:

http//meurne.sknews.ge; http//georgianels.ge; http//moa.gov.ge/; http://agrokavkaz.ge/ http:/; /www.zemledelets.com/zemledelie/index.html; http://kurdyumov.ru/ http://ru.calameo.com/read/0011653423471f66ce7af; http://fizrast.ru/soderjanie.html; http://bioagro.ge/; http://www.elkana.org.ge/ ; http://www.cnshb.ru/; http://dic.academic.ru/dic.nsf/dic_microbiology/2709/Селективные;

დანართები: 1. კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ; www.Moa.gov.ge 2. კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ www.Moa.gov.ge

 

 

 

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორებია:

  1. ნიადაგის დაბალი ნაყოფიერება;
  2. დანაწევრებული ფართობების სიმრავლე და ფერმერთა კოოპერატივების სიმცირე;
  3. სარწყავი ფართობებისა და თანამედროვე რწყვის სისტემების სიმცირე;
  4. სასათბურე მეურნეობების სიმცირე;
  5. აგროდაზღვევის გაუმართავი სისტემა;
  6. სერტიფიცირების სისტემის არარსებობა;
  7. დაუცველი შიდა ბაზარი;
  8. პროდუქციის შენახვისა და გადამამუშავებელი საწარმოების სიმცირე;
  9. მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის ფერმერებისათვის ხელმიუწვდომლობა;
  10. არასტაბილური სარეალიზაციო ფასები;
  11. სტატისტიკური და ბაზრის ტენდენციების შესახებ ინფორმაციის სიმცირე;
  12. ფერმერებისათვის ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა;
  13. დარგებში თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნაზე ხელმიუწვდომლობა;
  14. ფერმერების ცოდნის დაბალი დონე (თესლბრუნვის უგულვებელყოფა, ქარსაფარი ზოლების არარსებობა, აგროვადებისა და წარმოების ტექნოლოგიის დარღვევა, სასუქებისა და პესტიციდების არასწორი გამოყენება და სხვ).
  15. თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალისტების სიმცირე;
  16. სტანდარტების (ხარისხის) დაცვის მოთხოვნის არარსებობა;

მოამზადა: (ნუკრი) ბენიამინ მემარნიშვილი

Comments are closed.